უკან დაბრუნება

ცისკ. - სახ. მე-10, ინ. 66 დას. XXI, 1-14.

ინ. 66 დას. XXI, 1-14

ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ: იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი. ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: წარვიდე სათხევლობად. ჰრქუეს მას: მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ იპყრეს. და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს. ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა? მიუგეს და ჰრქუეს: არა. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადე ეგე მარჯუენით კერძო ნავისა მაგის და ჰპოოთ. ხოლო მათ სდევს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევად სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა. ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: უფალი არს. ხოლო სიმონ-პეტრეს ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა შესამოსელი თჳსი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად. ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდოდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა. და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარე და თევზი მას ზედა და პური. ჰრქუა მათ იესუ: მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელი იპყართ. აღვიდა სიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა თევზითა, რომელი იყო ას ერგასის და სამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი. ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და ისადილენით. და არავინ მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს. მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრეთვე. ესე სამ-გზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით.