სამუშაო შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან


ამა წლის 25-26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებაში რელიგიის როლი, რელიგიათაშორისი თანამშრომლობის, შემწყნარებლობის და ტოლერანტული გარემოს გაძლიერების ხელშეწყობის საკითხები, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილეს.

სახალხო დამცველმა შეხვედრის მონაწილეებს რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო. ასევე, ისაუბრა რელიგიური ნიშნით ჩადენილი სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე.

სამუშაო შეხვედრაზე რელიგიის თავისუფლების ჭრილში განხილულ საკითხთა შორის იყო სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო გაწვევის ახალი სისტემა და რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეების აღმსარებლობის ნიშნით მონაცემთა დამუშავების წესი; რელიგიური, საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, რესტიტუციის, რესტავრაციის, კუთვნილების, სამშენებლო ნებართვების მოპოვების საკითხები; ასევე განიხილეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია რელიგიური უმცირესობებისთვის, რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის სწავლების არსებულ პრაქტიკაზეც ისაუბრეს.

წყარო: საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia

მსგავსი განცხადებები: