სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის
საახალწლო ეპისტოლე
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს
კვლავ წავიდა წელი უსაზღვრო დროის დინებისა, ისევ დავდექით ძველისა და ახლის მიჯნაზე, ისევ შეიკრიბებიან საახლწლო ნაძვის ხესთან ღვთისგან შექმნილი ჩვენი შვილები, ნორჩი თაობა ჩვენი ერისა. ძველის მშვიდობით გასტუმრებით და ახლის მოსვლით აღტაცებულო, ქრისტესმიერ ჩემო შვილებო, მოდით, მივბაძოთ მამა-პაპათა სანუკვარსა და კარგ ჩვეულებას, ჯერ სამადლობელი ლოცვა აღვავლინოთ დიდი ღმერთის წინაშე იმის გამო, რომ ასე მშვიდობით გავისტუმრეთ ჩვენ ძველი წელი და ზეაღტაცებით ვხვდებით ახალს, ლოცვის შემდეგ კი ავანთოთ სანთლები მოწყალე ღმერთის სადიდებლად, და შემოვუსხდეთ საახალწლო სუფრას გარშემო.
ჯიხვის რქები აივსება ლალისფერ ღვინით, რათა უპირველესად ვადიდოთ გამჩენი ღვინის, ხობრლისა და სხვა ათასგვარი საზრდელისა. შემდეგ ერთმანეთს მივულოცოთ ძველის წასვლა და ახალი წლის მობრძანება.
ჩვენც მოგილოცავთ, ჩემო სამწყსოვ, საერთო ზეიმს; კეთილი იყოს მისი მოსვლა ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ჩვენს პლანეტაზე. კურთხეულ იყოს თქვენი სუფრა, თქვენი ზეიმი, თქვენი შრომითა და მარჯვენით მონაგარი მხიარულება. ღვთის მადლი არ მოჰკლებოდეს თქვენს შრომასა და ოფლის ღვრას თქვენსას; ერთიათასად მოგემკოთ მუდამ დათესილი ხორბლის მარცვალი; თქვენი სასოებითა და გულმოდგინებით გაზრდილიყოს დოვლათი და ერის ბარაქა; ახალ წელს მოეტანოს ბევრი სიახლე თქვენი პირადი ცხოვრებისა და ქვეყნის კეთილდღეობის ასამაღლებლად; ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენმა შრომამ, მარჯვენამ თქვენმა, არა მარტო თქვენ უნდა გაცხოვროთ, არამედ წინ უნდა წასწიოს ჩვენი სამშობლოს აყვავების კეთილი საქმე. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ჩვენ ცალ-ცალკე არარა ვართ, სამშობლოსა და ხალხის გარეშე. ისიც მოიგონეთ, რომ ჩვენს წინაპართა შეგნებაში და მოქმედებაში ისევე განუყოფელი იყო სარწმუნოებისა და სამშობოს სიყვარული, როგორც განუყოფელია იესო ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. ვილოცოთ იმისათვის, ჩემო თანამორწმუნენო და თანამემამულენო, რომ არ ჩამქარლიყოს ამ დედამიწაზე მშვიდობიანი შრომის ნათელი.
ყოველი წელი კარგი არის და სანატრელი, თუ ის მშვიდობით მოდის და მშვიდობით მთავრდება. წმიდა ტაძარში საღმრთო მსახურების - წირვა-ლოცვის აღსრულებისას მოძღვარი ასე წარმოთქვამს ხოლმე: მშვიდობა ყოველთა. ჩვენც ამასვე ვუსურვებთ ღვთისაგან გაჩენილ ჩვენს დედამიწასა და ჩვენს სამშობლოს: ამ ახალ წელში „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ნაყოფიერი ნიადაგი, რომელზედაც აღმოცენდება და აღორძინდება ჩვენი ხალხისაგან დათესილი ყველა მარცვალი. „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ცვარ-ნამი, რომელიც ღვთის მადლად დაეპკურება ჩვენი ქვეყნის ბაღ-ვენახებს. „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს მფარველი დედა ჩვენი ახალგაზრდობისა მისი სწავლისა და აღზრდის საქმეში; „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის წყარო, რომლიდანაც იჩუხჩუხებს დოვლათ-ბარაქა, სიხარული, პროგრესი და აღმავლობა, ახალი დიდი შთაგონება, ახალი წიგნები და აღმოჩენები, ახალი მადლი სარწმუნოების განსამტკიცებლად, ახალი განძი ეკლესიების გასაძლიერებლად, და ბოლოს, - „მშვიდობა ყოველთა“ ყოფილიყოს ის ბრწყინვალე გზა, რომლითაც ერთი ღვთიური მიზნისაკენ წავა მთელი კაცობრიობა, „რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10,4).
მაშ ასე, ქრისტესმიერ ჩემო შვილებო! არ მოჰკლებოდეს ამ ახალ წელში უფლის მადლი თქვენს გზასა და ნაბიჯებს თქვენსას. თქვენს სულს სიწმიდე მომადლოს ზეცამ, სულის სიწმიდემ თავმდაბლობა ადიდოს თქვენში, თავმდაბლობამ კი გზა გაუხსნას ყველა სიკეთეს, რაც ადამიანს თავის გამჩენ ღმერთთან აახლოებს. ღვთისმშობლის მადლმა არ მოაკლოს აყვავება და აღმავლობა ჩვენს ერისა და საერთოდ ყველა ხალხს, მწვანით მოსილი ჩვენი მიწისას.
ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და ღაღადისი იმის გამო, რომ ნაყოფიერი იყო ჩვენი ერისათვის გასული წელი, რომ სიკეთე და აღმავლობა მიუძღოდა წინ ჩვენს შრომასა და შემოქმედებას, რომ სწავლისა და სულიერი სრულყოფის გზით მიაბიჯებდა ჩვენი ქვეყნის ნიჭიერი და სასიქადულო ახალგაზრდობა, რომ ჩვენი ეკლესიებიდან არ წყდებოდა ღაღადისი სახარების კეთილმომთხრობთა.
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს დიდსა თუ პატარას: შფოთი და მტრობა, ვერაგობა, ღალატი, მუხთლობა, შურიანობა, სიხარბე და კაცთა სიძულვილი მუდამ გამოწვეული იყო ღვთისაგან განდგომით, სარწმუნოების დაკარგვითა და თავაშვებულობით. ის, ვინც ეძიებს ქვეყნად მხოლოდ ხორციელ საზრდოს, და სიცოცხლის გამჩენს არ ეძიებს, ვისაც ადამიანის დანიშნულებად მიაჩნია მხოლოდ ბევრის მოხვეჭა, ბევრის ჭამა, საუკეთესო ტანსაცმელი და სხვა არარა, სწორედ რომ არარაობასაა მინდობილი. ასეთ კაცს ვერ შეუგნია ეს ადგილი მათეს წმიდა სახარებიდან: და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა ჰშურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი (მათე 6,28-29). სოლომონიც კი არ შემოსილაო ისე თავისი დიდების ზენიტზე, - ბრძანა მაცხოვარმა, როგორც შროშანი ველისა, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის.
გაუხსენით გული და გონება სარწმუნოებას, ჩვენი სამწყსის საყვარელო შვილებო, შეიმოსეთ მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ატარეთ იგი სიყვარულით და თქვენ იქნებით უფრო ბრწყინვალედ შემოსილი, ვიდრე ყოველი ყვავილი ველისა, ვიდრე ყოველი მეფე, ოქროქსოვილით შემოსილი დიდების ტახტზე.
სარწმუნოება - ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, სარწმუნოება ამაღლებს კაცის გულს და კაცის გონებას, ის უფსკრულია მეცნიერებისა, ის მზეა დიდი, მოგიზგიზე, სიბინძურესა და მანკიერებას რომ ამოსწვავს ადამიანთა ცხოვრებიდან, ძალასა და მხნეობას რომ ჰმატებს მშრომელთა მარჯვენას, ჩვენს სულს რომ აძლევს სასიკეთო საზრდოს ნოყიერს.
სარწმუნოება - ხიდი არის მიწიდან ცისკენ მიმავალი. დადექით მტკიცედ ამ ხიდზე, ჩვენი ღვთივკურთხეული მიწის შვილებო. ეს ხიდი აქ იწყება, ჩვენს საყვარელ დედამიწაზე და მარადიულობას უერთდება მადლის განგებით. ეს ის ხიდია, რომელზედაც მაცხოვარი მიგვიძღვის თავად, ჩვენი უფალი იესო ქრისტე... ყველა, ყველა ამ ხიდზე! ნუ დაყოვნდებით! დროს დაკარგვით სიტკბოების წყაროს დაიკლებთ, და იმ ნეტარებას, რომელსაც მხოლოდ სარწმუნოება ანიჭებს ადამიანს.
პირადად ჩვენ, საპატრიარქო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მთლიანად ჩვენი უძველესი ეკლესია, მზადა ვართ დავეხმაროთ ყველას, ვისაც კი სურს წრფელი გულითა და წმინდა სულით შედგეს ამ ხიდზე, ჩვენ სიხარულით ვუჩვენებთ ყველას ამ ხიდისკენ მიმავალ გზას, იმ საქმეთა ნუსხას, რომელიც უნდა აკეთოს მარადიულობისაკენ ამ ხიდით მიმავალმა ადამიანმა. მივუთითებთ ბედნიერების იმ ჭეშმარიტ წყაროზე, საიდანაც უნდა სვას სულისა და ხორცის მასაზრდოებელი ცხოველმყოფელი წყალი, დავეხმარებით სულიერი ამაღლების გზით იხილოს ის ნათელი, რომელიც მზისაგან კი არ მოდის, არამედ რომლისგანაც მზემ მიიღო ნათელი თავად.
ეს დიდებული სამყარო იმისათვის შექმნა ყოველთა გამჩენმა ღმერთმა, რომ ჩვენ, ადამიანები დავტკბეთ ამ სამყაროს მადლითა და სილამაზით. ჩვენ ხელს გიწვდით დახმარებისას და წინ წარგიძღვებით, რათა უნათლესი სიმაღლიდან დაგანახოთ ეს ხელთუქმნელი სილამაზე, და იგრძნოთ ის სულიერი სიმშვიდე, რისთვისაც შემოქმედმა შექმნა ეს ყოველივე.
ძნელბედობის დროს აშენებდა ქართველი ხალხი ჩვენს ეკლესიებს; თქვენ იცით, რომ მრავალსაუკუნოვან გამოცდას გაუძლო ჩვენმა სამოციქულო ეკლესიამ. ჩვენ ვიბრძოდით, ღმერთი გვწყალობდა და ღვთისმშობლელი მფარველობდა ჩვენს ერსა და ჩვენს ეკლესიას. ჩვენს მამა-პაპათ უყვარდათ მაცხოვარი იესო ქრისტე და ქრისტეს წმიდა ტაძრები. არავის დაანებეს ისინი გასაქელად და დასანგრევად, ისე გადმოგვცეს შვილებსა და შთამომავლობას. ჩვენი ვალია ვუპატრონოთ მათ დანატოვარს, იმავე მგზნებარე გულით გვიყვარდეს ყოველივე ეს, როგორი გულთაც ისინი აშენებდნენ მათ; ისეთივე გულმხურვალებით ვილოცოთ ღვთის წმიდა ეკლესიებში, როგორი გულმხურვალებითაც ლოცულობდნენ ჩვენი ერის რიგითი მშრომელები და რჩეული შვილები: დავით აღმაშენებლი და მისი ძე დემეტრე, გიორგი მესამე და დიდი თამარი, ათონელი წმიდა მამები, კათოლიკოსნი - მელქისდეკ პირველი და კალისტრატე მესამე, სულხან-საბა ორბელიანი და ილია ჭავჭავაძე, მცხუნვარე მზისგან კანდამწვარი, მაშვრალი გლეხები და მრისხანე მტერთან ბრძოლაში დაღუპული ბევრეულები ჩვენი ერისა.
მხნეობასა და მზეგრძელობას გისურვებთ, ჩემო შვილებო, კვლავაც ემეფოს მშვიდობას მთელ ქვეყანაზე. არ მოგკლებოდეთ ღვთის მადლი და ლოცვა-კუთხევა, ნებისყოფა და სიმტკიცე ყოველ ცოდვათა განსარიდებლად, რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა (რომ. 6,23).
თბილისი, 1979 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.