მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: 'უნდა ვემსგავსოთ ღვთისმშობელს, რამეთუ ყველაზე დიდი პატივისცემა წმინდანებისადმი არის ის, რომ ვემსგავსოთ მათ ცხოვრებასა და პიროვნებას'


კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასეს (ნიკოლაუ) სიტყვა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სიონის ტაძარში
 
საყვარელო ძმანო და დანო, უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის მოწვევით და კურთხევით ვიმყოფები დღეს თქვენთან, და ჩვენთვის უძვირფასეს და საყვარელ მიტროპოლიტ შიოს, რომელმაც მოგვცა კურთხევა, დღეს ერთად გვემსახურა.
 
როგორც იცით, დღეს ვდღესასწაულობთ ღვთისმშობლის შობას. მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთი დღესასწაულიც არ არის უბრალოდ ისტორიული მოვლენის მოხსენიება, არამედ არის დღე, რომელ დღესაც უფლისგან განსაკუთრებული მადლი და წყალობა მოედინება სამყაროში. ყველა წმინდანი სწორედ ამას ამბობდა, რომ დიდი დღესასწაულების დროს ღვთის განსაკუთრებული მადლი და წყალობა მოდის სამყაროზე. ეს უფალმა იესო ქრისტემაც გვიბრძანა სახარებაში: ,,სადაც ორი თუ სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის" (მათ. 18:20).
 
და აი, დღეს ჩვენც შევიკრიბეთ უფლის სახელით ღვთისმშობლის შობის დღესასწაულისათვის. დღეს შეგვიძლია მივიღოთ დიდი მადლი, რომელიც მოედინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეშვეობით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკლესიისთვის, რადგან დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ღვთისმშობელს. უნდა ვემსგავსოთ მას, რამეთუ ყველაზე დიდი პატივისცემა წმინდანებისადმი არის ის, რომ ვემსგავსოთ მათ ცხოვრებასა და პიროვნებას.
 
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებით დგას ჩვენ წინ, რომ მივიღოთ მისგან მაგალითი მისი სიმდაბლისა და უდიდესი სიყვარულისა ღვთისა და სამყაროს მიმართ. დღეს, როდესაც მოედინება უდიდესი მადლი ღვთისა და ღვთისმშობლისა, ჩვენც ვეცადოთ, უფრო მეტად წარვემატოთ სულიერ ცხოვრებაში და ვემსგავსოთ მათ.
 
გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, ღვთისმშობლის მადლი იყოს მუდამ თქვენთან. დიდი მადლობა.
 
სიონის საპატრიარქო ტაძარი
 
21.09.2024
 
ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა

მსგავსი განცხადებები: