წმიდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივი ეპარხოსი. ელეფთერის დედა დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი იყო. მან, ქრისტიანობაზე პავლე მოციქულის მიერ მოქცეულმა და მისი ხელითვე მონათლულმა, შვილიც ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა ელეფთერის თხუთმეტი წელი შეუსრულდა, რომის პაპმა, ანაკლეტუსმა (76-88) იგი დიაკვნად აკურთხა, სამი წლის შემდეგ კი - მღვდლად დაასხა ხელი. ოცი წლის ასაკში ელეფთერი (ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია ეკლესიის ისტორიაში) ილირიის ეპისკოპოსად დაადგინეს. ახალგაზრდა მეუფე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მრავალ წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდანი ღვთაებრივი მადლით იყო აღსავსე, მთლიანად უფალს იყო მინდობილი და ამიტომაც მის ყოველგვარ უძლურებასა და ადამიანურ ნაკლს სულიწმიდის მადლი აღავსებდა.
როცა ღვთისმოძულე იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპისკოპოსი ელეფთერიც შეიპყრეს. ღვთის ძალით დაცული ელეფთერმა გაბედულად აღიარა ქრისტე, მეფის უსჯულოება ამხილა და ილოცა თავისი ჯალათების მოქცევისათვის.
როცა ადრიანემ იხილა, რომ ელეფთერს წამებით ვერაფერს ვნებდა, ბრძანა, ორი გახელებული ხარისთვის მიებათ იგი, მაგრამ ამჯერადაც ვერ ეწია საწადელს: უფლის ანგელოზმა საკვრელები გაწყვიტა, ჯალათების ხელიდან დაიხსნა წმიდა მოწამე და ქალაქის მახლობლად მდებარე ერთი მთის მწვერვალზე დასვა. ამის შემდეგ ნეტარი ელეფთერი მხეცებს შორის ცხოვრობდა. როცა ეს ადრიანემ შეიტყო, მხედრები გაგზავნა უფლის რჩეულის შესაპყრობად. წმიდა ელეფთერი თავად ჩაბარდა მეომრებს.
უსჯულო მეფის ბრძანებით ელეფთერს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ანთია მადლობდა უფალს, რომელმაც მისი ძე ქრისტესთვის ვნების ღირსი გახადა. ამის შემდეგ ანთიაც თავის მოკვეთით დასაჯეს. ეპარხოსმა კორივმა თავადაც ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ისიც სიკვდილით დასაჯეს. მართლმორწმუნეებმა უფლის რჩეულთა ცხედრები პატივით დაკრძალეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.