წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. ისინი უშუალოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა და გამოაგზავნა. მათ ცხოვრებაში სწერია, რომ ისინი იყვნენ „ღმრთისა სათნონი ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი სავსენი ნელსაცხებელითა, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი, განმანათლებელნი სოფლისანი, სახენი, წესნი და კანონნი უცთომელნი მონოზონებისანი“ და მათ შორის წმიდა აბიბოს ნეკრესელი, „მღვდელთმოძღუარი უბიწოჲ, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი. სანთელი მაღლად მნთებარე, მნათობი და განმანათლებელი ყოველთა მხილველთა მისთაჲ, შემწირველი უბიწოდ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელმან თავიცა თჳსი შეწირა მსხუერპლად მისსა მიმართ ჴელითა უსჯულოჲსა მარზპანისაჲთა“.
წავიდა მამა თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის და იოანე ზედაზნელის კურთხევით წმიდა აბიბოსი ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. მადლმოსილი მსახურებისთვის წმიდა აბიბოსი „იქმნა... ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა-მჴრისა დიდოთურთ. ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი“, - წერს ვახუშტი ბაგრატიონი „ქართლის ცხოვრებაში“.
ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ.
წმიდა აბიბოს ნეკრესელი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ წმიდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმიდა აბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდგომ ეს ამბავი აცნობეს სპარსეთის მარზპანს, რომელიც ამ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმიდა აბიბოსი.
წმიდა აბიბოსი შავმთელი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამის სვიმონ მესვეტის (ხს. 1 სექტემბერს) მეგობარი იყო. ღჲრს სვიმონს ღმრთისგან ეუწყა წმიდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმიდა მამას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა.
ეპისტოლემ და ძვირფასმა საჩუქარმა გაახარა და განამტკიცა ტანჯვისთვის განმზადებული წმიდა მღვდელმთავარი. გზად მას ქართველები დახვდნენ და განთავისუფლების იდეა შესთავაზეს. წმიდა აბიბოსმა არ მიიღო წინადადება.
მღვდელმოწამემ მტარვალებს სთხოვა, წმიდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელები დათანხმდნენ. წმიდა მამებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. შემდეგ წმიდა ეპისკოპოსმა სასწაულთმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა, ელოცა მისთვის. წმიდა შიომ უთხრა: „ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი, არამედ მოგმადლენ უფალმან, რაჲთა აღტყინებულიცა იგი უჩინოჲ ცეცხლი, რომელ აღუზნიეს შენთჳს ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად... უწყოდე, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექმნეს წარუვალი და ჭირი ეგე შენი მათ დაცემა და განბნევა...“ მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს.
მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა სამსჯავროზე წარმდგარ წმიდა ეპისკოპოსს: „რაჲსათჳს უვარ-ჰყავ უფლებაჲ მეფეთ-მეფისაჲ და მოჰკალ ღმერთი ჩუენი?“ წმიდა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: „მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაჲთამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაჲ. ხოლო გლოცავ, რაჲთა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ“. კადნიერი პასუხით გაგულისებულმა მარზპანმა კვლავ ჰკითხა: „მე გკითხავ, რაჲსათჳს მოჰკალ ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს, რაჲთამცა შენისა ღმრთისა წარგჳყვანნე?“ ნეტარმა აბიბოსმა კვლავ მშვიდად მიუგო: მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, ცეცხლი შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი. „აწ მიკჳრს თქუენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხჳლ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს?“ მარზპანი საშინლად განარისხა წმიდა მღვდელმთავრის ასეთმა პასუხმა და მისი წამება ბრძანა.
ჯალათებმა საშინლად ტანჯეს ნეტარი აბიბოსი და ბოლოს „ქვითა განტვინეს“. მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეფლა წმიდანის ნეშტი.
ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს წმიდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და დაკრძალეს წმიდა ტრაპეზის ქვეშ.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.