ებრ. 303 დას. I, 1-12
მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა, რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა საუკუნენი, რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ, უტჳრთვან ყოველნივე სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაჲთა, თავისა მიერ თჳსისა განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა; ესოდენ უმჯობეს იყო ანგელოზთა, რაოდენცა უმჯობესი მათსა დაიმკჳდრა სახელი. რამეთუ ოდეს-სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ? და მერმე იტყჳს: მე ვიყო მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე. და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოჲ იგი სოფლად, იტყჳს: და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი. ხოლო ანგელოზთათჳს იტყჳს: რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა. ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ. ამისთჳს გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა. და: შენ დასაბამსა, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან; იგინი წარჴდენ, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე; და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს.
ლკ. 5 დას. II, 1-20
მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა. ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა. და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა. აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა, აღწერად მარიამის თანა, რომელი მოთხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ. და იყო ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას. და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ. და იყო ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ. და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა. და ვითარცა იხილეს, გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს. და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი მწყემსთაჲ მათ მათდა მიმართ. ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა. და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათდა მიმართ.