ლუკიანე წარმართი ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. უკვე ხანში შესული, იგი დარწმუნდა თავისი სარწმუნოების უსუსურობაში, გულით იწამა ქრისტეს მაცხოვარება და მოინათლა.
მისი ქადაგების გავლენით, მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იუდეველები ვერ შეურიგდნენ ქრისტიანების მომრავლებას და ნიკომიდიის გამგებელ სილვანთან დაასმინეს ლუკიანე. სილვანი შეეცადა კვლავ კერპთმსახურებისკენ მოექცია მოხუცი, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღო. მაშინ მისი ბრძანებით სასტიკად აწამეს ქურუმყოფილი, ყბები ჩაუმტვრიეს, კვერთხებით სცემეს, თავდაყირა დაკიდეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ იგი შეხვდა ქრისტეს აღსარებისათვის დატყვევებულ ოთხ ყრმას - კლავდის, იპატის, პავლეს და დიონისეს. ლუკიანემ თავისი საუბრებით განამტკიცა ისინი. მოკლე ხანში წმიდანები სამსჯავროზე წარადგინეს და გახურებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ უეცრად ციდან წვიმა გარდამოხდა, ცეცხლი ჩააქრო და მოწამენი უვნებლად გადარჩნენ. მმართველმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მათ და დასასჯელად ბიზანტიაში გაგზავნა, სადაც წმიდა ყრმები მახვილით დახოცეს, ლუკიანე კი ლურსმნებით მიამსჭვალეს ჯვარზე.
მოწამეთა ღვაწლის თვითმხილველი იყო წმიდა ქალწული პავლა, რომელმაც მაცხოვრის სარწმუნოებისთვის ტანჯულთა მსახურება იდო თავს. მას საჭმელი დაჰქონდა ტყვე ქრისტიანებთან, წყლულებს ჰბანდა, წამლებს აწვდიდა, მოწამეთა ცხედრებს მარხავდა. ლუკიანესა და ოთხი ყრმის აღსრულების შემდეგ იგი დაბრუნდა ნიკომიდიაში და თავისი ღვაწლი განაგრძო, რისთვისაც მალე შეიპყრეს და გახურებულ ქურაში ჩააგდეს. ღვთის ნებით ქალწული უვნებლად გადარჩა. მაშინ ისიც ბიზანტიაში გააგზავნეს და მახვილით მოკლეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.