პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე - 1995


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის
ღვთივკურთხეულ ერთგულ შვილებს:

"უფალო ღმერთო, ... აწ მომეც მე სიბრძნე
და მეცნიერებაჲ..." (II ნეშტთა 1,9-10).

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, მონაზონნო, დანო და ძმანო, მთავრობავ და მხედრობავ ჩვენო, მეცნიერებისა და კულტურის მსახურნო, მუშაკნო, მეურნენო, ჭაბუკნო და ქალწულნო, ყრმანო, - ყოველნო მკვიდრნო ივერიის დალოცვილი მიწისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელნო თანამემამულენო,

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

კვლავ იმედითა და სიხარულით ვეგებებით მაცხოვრის აღდგომის დაუღამებელ დღეს, ვეგებებით მას, როგორც ზეიმს სულიწმიდისა, ზატიკს სიყვარულისა, დღესასწაულს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.

როგორც ღამის მნათობნი უფერულდებიან მზის სინათლეზე, მსგავსად ამისა, ჩვენს მწუხარებას, გასაჭირს, განსაცდელსა და სევდას განაქარვებს წმიდა პასექის დღე, რადგან მარადიულობა გაცილებიო ღრმა და დიადია, ვიდრე ჩვენი მიწიერი, წარმავალი და ყოველდღიური განსაცდელით სავსე ყოფა.

აღდგომა ქრისტესი არის მიუწვდომელი სასწაული, ღვთის ყოვლისშემძლეობის არაჩვეულებრივი გამოვლინება. ეს ზეიმი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ჩვენც ვხდებით მონაწილენი ამ ღვთაებრივი იდუმალებისა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი აპოკალიფსში წერს: „ნეტარია და წმიდა, ვისაც წილი უდევს პირველაღდგომაში, მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფება მასზე“ (აპოკალიფსი 20,6).

სწორედ ამისთვისაა თითოეული ჩვენგანი მოწოდებული. ესაა ეკლესიის უპირველესი დანიშნულებაც, რომ აღდგომის თანაზიარად ჰყოს ადამიანი და იხსნას იგი მეორე ანუ მარადიული სიკვდილისაგან.

ჩვენი ცხოვრება მსგავსია იმ გზისა, ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ - ისრაელისაკენ მიმავალმა ებრაელებმა რომ განვლეს. ჩვენც უნდა გადავლახოთ მრავალი მწუხარება, იმედის გაცრუება, გაჭირვება, მაგრამ მაინც უნდა ვიყოთ ღმერთთან და არ დავკარგოთ მისი იმედი, თუ გვსურს მარადიული ნეტარების - აღთქმული მიწის ღირსნი გავხდეთ.

XX საუკუნე გამოირჩევა სწრაფად ცვალებადი ცხოვრების წესით. დიდი ხანი არ არის, რაც წარმოიშვა სამყაროს რაღაც ახალი ხედვა. მეცნიერების, ხელოვნების, ჩვენი ყოფის, კოსმოსის... თავისებური აღქმა, რომლის მიხედვითაც ყოველივე ადამიანის მიწიერი, მდაბალი მოთხოვნილებებით განიზომება.

წარსულმა ათწლეულებმაც დიდი დაღი დატოვეს: პიროვნებამ დაკარგა ნათელი აზროვნება, სულიერობა, ჭეშმარიტი რეალობის შეგრძნების უნარი. მისი სურვილები დავიწროვდა და გაუხეშდა, დაირღვა ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. ახალგაზრდობა მოსწყდა ოჯახის კერას, ტრადიციებს და ბედნიერების ძებნა მის გარეშე დაიწყო.

სად არის აქ ხსნა, სად არის გამოსავალი?

როცა ვუყურებთ წინააღმდეგობებით სავსე ჩვენს აწმყოს და ვცდილობთ დავინახოთ არცთუ ისე დიდი იმედის მომცემი ხვალინდელი დღე, აშკარად იგრძნობა, რომ თუ სულიერობისა და ინტელექტუალური აზროვნების წარმომადგენლები ერთმანეთს არ დაუახლოვდებიან, მსოფლიო დადგება გაუთვალისწინებელი, საბედისწერო კატაკლიზმების წინაშე.

დღეს უკვე მოწმენი ვართ სახელმწიფოთა, პარტიათა, ხალხთა და პიროვნებათა შორის დაუნდობელი, შეურიგებელი დაპირისპირებისა. სამოქალაქო ომები, სეპარატისტული მოძრაობანი ნიადაგს უმზადებენ ბელადთა, ან ამა თუ იმ პარტიათა დიქტატურას. კაცობრიობა ვულკანს ემსგავსება, რომელმაც ყოველ წუთს შეიძლება ამოხეთქოს.

ჩვენ, მართალია, არ უნდა ვიყოთ პესიმისტები, მაგრამ რეალობას მოკლებული ოპტიმიზმიც დამღუპველია. დღეს ძლიერნი ამა სოფლისანი გავლენის სფეროებისთვის იბრძვიან, მთავარი კი ავიწყდებათ. როცა ხედავ სიძულვილისა და ზიზღის უკუნი სიბნელე როგორ ცდილობს შეაღწიოს ადამიანის გულსა და გონებაში, ერთი იმედიღა რჩება - ღმერთი, გამაერთიანებელი და დამამშვიდებელი მადლი უფლისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მხოლოდ მასში პოვებს ადამის მოდგმა დაკარგულ მთლიანობას.

ღმერთი არის სათავე და მიზეზი ყოვლისა, წყარო სიცოცხლისა სადაც ცხრება ვნებები, წყნარდება შეურიგებელი, დაპირისპირებული ენერგიები, რადგან შემოქმედისაგან ყველას მიენიჭება მისი კუთვნილი ადგილი, უფლება და ღირებულება.

ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ნება, ღვთის განგებულება გამოვლინდება ჭეშმარიტი რელიგიით - მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით: იმ ეკლესიისა, რომლის შესახებაც მაცხოვარი ბრძანებს „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16,18).

ეყოფა ჩვენს ხალხს ძალა, რომ იპოვოს გზა ტაძრისაკენ მიმავალი?

ამ სასიცოცხლო ნაბიჯის გადადგმაში მას განსაკუთრებული დახმარება უნდა გაუწიოს ჩვენმა მრავალტანჯულმა, მაგრამ სულით გაუტეხელმა ინტელიგენციამ. ეს მისი მოვალეობაა.

საქართველოს კულტურული, ინტელექტუალური, თუნდაც მატერიალური პოტენციალის აღორძინება სულიერი ამაღლებით უნდა დაიწყოს. მეცნიერების და მის წარმომადგენელთა სულიერობა იქნება სათავე ჩვენი ქვეყნის განახლებისა.

ინტელიგენციაში დიდი პოტენციური ძალაა. წარსული დროის უმძიმეს პერიოდებშიც მოაზროვნე ფენა ჩვენი ქვეყნისა ხალხში ნერგავდა განათლებისა და სოციალური პროგრესის მაღალ იდეალებს, ცდილობდა მიახლოვებოდა ღრმა ფილოსოფიურ საკითხებს და აბსოლუტური ჭეშმარიტების პრობლემას. ერთადერთი, რაც მას აკლდა, ეს იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების სრული გააზრება. თავისი ფუნქციის სწორად შეფასებას და შესრულებას ინტელიგენცია შეძლებს მხოლოდ მაშინ, თუ თავის ცოდნას რწმენას დაუკავშირებს. ოდენ ამ შემთხვევაში მიაღწევს ის დიდ და სასურველ შედეგებს.

II საუკუნის ცნობილი მეცნიერი, კლიმენტი ალექსანდრიელი არის საუკეთესო მაგალითი ცოდნისა და რწმენის შერწყმისა. მას უწოდებდნენ „დაბადებიდანვე პროფესორს“, „უპირატეს მისიონერს“, „პირველ ქრისტიან მეცნიერს“... იგი მღვდელი იყო, მაგრამ მხოლოდ სამოძღვრო საქმიანობით არ იფარგლებოდა. გამორჩეულ სულიერ ცხოვრებასთან ერთად ის გულდასმით სწავლობდა სიბრძნეს, ჰქონდა მჭიდრო კავშირი ალექსანდრიის საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ სკოლებთან.

თუ ტერტულიანეს დევიზი იყო: „იერუსალიმი და არა ათენი“,  - ანუ განშორება მეცნიერებისაგან, კლიმენტი ალექსანდრიელი მთელი თავისი ცხოვრებით და ნაშრომებით აღიარებდა რწმენის და მეცნიერების სინთეზს - ანუ „იერუსალიმს და ათენს“. ოღონდ უპირველეს მნიშვნელობას რწმენას ანიჭებდა, შემდეგ კი რწმენაზე აგებულ მეცნიერებას.

ერეტიკულმა მიმდინარეობამ, გნოსტიციზმმა, დააბრკოლა პირველი ქრისტიანები ჭეშმარიტი გნოსისის - ცოდნის მიმართ; იმ სიმაღლეების მიმართ, რასაც მიაღწია კაცობრიობამ ანტიკურ ფილოსოფოსთა და მოაზროვნეთა საშუალებით.

პირველი, ვინც წინ აღუდგა ამ მიმართულებას და ანტიკურ ლოგოსს - სიტყვას ქრისტიანული სული შთაბერა, იყო წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი. გავიხსენოთ როგორ იწყება მისი სახარება: „პირველითგან იყო სიტყვა“ (ლოგოსი) (იოან. 1,1).

ამიტომაც კლიმენტი ალექსანდრიელი ითვლება მოციქული იოანე ღვთისმეტყველის მოწაფედ და მიმდევრად. მისი წიგნი „სტრომატები“ არის მეცნიერული ნაშრომი, რომელშიც ავტორი იცავს ჭეშმარიტ ფილოსოფიას და მიიჩნევს მას მაღალ სულიერ და ინტელექტუალურ ღირებულებად.

მკვლევარები კლიმენტი ალექსანდრიელის ნაწერებში ხედავენ ერთ მთელად ქცეულ სამ ძირითად საწყისს, რომელმაც მშვენიერ შედეგი გამოიღო: 1) წმიდა წვრილი, 2) ღვთისმეტყველური გონებით დანახული და გაანალიზებული ძველი ფილოსოფია, 3) პირადი სულიერ-მისტიური მოღვაწეობა.

კლიმენტი ალექსანდრიელის აზრით, ღმერთი და ჩვენი ყოფის ღვთაებრივი აზრი რწმენისა და გონების გადაკვეთაზე უნდა ვეძიოთ. მას აქვს ასეთი შესანიშნავი გამოთქმა: „როგორც წმიდა ზეთი იღვრებოდა აარონის თავიდან წვერზე და მისი სამოსლის ბოლოებზე, ასევე ჭეშმარიტების ღვთაებრივი მირონი ლოგოსისგან - მარადიული პირველმღვდელმსახურისგან თავდაპირველად გარდამოედინებოდა მის რჩეულ ერზე, შემდეგ კი გავრცელდა ბერძნულ ფილოსოფიაზეც“.

II საუკუნის აპოლოგეტების მსგავსად, კლიმენტი ხშირად აღნიშნავდა, რომ პლატონის მასწავლებელი მოსე წინასწარმეტყველი იყო.

კლიმენტი ალექსანდრიელი, თანახმად სახარებისა, ქრისტიანებს ორ ჯგუფად ყოფს: I - მონანი ღვთისა. ესენი არიან რწმენის შესახებ პრიმიტიული ცოდნის მქონე მორწმუნენი, რომელნიც მარტივად განიხილავენ წმიდა წერილს, არ უღრმავდებიან მის საკრალურ აზრს და კმაყოფილდებიან იგავთა და სიმბოლოთა პირდაპირი გაგებით.

მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან გნოსტიკოსები - მეცნიერები, რომელნიც რწმენითა და ცოდნის წყალობით ადიან მაღალი სულიერი და მისტიკური ჭვრეტის საფეხურებზე. მათ ეს ღირსეული მამა უფლის მეგობრებს უწოდებს. ასე რომ, ადამიანმა უნდა განვლოს სრულყოფის გზა ღვთის მონიდან ღვთის მეგობრამდე, თუ სურს გააცნობიგროს თავისი ნამდვილი ადგილი და დანიშნულება ამ ქვეყანაზე.

კლიმენტის აზრით, არ არის საკმარისი ოდენ ცოდნა. პიროვნება აუცილებლად უნდა ესწრაფვოდეს სიკეთის ქმნას, რომ შეძლოს აღასრულოს ღვთის მცნებანი და თანდათანობით მიემსგავსოს შემოქმედს.

ასეთი ადამიანისათვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის არა ჯილდოს მიღების სურვილი ან სასჯელის შიში, არამედ ღვთის და სიკეთის ქმნის უანგარო სიყვარული. ამგვარი პიროვნება თანდათან თავისუფლდება შურის, სასოწარკვეთილების, შიშის, ბოროტების და სხვა ვნებებისაგან, მას უყვარს ყველა და ცდილობს, დააახლოვოს ისინი ღმერთს. ამასთან მუდამ ახსოვს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: „ღმერთი სიყვარული არს“ და თვითონაც სიყვარულის მადლით ამყარებს მუდმივ, ლოცვით ერთობას უფალთან და მოყვასთან.

ინტელექტუალები - სხვადასხვა შეხედულებებისა და მიმართულებების მოაზროვნენია. მათ აქვთ თავიანთი მიზანი-იდეალი, რომელსაც ემსახურებიან მთელი სიცოცხლის მანძილზე; მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იდეები ზოგჯერ მეტად მიწიერი, ვიწრო და რაციონალურია. მათი მსჯელობაც ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის შესახებ ხშირად ადამიანური, პირადი გრძნობებით არის ნაკარნახევი.

მართალია, ყოველი ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს ჭეშმარიტებასაც და სამართლიანობასაც, მაგრამ უნდა არსებობდეს ავტორიტეტი, აუცილებელია საერთო საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა ჩვენი ფიქრები, ჩვენი ნააზრევი. ასეთი ავტორიტეტი ერთად-ერთია - ღვთის განჩინებანი, ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჩვენი სულიერი საგანძური. ამის გარეშე ნებისმიერი იდეა და გამოგონება ჩვენს საწინააღმდეგოდვე მობრუნდება.

წარსული ათწლეულების ძირითადი სიმძიმე ეკლესიას და ინტელიგენციას დააწვა, რადგანაც ისინი განსაზღვრავენ ერის სულიერ და გონებრივ პოტენციალს, ამიტომაც დიდი იყო სურვილი მათი დამონებისა ან განადგურებისა.

ჩვენი ინტელიგენცია ამჟამად სულ უფრო იკრებს ძალას. ახალგაზრდული კადრები ემატება მის რიგებს და ახალი ძალით ავსებს მას.

სასიხარულოა, რომ ბევრმა მათგანმა ეკლესიაში პოვა ღმერთი და თავისი თავი, რითაც ხელი შეუწყო თავის გარშემო მრავალთა მოქცევას, ერთიანი ეროვნული სხეულის აღმშენებლობას. ამას დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველო იქცა ასპარეზად ჩვენთვის უცხო და მიუღებელი იდეოლოგიების, რელიგიებისა და სექტების თარეშისა. ინტელიგენცია სულ უფრო ნათლად აცნობიერებს რელიგიური დაპირისპირების საშიშროებას. აცნობიერებს, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოების გარეშე ირღვევა საფუძველი ჩვენი კულტურისა, იკარგება ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეროვნული სახე. ამიტომაც იგი თანდათან აქტიურად ებმება ეკლესიის ცხოვრებაში, მის მეცნიერულ-საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სხვა საქმიანობაში.

სულიერმა და ინტელექტუალურმა ძალებმა ერთმანეთისკენ დაიწყეს სვლა და ეს ჩვენ დიდ იმედს გვისახავს. ღვთის ძალით ჩვენი ხალხი ძნელად, მაგრამ მაინც თავისუფლდება ბოროტი ძალებისაგან. სადღაც შორს უკვე ჩანს სინათლის შუქი.

მისასალმებელია, რომ ჩვენს მეცნიერთა წრეში გაჩნდა სურვილი და მოთხოვნილება გელათის აკადემიის, როგორც სამეცნიერო ცენტრის, აღდგენისა იმ სახით, როგორც ეს იყო დადგინებული წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ, ცნობილია, რომ დავით მეფის მეცადინეობით გელათის აკადემია იქცა ახალ იერუსალიმად და მეორე ათენად, ანუ სულიერობისა და მეცნიერული კვლევის ცენტრად, რითაც მან გააგრძელა კლიმენტი ალექსანდრიელის გზა.

ჩვენ მხარი დავუჭირეთ ინტელიგენციის ამ იდეას და გადავწყვიტეთ, საქართველოს საპატრიარქოს სულიერი მფარველობით და ხელისუფლების აქტიური თანადგომით ქუთაისში დაარსდეს გელათის მეცნიერებათა აკადემია, სადაც არჩეულ აკადემიკოსთა ხელმძღვანელობით დამუშავდება დიდი სპექტრი სულიერი თვალით დანახული სამეცნიერო თემებისა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბიბლიოლოგიას, ღვთისმეტყველებას, ქართველოლოგიურ და ენათმეცნიერულ კვლევას, კულტურული, ფსიქოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთიკური, ისტორიული და სხვა საკითხების გაშუქებას. აქ ერთად იმოღვაწებენ ჩვენი ცნობილი საერო მკვლევარნი და სასულიერო პირნი.

ეკლესიის ცხოვრებაში იყო გამორჩეული პერიოდები, როცა განსაკუთრებულად ღვივდებოდა საღვთისმეტყველო აზრი. ასეთ დროს სხვა და სხვა ადგილებზე ჩნდებოდა ხოლმე სულიერ-ინტელექტუალური კერები. ვფიქრობთ, გელათის აკადემიაც მსგავს სავანედ იქცევა.

გელათის აკადემია უნდა იყოს მოწოდებული არა მარტო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის, არამედ სულიერი მოღვაწეობისთვისაც. მან უნდა მისცეს ხალხს ცოდნა ადამიანის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვალეობებისა, გაუღვივოს მას სინანულისა და განწმენდის სურვილი და მოამზადოს მარადიული ცხოვრებისათვის.

წმ. ბასილი დიდი წერს: „ხარ შენ ფრიად მდიდარი, ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქე, ხარ შენ ჯანმრთელობით და სილამაზით დაჯილდოებული, დაფასებული დამსახურებისამებრ? - მუდამ გახსოვდეს, არსებობს მიწა და მიწად მიიქცევა ყოველი. ვითარცა ყვავილი და ბალახი, განქარდება ის, რითაც ამაყობ. გადახედე წარსულს: მრავალნი იყვნენ ჩინებულნი, მაგრამ სადღა არიან რჩეულნი გმირნი ან დიდებულ სამეფოთა განმგებელნი, სად არიან ბრძენნი და დიდვაჭარნი, გავლენიანი თავადები, ცხენის რემათა მფლობელნი, უძლეველი მებრძოლნი, სახელოვანი სარდლები, სად არიან მეფენი; განა მიწას არ მიებარნენ ყოველნი?

ამიტომაც, არაფრით არ უნდა იამაყო. სხეული შენი - მიწაა, მიწიერი დიდება ყვავილივით დაჭკნება... სული და სხეული და-ძმანი არიან, ღვთის მცნებათა დარღვევა ორივეს ერთნაირად ამძიმებს: მაშ შევინანოთ, რათა უფლისაგან ცოდვათა შენდობა მივიღოთ და მის წინაშე მადლი ვპოვოთ“ (დარიგებანი, 26 იანვარი).

ღირსი მაქსიმე ბრძანებს: - სუფთა გულში, რომელმაც სიწმინდისა და უბრალოების მწვერვალებს მიაღწია, როგორც სუფთა წიგნში, ღმერთი თავის კანონებს წერს.

ღირსი დიონისე კი ასე გვარიგებს: სიბრძნე გონებას მჭვრეტელობით უნარს ანიჭებს, მჭვრეტელობით ცოდნა მოიპოვება. ჭეშმარიტი ცოდნით კი - ჭეშმარიტებას ვეზიარებით. სიბრძნე არის გონების ძალა და უნარი. თუ გონება ფილოსოფიურია, იგი იწყებს სამყაროს აღქმას რწმენით და ამთავრებს უფრო დიდი და ჭეშმარიტი რწმენით.

ქრისტეს აღდგომის ზეიმი სწორედ ასეთი მაღალი მჭვრეტელობისა და შემეცნებისაკენ მოგვიწოდებს. იგია ღვთაებრივი სიხარულის დღესასწაული, რომელსაც ადამიანი ვერ იტევს. ის, ვითარცა კეთილსურნელოვანი მირონი, იღვრება გარშემო და ავსებს ყველას სიყვარულით.

ღვთაებრივი სიყვარულის ამ წმიდა დღეს აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გამთლიანებისა და აღორძინებისათვის. აღვავლენთ ლოცვებს ტვირთმძიმეთა და ჭირთა შინა მყოფთათვის, სნეულთა, ღატაკთა და ტყვეთათვის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ლტოლვილთათვის.

ჩვენ განსაკუთრებულად აღვავლენთ ლოცვებს მათთვის, რომელთა გულებიც სავსეა ბოროტებით, შურითა და ღვარძლით. შევსთხოვთ უფალს, ყველა განწმინდოს და გაათავისუფლოს ამ საშინელი ცოდვებისაგან, მაცხოვარმა მოგვმადლოს მიმტევებლობის ნიჭი და შინაგანი მშვიდობა.

გახსოვდეთ, არცერთ მტერს არ შეუძლია ისეთი ზიანი მოგვაყენოს, როგორსაც ჩვენ მივაყენებთ საკუთარ თავს. სძლიე შენს თავს, შენს ეგოიზმს და იქნები გამარჯვებული ყველგან და ყოველთვის.

ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო, გულითადად გილოცავთ პასექის დღეს.

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

დაე მუდამ თან გდევდეთ აღდგომის სიხარული, დაე ღვთისაგანა იქნას შეწყნარებული ყველა თქვენი კეთილი ლოცვა და ვედრება. სევდის ნაცვლად სიხარულმა შემოაბიჯოს თქვენს გულებში, თქვენს ოჯახებში და დაივანოს იქ.

უფალი ბრძანებს: „გითხარით თქვენ, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიყვარული“ (იოანე 15,11), - ეს აღსრულდება, თუ ღვთის გზით ვივლით, მისი მცნებებით ვიცხოვრებთ.

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ჭეშბარიტად აღდგა ქრისტე!

აღდგომა ქრისტესი,
1995 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ

მსგავსი განცხადებები: