მღვდელი გაბრიელ ბარბაქაძე - კაპელანი


„ჩვენი ყოველდღიური მსახურებები აქ, ძირითადად, არის წირვა-ლოცვა და ჯარისკაცებთან ურთიერთობა... ქართული ჯარი მთელი ქვეყნისთვის დასაყრდენია, მთელი ქვეყნის ხერხემალია“

მღვდელი გაბრიელ ბარბაქაძე მეშვიდე წელია ვაზიანის მე-4 ბრიგადის კაპელანია: „თავიდან უცხო იყო სამხედრო ცხოვრება და გარემო ჩემთვის, მაგრამ ნელ-ნელა იმდენად შემოვიდნენ ჯარისკაცები ურთიერთობით, იმდენად ჩემი გახდა აქაურობა, რომ ყოველდღიურად კიდევ უფრო ვერთიანდებით... ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ჯარისკაცებთან არის სულიერი მოძღვარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარისკაცებს თან ახლდეს მოძღვარი და გაიზიაროს, გაინაწილოს მათი ტკივლი თუ ნებისმიერი მდგომარეობა“.

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მამა გაბრიელის ძალისხმევითა და საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებით აშენდა, ასევე მამა გაბრიელის ინიციატივით შეიქმნა „ჩვენი დროის გმირების მემორიალიც“. ტრადიციულად, ყოველ დილით, ტაძრის მოლოცვის შემდეგ, მამა გაბრიელი მემორიალთან მიდის: „გადავსახავ ხოლმე ჯვარს და დავლოცავ, ღმერთმა აცხონოს მათი სულები. ისინი არიან სამშობლოს ერთგული, მათ ყველაფერი და საუკეთესო მისცეს ქვეყანას - ეს იყო მათი სიცოცხლე, მათ თავი დასდეს სამშობლოს ერთიანობისა და სიყვარულისათვის“.

ჯარისკაცები ესწრებიან წირვა-ლოცვას, ეზიარებიან, გალობენ. კვირაში რამდენჯერმე კაპელანთან იკრიბებიან და რწმენაზე საუბრობენ: „როგორც უფალს ემსახურები, ასევე ქვეყანას სჭირდება მსახური, ორივე შერწყმულია ერთმანეთთან, თუ ადამიანს რწმენა არ აქვს, ის ვერც ქვეყანას ემსახურება და ვერც უფალს, ჩვენი ქვეყანა კი რმწენაზეა დამყარებული“.

მამა გაბრიელი ერთნაირად ზრუნავს ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანზე, მისთვის ერნაირად მნიშვნელოვანია თითოეული ჯარისკაცის სულიერება: „ეს ჩემი ოჯახია. ხანდახან ყოფილა, რომ ვერ მოდიხარ და რაღაც ნაკლოვანება გაქვს იმისა, რომ თითქოს სახლში ვერ იყავი მისული, შენი ოჯახის წევრები ვერ მოინახულე, თითქოს რაღაც დაგაკლდა ან მათ რაღაც დააკელი. ძალიან მიყვარს აქაურობა, რადგან რაც აქ მოვედი, თითქმის ყველაფერმა ჩემს თვალწინ გაიარა; როგორც ჩემი ოჯახი, ისეა ჩემთვის ჩვენი ჯარისკაცები, ისინი ჩემი ოჯახის წევრები, შვილები, ჩემი მეგობრები, დები და ძმები არიან... აქ ერთობაა, ერთი გარემოა, საერთო სიტუაცია, საერთო ტკივილი და საერთო სიხარულია“.

ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "იმედის კვირა"

31.05.2020

მსგავსი განცხადებები: