2023 წლის 6 მაისს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახისა და ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებს ეწვია.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლები და მგალობლები.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში გივი მეტრეველი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.
მიტროპოლიტმა თეოდორემ კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი მართლმადიდებელ მრევლს რელიგიის სააგენტოს ჩატანილი 50 ცალი ბიბლია დაურიგდა.
ბოლოს დელეგაციის წევრებმა მოილოცეს ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც მიტროპოლიტმა თეოდორემ პარაკლისი გადაიხადა.
ფოტო: რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტო