სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის
სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმიდა, მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ ერთგულ და ღვთივკურთხეულ შვილს:
მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ. (სიბრძე სოლომონისა 4, 7-8).
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონაზონნო, მეცნიერნო და მუშაკნო, ხელისუფალნო და საზოგადო მოღვაწენო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, ყოველნო ღვთისმოყვარენო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს გარეთ დროებით მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო: „კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
მაცხოვრის აღდგომის სიხარულით აღვსილი, ყველას გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს;
ქრისტე აღსდგა!
უფალი ბრძანებს: „..ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რა თა ვწამო ჭეშმარიტი..“ (იოანე 18,37). ჭეშმარიტება! როგორ ახლოსაა და, ამავე დროს, როგორ მიუწვდომელია იგი.
ყოველდღიურად თითქოს ვუახლოვდებით მას, მაგრამ ის მაინც შორეულად რჩება, ალბათ, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას სადღაც გარეთ, საკუთარი თავის მიღმა ვეძიებთ და ვერ ვგრძნობთ, რომ იგი სინამდვილეში ჩვენშია.
მაშ, როგორ მივეახლოთ მას? უფლის პასუხი ასეთია: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14, 6). დიახ, ჭეშმარიტება თვით იესო ქრისტეშია და რამდენადაც ახლოს ვართ უფალთან, იმდენად ახლოს ვართ ჭეშმარიტებასთანაც. მის მადლს, როგორც არასდროს, ყველაზე ძლიერად სწორედ პასექის დღეებში შევიგრძნობთ.
ქრისტეს აღდგომით ზეიმობს ღვთაებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღე--სასწაული ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: „უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო სამე არს ქადაგება ესე ჩუენი და ამაო არს სარწმუნოება ეგე თქუენი.“ (1 კორ. 15, 14).
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი ბოროტებას ლამის სიკეთედ მიიჩნევს და უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება მართებს, რომ გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად - სიცრუე. ამის გარჩევა უძველეს დროშიც უჭირდათ. ამიტომაც იყო, რომ წინასწარმეტყველმა სოლომონმა სამეფო ტახტზე ასვლის წინ უფლისგან სწორედ სიბრძნე და გონიერი გული ითხოვა, რათა ქვეყნის სიბრძნით მართვა და სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნა შესძლებოდა.
ამქვეყნად ცოდვა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება მას ადრე მანკიერებად აღიქვამდა და ადამიანები მისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. დღეს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ცოდვა მიუღებლად აღარ მიიჩნევა, პირიქით, საჯაროდ ხდება მისი პროპაგანდა და მას ადამიანის ბუნებისათვის დამახასიათებელ ჩვეულებრივ თვისებად წარმოაჩენენ. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა ასეთი ფილოსოფიური ტერმინიც - „ხრწნილებისადმი შეგუება“.
სამწუხაროდ, ადამიანი მორალს იმდენად დასცილდა, რომ დამკვიდრდა ე.წ. „თავისუფლება“, ანუ პრინციპი - ყველაფერი ნებადართულია. ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი წერს: „ადამიანმა შეიყვარა ცრუ თავისუფლება. ამგვარ თავისუფლებას ის უჩვეულო დაჟინებით ესწრაფვის და მის გარეშე უკვე აღარაფერი სურს.“
ამ ზღვარდაუდებელი „თავისუფლების“ სახელით დღეს ურცხვად გვთავაზობენ გარყვნილების ლეგალიზაციას, სკოლის ასაკიდანვე ბავშვების გახრწნას, უხამს კინოპროდუქციას; შეუძლებელია არ გაგაოცოს სატელევიზიო პროგრამებით ძალადობის, ყაჩაღობის, მკვლელობის პროპაგანდამ, ზოგადსაკაცობრიო, ეროვნული, ზნეობრივი და სულიერი ფასეულობებისადმი უპატივცემულობამ, რაც ჩვენს დაბალ კულტურასა და პროვინციალიზმზე მეტყველებს. ამას არ შეიძლება ეწოდოს თავისუფლება, ეს არის მონობა ცოდვისა და მანკიერებისა, ესაა გზა თვითგანადგურებისა და სულიერი სიკვდილისა.
აღნიშნული საკითხი არა მარტო ზნეობრივი პრობლემაა, არამედ სახელმწიფოებრივიც. მორალის გარეშე დარჩენილი საზოგადოება ძლიერ ქვეყანას ვერ ააშენებს. ამიტომაც ამ საკითხს ცივილიზებულ ქვეყნებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ეს თემა ჩვენი საზოგადოებისთვისაც მეტად მტკივნეულია. მასზე არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ადრინდელმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. ვიმედოვნებთ, ახალი ხელისუფლება, რომლის ნდობაც ხალხს დიდი აქვს, გაითვალისწინებს მოსახლეობის ფართო ფენების დამოკიდებულებას და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
განსაკუთრებულ ყურადღებას ასევე საჭიროებს სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ჩვენი ახალგაზრდების აღზრდის საკითხი. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს საუბარი სასწავლო პროგრამების განახლებაზე და ახლის შემუშავებაზე.
ბოლო დროს მოსახლეობაში დიდი მღელვარება გამოიწვია ბავშვების სექსუალური აღზრდის პროექტმა. ის, რაც კულუარულად იყო ცნობილი, ალბათ, ვერ განხორციელდება საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო. ჯერ-ჯერობით უცნობია მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სასწავლო პროგრამებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ განათლების სამინისტროს არ უნდა დაეკისროს; განათლების რეფორმა ქვეყნის პრეზიდენტისა და მთავრობის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და, რადგან საქმე ერის მომავალს ეხება, მისი განხილვა ფართო საზოგადოებრიობის მსჯელობის საგანად უნდა იქცეს.
თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლისადმი თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქართული და უცხოური ნაწარმოებების გაცნობას.
კარგად გვესმის, რომ არ შეიძლება მხოლოდ ძველი სტერეოტიპებით ცხოვრება. ჯერ კიდევ რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ ახალი ღირებულებების შეთვისებასთან ერთად, არ დავკარგოთ ჩვენი ტრდიციული და ზნეობრივი ფასეულობანი.
ცალკე უნდა შეიქმნას აღზრდის პროგრამა, რაც გულისხმობს ურთიერთობების კულტურასა და ქცევის წესებს. დღეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია უგულვებელყოფილია და ამისთვის მხოლოდ ოჯახი ზრუნავს. საჭიროა აღზრდის საერთო მეთოდით ხელმძღვანელობდეს და ურთიერთკავშირში იყოს ოჯახიც, ეკლესიაც და სასწავლებელიც, ანუ ის გარემო, სადაც მოზარდი ყალიბდება. ცნობილი ხელოვანი, შესანიშნავი მკვლევარი, წარმატებული ფერმერი ან ბიზნესმენი, კარგი მუშა ან ნიჭიერი ახალგაზრდა როგორც ადამიანი, შეიძლება სულაც არ იყოს ზნეობრივი პიროვნება. სულიერი ღირსებების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი ფასს კარგავს და მისი არსებობა ქვეყანას დიდ სიკეთეს ვერ მოუტანს. იმედია, ჩვენ არ გვსურს ასეთი თაობის აღზრდა.
როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი დღეს ეკლესიასაც შეაქვს. ამიტომ მინდა, შევჩერდე სასულიერო პირის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე.
მღვდლობა - მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები შეცდომას უშვებენ თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში, უხეშად ერევიან მათ პირად ცხოვრებაში, ზოგჯერ კი ოჯახის შექმნას თუ ბერად აღკვეცას აიძულებენ.
ლონდონში მრავალი წელი მსახურობდა მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი), რომელსაც კარგად ვიცნობდი. იგი დიდი სულიერებით გამოირჩეოდა. აი, რას წერს იგი ამ საკითხზე: „ჩემი აზრით, ამგვარი მდგმარეობა აღმაშფოთებელია, რადგან ძალადობა პიროვნებას სულიერად ამახინჯებს, ამიტომაც, უკიდურესად მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ, ასეთი რამ რომ არ მოხდეს, - რადგან ბერობაც და ოჯახის შექმნაც ადამიანის თავისუფალ ნებას და გონივრულ მიდგომას საჭიროებს.“
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მონასტრის წინამძღვარსა და მის მორჩილებაში მყოფ სასულიერო პირთა შორის ურთიერთობები განსხვავდება სამღვდელოებასა და მათ მრევლს შორის დამოკიდებულებისაგან. ეს განსხვავება კი იმას გულისხმობს, რომ მოძღვრები არიან თავისი სამწყსოს სულიერი მრჩევლები და არა მათი ბედის განმკარგველნი, „სიყუარულით მწყსიდეთ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს და ნუ ეუფლებით მას“ - გვმოძღვრავს პავლე მოციქული.
სამწუხაროდ, ისიც ხდება, რომ მოძღვრები თავის სულიერ შვილებს გამოყოფენ სხვა მრევლისგან, და ნებას არ აძლევენ, სულიერ საკითხებზე სხვა მღვდლებსაც მიმართონ, თვითონაც შეკითხვის ან აღსარებისთვის მისულ სხვა მოძღვრის სულიერ შვილებს არ იღებენ, რითაც მრევლში განყოფა შემოაქვთ. ასეთი დამოკიდებულება გაუმართლებელია და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
მეუფე ანტონი (ბლუმი) ჭეშმარიტი მოძღვრის მსახურებას წმიდა იოანე ნათლისმცემლის მისიას ადარებს. მოძღვარს ადამიანები უფალთან უნდა მიჰყავდეს და არა საკუთარ თავთან; მღვდელი არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ მასთან ბევრი ხალხი დადის. უმრავლესობა ამ ადამიანებისა სულიერად გამოუცდელია, ისინი სხვა და სხვა განსაცდელით შეწუხებულნი, ნუგეშს და თანადგომას ეკლესიაში ეძებენ. მათთან მიმართებაში სასულიერო პირი უფლის მადლის გამტარი უნდა იყოს, და არა საკუთარი იდეების მქადაგებელი; იგი უნდა კრებდეს ადამიანებს ქრისტეს, ეკლესიისა და სახარების გარშემო და არა საკუთარი თავის ირგვლივ.
არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც მოძღვარი თავის მრევლს ისეთ განწყობას უქმნის, თითქოს იგი უფრო მადლმოსილია, რითაც სხვა მღვდლებისადმი, ნებსით თუ უნებლიედ, უნდობლობას უნერგავს. როგორც კი ვინმე მოძღვარს ამგვარ დამოკიდებულებას შეამჩნევს, უნდა განშორდეს მას და სხვას მიმართოს.
ღვთის მადლით აღვსილი სასულიერო პირი არასდროს განიკითხავს და დაამცირებს სხვას, მითუმეტეს მღვდელს.
გახსოვდეთ, თუ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ღვთისმსახურს გაუჩნდება განცდა საკუთარი უპირატესობისა, ეს მისი სულიერი დაცემის დასაწყისია.
მინდა, შეგახსენოთ მაგალითი წმინდანთა ცხოვრებიდან: ღირსმა ანტონი დიდმა, ეგვიპტეში ბერ-მონოზვნური ცხოვრების დამაარსებელმა, შეიტყო, რომ თებეს უდაბნოში მოღვაწეობდა წმიდა ბერი პავლე თებაიდელი. მოხუცებულობის მიუხედავად, იგი თებეში გაემგზავრა, რათა მისგან კურთხევა და წმიდა ლოცვები გამოეთხოვა. პავლე თებაიდელი დაყუდებული იყო და საერთოდ არავის იღებდა, მაგრამ ანტონი დიდის თხოვნამ თავისი ჰქნა და კარი გააღო. ცრემლმორეული ორი მეუდაბნოე ერთმანეთს გადაეხვია, მათ ერთმანეთი არასოდეს ენახათ, მაგრამ, როდესაც შეხვდნენ, ურთიერთს სახელებით მიმართეს და როგორც უახლოესმა სულიერმა ძმებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. პავლე თებაიდელის სიწმიდითა და სულიერი სიმაღლით შეძრული, უდაბნოში უკან დაბრუნებული ანტონი დიდი გოდებით ამბობდა: „ჰოი, როგორი უბადრუკი და გლახაკი ცოდვილი ვარ! მე ვიხილე ილია, ვიხილე იოანე უდაბნოში, ვიხილე პავლე სასუფეველში.“
ასე სწუხდა თავისი უღირსების გამო ეს უდიდესი მოღვაწე ბერი, მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანისთვის თვითონ იყო საოცარი მაგალითი სიმშვიდისა, სიწმინდისა, ღვთივგანბრძნობილობისა, მარხვისა, ლოცვისა და მრავალ სხვა სიკეთეთა.
ცნობილია ასეთი დიალოგიც მის სულიერ შვილთან: ანტონი დიდი ეკითხება: „შვილო ჩემო, რატომ ხარ მდუმარედ?“ იგი კი პასუხობს: „მამაო ჩემო, ჩემთვის შენი ყურებაც საკმარისია და მრავლისმთქმელი.“ როგორი სიყვარული და მადლმოსილებაა ამ სიტყვებში!
ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: „..იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ.“ (იოანე 15, 12). დღეს კი საზოგადოებას დაახლოების ახალ საშუალებას – გლობალიზაციას სთავაზობენ. როგორც დოსტოევსკი ამბობს: „კაცობრიობის მოთხოვნილებად იქცა მსოფლიო და საყოველთაო ერთობა“.
ჩვენ ყველანი ყურადღებითა და სიფრთხილით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს. თუმცა გლობალიზაცია, შესაძლოა, სხვადასხვაგვარად გავიგოთ და ამის მიხედვით, მისდამი დადებითად ან უარყოფითად განვეწყოთ.
ის, რომ პატარა სახელმწიფოები, უმეტეს შემთხვევაში, დიდი სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფებიან და საერთაშორისო ურთიერთობებშიც ხშირად ძალისმიერი პოლიტიკა დომინირებს, ფაქტია, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ ასეთი პოლიტიკა გლობალიზაციის პირობებში დიდი ზიანის მომტანი იქნება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი გლობალიზაცია აღქმული იქნება, როგორც მხოლოდ უძლიერესის ძალაუფლება, მას სტაბილურობა არ მოჰყვება, - პირიქით, მსოფლიოს მოიცავს დაძაბულობა. ასე რომ არ მოხდეს, გლობალიზაციის შესაძლო ნეგატიური გამოვლინებანი უნდა აღმოიფხვრას: ბატონობის პოლიტიკა ურთიერთნდობის, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების პოლიტიკით უნდა შეიცვალოს, კონფლიქტური ან თავდაცვითი ტაქტიკა სამართლიან, ურთიერთხელსაყრელ და კონსტრუქციულ დიალოგად უნდა იქცეს. საჭიროა ამ პროცესებს ჩვენი ქვეყანა მომზადებული შეხვდეს. ვფიქრობ, ამისთვის საუკეთესო გზაა ჩვენი და უცხოელი მეწარმეებისა და მეცნიერების ერთობლივი პროექტების შემუშავება (სადაც ქვეყნის ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული), კულტურის მოღვაწეთა თანამშრომლობა, ცივილიზაციათა დიალოგი. საჭიროა ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის როგორც ჩვენი, ისე ნებისმიერი სხვა ერის თვითმყოფადობას, მის ეროვნულ ღირებულებებს და ამასთან ყველას მისცემს საშუალებას მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტი???ეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის აუცილებელია ერის გამთლიანება. ამ მიმართულებით ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და ჩვენმა ეკლესიამაც თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების 65 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში.
საუკუნეების მანძილზე გარეშე ძალა ყოველთვის ცდილობდა ქვეყნის დაყოფას და კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების შექმნას. დღესაც, თბილისსა და აჭარას შორის წარმოქმნილი პოლიტიკური დაძაბულობა გარკვეულმა ძალებმა სცადეს ქართველებსა და აჭარლებს შორის დაპირისპირებად წარმოეჩინათ. ამ პროვოკაციას ჩვენმა ხალხმა. მათ შორის აჭარის მოსახლეობამაც საკადრისი პასუხი გასცა, - ჩვენ ვართ ერთი ერი, ერთი სახელმწიფო, გვაქვს ერთი კულტურა და ერთი ისტორია. ჩვენი განუყოფელი ნაწილია აფხაზეთიც და სამაჩაბლოც.
როდესაც ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, თავისთავად დგება საკითხი ეკლესიის როლის შესახებაც. მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონ მისი ნება. გვწამს, რომ ამქვეყნიურ ყოფაში სულიერი ცხოვრებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე სულიერი ამაღლება და ღმერთთან სიახლოვე შეუძლებელია. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
საუკუნეთა მანძილზე ბოროტი ძალა სხვა და სხვა სახით ებრძოდა ქრისტეს ეკლესიას. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც იბეჭდება ცილისმწამებლური წერილები და გამიზნულად ხდება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდობლობის გაღვივება. მათ ავტორებს ავიწყდებათ, რომ ეკლესია მაცხოვრის მისტიკური სხეულია, რომელიც კლდესა ზედა არის დაშენებული და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია „სუეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3, 15).
წმიდა ბასილი დიდი ასე გვარიგებს: „შენ ხარ კეთილმოწყობილი ჭურჭელი, რომელმაც უფლისაგან სიცოცხლე მიიღე: ადიდე შენი შემოქმედი, რადგან იმისთვის ხარ მოწოდებული, რომ იყო ღირსეული გამოვლინება ღვთის მადლისა; ეს სამყარო შენთვის, ცოცხალი წიგნია, რომელიც უფლის სიდიადეს ქადაგებს და შენ, გონიერ არსებას, მის იდუმალ და უხილავ ბრწყინვალებას გაზიარებს, რათა შეიცნო ჭეშმარიტების ღმერთი“. (გრ. დიაჩენკო, „სარწმუნოება“, გვ. 176).
ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი, ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი მსვლელობის გზის გამნათებელი.
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.
სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: „დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყრობილ იყვნეს მას შინა“.
მაშ, დავივიწყოთ მიწიერი განსაცდელი და ამ წარმავალი წუთისოფლიდან მარადიულობას მოვაპყრათ თვალი. მოვიგონოთ ჩვენი მშობლები და კეთილმორწმუნე წინაპრები. დაე, მარად გიცავდეთ დედის სითბო და მამის მზრუნველობა. პატივი მიაგეთ მათ, ხოლო თუ ისინი გარდაცვლილნი არიან, მაინც ჩვეულებრივ ესაუბრეთ და დახმარებაც სთხოვეთ. გახსოვდეთ, მათ ყოველივე ესმით, კვლავინდებურად უყვარხართ და ლოცულობენ თქვენთვის.
სერბი მღვდელმთავარი, ნიკოლოზი წერს: ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს დედის ღიმილი, დამტევნელი სიბრძნისა, წყალობისა, სიყვარულისა და, რაც მთავარია, მარადიულობისა, რადგან სიცილიცა და ტირილიც დროებითია და წარმავალი და მხოლოდ ღიმილია - მარადიული.
თქვენდამი სიყვარულით გამთბარი გულით კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს.
ქრისტე აღსდგა!
დაე, სიხარული სუფევდეს თქვენს სულში.
ვილოცოთ ჩვენი ძვირფასი სამშობლოს მშვიდობის, ერთობისა და კეთილდღეობისათვის. ვილოცოთ მსოფლიოს მშვიდობისთვისაც. უფალი შეისმენს ჩვენს ვედრებას, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2004 წ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №14(273), 2004 წ.