2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს სხვა წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძეს შეხვდნენ.
მინისტრის მოადგილემ სასულიერო პირებს თავდაცვის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები წარუდგინა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე გრიგოლ გიორგაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელიც ცალკეულ პირებს შესაძლებლობას აძლევდა, ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ დახმარებით სამხედრო სამსახურისათვის თავი აერიდებინათ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსის თანახმად, დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება. პროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
საპატრიარქოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს მოსაზრებები და წინადადებები. ისინი კიდევ უფრო მეტად დახვეწს იმ მექანიზმებს, რომლებიც გამოყენებულ იქნება კანონმდებლობაში და ასევე მზაობა გამოხატეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდეს თანამშრომლობა.
„ჩვენ ყველა მზად ვართ, ჩვენი მრევლი იქნება თუ სულიერი შვილები, მივმართოთ იქითკენ, რომ ისინი ემსახურონ სახელმწიფოსა და ღმერთს. ეს პროცესი მაქსიმალურად გააქტიურდება და ყველაფერი ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება. დიდი მადლობა ორგანიზატორებსა და დამსწრეებს“, - ბრძანა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს წარდგენით, 2022 წლის ბოლოს მოხდა თავდაცვის კოდექსში ცვლილებების პროექტის ინიციირება. აღნიშნულის განხილვა და მიღება პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.