პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე - 2008


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

სააღდგომო ეპისტოლე

"აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა! (დაბ. 9,1).

„მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ
აღდგომასა მისსა“ (აღდგომის საგალობელი).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა! შეიმუსრა ჯოჯოხეთი და განქარდა სიკვდილი!

მაშ, შევიდეთ სახლსა მას სამეუფოსა, განვიცადოთ ზეიმი ზეიმთა და დღესასწაული დღესასწაულთა, - პასექი უფლისა!

„ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“.

ამიერიდან უცხონი აღარა ვართ „არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი; მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედი არის თავად იესო ქრისტე“ (ეფ. 1, 19-20), ეკლესია კი სხეულია მისი.

ამ ეკლესიის შესახებ უფალი ჩვენი ბრძანებს, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობას გულისხმობს; ამიტომაც ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომ მაცხოვარმა ეკლესია უწოდა „მართლაღსარებასა სახელისა მისისასა“. მის წინააღმდეგ ბრძოლა კი ნიშნავს ამ სწავლების წინააღმდეგ მოქმედებას, მის შერყვნას ან შეცვლას, რასაც ეშმაკი სხვადასხვა ცრუ ფსევდოქრისტიანული მოძღვრებების გავრცელებით თავიდანვე ცდილობდა და ცდილობს დღესაც.

ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყო განკაცებულ ღმერთთან დაკავშირებით მცდარი აზრის დანერგვა, რაც, უმთავრესად, ორი სახით გამოვლინდა: ერთის მიხედვით, მაცხოვარი მხოლოდ ადამიანი არის, მეორის მიხედვით კი - მხოლოდ ღმერთი. ჭეშმარიტი სწავლების შესაბამისად კი, ქრისტე ერთდროულადაა სრული ღმერთიც და სრული კაციც.

საერთოდ, მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა).

ორბუნებოვნების წინააღმდეგ ბრძოლა იყო არა მხოლოდ თეოლოგიური საფუძვლების დარღვევის, არამედ სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა.

მაცხოვრის ორბუნებოვნება ნიშნავს ღმერთის მიერ ადამიანის აღიარებას თანაშემოქმედად და ამასთან, ჩვენი კაცობრივი ბუნების განმსჭვალვას უზენაესი საღვთო ღირსებით. თუმცა ამას უნდა მივაღწიოთ, რისთვისაც გვმართებს ძლიერი ნებელობის გამოვლენა და თავდაუზოგავი ღვაწლი; ეს კი საკუთარ თავთან და ბოროტის მიერ დაგებულ ათასგვარ საცდურთან გამუდმებულ ბრძოლას გულისხმობს; ამიტომაც ამქვეყნიურ ეკლესიას მებრძოლი ეკლესია ეწოდება, ზეციურს კი - მოზეიმე.

მაგრამ რადგან ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას, იგი სხვა დინებით მიდის, რომელსაც სინდისის ქეჯნის გარეშე უშფოთველად მიუყვება ადამიანთა დიდი ნაწილი ისე, რომ ვერც აცნობიერებენ, რისთვის მოვიდნენ ამქვეყნად.

მაცხოვარი გვაფრთხილებს „სასუფეველი ცათა იიძულების და, რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11,12), თუმცა იქვე გვანუგეშებს: „ნუ გეშინინ, მე მიძლევიეს სოფელსა“ (ინ. 16,33).

ღვთის მიერ მონიჭებული თავისუფალი ნებით ადამიანი არჩევანს თავად აკეთებს და სვლაც სასუფეველისკენ ან ჯოჯოხეთისაკენ ყველასთვის აქედან, ამ წუთისოფლიდან იწყება. იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ ადგილს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს, მაგრამ პიროვნებას შეუძლია, სიცოცხლის ბოლოსაც კი რადიკალურად შეცვალოს თავისი მდგომარეობა.

გავიხსენოთ იესო ქრისტესთან ერთად ჯვარცმული, მონანული ავაზაკი, რომელმაც პირველმა დაიმკვიდრა ზეციური სასუფეველი; გავიხსენოთ იუდა ისკარიოტელი, რომელიც მოციქულის პატივში იყო ამაღლებული და სხვა მოწაფეთა მსგავსად სასწაულებსაც ახდენდა, მაგრამ საკუთარი არჩევანით ჯოჯოხეთის მკვიდრი გახდა.

ამ ორი ადამიანის ყოფამ ერთ ეპოქასა და სივრცეში განვლო. ერთი მათგანი მაცხოვრის უახლოესი მოწაფეთაგანი იყო და ღვთის მადლს ეზიარებოდა, მეორე კი ყაჩაღობდა და უღმერთოდ ცხოვრობდა.

მათი აღსასრული ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა!

თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი მაგალითები ერთეული, გამონაკლისი შემთხვევებია; ისინი, ერთი მხრივ, ნუგეშის მიმცემია ცოდვით დამძიმებული ადამიანებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, გაფრთხილებაა ღვთისსათნოდ მცხოვრებთათვის.

ადამიანი ხედავს მხოლოდ სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი - გულს და სწორედ გულის სიმართლითა და სიწრფოებით განსჯის ყველას. შეიძლება კაცი, ერთი შეხედვით, კეთილ საქმეთ იქმოდეს, მაგრამ ამას ანგარება ედოს საფუძვლად, ხდება ისეც, რომ ზოგიერთის მიუღებელი ან გაუგებარი ქმედება სინამდვილეში უანგარო თავდადებიდან მომდინარეობს. ამიტომაც ჩვენს შეფასებებში შეიძლება შევცდეთ.

ყველას პირუთვნელი და მიუკერძოებელი მსაჯული კი ყოვლადწმინდა სამებაა. ამიტომაც მთავარია, ადამიანი თავის სინდისთან და ღმერთთან იყოს მართალი და მაშინ უფლის თანადგომას ყოველთვის იგრძნობს. „იღვაწე სიმართლისათვის და ღმერთი იბრძოლებს შენთვის“ - გვასწავლის ბიბლია.

ის, ვინც სასუფევლისკენ მიმავალ გზას ადგას, ამ პრინციპით ცხოვრობს: „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე“? (წმ. ილია მართალი).

ადამიანის აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, დემოკრატიული სისტემის პირობებში; იგი უფლებას იძლევა, საზოგადოებამ თავისი შეხედულებისამებრ მოაწყოს საკუთარი გარემო: სასწავლებელი, სამსახური, უბანი და სხვა, აირჩიოს ხელისუფლება და, აქედან გამომდინარე, თავისი ცხოვრების წესიც.

ხალხს შეუძლია შეცვალოს მისთვის მიუღებელი მდგომარეობა, რისი მაგალითებიც უკვე გვაქვს; ამის შედეგია თუნდაც ის, რომ ე.წ. Reality Show-მ, მიუხედავად დიდი რეკლამისა და ფინანსური მხარდაჭერისა, მოსახლეობაში აღიარება საბოლოოდ მაინც ვერ ჰპოვა. იგივე შეიძლება ითქვას სექსუალურ უმცირესობათა მცდელობაზე, მოეწყოთ მსვლელობა თბილისში. ფეხი ვერც დასმენის გზით სასჯელისაგან გათავისუფლების მეთოდმა მოიკიდა...

ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამგვარი ცხოვრების წესის მიმართ.

თუ მოვინდომებთ, ღვთის შეწევნით, სასიკეთო შედეგის მიღწევა ყოველთვის შეიძლება.

ქრისტიანობა სხვისთვის ცხოვრებაა, საკუთარ მოთხოვნილებებზე, ზოგჯერ ელემენტარულზეც კი, უარის თქმაა. ჩვენს ქვეყანას კი არა მარტო ეს, არამედ ყველა დროში სჭირდებოდა თავგანწირვაც. ამიტომაც გვყავს ამდენი წმიდანი. სწორედ მათი წყალობით გადავრჩით. ახლანდელი ჩვენი ყოფა კი თითოეული ოჯახისგან, უპირველეს ყოვლისა, ითხოვს იმ ღვაწლს, რასაც მრავალშვილიანობით ქვეყნის მსახურება ჰქვია.

დღევანდელ პირობებში ამის განხორციელება რომ ძალიან ძნელია, ვიცით, მაგრამ იგი ერის გადარჩენის გარანტიაა და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი.

სწორედ, დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების მიზნით შევთავაზეთ ჩვენს მოსახლეობას, რომ პატრიარქი ყოფილიყო ყოველი ახლადდაბადებული მესამე და შემდეგი შვილის ნათლია.

უახლოეს პერიოდში კი ეკლესიისაგან განსაკუთრებით დაილოცება და ერისათვის თავდადებულის წოდება მიენიჭება იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ.

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენს ისტორიაში სამშობლოსათვის ერთგული მსახურების მრავალი მაგალითია, მაგრამ, ამავე დროს, იყვნენ ხალხისთვის უცნობი გმირებიც, რომელნიც სწორედ დაფარული ღვაწლის გამო არიან ღვთის წინაშე განსაკუთრებით დაფასებულნი და განდიდებულნი; ასეთივე ღვაწლის მტვირთველი იქნება დღეს ყოველი მრავალშვილიანი ოჯახიც.

მაგრამ საკითხის გადასაწყვეტად მარტო ერის რიცხვობრივი გამრავლება არ არის საკმარისი. საჭიროა მომავალი თაობის სწორად აღზრდა და მათთვის სათანადო განათლების მიცემა.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მდგომარეობა არ გამოსწორდება, თუ არ მოგვარდება მასწავლებლების სოციალური პრობლემები.

ჩვენ ადრეც არაერთხელ ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ, რომ აუცილებელია, პედაგოგის პროფესია გახდეს პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი, შეიცვალოს სასწავლო პროგრამები, ქრისტიანული სწავლება შეტანილ იქნას სკოლაში და ეკლესიამაც, შესაძლებლობისამებრ, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეების სულიერ-ზნეობრივი აღზრდის საქმეში. მითუმეტეს, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს სფერო ამ ქვეყნის ტრადიციულ რელიგიას აქვს გადაცემული და ამისთვის კაპელანის ინსტიტუტიც არსებობს.

მოგეხსენებათ, ბავშვებისათვის შესაბამისი განათლების მიცემა განსაკუთრებით უჭირთ მრავალშვილიან ოჯახებს. მათთვის და ჩემი ნათლულებისთვის ჩვენ შევეცდებით ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას უფასო ბაგა-ბაღების, სკოლების, სხვადასხვა სასწავლო ცენტრისა და სპორტული წრის გახსნით. ბუნებრივია, ამისთვის აუცილებელია, გვქონდეს შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი შენობები.

და რადგან ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, თანადგომის გარეშე მიზანს ვერ მივაღწევთ. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება გაითვალისწინებს საქმის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და სათანადოდ დაგვეხმარება, რაც ქვეყნის წინსვლისათვის გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება.

მივმართავთ ბიზნესმენებსაც, მოსახლეობის შეძლებულ ფენას, საერთოდ ყველას, ვისაც ეროვნული ინტერესები ამოძრავებს, რათა ისინიც ამოგვიდგნენ მხარში.

ჩვენ დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ იმ ქველმოქმედთ, რომელთა შრომით და სახსრებით დღეს არაერთი ტაძარი და მონასტერი აშენდა საქართველოში. ეს, მართლაც, მადლმოსილი საქმეა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული სოციალური პროექტების დაფინანსება. ვიმედოვნებთ, მათი მონდომება ამ მიმართულებითაც შედეგიანი იქნება, რითაც ჩვენს სამშობლოს ყველანი დიდ სამსახურს გავუწევთ.

საერთოდ, ღვთისმსახურების შემდეგ სოცილურ საკითხებზე ზრუნვა ეკლესიისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მორწმუნე ბიზნესმენთ კი შევახსენებთ, რომ თვით ღვთისმოსაობა და პირადი რელიგიურ-ზნეობრივი ცხოვრება არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანს არა აქვს მოყვასის სიყვარული, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისდამი თანადგომაში უნდა გამოვლინდეს.

„ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ - ბრძანებს წმიდა პავლე მოციქული (გალ. 6,2).

წმ. ილია მართალმა, რომელმაც XIX საუკუნის საქართველოს ჯვარი იტვირთა, თავის ეპოქის სატკივრის წამალი სამ სიტყვაში გამოთქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ამ დევიზით მან ერს უმთავრესი ფასეულობანი შეახსენა და თავის მოღვაწეობით ჩვენი გადაგვარების მოსურნეთ გზა გადაუკეტა.

ილიასეულ ამ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს ჩვენს დროში, ვფიქრობ, ადამიანის პრობლემაც დაემატა.

ეს იმან განაპირობა, რომ დღეს პიროვნებამ, შეიძლება ითქვას, ფუნქცია და დანიშნულება დაკარგა, რაც ერთის მხრივ, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, მეორეს მხრივ კი, კაცობრიობის სულიერმა დეგრადირებამ გამოიწვია. მას ფაქტიურად წაერთვა ყველაზე მთავარი რამ, - თავისუფლება. ადამიანი თავისი გამოგონებების მსხვერპლი გახდა და იმდენად შეიზღუდა, რომ პირადი ცხოვრებაც კი კონტროლირებადი გაუხდა.

ასეთი რამ არც ერთ ეპოქაში არ მომხდარა.

მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგია მაგ. პლასტიკური ქირურგიის განვითარება, რამაც შესაძლებელი გახადა ბევრი დაავადების განკურნება და მძიმე ტრამვების შედეგების თითქმის სრულად გამოსწორება, ეს მისასალმებელია, თუმცა ამ დარგში მიღწევებმა ასევე შესაძლებელი გახადა სქესის შეცვლაც, რაც ღვთის განგებულებაში ადამიანის ჩარევაა და ამდენად სრულიად დაუშვებელი რამ.

იგივე შეიძლება ითქვას გენურ ინჟინერიასთან მიმართებაში. საოცარი შედეგი მივიღეთ დაავადებათა პრევენციასა და დიაგნოსტიკაში, მაგრამ გენების მანიპულირებით და გენ-მოდოფიცირებული პროდუქტების შექმნით, - მეტად საშიში ნაბიჯი გადაიდგა.

ამ მიმართულების მომხრეები ხშირად ამტკიცებენ, რომ ისინი იგივე საქმიანობას ეწევიან, რასაც, მაგალითად, სელექციონერები, რომელთაც უკეთესი ჯიშები გამოყავთ.

მართალია, გენების გადაცემა სელექციის დროსაც ხდება, მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ან მონათესავე სახეობის ინდივიდებს შორის. სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებთან, მაგრამ არა მაგ. ვაშლთან.

გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი ეს ბარიერი მოხსნილია; გენი გადააქვთ მცენარიდან მცენარეში, მცენარიდან ცხოველში, მცენარიდან, ცხოველიდან ან ბაქტერიიდან - ადამიანში და ა.შ.

ამ დამახინჯებულ გენებს კი აქვთ გამრავლების უნარი, რაც ღვთის მიერ ათასწლეულების განმავლობაში დაწესებული სახეობათშორისი საზღვრებისა და წესრიგის დარღვევას იწვევს, ეს კი გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს გარემოს და ჩვენს სულიერ სამყაროსაც დააზიანებს.

გამოსავალი ერთია, მიუხედავად ასეთი პროდუქტების სიიაფისა და ჩვენი გაჭირვებისა, უარი უნდა ვთქვათ მათ გამოყენებაზე. ამასთან, ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამ საკითხს მეტ ყურადღებას მიაქცევს და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რათა ჩვენი სოფლის მეურნეობა ნატურალური პროდუქტების წარმოების გზით განვითარდეს, რაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტადაც იქცეს, რადგან მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება.

თუ ეს განხორციელდა, იგი დიდ სტიმულს მისცემს როგორც სოფლის მეურნეობის წინსვლას, ისე ამ სფეროში გადამამუშავებელი ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზეც ქართულ პროდუქციას თავის ადგილს დაუმკვიდრებს.

სამწუხაროდ, 18 წლიანმა გარდამავალმა პერიოდმა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში მოშალა სურვილი და განწყობა შრომისადმი.

არადა, ნებისმიერი საქმის წარმატებისათვის განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით ხდება ამა თუ იმ მიმართულებით ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზება. (დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია). ადამიანს შეუძლია თავისი ენერგია მოახმაროს აღმშენებლობას, ან ნგრევას, ანდა დატოვოს იგი გამოუყენებელი.

შრომასთან მიმართებაში ამჟამად არსებული უარყოფითი განწყობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ჩვენ საოცარ შედეგს მივიღებთ, რადგან როცა, ამა თუ იმ საქმისადმი მზაობა არსებობს, გარემო პირობები ხელს რომც არ უწყობდეს, მიზანი მაინც მიიღწევა.

ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი ისტორიაა.

ჩვენი წინაპრების განწყობამ რწმენის ერთგულებისა და ქვეყნის დაცვისადმი შეგვაძლებინა (ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ), არა მარტო ის, რომ ფიზიკურად გადავრჩენილიყავით, არამედ ისიც, რომ თვითმყოფადი ქართული სამყარო შეგვენარჩუნებინა.

ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი დაუღალავი შრომაც იყო.

შრომის მიზანი და შედეგი მარტო კეთილდღეობის მიღწევა არ არის. იგი სულიერ განვითარებასაც უწყობს ხელს. ცხოვრების ეს წესი თვით შემოქმედმა დაგვიდგინა. ამიტომაც მონასტრულ ტიბიკონებში შრომას დიდი ყურადღება ექცევა.

განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი საქმიანობა, რომელიც ბუნებასთან კავშირშია; მიწასთან, მცენარეებთან, ცხოველებთან მიმართებაში სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა ადამიანს აკეთილშობილებს და კურნავს, რადგან ღმერთმა ამ სამყაროს გვირგვინად შეგვქმნა და მასზე პასუხისმგებლობაც დაგვაკისრა.

ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური საქმიანობისას დალოცოს მიწაც, მოსავალიც პირუტყვიც... ეკლესიაში კი ამისთვის სპეციალური ლოცვებია დადგენილი.

ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომაც ბუნებასთნ ერთობაში იყვნენ.

თანამედროვე ადამიანმა ეს დამოკიდებულება უხეში მომხმარებლური მიდგომით შეცვალა, რაც, თუ არ გამოსწორდა, დაღუპავს კაცობრიობას.

ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო. ამას კი ვერ შევძლებთ, ღმერთთან კავშირი თუ არ გვექნა. ის, თუ რამდენად შორს (ან ახლოს) ვიქნებით მისგან, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან მაცხოვარი ყოველთვის ახლოსაა ჩვენთან.

ასე რომ, ნებისმიერ ჩვენს ქმედებას, ჩვენს სიტყვასა და გულისზრახვას უნდა შევხედოთ როგორც ნაბიჯს, გადადგმულს ზეცისკენ ანდა ჯოჯოხეთისკენ. მართალია, ეს ცხოვრება სწრაფწარმავალია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ მოვიპოვოთ მარადიული ნეტარება ან სამუდამოდ დავკარგოთ იგი.

მაშ, მოვუსმინოთ წინასწარმეტყველთა და წმიდა მამათა დარიგებებს, რათა შეძლებისდაგვარად დავიცვათ ჩვენი შინაგანი სამყარო დამანგრეველი ცოდვებისაგან: ამპარტავნების, თავისმოყვარეობის, განკითხვის, შურის, ცილისწამებისა და სხვა სიბილწეთაგან, რომელთა მარწუხებშიც მოქცეული და დამონებულია თანამედროვე ადამიანი:

„შიში უფლისა დასაბამია სიბრძნისა და მორჩილება წინ უძღვის დიდებას“ (იგავნი 15,33).

მოწყალება ისეთი მალამოა, რომელთაც ყველანაირ განსაცდელს უწამლებ.

მოწყალების შემდეგ უდიდესი სათნოებაა მადლიერება ღვთისადმი და ადამიანებისადმი.

განკითხვის ცოდვა ცეცხლივით დაგწვავს.

სადაც ამპარტავნებაა, იქვეა პატივმოყვარეობაც. შური კი მათი შვილია.

ის, ვინც ცილისმწამებელია, პირდაპირ დემონს ემსახურება.

ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მოსცემს მადლს.

მან, ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი;

მთელი სიბრძნე კი უფლის ამ დარიგებაშია: შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა, ყოვლითა სულითა და ძალითა შენითა; შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი (მთ. 22,37).

ჩვენ, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრჯერ შევცდებით; მთავარია, დაცემის შემდეგ მოვინდომოთ და შევძლოთ ადგომა. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერებისათვის ვართ მოწოდებულნი და გვაქვს შესაძლებლობა, შევაღოთ ზეცის კარიბჭე, ვიხმიოთ ტრაპეზი უფლისა და მისი სიყვარულით დავტკბეთ.

რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?

რა ძალამ უნდა დაგვაბრკოლოს ამის მისაღწევად? ძე ღვთისა გვიწვდის ხელს და თავისთან გვიხმობს. ვინ შეიძლება ვამჯობინოთ მას? შევთხოვ შემოქმედს, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა თითოეული ჩვენგანის გულში დაიდგას ტახტი და თითოეულ ჩვენგანში ძლეულმა ბოროტმა სულმა იულიანე განდგომილის მსგავსად აღმოთქვას: „შენ გაიმარჯვე გალილეველო!“

ღვთაებრივი სიხარულით აღვსილი კიდევ ერთხელ გილოცავთ, - ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი. თბილისი, 2008 წ.

მსგავსი განცხადებები: