„საპატრიარქოც ჩართული იყო და იქნება რათქმაუნდა ამ პროექტში, ერთ-ერთი ინიციატორიც იყო და ჩვენ ერთად გავიარეთ თუ როგორ შეიძლებოდა სრულყოფილი ყოფილიყო ეს პროექტი“ - საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე
დღეს, 2023 წლის 3 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით მორიგი პროექტი „ჯარის ბანაკი“ დაიწყო, რომლის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია.
კოჯორში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის ბაზაზე, ბანაკის გახსნისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ახალგაზრდებს აგრეთვე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სადაც ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას ახალგაზრდების მოქალაქეობრივ-პატრიოტული აღზრდის საქმეში და მასში საპატრიარქოს ჩართულობას:
„არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენს აღზრდაში, თქვენთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრაში არის მნიშვნელოვანი.
მინდა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის მომზადებაში, ბატონ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, ბატონ გიორგი ამილახვარს, ჩვენს სამხედროებს, ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საპატრიარქოს მინდა მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა აგრეთვე აღნიშნა საპატრიარქოს როლი ამ პროექტში და განაცხადა რომ მომავალში სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მასთან მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტებში: „მადლობა თავდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს, რომელიც ჩართულია ამ პროექტში და მასთან ერთად ასევე ვგეგმავთ ჩვენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს და ამ კუთხით ბუნებრივია ჩვენი სამინისტრო მუშაობს და კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას“.
წყარო: საქართველოს მთავრობა