უკან დაბრუნება

მოწამისა იულიანასი და მისთანა 500 მამათა და 130 დედათა, ნიკომედიას წამებულთა (304);

წმიდა მოწამე იულიანა დიდებული წარმართის, აფრიკანის ასული, ქალაქ ნიკომიდიაში დაიბადა. იგი ცხრამეტი წლისა იყო, როცა ქალაქ ნიკომიდიის ეპარქ ელევსიზე დანიშნეს. გონიერებით გამორჩეულმა და ზნეკეთილმა იულიანამ შეიცნო წარმართული სარწმუნოების სიცრუე და ამაოება, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. როცა ქორწილის დრო მოახლოვდა, მან უარი განაცხადა გათხოვებაზე. მამამ შეაგონა ნეტარს, არ დაერღვია ძველი ნიშნობა, მაგრამ, საწადელს რომ ვერ მიაღწია, განრისხებულმა, საშინლად სცემა ასული. ამის შემდეგ აფრიკანმა იულიანა მისი ყოფილი საქმროს, ქალაქის ეპარქის ელევსის სამსჯავროზე წარადგინა. ელევსიმ სთხოვა წმიდა ქალწულს, ცოლად გაჰყოლოდა, თან აღუთქვა, რომ სარწმუნოების შეცვლას არ აიძულებდა, მაგრამ ნეტარი იულიანა ამჯერადაც მტკიცე უარზე დადგა და ქრისტესთვის მოწამეობა ირჩია. წმიდანს დიდხანს და სასტიკად ტანჯავდნენ, მაგრამ ყოველი წამების შემდეგ უფლისგან კურნება მიემადლებოდა და ძალები უცხოველდებოდა. წმიდა ქალწულის სიმტკიცემ და სასწაულებრივმა კურნებებმა ბევრ წარმართს გაუხსნა გული და გონება ჭეშმარიტებისათვის, ხუთასმა მამაკაცმა და ასოცდაათმა დედამ კი აშკარად აღიარა ქრისტე. ახალ აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს. ელევსი დარწმუნდა, რომ შეუძლებელი იყო ზეციური სასიძოსკენ იულიანას ლტოლვის განელება და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ქრისტეს ტარიგმა სიხარულით მოისმინა განაჩენი, ადიდა უფალი და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს (+304).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.