ღირსი იაკობ განდეგილი სირიაში მოღვაწეობდა V საუკუნეში. იგი სიჭაბუკეშივე განერიდა ამსოფელს და ჯერ ღირსი ზევინის (ხს. 23 თებერვალს), შემდეგ კი - წმიდა მირონის (ხს. 14 თებერვალს) ხელმძღვანელობით დაეუფლა მოსაგრე ცხოვრების წესებს. მოძღვრის კურთხევით ნეტარი იაკობი პატარა ქოხში დაეყუდა, სადაც სრულ განმარტოებაში იღვაწა რამდენიმე წლის მანძილზე, შემდეგ კი უდაბურ და უნაყოფო მთაზე დასახლდა და ღია ცის ქვეშ დაიწყო ცხოვრება. წმიდანი მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებას და ზამთრის სუსხს. ამ უჩვეულო ღვაწლს შემდგარი მოსაგრე გამუდმებით ლოცულობდა. მისი საზრდელი მხოლოდ წყალში ჩამბალი ქერი იყო. წმიდა მამა მთაზე ცხოვრებისას ატარებდა ბორკილებს, რომელიც ისეთი მოყვანილობის იყო, რომ მას აიძულებდა, გამუდმებით წელში მოხრილი ყოფილიყო. დიდ ღვაწლს შემდგარს ბოროტი სულები გააფთრებით ესხმოდნენ თავს, მაგრამ ნეტარი ახოვნად იგერიებდა მათ შემოტევებს. უფალმა სნეულთა კურნების, არაწმიდა სულების განსხმისა და მკვდართა აღდგინების ნიჭი მიმადლა თავის სათნომყოფელს. წმიდა იაკობმა მთელს აღმოსავლეთში გაითქვა სახელი. სულიერი და ხორციელი ტკივილებით შეჭირვებული ურიცხვი ხალხი მიდიოდა მასთან შემწეობის სათხოვნელად. უფლის რჩეული 457 წელს მიიცვალა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.