სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II
სააღდგომო ეპისტოლე
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო,
ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა:
"მცირედითა ჟამითა დაგიტევე შენ, მაგრამ
დიდითა წყალობითა შეგიწყნარებ შენ" (ესაია 54,7).
დღეს მსოფლიო სიხარულის დღეა, დღესასწაულობს სიცოცხლე, სიკვდილისა დამთრგუნველი და ამიტომაც უფრო მეტად გულშიჩამწვდომი და საზეიმოა წინასწარმეტყველი ოსიას სიტყვები: „სადა არს ძლევა შენი, სიკვდილო, სადა არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო“ (ოსია 13,14).
სიკვდილი დაემხო: ჯოჯოხეთი შეიმუსრა;
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
აღდგომილი უფალი დღეს შედის ყოველ სახლში და რეკს კარზე ჩვენი გულისა, რათა მოგვმადლოს მშვიდობა და სიხარული, რაც ასე მტკივნეულად გვაკლია და რასაც ვესწრაფვით. ყური მიუპყარ, შვილო ჩემო, ამ მშვიდ ხმას, განმარტოვდი მასთან და გულისხმაჰყავ ყოველი. იგი მოვიდა შენთან. ის შენს გვერდითაა; გაუღე გული, რათა დაივანოს იქ და გაგათბოს თვისითა ღვთაებრივითა სიყვარულითა.
უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმიდა გული. „მშვიდობა თქვენდა“, - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს. მიიღე, შვილო, ეს წყალობა, ქრისტეს ეს ნათელი და გიხაროდენ, რადგან ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ ინება მან შენთან შეხვედრა და საუბარი. ისმინე და დაიმახსოვრე მისი სიტყვები: „აჰა ესერა მე გამცნებ შენ, განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ შეძრწუნდები, ნუცა გეშინინ, რამეთუ მე შენთანა ვარ უფალი ღმერთი შენი ყოველსა ადგილსა ვიდრეცა ხვდოდი“ (ისუ ნავე 1,9).
აღდგომილი მაცხოვრის მიერ მოფენილი მშვიდობა მომცველია ყოვლისა სიკეთისა: კურთხევისა, ღვთის მოწყალებისა, ცოდვათა მიტევებისა, განმართლებისა, სიმშვიდისა, სიხარულისა, მარადიული ცხოვრებისა... მოციქული პავლე ამის შესახებ ბრძანებს: „აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშვიდობაა გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა“ (რომ. 5,1).
მშვიდობა ღმერთთან ნიშნავს მშვიდობას საკუთარ თავთან და მოყვასთან.
ბრძენთ უთქვამთ: ბუნებით კაცნი ახლობელნი არიან ერთურთისა, თუმცა თვისებანი განაშორებენ მათ. დიად სახეს ფორმა არ გააჩნია.
ალბათ, ამიტომაა ძნელი ადამიანის შეცნობა, იგი ხომ ღვთის ხატადაა შექმნილი. ალბათ, ამიტომ მიაჩნდათ ფილოსოფოსებს უდიდეს სიბრძნედ საკუთარი შინაგანი მრავალფეროვანი სამყაროს შესწავლა, რადგანაც სხვა რომ შეიცნო, პირველ რიგში შენს თავს უნდა იცნობდე კარგად.
სული და სხეული - აი, ჩვენთვის ცნობილი ადამიანის შემადგენელი ნაწილნი. სულ ეს არის, თუ კიდევ სხვაც რაიმეა ჯერაც მიუკვლეველი ჩვენთვის? როგორ ავხსნათ, მაგალითად, აზროვნების უნარი, რა არის სიცოცხლე, რას წარმოადგენს გონება, გული?
ასე წერდა გულის შესახებ ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნეში ჩინელი მოაზროვნე სიუნ-ცზი: „გული მპყრობელია სხეულისა, განმგებელია სიბრძნისა. იგი მბრძანებლობს, თვით კი არავის ემორჩილება; ის კრძალავს ან აიძულებს რაიმეს იმოძრაოს, აღძრავს სურვილს მითვისებისას, აღებისას, მოქმედების ან გაჩერებისას. ამიტომაც შეგვიძლია, ჩვენი ნებით დავიდუმოთ ენა ან ვილაპარაკოთ, სხეული მოვხაროთ ან გავშალოთ. გულს ვერ დააშინებ, ვერ შეაცვლევინებ გადაწყვეტილებას. იგი იღებს მხოლოდ მას, რაც მართებულად მიაჩნია და განაგდებს, რაც მისთვის შეუწყნარებელია“ (ძვ. ჩინური ფილოსოფია, ტ. II, მ. 1973, გვ. 186).
ასე რომ, ადამიანი სამყაროს განსაკუთრებული მოვლენაა, დაჯილდოებული აზროვნებითა და სხვა ღვთივმიმადლებული უნარით. მისი მიზანი და დანიშნულება ღმერთში ცხოვრება და ნეტარი მარადიულობის მოპოვებაა.
კაცი შემოქმედის განსაკუთრებული ქმნილებაა, უკვდავებას ზიარებული. უკვდავება მისი სულის თვისება არ არის მხოლოდ, არამედ სხეულისაც, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს უნდა აღდგეს.
წმ. მღვდელმოწამე მეთოდე ამბობს: სწორი არაა სულის განდიდებისათვის ხორცის დამცირება. სამოთხეშიც სხეული ჰქონდა ადამიანს; თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მომაკვდინებელი ვნებანი სწორედ ხორცში ისადგურებენ.
ამგვარად, როცა ხორცს ვთრგუნავთ, ამით სხეულს კა არ ვგვემთ, არამედ ვებრძვით მასში ცოდვის გამო დაბუდებულ ბოროტ ვნებებს. თავისთავად კი განწმედილი და განსპეტაკებული სხეული იმდენად მშვენიერი და სათნოა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს განხორციელების შემდეგ იგი წმიდა სამების სიდიადეში დაემკვიდრა.
ადამიანი უმშვენიერესი წმიდა სახეა შემოქმედისა, ხატებაა ღვთისა. ამიტომაა იგი გონიერი და უკვდავი. მსგავსება კი თვითონ უნდა მოიპოვოს თავისუფალი ნების წყალობით, რაც, წმ. მამათა სწავლებით, ცოდვებისაგან თავის შეკავებას გულისხმობს. ყველას მართებს დაუღალავი ზრუნვა ჩვენში ღვთის ხატების შენარჩუნებისა და მასთან მსგავსების მიღწევისათვის.
კაცთა მოდგმის ცოდვით დაცემის შემდგომი მთელი ცხოვრება დაპირისპირებაა ბოროტსა და კეთილს შორის. რაკი ბოროტი ძალა ღვთის წინაშე უძლურია, იგი ებრძვის ადამიანს, როგორც შემოქმედის უძვირფასეს ქმნილებას. ამიტომაც იქცა კაცი ცოდვის სუბიექტად და ობიექტად. სამწუხაროდ, ჩვენი ბუნებითი კანონი სიკეთისა, ჩვენი ნების სისუსტის გამო, ხშირად ვერ სძლევს ხოლმე მაცდურის ზრახვვბს. უკეთურებისაგან თავის დაღწევისათვის ერთადერთი ნუგეში და იმედი მაცხოვარია, ჩვენი ხსნისათვის ამ ქვეყნად მოვლენილი, „რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა“ (რომ. 8,2).
სად და როგორ ხდება ეს გათავისუფლება?
ქრისტეს საქმეს, სულის ხსნისა და გადარჩენის საქმეს ემსახურება ქრისტეს ეკლესია, რომელიც მუდამ იყო, არის და იქნება ჩვენი განმანათლებელი და განმაბრწყინვებელი უძლეველი ძალა. ლოცვითა და ადამიანის ცოდვილი ბუნების საიდუმლო განახლებით იგი ასრულებს თავის დიად მოვალეობას. ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
მაინც რა არის სიკეთე ან ბოროტება, ასე გამუდმებით რომ ებრძვიან ერთმანეთს და რა მონაწილეობას იღებს ადამიანი მათ დაპირისპირებაში?
ბიბლიაში შესაქმის დამთავრების შემდეგ ვკითხულობთ: „და იხილა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნა, და აჰა კეთილ ფრიად“ (დაბადება 1,31).
სიკეთის ერთადერთი წყარო და სათავე ღვთაებრივი სიყვარულია. იგი „სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა ჰშურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არ განრისხნის, არამედ შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს-იდებს, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების“ (I კორინ. 13,4-8).
წმ. ისააკ ასური კი წერს: „ღვთაებრივი სიყუარული ესე არს სამოთხე ზეციური, ხე ცხოვრებისა, სუფევა უფლისა, ღვინო, რომელი „ახარებს გულსა კაცისასა“ (ფს. 109,15); შესვეს იგი განლაღებულთა - და შეიმოსეს კდემა, იგემეს ცოდვილთა - და განუდგნენ გზასა ბოროტისასა, იხილეს გემოჲ მისი უჯეროდ ღვინის მსმელთა - და მმარხველ იქმნენ, მიიღეს მდიდართა - და შეიყვარეს სიგლახაკე, შესვეს უბადრუკთა - და აღივსნენ იმედითა, დალიეს უძლურთა და განძლიერდნენ, იგემეს უმეცართა - და შეიძინეს სიბრძნე“ (ისააკ ასური, სიტყვა 83).
„სიყვარული არის საძირკველი, წყარო და დედა ყოველთა კეთილთა“, - ბრძანებს იოანე ოქროპირი.
მაშ, საიდან მოვიდა ამ ფრიად „კეთილად“ ქმნილ, ღვთის სიყვარულით სავსე სამყაროში ბოროტება? როდის ან როგორ დაიძლევა იგი?
წმიდა მამების განმარტებით, ბოროტება არ არსია, არ წარმოადგენს სუბსტანციას. ადამიანმა ბოროტად გამოიყენა მინიჭებული თავისუფლება და ღვთის მცნების საპირისპირო გზას დაადგა. თავისთავად ბოროტებას არა აქვს თვითმყოფადი სახე. იგი არ არის სულდგმულთა და საგანთა ბუნება, რადგანაც ყოველივე ღვთისგან შექმნილი თავისთავად კეთილია.
ესა თუ ის არსება ან საგანი ბოროტად იქცევა მისი არასწორი გამოყენების გამო. ამდენად, ყოველი ბოროტება ბოროტმოქმედებისაგან მომდინარეობს. ბოროტება ცოდვაა, სიკეთის ნაკლებობაა.
წმიდა დიონისე წერს: „ბოროტსა არარაისა ძალუძს ქმნა, მხოლოდ ნგრევა და რღვევა არსებულისა“. ამიტომაც დიდი შეცდომაა მასში რაიმე მნიშვნელოვანის ანდა შემოქმედებითი საწყისის დანახვა. ბოროტება არაფერს არ ქმნის, იგი არღვევს მხოლოდ.
- რატომ არის ცოდვა ასე მიმზიდველი? - ჰკითხვს ერთხელ ბასილი დიდს.
- ცდებით, მეგობარნო, - უპასუხა წმიდა მამამ, - მომხიბლავი მისი სამოსელია, თვით იგი კი არასოდეს ყოფილა მიმზიდველი.
ცოდვა არის საფუძველი პირველი და მეორე სიკვდილისა; ანუ საბაბი როგორც ფიზიკური სიკვდილისა, რომელიც ყოველი კაცის ხვედრია, ისე მიზეზი სულიერი სიკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და ჯოჯოხეთში მკვიდრდება. ამავე დროს, ცოდვა არის ადამიანსა და ღმერთს შორის და კაცთა შორის უთანხმოებისა და შუღლის მიზეზი.
„ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს“ (რომ. 5,12), - წერს პავლე მოციქული. ყოველივე დამოკიდებულია ამქვეყნად ადამიანის თავისუფალ ნებაზე; რომელ გზას აირჩევს იგი: კეთილ საწყისს, თუ ბოროტების მოჩვენებითი მომხიბვლელობა ჩაითრევს თავის მოევში.
ნეტარი ავგუსტინე პირველი ადამიანის ზნეობაში ორ მდგომარეობას გამოყოფდა: „უცოდველობის შესაძლებლობას“ და „ცოდვის შესაძლებლობას“. მისი განმარტებით, სამოთხის მკვიდრთა „უცოდველობის შესაძლებლობის“ მდგომარეობა გამუდმებული სიკეთის ქმნადობით უნდა გადაზრდილიყო „ცოდვის შეუძლებლობაში“, მაგრამ ყოველივე ეს მოისპო ადამ და ევას მიერ ღვთის მცნების დარღვევის გამო.
თუ პირველ ადამიანს შეეძლო „უცოდველობის შესაძლებლობის“ „ცოდვის შეუძლებლობამდე“ ამაღლება, ჩვენ იესო ქრისტეს მეოხებით მოგვენიჭა ცოდვილი მდგომარეობიდან სულიერი განწმედით „უცოდველობის შესაძლებლობამდე“, ანუ სამოთხის ადამამდე ამაღლების საშუალება.
სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანი ხშირად ვერ აფასებს ცოდვის სიმძიმეს და ანგარიშს არ უწვვს მის შედეგებს. ზოგჯერ ისეც კი ფიქრობენ, თითქოს ცოდვა საერთოდ არ არსებობს, რომ ამ სახელს ვუწოდებთ ადამიანის ბუნებრივ თვისებებს. ამგვარად მოაზროვნენი ჭეშმარიტებისაგან შორს დგანან და თავს მეორე სიკვდილისათვის ამზადებენ. ბოროტება სიკეთის ნაკლებობა კი არ არის მხოლოდ, არამედ მისდამი სრული დაპირისპირება, არა ნაწილობრივი დარღვევა კანონისა, არამედ მთლიანად უარყოფა მისი. „ცოდვაჲ იგი არს უსჯულოებაი“ (I იოანე, 3,4),-ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი.
თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანი ჩვენთვის ხშირად აუხსნელ ციკლს გადის, რაც გულისხმობს დაცემასა და ამაღლებას, დამარცხებასა და გამარჯვებას, იმედის გაცრუებასა და სასოებას, ამ რთული პროცესის მიზანი სულის ხსნა და მეორე ცხოვრების მოპოვებაა.
ყოველი განვლილი დღე მარადიულობის კარიბჭესთან, სიკვდილის იდუმალებასთან გვაახლოებს. სხვადასხვანაირად ხვდებიან ადამიანები ამ უმნიშვნელოვანეს მომენტს. ნაწილს მიაჩნია, რომ სიკვდილთან ერთად არსებობაც მთავრდება და შემდეგში მიმდინარეობს მხოლოდ ქიმიურ ელემენტებად დაშლის პროცესი. ამიტომაც ესწრაფვიან ცხოვრებისაგან ყოველივეს მიღებას, თუმცა ბოლომდე ვერც ამას აღწევენ. სხვანი შეძლებისდაგვარად ემზადებიან სიკვდილისა და ახალი ცხოვრების დაწყებისათვის; რწმენითა და სიყვარულით აღვსებულთ მუდამ ახსოვთ მოციქულის სიტყვები: „ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 იოანე 4,5). ამიტომაც გულმოდგინედ ცდილობენ შეუდგნენ „სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა“ (I ტიმ 6,2), რათა აღასრულონ წმ. პავლეს დარიგება: „მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ“ (I ტიმ. 6,12).
როცა მეორე სიცოცხლეზე საუბრობს უფალი, ასე გვაფრთხილებს: „...იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას“ (მათე 7,14).
გადის თვეები, წლები... დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ - ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: „ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ დღეს, სულო, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მოგელის შენ“ (კურთხევანი).
მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებულის სული; უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა.
გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, უნდა საფუძვლიანად გავეცნოთ წმიდათა ცხოვრებებს, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლიოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს.
მორწმუნისათვის სიკვდილის საიდუმლო იგივე თავისუფლების, მარადიული სიყვარულის საიდუმლოა.
ახლა ბევრი მიიჩნევს თავს მორწმუნედ, აღიარებს სულის უკვდავებას, მაგრამ მაინც არ ძალუძს, გული მთლიანად მიუძღვნას უფალს.
გვხვდებიან ისეთნიც, მიწიერ განსაცდელს რომ ვერ უძლებენ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს. ამ საშინელი აქტით ისინი უარს აცხადებენ იმ მიზნის განხორციელებაზე, რისთვისაც ამქვეყნად მოივლინნენ, უარს ეუბნებიან უფალს თავიანთი ვალის აღსრულებაზე. თვითმკვლელთათვის ლოცვაც არ შეიძლება, არც პანაშვიდის გადახდა და წესის აგება.
იცოდეთ, შემოქმედი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებთ, რისი აღებაც თქვენ არ შეგიძლიათ. სიმშვიდითა და სიმდაბლით მიიღეთ ცხოვრების ტვირთი და მუდამ გახსოვდეთ: ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება; მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისათვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, ამიტომაც ბრძანებს მარკოზ მახარებელი: „რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს“ (მარკ. 8,36). ჭეშმარიტად, მთელი ქვეყნის სიმდიდრეც არ არის ერთი სულის ფასი.
ცხოვრებას სურს გაგთელოს; მისთვის სულერთია, დიდი ხარ შენ თუ პატარა, მეცნიერი თუ უბრალო მუშა, მაგრამ გახსოვდეს, შენს გვერდით უხილავად მუდამ დგას უფალი, გამხნევებს და გეუბნება: „მე ვარ ღმერთი შენი, მპყრობელი მარჯუენისა შენისა, რომელმან გარქუ შენ: ნუ გეშინინ, რამეთუ შეგეწიო შენ“ (ისაია 41,13).
მთავარია, ვიცოდეთ, ვართ თუ არა მზად ღმერთთან შესახვედრად, ღია არის თუ არა ჩვენი გული იესო ქრისტესათვის, შეგვიძლია თუ არა წარმოვთქვათ მეფე დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს. ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაჲ წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან“ (ფს. 22,1-5).
ძალიან ხშირად მწუხარების გზით მივდივართ უფალთან, ამიტომაც ამბობს ანტონი დიდი: შეიყვარე განსაცდელი, რათა შეიძინო ღმერთი. ქრისტესთან ყოფნა, ცხოვრება მასში, სიცოცხლის აზრის მიგნებას ნიშნავს. სიცოცხლის აზრი - თავგანწირული სიყვარულია.
ხშირად გვიჭირს, ვიტანჯებით უსამართლობით, ძალადობით, გაუტანლობით; განა ცოტაა შემთხვევა, როცა ჩვენც ვცრუობთ, თვალებში ვუყურებთ მოსაუბრეს და მაინც ვატყუებთ; ვატყუებთ მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობთ, მსმენელს არა სჯერა ჩვენი... ცუდი ზნე დაგვჩემდა. ჩვენი მამა-პაპანი, ალბათ, არ იყვნენ ჩვენსავით განათლებულნი, მაგრამ მათ ჰქონდათ უბრალოება და სიწმიდე. მათი სიმარტივე ანათებდა, იზიდავდა და ათბობდა სხვათაც; ერთმანეთსაც კარგად უგებდნენ და ყურის დაგდებაც შეეძლოთ, შეეძლოთ სმენა თვით სიჩუმისა.
მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, მაგრამ ისინი სერიოზულ საფრთხესაც ქმნიან დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობისათვის. გამალებული შეიარაღება შთანთქავს აურაცხელ თანხებს, რისი გამოყენებაც ცხოვრების ნორმალური პირობების შენარჩუნებისათვის გაცილებით საჭირო და აუცილებელი იქნებოდა.
ძალები სიკვდილისა ძლიერია, ხოლო სიცოცხლისა და სიყვარულისა - უძლიერესი. ბოროტების სიმტკიცე მოჩვენებითია, უძლურია სიკეთის წინაშე.
წელს ჩვენი ხალხი ზეიმით აღნიშნავს ფაშისტურ გერმანიაზე გამაჯვების 40 წლისთავს. რამდენი სიცოცხლე შეიწირა ამ ომმა, რამდენი მწუხარება, ცრემლი და გაჭირვება დაატეხა თავს ყოველ ოჯახს. ამიტომაც კარგად გვესმის მშვიდობის ფასი. ჩვენი ხალხი და მათ შორის საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად. „უნდა ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ, ვიდრე იგი არ დაწყებულა. ისტორიის ეს გაკვეთილი, როგორც არასდროს, აქტუალურია დღეს, ბირთვული იარაღის საუკუნეში“ (მსოფლიო მშვიდობის საბჭოს პრეზიდიუმის დეკლარაცია; მოსკოვი, მარტი, 1985 წ.).
ეკლესიაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. იგი ხომ სულიერ ღირებულებათა მცველია, და მოწოდებულია ადამიანის უფალთან შეხვედრის მომზადებისთვის; „მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი“ (ებრაელთა 12,14), - გვარიგებს პავლე მოციქული.
ძმანო და დანო ჩემნო, ზემიწიერი სიხარულით აღვსილი ერთხელ კიდევ გულითადად მოგილოცავთ ქრისტეს აღდგომის დიად დღესასწაულს.
დაე, ღვთაებრივი სიყვარულის უშრეტი წყაროდან გარდამოიღვაროს ჩვენს გაციებულ გულებში რწმენა, სიყვარული, იმედი და, აქედან გამომდინარე, სიხარული და მშვიდობა. უფალი გვაფრთხილებს: „უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ. და აჰა ესერა მოვალ ადრე და სასყიდელი ჩემი ჩემთანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს“ (გამოცხ. 22,11-12). „იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილამდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ... რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა“ (გამოცხ. 2, 10-11).
ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ მეორე სიკვდილისაგან.
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.