სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის
საახალწლო ეპისტოლე
საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხატოვანი გამოთქმით ახალი წელი მუდმივად მდინარე ნაკადია, რომელიც მარადიულობიდან მომდინარებს და მარადიულობასვე ერთვის.
მარადიულობას შეუერთდა 1979 წელი და იგი იმავე მარადიულობის მიერ წარგზავნილმა კურთხეულმა 1980 წელმა შეცვალა.
წმიდა წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: არა არიან თქუმულ არცა სიტყვა, რომელთა-იგი არა ესმა ხმაჲ მათი (ფსალმუნი 18,3). ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღეს თავისი საკუთარი სახე აქვს და მას შეუძლია მომდევნო დღეს რაღაც გადასცეს. მითუმეტეს, ამისი თქმა მთელი წლის შესახებ შეიძლება. თუკი ყოველ დღეს გააჩნია რაღაც ახალი, მითუმეტეს ახალს, მნიშვნელოვანს, სასარგებლოს გვაძლევს მთელი წელიწადი.
ჩვენ სიხარულით ვეგებებით ახალ წელიწადს, მაგრამ ზოგიერთნი, ვინც შარშან ჩვენთან ერთად ეგებებოდნენ ახალ წელს, წავიდნენ მარადიულობაში - გადასახლდნენ ზეციურ საქართველოში. ყოველ ჩვენგანსაც იგივე გზა გველის.
სასრული ყოფიერება იგივეობრივი არაა უსასრულო ყოფიერებისა. მიუხედავად ამისა, ყოველივეზე, რაც ეხება ღვთის ყოფიერებას, ჩვენ ძალგვიძს ვიმსჯელოთ მხოლოდ ხილული სამყაროს ჩვენთვის ცნობილ ყოფიერებასთან ანალოგიების მეშვეობით. აბსოლუტურ ყოფიერებასა და ხილულ სხეულებს შორის არსებითი განსხვავების მიუხედავად, რადგან ეს სხეულები ღვთის მიერაა შექმნილი, მათ შორის აუცილებელი ერთიანობა არსებობს. სწორედ აღნიშნული ერთიანობაა მეტაფიზიკური ანალოგიების საფუძველი. ჩვენ ვერასდროს ვერ მივაღწიეთ ღვთიური საწყისის პირდაპირსა და ადექვატურ გაგებას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ხილულ ყოფიერებასთან ანალოგიებზე დაფუძნებულ არაადეკვატურ გაგებას. ამიტომ იზრდება მნიშვნელობა საღმრთო წერილისა, როგორც ღვთაებრივი გამოცხადებისა, რომელიც ჩვენ მთელი სერიოზულობით და მოწიწებით უნდა შევისწავლოთ.
ამგვარად ჩვენი რწმენა დაფუძნებულია როგორც საღმრთო წერილზე, ასევე ბურნების შეცნობაზე, რადგანაც გარემომცველი სამყაროს - ქმნილებების შეცნობა ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს შემოქმედზე დასკვნების გასაკეთებლად.
ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ რწმენა და ცოდან არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ გამორიცხავს ურთიერთს, არამედ სწორი აღქმისას ავსებს ერთი-მეორეს. ისინი ანტიპოდები კი არა, ერთი ნაკადის ორი წყაროა, ერთი მიზნისკენ მიმავალი ორი გზაა.
ჩვენს მეორე მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სიყვარული. სიყვარული სიცოცხლის ენერგიაა; სადაც არის სიყვარული, იქ არის ღმერთი. ბრწყინვალედ ამბობს ამის შესახებ მოციქული პავლე: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ჴმობედ. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ (I კორ. 13,1-8).
რაღა თქმა უნდა, როგორც რწმენის, ასევე სიყვარულის საკითხში ღვთიურ ძალასთან ერთად ადამიანის თავისუფალი ნებისყოფაც მონაწილეობს.
ნებისყოფის თავისუფლება, რომელიც წარმოშობით აღცილებულია, თავის მხრივ ზნეობრიობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, სადაც არ არის თავისუფალი არჩევანი, ნებისყოფის თვითგამორკვევა, იქ არც ზნეობრიობაა. ნებისყოფის თავისუფლება გამოიხატება ზნეობრივ თვითგამორკვევაში, ზნეობრივი მოვალეობების თავისუფალ აღსრულებაში, იმ მოვალეობის აღსრულებაში, რომლის არსიც, თავის მხრივ, ზნეობრიობითაა განსაზღვრული.
ეგოიზმი სიცოცხლის თანდაყოლილი თავისებურებაა. უმარტივესი მიკროორგანიზმებიდან ადამიანამდე ყველა ცოცხალი არსება თავის ინტერესებს იცავს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა განავითაროს ეს გრძნობა. თავდაცვის ინსტიქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოყვასისთვის დახმარების სურვილს. ჩვენი დღეები - ეს ფიჭებია, რომელნიც ფუტკრების მსგავსად, თაფლით უნდა ავავსოთ და ამ თაფლით სხვა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ.
ამგვარად შემდეგი საკითხი, რომელსაცს მინდა საახალწლო ეპისტოლეში შევეხო, არის შრომა. ბრწყინვალედ აქვს ნათქვამი მოციქულ პავლეს: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცაღა ჭამნ (2 თეს. 3,10). ბიოლოგიური კანონებიდან გამომდინარე უნდა გვახსოვდეს, რომ შრომა თავისთავად ცოცხალი მატერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებაა. შრომა სჭირდება ადამიანს ნორმალური არსებობისათვის; სჭირდება ისევე, როგორც ჰაერი, საკვები, ძილი, ურთიერთობა...
ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს: ნაკლები იმუშაოს და მეტი მიიღოს, მაგრამ დასვენებით რომ დატკბე, თავდაპირველად უნდა დაღლა იგრძნო. მოკლე სამუშაო დღე ბედნიერებაა მხოლოდ იმისთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობა არ აინტერესებს. ღმერთმა ადამიანი ისე შექმნა, რომ სულიერი მშვიდობის და თვითგამოხატვის მისაღწევად უნდა ვიშრომოთ იმ მიზნისათვის, რომელიც ამაღლებულად და აუცილებლად მიგვაჩნია.
მუსიკოსი, მხატვარი, მღვდელი, მწერალი, მეცნიერი, ყოველი მშრომელი ადამიანი ძლიერ იტანჯება, თუ ის მოკლებულია საყვარელი საქმიანობის შესაძლებლობას.
დაუშვებელია იყო დაბადებით უსაქმური და ბედნიერებას უმოქმედობაში ხედავდე. წმიდა მოციქული პეტრე შრომის მიზანს ადამიანების ურთიერთ სამსახურში ხედავს: კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი (I პეტრე 4,10).
კანადელმა ექიმმა უილიამ ოსლერმა ასე განსაზღვრა შრომის როლი: „ეს პატარა სიტყვა გრანდიოზულია თავისი მნიშვნელობით... სულელს ის ჭკვიანად აქცევს, ჭკვიანს - ბრწყინვალედ, ბრწყინვალეს - შეუპოვრად და გაწონასწორებულად. ყმაწვილებისთვის მოაქვს იმედი, ზრდასრულთათვის - დაჯერებულობა, ხნიერთათვის - დასვენება. შრომას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენ მედიცინას მიღწევებს უკანასკნელი ოცდახუთი წლის მანძილზე; ეს მხოლოდ პროგრესის საზომი კი არაა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების მიღწევების საზომიცაა“. ეს სიტყვა „შრომა“, მაგრამ იმისათვის, რომ გწამდეს, გიყვარდეს და შრომობდე, აუცილებელია შინაგანი და გარეგანი მშვიდობა.
მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობთ ჩვენ იმ სიხარულს, რომელსაც ყოველი ადამიანი ეძიებს და რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს (ინ. 15,11). დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).
მარადიულმა ლოგოსმა ჩვენს გულებში სიმართლის გრძნობა მოიტანა, რათა ჩვენ შეგვეძინა მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, რომ მშვიდობამ გააცისკროვნოს დედამიწა და მოეფინოს მსოფლიოს სამარადჟამოდ.
გარდა ჩვენი ფიზიკური ყოფიერებისა, რომელზეც ასე გაძლიერებულად ვფიქრობთ და ვზრუნავთ, არ უნდა დავივიწყოთ სულიერი ცხოვრებაც. ადამიანი მეტისმეტად გამიწიერდა, ამიტომ ის სულიერ შიმშილს გრძნობს. სულიერი ცხოვრება აუცილებელია; ზეცის ხმა ოდნავღა ესმის ჩვენს ასე სუსტად განვითარებულ სულიერ სმენას. ძალიან ნაზი, მგრძნობიერი გული უნდა გქონდეს, რომ ყოველდღიური შთაბეჭდილებების, ინფორმაციების, ცხოვრებისეული ამაოებისა და ვნებების ასეთ ორომტრიალში ზეცის ხმა, მარადიული დიდების და მარადიული სიხარულის მელოდიები მოისმინო.
ვარსკვლავები ყოველთვის ბრწყინავენ უღრუბლო ცაზე, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ დღისით მზისაგან დაბრმავებულნი. ზუსტად ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. ჩვენ ძალიან მცირე ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, იშვიათად განვმარტოვდებით, ცოტას ვფიქრობთ. აუცილებელია განმარტოება, ფიქრი, ძიება საკუთარი სულის საპოვნელად, რათა ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. განმარტობა სავანეა, სასდაც ჩვენ შეგვიძლია განვიკურნოთ სულიერ სნეულებათაგან: განმარტოება და აზროვნება თითოეული ქრისტიანის სულიერი ზრდის პირობაა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მდგომარეობა უკავია მას საზოგადოებაში.
ყოველივე საუკეთესო განმარტოებისას იქმნება და იბადება.
ჩვეულებრივად ახალ წელს ჩვენ უფრო მეტად მიწიერსა და დროებითზე ვფიქრობთ, ვიდრე მარადიულზე. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გავიდა წელიწადი და ჩვენს მიწიერ აღსასრულს ერთი წლით მივუახლოვდით, მიწიერი ცხოვრება, ისედაც ხანმოკლე, კიდევ ერთი წლით შემცირდა. მიწიერი ცხოვრების ზღურბლთან მიახლოებისას არ უნდა დავივიწყოთ ის ფასეულობანი, რომლებიც სავალდებულოა ჩვენთვის მარადიულობაში.
უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ყოველმა ჩვენგანმა განვლილი წლის მანძილზე რა გააკეთა სამარადისო ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. დაე, ყველას უპასუხოს ამაზე მისმა შინაგანმა ხმამ.
ყოველ ჩვენგანს სურს სულიერი ზრდა. რითი დავიწყოთ? მართალ ენუქზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის ყოველთვის ღვთის წინაშე ვიდოდა (შეს. 5,24) ე.ი. ის ყოველთვის შეიგრძნობდა ღვთის არსებობას და ღვთის ყოვლისგამომცდელ მზერას ყოველ წამს გრძნობდა, რაც მას ცოდვებისაგან იფარავდა და ღვთის მცნებათა შესასრულებლად განაწყობდა. ამითი უნდა დავიწყოთ ჩვენც - და ჩვენი ცხოვრებისეული გზა უვნებელი აღმოჩნდება.
ამგვარი ფიქრებითა და გრძნობებით გილოცავთ ყველას, ძვირფასო შვილებო, ახალ, 1980 წელს, რომელიც გვჯერა, კურთხეული იქნება და ჩვენ, ყველას, სიხარულსა და ბედნიერებას მოგვიტანს.
ყველას ღვთის მადლი შეგეწიოთ!
ვისურვებ, რომ ჩვენს გულებში აღიბეჭდოს ქრისტე!
ღვთისმშობლის წილხვედრს - ჩვენს საქართველოს
აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს...
ამინ!
1980 წ. თბილისი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.