პატრიარქის საახალწლო ეპისტოლე - 1988


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

საახალწლო ეპისტოლე

„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთ-მძიმენი,
და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა,
და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვდ ვარ და მდაბალ გულითა,
და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“ (მათე 11,28-29).

„მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის“, - ხშირად ამბობდა წმიდა იოანე ოქროპირი. მის მსგავსად ჩვენც მადლიერნი ვართ უფლისა ჩვენი, ჩვენი ხალხისა და ეკლესიისადმი მოწყალებისათვის.

მადლობა ღმერთს, რომ მისი შეწევნით მშვიდობით ვხვდებით ახალ წელს; მადლობა ღმერთს განცდილი სიხარულისა და მწუხარებისთვის.

გვიხაროდა - უფალი იყო ჩვენთან, ვტიროდით - და იგი გვანუგეშებდა. გვცემოდით - და ის გვაყენებდა. ვშორდებოდით მას - და იგი არ გვტოვებდა. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.

აი, კიდევ ერთი წელი მიითვალა ჟამთა სვლამ. კიდევ ერთხელ დავდექით მომავლის შეუცნობი სამყაროს წინაშე. საით წავიდეთ, სად ვპოვოთ იმედი და ხსნა?

„მოვედით ჩემდა“... - გვიხმობს მაცხოვარი.

მაგრამ „უფალო რაჲ არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ შეჰრაცხე იგი? კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ“ (ფს. 143,3-4), - ვიტყვით ჩვენც წმ. დავით მეფის მსგავსად.

თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ცხოვრობს როგორც ყოველდღიური, ისე მარადიული ცხოვრებით. იგი თავის თავში მოიცავს და ასახავს როგორც სულიერ, ისე მატერიალურ სამყაროს, აერთიანებს მთელ ეპოქებს და ამას ვერავითარი ძალა ვერ დაჩრდილავს, ვერ განაქარვებს. ადამიანი ეს არის სხეული, რომელიც ექვემდებარება მატერიის კანონებს, მაგრამ, ამავე დროს, ის არის სული, დაჯილდოებული თავისუფლებით, რწმენით, ღვთის, მოყვასისა და სამყაროსადმი სიყვარულით. სული მოწოდებულია უკვდავებისთვის და იგი ამქვეყნიური ცხოვრებით უნდა მოვიპოვოთ.

ჩვენს ყოფას ხშირად გარემო განსაზღვრავს; ჯანსაღია ის საზოგადოება, სადაც შემოქმედებითი წინსვლა წარსულთან კავშირის გაუწყვეტლად ხდება, სადაც ერთმანეთს ერწყმის კონსერვატული და შემოქმედებითი ელემენტი.

საერთოდ, კონსერვატიზმში ბევრი რამაა სასარგებლო და აუცილებელი, მაგრაძ დინამიკის, სწრაფვის გარეშე მას მადლი ეკარგება, რადგან სადაც უძრაობაა, იქ სიკვდილია მხოლოდ.

ახალგაზრდობა ქვეყნის გარდამქმნელი, განმაახლებელი ძალაა. ამიტომაც ამ საახალწლო ეპისტოლეს სწორედ მას ვუძღვნი.

თანამედროვე ახალგაზრდობა დიდი შინაგანი დამოუკიდებლობითაა გამორჩეული. უფროსების მფარველობა და მზრუნველობა მასში უარყოფით დამოკიდებულვბას, წინააღმდეგობის სურვილს ბადებს. თავისუფლებისადმი ლტოლვა მისი თვისებაა. თუმცა ზოგიერთი ვერ უძლებს ამ უღელს და ნებით ამბობს უარს მასზე.

თავისუფლება არ ნიშნავს თავაშვებულობას, აღვირახსნილობას. იგი ბრძოლაა ბოროტებასთან, სიცრუესთან... და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან.

ნამდვილ თავისუფლებას მხოლოდ ჭეშმარიტება გვაზიარებს და მხოლოდ თავისუფლებით მივუახლოვდებით ჭეშმარიტებას.

„სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოანე 8, 32), - გვასწავლის საღმრთო წგრილი.

მაგრამ რაჲ არს ჭეშმარიტი?

„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“ (იოანე 14,6), - ბრძანებს მაცხოვარი.

კაცთა მოდგმის ისტორია წარმოუდგენელია იესო ქრისტეს - სრული ღვთისა და სრული კაცის გარეშე. მის გარეშე წარმოუდგენელია კავშირი სამყაროსა და ღმერთს, ადამიანური ყოფის რეალურობასა და აბსოლუტურს შორის. იგია ზეციურის და მიწიერის გადაკვეთის ცენტრი. მისი მეოხებით განყოფის ზღვარი იშლება მეტაფიზიკურსა და ისტორიულს შორის, რადგან, როგორც თქვა ერთმა ფილოსოფოსმა, „ღმერთმა ისურვა ადამიანობა“.

რწმენისა და ლოცვის ძალით უნდა მივაღწიოთ უფალთან ურთიერთობას. უნდა შევძლოთ ღვთის მიერ თითოეული ჩვენგანისათვის ბოძებული მადლის მიღება და გამოვლენა. მართალია, ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ და პირიქით, - როგორც ამბობს მამა სერგი ბულგაკოვი, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა განვვლოთ, რადგან ადამიანს სჭირდება არა ფილოსოფიური იდგა ღვთაებრივის შესახებ, არამედ ჭეშძარიტი ცოცხალი რწმენა ღვთისა - ქრისტესი და ეკლესიისა.

პიროვნების რელიგიურობას ეკლესიური ხასიათი, სულიწმიდის ბეჭედი უნდა ჰქონდეს. ახალგაზრდობა ნელ-ნელა ხვდება ამას. თუმცა, მისი რელიგიური ცხოვრება ჯერ კიდევ მძაფრი განცდების გადატანისა და ძიების რთული გზით მიემართება. ამის მიზეზი სხვადასხვაა.

ბევრი მათგანი ათეისტური ოჯახიდან მოვიდა. მათ არ იციან ბიბლია, არ იცნობენ საღვთისმეტყველო ლიტერატურას, იდეალისტურ ფილოსოფიას... მიღებული ცოდნა კი არ აკმაყოფილებთ.

გარეგნულად ხალისიან ჩვენს ახალგაზრდებში მე ვხედავ სევდას, რომელიც დრო და დრო ნელდება, ხან კი ისევ ძლიერდება. ხშირად გაუცნობიერებელი ეს გრძნობა ჭმუნვაა სულისა. წუხილია სიწმინდის, სიმაღლის, ტრანსცენდენტურის ვერ მიწვდომის გამო, ღვთისა და ჭეშმარიტების მონატრების გამო.

ახალგაზრდები ესწრაფვიან ცოდნის შეძენას, რომ საზრდო მისცენ არა მარტო გონებას, არამედ სულსაც. მაგრამ ეს ცოდნა ხშირად ვიწროა ანდა ზედაპირული. ძიების გზაც არც თუ იშვიათად აღმოსავლეთზე გადის: ბუდიზმი, სიკჰიზმი, ინდუიზმი იზიდავს მათ, მაგრამ ეს რელიგიები საკმაოდ მიწიერნი და მატერიალისტურნია. ახალგაზრდები ადრე თუ გვიან ხვდებიან, რომ ჭეშმარიტებას ამ გზით ვერ მისწვდებიან და ამიტომაც შორდებიან მათ. იმავე მიზეზით ჩამოშორდნინ ისინი შტაინერის მოძღვრებასაც.

ყოველივე ეს მეტყველებს ახალგაზრდების სიკეთეზე, მათ ნიჭიერებაზე. ისინი არ კმაყოფილდებიან შეთავაზებულით, არ უფრთხიან შეცდომებს და უშიშრად ეძებენ სიმართლეს. უნებურად გვახსენდება ნეტარი ავგუსტინეს ღვთის ძიების რთული გზა; მაგრამ გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის გონების ვარჯიში, აბსტრაქტული და ფილოსოფიური აზროვნება როგორღაც უცხო გახდა. მათ აღარ სურთ და არც შეუძლიათ ყურადღების გამახვილება ერთ საგანზე; სულ ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს ეძებენ, გაურბიან დიდტანიან წიგნებს. აკმაყოფილებთ და აინტერესებთ სანახაობითი აღქმა...

ყოველივე ამის მიზეზი, ალბათ, ჩვენში არსებული განათლების სისტემაა. აქამდე როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სასწავლებლების მიზანი იყო მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მომზადება, რასაც ნაკლებად ვაღწევდით. ახლა კი ისეთ დროს ვცხოვრობთ, რომ აღარ არის საკმარისი. პიროვნება იყოს სპეციალისტი; ის, ამავე დროს, სულიერად და ინტელექტუალურად განვითარებული მოქალაქეც უნდა იყოს.

მინდა შევეხო მეცნიერებისადმი ჩვენი დამოკიდებულების საკითხსაც.

დღეს ტექნიკამ და მეცნიერებამ განვითარებით გაუსწრო კაცობრიობის სულიერ წინსვლას და დაირღვა მათ შორის თანხმობა. ჩვენი სულიერი მოუმზადებლობის გამო მეცნიერება და ტექნიკა მოსპობით ემუქრება ადამის მოდგმას, საერთოდ სიცოცხლეს დედამიწაზე და ეს ბადებს გაუცნობიერებელი დაპირისპირების გრძნობას, რაც მისდამი ერთგვარი გულცივობით გამოიხატება.

მაინც რა არის მეცნიერება?

ფართო გაგეგით მეცნიერება ერთობლიობაა ყოველგვარი ცოდნისა, რომელსაც გონებრივი შემოწმება ან გაანგარიშება აქვს გავლილი და ცნობილ სისტემურ წესრიგშია მოყვანილი, დაწყებული თეოლოგიით, მეტაფიზიკით, წმინდა მათემატიკით და დამთავრებული ნუმიზმატიკით... ისტორიულად დადასტურგბულია, რომ მეცნიერება თუმცა გამოყოფილია და დამოუკიდებლად განაგრძობს განვითარებას, მაგრამ იგი ამა თუ იმ ფილოსოფიური სისტემიდან ყოველთვის იღებდა დასაბუთებულ გამაერთიანებელ საწყისს (ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედია).

როდესაც მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, უნებურად ისმის კითხვა: ეწინააღმდეგება თუ არა ერთმანეთს მეცნიერება და რწმენა?

ბოლო ათწლეულების მანძილზე ბევრი ითქვა და დაიწერა ისეთი, რაც, ერთი შეხედვით, მათ დაპირისპირებას ამტკიცებს. ამტკიცებს იმასაც, თითქოს მეცნიერებით ყველაფრის ახსნა შეიძლებოდეს; მაგრამ, განა შეიძლება მეცნიერების საშუალებით გადაწყდეს სულიერი პრობლემები, როცა იგი უძლურია, გაარკვიოს ფიზიკური წესრიგის ესა თუ ის მოვლენაც კი?

განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე სულიერს? ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.

თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლოდ და არა მის დასათრგუნად.

თანამედროვე პირობებში, როცა ფერისცვალება ხდება სოციალურ-ეთიკურ სფეროში, როცა მიმდინარეობს დევალვაციის რთული პროცესი, როცა ტრადიციული ღირებულების ნაცვლად იბადება ახალი მეცნიერულ-ტექნიკური სიახლენი, მთავარია, არ დავკარგოთ თვითონ პიროვნება, არ დავუკარგოთ მას ის თვისებები, რაც გააჩნია ადამიანს, როგორც ღვთის ხატებას.

არადა დღეს საზოგადოების პროგრესზე ხშირად მსჯელობენ თითოეული მოსახლის კეთილდღეობის მიხედვით; სულიერი და ზნეობრივი კულტურის გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები კი ხშირად მეორე პლანზე რჩება.

თუ გვსურს საზოგადოების წინსვლა, უნდა ვიზრუნოთ მისი კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას, ადამიანის „გაადამიანებას“, რომ იგი იყოს არა მარტო მატარებელი სიკეთისა და სილამაზისა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ ამ მარადიულ ღირებულებათა მთესველიც.

ჩვენ კარგახანს ვიყავით კულტურაზე არასწორი წარმოდგენის ტყვეობაში. თუმცა, არც ახლა ვართ მისგან ბოლომდე განთავისუფლებულნი. მაგალითად, თუ კაცი განათლებულია, მას კულტურულად ვთვლით. ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მას, ვინც შეურაცხყოფს და ამცირებს სხვას? მას, ვინც სარგებლობს თანამდებობრივი მდგომარეობით და ავიწროებს ქვეშევრდომთ?

ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მათ, ვინც უპატრონოთა სახლში აბარებს მშობლებს, ანდა იმ მშობლებს, ღვთის ანაბარა რომ ტოვებენ შვილებს?

რომელ კულტურაზე შეიძლება საუბარი, როცა შვილებს ვზრდით, როგორც მომხმარებლებს და არა შემქმნელებს?..

ახალგაზრდების ცხოვრება რომ სწორი გზით წარვმართოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულის კულტურას; გულის სიწმინდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლია; „ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი“ (იგავნი 4,23), - გვაფრთხილებს უფალი. „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე 5,8), - ბრძანებს საღმრთო წერილი. ამიტომაც მხურვალედ შესთხოვს შემოქმედს დავით წინასწარმეტყველი: „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“ (ფს. 50,12).

ყველაზე მეტად ვნებები და განცდები თრგუნავს გულს. სიძულვილი, შური, მრისხანება, განდიდების მანია... საშინელ წამებად ექცევა; მიწიერ სიამეთა და სიტკბოებათა მსახურებაც საბოლოოდ ფიტავს და აუხეშებს მას.

ვნებები შედეგია საკუთარი თავის მოყვარების, კეთილდღეობის, განცხრომის სურვილისა; ჭეშმარიტების - ღვთის გზით სიარული კი ეგოიზმის დაძლევას, მის უარყოფას ნიშნავს. ამიტომაც გვაფრთხილებს იესო ქრისტე: „რომელს ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი“ (მათე 16,24). თავის მოყვარეობისგან თავისუფალ გულზე ვნებები ძალას კარგავენ და ტოვებენ მას.

გულით წმიდა ქრისტიანი მარილია სოფლისა, ხოლო ცოდვით დამძიმებული - ძალადაკარგული მარილი, რომელზეც მაცხოვარმა ბრძანა: „უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითამე დაიმარილოს?“ (მათე 5,13).

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი ცოდვა, თუნდაც მცირე, თვალში მოხვედრილი მტვრის მსგავსად ბინდავს, აძნელებს ჩვენი სულიერი გულის მხედველობას და გვაშორებს უფალს, რადგან უმნიშვნელო ცოდვაც კი ღვთისგან განდგომაა, მისი ნების უარყოფაა.

თუ ამქვეყნიურ საცდურს განვერიდებით, უფალი ღირს გვყოფს, რომ ჩვენს გულში იმეფოს. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ეს არ მიიღწევა. თუ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი აღიარებს: „ჩემს გონებაში ორი გონია: ერთი კეთილია და იგი შედეგია ყოველივე მშვენიერისა; მეორე კი დაცემულია და მისდევს ყოველივე ცუდს; ერთი გონება სინათლისაკენ ილტვის და სურს, თაყვანი სცეს ქრისტეს, ხოლო მეორე, ხორცის და სისხლის გონება, ჰქრის ბნელსა შინა და მზად არის, ტყვე იქმნას ბელიარისა“ (11,305), მაშინ ჩვენ რაღა ვთქვათ?

მაგრამ ის, რაც შეუძლებელია კაცთაგან, ღვთის მეოხებით შესაძლებელი ხდება. „ნეტარია, ვინც მუდამ ცდილობს, სუფთა გული განამზადოს მადლისათვის, რომ მოვიდეს იგი და შეეფრქვიოს კეთილ საქმეთა სურნელება და სულის სიწრფოება და დაივანოს მადლმა მასში უკუნისამდე“ (წმ. მაკარი ეგვიპტელი 25,316, გვ.14). ასეთ ადამიანს არ დატოვებს უფალი.

დაითმინეთ ღვთისთვის და იგი მოგაგებთ დიდებულს. გაიხსენეთ თუნდაც სოლომონ ბრძენი, რომელმაც წრფელი გულით შესთხოვა შემოქმედს: „მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან“.

და უთხრა მას ღმერთმა: „იმის გამო, რომ ისურვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მომთხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მოითხოვე სამართლის განსაკითხავად, აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე, რომ შენი მსგავსი არც შენამდე იქნებოდა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი. რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე, რომ ვიდრე ცოცხალი ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი“ (3 მეფეთა 3;9,11-13).

ჩვენ რაღა შევთხოვოთ უფალს ახალ წელს?

ბედნიერება? მაგრამ რა არის ბედნიერება? არსებობს კი იგი საერთოდ?

ყველა მიწიერი სიხარული ნაკლულევანია; მას მუდმივად თან ახლავს სიხარულის განქარვების წინათგრძნობისეული სევდა და მართლაც, ბედნიერება ხშირად გვტოვებს მოულოდნელად, ზოგჯერ კი ჩვენ თვითონ ვშორდებით მას. .

ეკლესიასტე გვარიგებს: „დიდი საქმენი ჩავიდინე, ავაგე სახლნი, ჩავყარე ვაზი, გავაშენე ჩემთვის ბაღები და წალკოტები; დავრგე ხეხილი ყოველგვარი, წყალსატევები მოვაწყვე, რომ მოერწყოთ ნორჩი ტევრები. შევიძინე მონა-მხევალნი, და მრავლად მესხდნენ სახლში სახლეულნი; მყავდა ცხვარ-ძროხა იმათზე მეტი, ვისაც ჩემს უწინ უმეფია იერუსალიმს. დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, მეფეთა განძი ყოველი მხრის: გავიჩინე მგალობელნი, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი, ულამაზეს ხარჭათა დასი.

განვიდიდე და გავმდიდრდი უმეტეს მათსა. ვინც ჩემს წინარე არსებულა იერუსალიმს; და სიბრძნე ჩემი მევე მეყუდნა. არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. ეს ყოველივე იყო ხვედრი ჩემი შრომისა. მერე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარის ნაბერი და რომ არ არის სარგებელი ამ მზის ქვეშეთში“ (ეკლესიასტე 2,4-11).

მართლაც, ადამიანის გულს ვერავითარი მიწიერი კეთილდღეობა ვერ დააკმაყოფილებს. რაც უფრო დიდია სიმდიდრე, დიდება, პატივი, განცხრომა... მით უფრო ძლიერდება შინაგანი ტანჯვა და ისადგურებს სულიერი სიცარიელე.

ბედნიერებასთან ზიარების წყურვილი თითოეული ჩვენგანის სულშია ჩადებული და ეს ჩვენი შეუვალი უფლებაა. ოღონდ ბედნიერება საკუთარ გულში უნდა ვეძებოთ და თუ იქ ვერ ვიპოვნით, სხვაგანაც ვერსად ვნახავთ მას. თუ გული სავსეა რწმენით, სასოებით, სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ გულს შეუძლია წყენის პატიება და ეგოიზმის ნაჭუჭში არ ჩაიკეტება, თუ მას სხვათა ტკივილის გაზიარება და მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა შეუძლია, შეიმოსება ჭეშმარიტი ბედნიერებით, რომელსაც დრო ვერ განაქარვებს, რადგან ასეთი გული სულიწმიდის ტაძრად იქცევა.

ყოველივე და, მით უმეტეს, ყოველი წელი გონიერი კაცისთვის დიდი გაკვეთილია. განვლილი დროის მცირე მონაკვეთიც კი გვაახლოებს მარადიულობის კარიბჭესთან და ამან უნდა დაგვაფიქროს.

სიკვდილი მიმოვიდოდა ჩვენს შორის, ჩვენ კი არ შეგვეხო. ალბათ, ჯერ კიდევ არა ვართ იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მომზადებულნი, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს დღე ყველასთვის დადგება და რომ მუდამ მზად ვიყოთ, უნდა ვეცადოთ, ყოველი დღე განვვლოთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. მაშინ ბოროტი ვერ გვძლევს. მაშინ ცდუნებანი ადვილად ვერ დაგვიმონებენ, მაშინ უფრო მეტს ვიფიქრებთ ჭეშმარიტ ბედნიერებაზე, მარადიულ ღირებულებებზე.

ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ კურთხეულ ახალ წელს.

დაე, იყოს იგი მშვიდობიანი და ხალხთა და სახელმწიფოთა შორის სამართლიანი ურთიერთობის დამამკვიდრებელი.

დაე, აკურთხოს ღმერთმა და განამტკიცოს ყოველი ოჯახი, თითოეული თქვენგანი.

განსაკუთრებით მინდა დავლოცო სნეულნი და მწუხარებასა შინა მყოფნი. მოგმადლოთ თქვენ ყოვლისშემძლე უფალმა შემწეობა.

განგებამ ახალი წმიდანი მოგვივლინა, მეოხი ჩვენი და ჩვენთვის მლოცველი წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). მისი მადლი გფარავდეთ ყველას.

ილია მართლის და ზეციური საქართველოს სხვა მკვიდრთა ლოცვით ღმერთმა გაკურთხოთ.

მაშ, ვიცხოვროთ რწმენითა და წრფელი გულით, სიყვარულითა და თანხმობით და ვიქნებით უძლეველნი.

საახალწლო ეპისტოლე დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით მინდა დავამთავრო: დაე, „ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათ სიჭაბუკეში, ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა. ჩვენი ბეღლები სავსე იყოს ნაირ-ნაირი მოსავლით, ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ, ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე. ჩვენი ხარები დატვირთულნი იყვნენ. არც ზარალი და არც დანაკლისი და არც გოდება ჩვენს ქუჩებში.

ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა, ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალი ღმერთია მისი“ (ფს. 143, 12-15).

„შეიყვარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა“ (ფს. 30,24).

იყავით ღვთისგან კურთხეულნი, რათა გიხაროდეთ აწ და მარადის.

თბილისი,
1988 წელი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

მსგავსი განცხადებები: