1991-1993 და 2008 წწ. ომებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება


2011 წელს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იკურთხა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო ტაძარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში მოწყვეტილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მშენებლობა შეფერხდა.

დღეს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობას“, ხდება ამ ტაძრის საფუძვლის განახლება. ეკლესია ბაზილიკის ტიპისა იქნება ხუთი საკურთხევლით: წმ. სვიმონ კანანელის, წმ. ვასილისკოს, წმ. იოანე ოქროპირის, ქსნის ერისთავთა - შალვას, ელიზბარის და - ბიძინა ჩოლოყაშვილის, ასევე, გაერთიანებული საქართველოს დიდებული მეფის - წმ.თამარის სახელობისა.

მათი მეოხებით ღმერთმა სავანესა თვისსა განუსვენოს ძმათა მკვლელი ომის მსხვერპლთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიჰმადლოს მშვიდობა;

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მრავალჭირგამოვლილი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი მოსახლეობა და ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.

ღმერთმა დალოცოს აფხაზები, ოსები და სრულიად საქართველო.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

23.05.2023

მსგავსი განცხადებები: