სასკოლო კვირეული – 'ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი'


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა სასკოლო კვირეული – „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“.

კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის მიზანი იყო აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას წარმოადგენდა.

საგულისხმოა, რომ ამავე თემატიკისა და მიზნის პროექტი წარმატებით ხორციელდებოდა საქართველოს საპატრიარქოს საკვირაო სკოლებში. მოგვიანებით კი განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის არეალი გაიზარდა და კიდევ უფრო წარმატებით წარიმართა. საბოლოოდ, დადებითმა შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რაც მეტად სასიხარულო და დამაიმედებელია.

მოსწავლეების მიერ შექმნილი პროექტებით – ვიდეორგოლებით, ვიდეოთამაშების კონსტრუქციებით, მაკეტებით, ესეებითა და ბლოგებით, გადმოცემული იყო აფხაზეთის ტრადიციები, კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნების სხვადასხვა დარგი.

საქართველოს განათლების სამინისტროში გამართულ პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებულმა პროექტმა სამი უმთავრესი რამ გამოავლინა:

მცირედით გვაშინებდა, რომ მოზარდ თაობაში ნაკლებად იყო ცოდნა აფხაზეთის შესახებ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამ პროექტმა დაგვანახა, რომ არა მხოლოდ ახსოვთ, იციან და ინფორმაციას ფლობენ, არამედ ბავშვებს ძალიან დიდი ემოცია, სიყვარული და განცდა აქვთ აფხაზეთის მიმართ. ეს ფაქტი კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

მეორე მხრივ, პროექტის ფარგლებში მოზარდების მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა დაგვანახა გარკვეული გამოსავლები აფხაზ ძმებთან ურთიერთობის აღდგენისა. გამოვლინდა, რომ გამოსავალი არის ისევ და ისევ მომავალ თაობაში, რომელმაც თავისი სიტყვითა და საქმით ხელი უნდა გაუწოდოს მეორე მხარეს.

და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი და, ვფიქრობ, სასიხარულო არის ის, რომ გამოიკვეთა ერთიანი პოზიცია - გამოსავალი არ არის მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნება, არამედ, ამავე დროს, ეს არის სიყვარულით აღდგენილი ურთიერთობა, დაბრუნება ადამიანებისა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო კვირეული საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა. წარმოდგენილი 445 საკონკურსო ნამუშევრიდან ჟიურის მიერ სულ 13 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. I, II, III საპრიზო ადგილების გარდა, ჟიურის მიერ დაწესებული ნომინაციით, კონკურში გამარჯვებული კიდევ 10 სკოლა გახდა. თითოეულ სკოლას დიპლომებთან ერთად სხვადასხვა პრიზი გადაეცა.

წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მსგავსი განცხადებები: