იმედის კვირა – პირბადეები მონაზვნებისგან


"როცა ასეთი დიდი პრობლემაა ქვეყანაში, ერი და ბერი - ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ დიდ საქმეში, რაც არის პანდემიასთან ბრძოლა" – იღუმენია ნინო.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის კვირაცხოველობის სახელობის დედათა მონასტერთან ორი წელია სამკერვალო სახელოსნო ფუნქციონირებს. მონაზვნები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში - სახელოსნოში ხელსაქმით, კერვითა და ქარგვით არიან დაკავებული.

ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მონასტრის დედებმა გადაწყვიტეს ამ საქმეშიც ჩართულიყვნენ და პირბადეების დამზადება დაიწყეს.

მონასტერში სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, ყოველდღე აქ 500-მდე პირბადე მზადდება.

აქ დამზადებული 5000 პირბადე უსასყიდლოდ დაურიგდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

წყარო: ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "იმედის კვირა".

27.04.2020.

მსგავსი განცხადებები: