მეუფე დანიელი - დღეს არის სინათლის, სიყვარულის, სიწმინდის, რწმენის აღორძინების, ახლიდან დაბადების დღე


ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის ქადაგება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ნათლისღების - განცხადების დღესასწაულზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელნო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ნათლისღების დიდებულ და ბრწყინვალე დღესასწაულს.

დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს უფალმა გამოუცხადა თავი კაცობრიობას, როგორც მაცხოვარმა, რომელმაც დაუბრუნა ღვთაებრივი სიცოცხლე ღმერთს მოწყვეტილ, სიკვდილში დანთქმულ კაცობრიობას და ახარა მას ახალი სიცოცხლის დასაწყისი.

დღეს შეიმუსრა თავი ვეშაპთანი და დღეს გამოცხადდა კაცობრიობის ახალი სიცოცხლის დასაწყისი, კაცობრიობის სულიერი აღდგომის დასაწყისი გამოაცხადა უფალმა. დღეს მამის ხმა ისმოდა, რომელმაც ბრძანა იესო ქრისტეს შესახებ: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“ და სულიწმიდა ტრედის სახით დაადგრა მას ზედა.

დღეს სამების გამოცხადებაა; დღეს დიდი სიხარულის, დიდი სულიერი და ფიზიკური ძალების განახლების დღეა; დღეს არის სინათლის, სიყვარულის, სიწმინდის, რწმენის აღორძინების, ახლიდან დაბადების დღე. ამიტომ იხარეთ და იდღეგრძელეთ, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სულიწმიდის მადლის გამოცხადება. სახარებაში წერია: „შეუძლებელი კაცთაგან ღვთისა მიერ ყოველივე შესაძლებელია“.

დღეს ჩვენ ვიხილეთ ჩვენი უწმინდესი, ვითარცა უხორცო, თავისი საოცარი შემართებით, თავისი დიდი სიყვარულითა და რწმენით, მიუხედავად ნებისმიერი სირთულისა; მისთვის არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობა, შესაბამისად, იგი არის სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი მოქმედებს ღვთის ძალით და დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ შეუძლებელი ადამიანის ძალებისთვის შესაძლებელია ღმერთისთვის, როდესაც ადამიანში ღმერთი მოქმედებს.

აი, ასე აღნიშნავს ჩვენი პატრიარქი თავის საიუბილეო თარიღებს - აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს. ასე გვახსენებს ის ჩვენს საოცარ ისტორიას, ჩვენი წინაპრების თავდადებას, დიდ სარწმუნოებას, ღვთისა და მოყვასის დიდ სიყვარულს.

მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! მადლობა პატრიარქს ყველაფრისათვის! მადლობა თქვენ, ყველას, რომ ვარ ისევ ჩვენი წინაპრების გზაზე და ვაგრძელებთ ამ გზას. ღმერთმა ინებოს, რომ გავაგრძელოთ ეს გზა და მივაღწიოთ ჭეშმარიტ სულიერ გამთლიანებასა და გაბრწყინებას, რაც ნაწინასწარმეტყველებია ივერიის შესახებ, ჩვენი საყვარელი პატრიარქის დღეგრძელობით, წინამძღოლობითა და ლოცვით, ამინ!

იხარეთ და იდღეგრძელეთ მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო და კიდევ ერთხელ შევთხოვოთ უფალს, დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით ჩვენი უწმინდესისთვის: „განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე“ ჩვენი პატრიარქისა. ღმერთმა ინებოს, რომ განახლდეს მისი სიჭაბუკე, ვითარცა ორბისა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასწროთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი

19.01.2023

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა

მსგავსი განცხადებები: