პატრიარქის საახალწლო ეპისტოლე - 1983


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

საახალწლო ეპისტოლე

"გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას,
და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან" (მღვდელმთავრის კონდაკი).

 

ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერო შვილებო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!

"მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა" (კოლასელთა მიმართ, 1,3).

მშვიდობით განვლო 1982 წელმა და კარს მოგვადგა ახალი წელი. ნამდვილად ბედნიერი იყო ჩვენი სამშობლოსათვის წარსული წელი. ყველაფერში იგრძნობოდა სულიერი აღმავლობა: შრომაში, სწავლაში, მეცნიერებაში, კულტურაში, ეკლესიაში, ცხოვრებაში, ღვთის მადლით მშვიდობს სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. საერთაშორისო დაძაბულობის ვითარებაში ხალხმა უფრო მეტად შეიგრძნო მშვიდობის ფასი. ბირთვული ომისა და ბირთვული იარაღის პრობლემა დღევანდელ პირობებში არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების პრობლემასაც წარმოადგენს.

საქართველოს უძველესი ეკლესია ყოველთვის მონაწილეობს მშვიდობის დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმებში და დიდი წვლილი შეაქვს ამ საქმეში. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ეკლესიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო 1982 წლის 10-14 მაისს მოსკოვში ჩატარებულ სამშვიდობო კონფერენციის მუშაობაში. ამ კონფერენციამ, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გააერთიანა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის მებრძოლი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარნი.

უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის დაცვის ამ დიდ საქმეში მიღწეულია გარკვეული შედეგები. მსოფლიო პროგრესული კაცობრიობა დიდი მკაყოფილებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ვალდებულება, პირველმა არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

მთავარი ის არის, რომ ჩვენ დღეს უფრო მეტად შევიგრძენით, თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენდა სასიხარულოდ და საბედნიეროდ, ჩვენი ახალგაზრდობა დღეს ბევრს ფიქრობს არა მარტო დღევანდელზე და მატერიალურზე, არამედ ხვალინდელ დღეზე, მარადიულზე და ზემიწიერზე; სურს შეიცნოს, ვინ ვიყავით ჩვენ წარსულში, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

ახალ წელს ყველას ბედნიერებას ვუსურვებთ, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობთ ამ სიტყვის შინაარსზე და თუ ვფიქრობთ, ვფიქრობთ ზერელედ.

მრავალი ადამიანი თავის ბედნიერებას სხვადასხვა გარემოებას, სიმდიდრეს, მდგომარეობას, ცოდნას უკავშირებს, მაგრამ სულის სიმშვიდეს ვერ პოულობს. მაინც რა არის ბედნიერება? ეგებ სულაც არ არსებობს იგი, ეგებ ჩვენ თვითონ მოვიგონეთ? არა, ბედნიერება, ნეტარება ნამდვილად არსებობს; ეს არის ნაყოფი რწმენისა და სიყვარულისა. ბედნიერნი ვართ, როცა ჩვენთან არის ღმერთი, გვწამს და გვიყვარს უფალი, სამშობლო, მშობელი, ოჯახი, მოყვასი...

სიყვარული ისეთივე მრავალმხრივი, უსაზღვრო და უნაპიროა, როგორც თვით უფალი. ამიტომაც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი: "ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა" (I იოანე 4,16).

ადამიანებთან, საგნებთან, იდეებთან, ცნებებთან ხშირად ჭეშმარიტი სიყვარულის გაუცნობიერებლად ვამყარებთ კავშირს. სიყვარული ნიშნავს პირადის უარყოფას, ცხოვრებას მოყვასისათვის.

ღმერთი სიყვარულია, ქრისტე მაგალითია სიყვარულისა, სული წმიდა - ძალი სიყვარულისა, ეკლესია - საგანძური და მფარველი მისი, ქრისტიანობა - სიყვარულის რელიგიაა, ქრისტიანი კი - ნიმუში სიყვარულისა. სახარების მთავარი თემა, ღვთისადმი ჩვენი რწმენის საფუძველი, უფლისა და მოყვასისადმი ჩვენი დამოკიდებულების განმსაზღვრელი სიყვარულია.

სრულყოფილი სიყვარული ორმხრივია: ღვთაებრივი ზეციდან ეფინება მიწას, ადამიანური კი მიწიდან უნდა მიისწრაფვოდეს ზეცისა და სხვა ადამიანებისაკენ.

სიყვარული მარადიული, ნიადაგ განახლებული, ერთ ადამიანში დაუტევნელი ძალაა. იგი ბოლომდე ავსებს კაცის სულს, რათა შემდეგ გადმოიღვაროს და სხვათაც გაუნაწილდეს, როგორც ღვთიური მადლი და საზრდელი. სიყვარულს შესანიშნავი თვისება აქვს: სიყვარული ძლიერდება ჩვენში, თუ მას სხვას უხვად ვუნაწილებთ.

ალბათ, არცერთ სხვა ენაში არ მოიძებნება სიყვარულის ისეთი სიღრმისეული გამოხატვა, როგორც ეს ქართულ სიტყვებშია: გენაცვალე, შენი ჭირიმე...

ვინც რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობს, მისი ყოველი ნაბიჯი სიკეთითაა ნიშანდებული. რწმენა და სიყვარული აუცილებლად გვაჩვენებს გზას მოქმედებისათვის; იგი მტირალთან ტირის და მხიარულთან იცინის, იჩქარის სნეულთა, დავრდომილთა და მხცოვანთა, ქვრივთა და ობოლთა სანახავად და დასახმარებლად. ასეთისათვის არ არსებობს სხვისი გოლგოთა, სხვისი ტანჯვა-წამება, ეს ყველაფერი მისია, საკუთარია; სიყვარულისათვის უცხოა შიში.

XIV საუკუნეში ქართლის მეფე გიორგი VII თათართა წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავი სამცხეს შეაფარა. მეფის ერთგულმა იოთამ ზედგენიძემ შეიტყო, რომ გიორგის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და ამის შესახებ მეფეს აცნობა. მაგრამ მან არ დაიჯერა. იოთამმა სთხოვა გიორგის, ნება დაერთო ღამე მეფის საწოლში დაწოლილიყო. დილით, როდესაც მეფე გიორგი თავის ოთახში შებრძანდა, იოთამ ზედგენიძე აკუწული დახვდა. საქართველოს ეკლესიამ ასეთი თავდადებული ერთგულებისა და სიყვარულისათვის იგი წმიდანად შერაცხა.

მეორე მაგალითი:

რამ აიძულა მღვდელი თევდორე წამებით დაესრულებინა სიცოცხლე, თუ არა ღვთის რწმენამ და მამულის დიდმა სიყვარულმა?!

1609 წელს, ლუარსაბ II მეფობის დროს, ოსმალთა ჯარი შეიჭრა ქართლში, რომელსაც სურდა გაეგო, სად იყო დაბანაკებული ქართველთა მეფე. სოფელ კველთაში მუსულმანებმა შეიპყრეს მღვდელი თევდორე და მეგზურობა უბრძანეს; დარწმუნებულნი იყვნენ, მოძღვარმა იცოდა ლუარსაბ II ადგილ-სამყოფელი.

მამა თევდორე დათანხმდა გზის სწავლებას; სინამდვილეში კი მტერი სულ სხვა მიმართულებით გაიტყუა.

ბოლოს ოსმალები მიხვდნენ თევდორეს განზრახვას და საშინელი წამებით მოკლეს იგი. თავისი თავგანწირული გმირობით სულთანმა მამა თევდორემ სიკვდილს გადაარჩინა მეფე ლუარსაბი, ხოლო ქართველთა ჯარს საშუალება მისცა მომზადებულნი დახვედროდნენ მომხვდურს.

აი, რა არის ნამდვილი სიყვარული!

მოციქულთა დროს მოძმის სიყვარული ბუნებრივი მოვლენა იყო. წმ. პავლე მოციქული თესალონიკის ეკლესიის მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში წერს: "ხოლო ძმათმოყუარებისათჳს არა გჳხმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს" (I თესალონიკელთა 4,9). "მადლობჲ გჳღირს ღმრთისა მარადის თქუენთჳს, ძმანო, ვითარცა-იგი ღირს არს, რამეთუ უმეტესად აღორძნდების სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და განმრავლდების სიყუარული კაცად-კაცადისა თქუენისაჲ ურთიერთარს" (2 თესალონიკელთა მიმართ 1,3).

რწმენა ადამიანისა სულისა და ღმრთის შინაგანი ერთობაა, ხოლო სიყვარული - ამისი გარეგნული გამოხატულება. სიცოცხლის აზრი სიყვარულისადმი მსახურებაშია. რწმენას მივყავართ ღმერთამდე, სიყვარული კი ადამიანებთან გვაახლოვებს.

ოდითგანვე ბრძენნი ადამიანის ცხოვრების არსს მოყვასის ბედნიერებისათვის ზრუნვაში ხედავდნენ. გიყვარდეს მოყვასი და შენც უყვარდე სხვებს - უფლის მიერ ბოძებული დიდი ნიჭია. ასეთ დამიანს სარწმუნოება და სიყვარული კარნახობს, როგორ გამოძებნოს ურთიერთობის საშუალებები თვით ყველაზე გულქვა, კარჩაკეტილ, გულცივ, ყველაფრის მიმართ რწმენადაკარგულ, ადამიანებზე გულგატეხილ პიროვნებასთანაც კი.

სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს, იგი მხოლოდ თავისთვის ზრუნავს, და მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც ვერ დაკმაყოფილდება.

სიყვარულის უარმყოფელნი თავიანთი კანონებით ცხოვრობენ: განსხვავებულია მათი შეხედულება საგანთა არსის, ცხოვრების არის, სიბრძნის, ზნეობის, ცოდვისა და მადლის შესახებ. ისინი ულმობელნი არიან სხვათა მიმართ და თავის ეგოცენტრიზმს ემსახურებიან მხოლოდ. ასეთები დაწვრილებით იძიებენ და უმოწყალოდ განიკითხავენ მოყვასის არა მარტო საქციელს, არამედ მისი სულის იდუმალ შრეებსაც და ცდილობენ, თვით ყველაზე სუფთა და ამაღლებულ მისწრაფებებშიც კი ჩრდილოვანი მხარეები დაინახონ. მათგან ამაოდ მოველით სიყვარულსა და თანაგრძნობას.

შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და ჭეშმარიტი სიყვარული და ცხოვრება მოიპოვოს.

ახალი ადამიანი რწმენითა და სიყვარულით უნდა აღიზარდოს. სულიწმიდის მადლით განახლებული პიროვნება შეძლებს გარემომცველ სულიერ და მატერიალურ სამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრებას; მისთვის მთავარი იქნება თავად პროცესი მუდმივი განვითარებისა და სრულყოფისა.

ბიბლიაში ვკითხულობთ: "მიხედეთ პირველთა ზედა ნათესავთა და იხილეთ, ვის ჰრწმენა უფლისა და ჰრცხუენეს, ანუ ვინ ეგო შიშსა შინა მისსა და დაუტევა; ანუ ვინ ხადა მას, და უგულებელსყო იგი, რამეთუ მოწყალე არს უფალი, და მიუტევებს ცოდვასა და აცხოვნებს ჟამსა შინა ჭირისასა" (ისო ზირაქი 2,10-11).

ღვთისადმი რწმენითა და ხალხის სიყვარულით შენდებოდა, იწერებოდა და იქმნებოდა ყოველივე ღირებული და დიადი კაცობრიობის ცხოვრებაში.

წმიდა პავლე მოციქულის თქმით, სიყვარული სულგრძელი და ტკბილია; მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ იცის განრისხება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის, ყველაფერს იტანს, ყველას უჯერებს, ყველას იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (I კორინ. 13,4-7). ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება!

ასეთ დიდ და უძლეველ სიყვარულსა და ბედნიერებას გისურგებთ მეც, ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო; გისურვებთ, რომ ყველა გიყვარდეთ და თქვენც ყველას უყვარდეთ.

მე უკვე მესმის კითხვა: ბოროტი კაცი როგორ შევიყვაროთ? ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვითა და სინანულით განიწმიდოს და ანგელოზის მსგავსი გახდეს.

გაუადვილე შენს მოყვასს ცხოვრება, გაჭირვებულს გაუწოდე ხელი: გამოიჩინე მეტი სიყვარული, მეტი თანაგრძნობა, მეტი მოთმინება, მეტი სულგრძელობა, ნიჭს გაუხსენით გზა.

ბოლო წლებში ჩვენს სახელმწიფოში საფუძველი ჩაეყარა შესანიშნავ წამოწყებას, რომელსაც ეწოდება „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“. ასეთი მასობრივი ძიება უნდა იყოს ყველა დარგში. განსაკუთრებული მოვალეობა ამ მხრივ ეკისრებათ ჩვენს მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვნების მუშაკებსა და საერთოდ ყველა შეგნებულ ადამიანს.

გილოცავთ ახალ წელს და შევთხოვ ყოვლის შემძლებელ ღმერთს, რომ ეს წელი ჩვენი ერისთვის მშვიდობიანი და ბედნიერი იყოს.

ჩემი საახალწლო ეპისტოლე მინდა დავამთავრო დიდი მათემატიკოსის, ბლეზ პასკალის სიტყვებით: „მაცხოვრის გარეშე კაცი ყოველთვის ბიწიერებასა და უბედურებაში იქნება დანთქმული. მაცხოვრის წყალობით კაცი თავს აღწევს ბიწიერებას და უბედურებას. მასშია მთელი ჩვენი სიქველე და ბედნიერება. უმისოდ მხოლოდ ბიწიერებაა, უბედურება, ცთომა, წყვდიადი, სიკვდილი, უსასოება“ (პასკალი, აზრები, თბ., 1981, გვ.402).

ბედნიერია ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი სამშობლო, ბედნიერი ბრძანდებით თქვენ, ღვთისმორწმუნენო, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.

ღმერთმა დაგლოცოთ!

1983 წელი,
თბილისი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

მსგავსი განცხადებები: