მღვდელი თეიმურაზ ქორიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს


საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე დღეს საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს.

იქამდე კი გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა, ღვთისმსახურება საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

მღვდელი თეიმურაზ ქორიძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვა სასულიერო პირებმა, სულიერმა შვილებმა, მწერლებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გააცილეს.

მღვდელი თეიმურაზ ქორიძე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებული იყო. სტუდენტობის ბოლოს სასულიერო პირად ეკურთხა და მას შემდეგ საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფელ დიდი ჩაილურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა.

მამა თეიმურაზი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო და სამსახურის დაარსების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული მის მუშაობაში.

მღვდელი თეიმურაზ ქორიძე დღეს საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი თეიმურაზი.

მსგავსი განცხადებები: