საქართველოში ქრისტეშობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია ალილო, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ძალისხმევით განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნება.

ტრადიციულად, სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ სასულიერო პირები და მორწმუნეები საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქის ქუჩებში გადიან და გალობით ახარებენ ყველას უფლის შობას.

საყოველთაო სიხარული და მილოცვა ქრისტეშობის მომდევნო დღეებშიც გრძელდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ალილოს დროს შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი ორი დღის განმავლობაში ხარისხდება და მოთხოვნის შესაბისად ნაწილდება.

წელს თბილისში ქრისტეშობის მახარებელთა მსვლელობისას შეგროვებული შემოწირულება სამღვდელოების, მგალობლებისა და მორწმუნეების დახმარებით 27 სხვადასხვა დაწესებულებას დაურიგდა.

მათ შორისაა თბილისსა და მის შემოგარენში არსებული ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მოხუცთა თავშესაფრები, საავადმყოფოები და სპეციალური საჭიროების მქონე პირები, პენიტენციური სისტემის როგორც არასრულწლოვანთა, ისე უვადო პატიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებები, სოციალურად დაუცველი ოჯახები და სხვ.

უფალმა დალოცოს ყველა შემომწირველი და ალილოს მონაწილე...

12.01.2020

მსგავსი განცხადებები: