წმიდანი შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქე, მარტინიანე, დიონისე, ანტონინე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და იოანე ცხოვრობდნენ ქალაქ ეფესოში. დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანების დევნისას მათ ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს შეაფარეს თავი, რომ ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისათვის. გამოქვაბულის შესასვლელი იმპერატორმა ქვებით ამოაქოლვინა, უფლის რჩეულებს კი მიეძინათ. ასსამოცდაათზე მეტი წლის შემდეგ, კეთილმსახური იმპერატორის, თეოდოსი მცირის (408-450) ზეობისას, ღვთის განგებით, მღვიმე გაიხსნა და საკვირველი სასწაული აღესრულა: იმ მწვალებელთა სამხილებლად, რომლებიც მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ, ეფესელმა ყრმებმა გამოიღვიძეს (მათი ცხოვრება ვრცლად 4 აგვისტოს საკითხავშია მოთავსებული). ერთი ცნობით, წმიდანებმა პირველად 4 აგვისტოს მიიძინეს და 22 ოქტომბერს გამოიღვიძეს, სხვა გადმოცემით, 22 აგვისტო მათი მეორედ მიძინების დღეა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.