სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის
სააღდგომო ეპისტოლე
„მოვედით ყოველნო მორწმუნენო, თაყვანის-ვსცეთ
ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა“
(ზატიკი).
ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, პატიოსანნო მოძღვარნო და დიაკონნო, ღვთისსაყვარელნო ბერ-მონაზონნო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, სულიერნო შვილნო საქართველოს წმიდა ეკლესიისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ღვთივდაცული ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
გვიახლოვდება სიხარულითა და იდუმალებით სავსე ღამე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთითა ბაგითა და ერთითა გულითა ვიზეიმებთ სიცოცხლის მიერ სიკვდილის ძლევას - ქრისტეს დიდებულ აღდგომას.
პასექის სიხარულით აღვსილი, უფლისა და თქვენი სიყვარულით გამთბარი, ჩვენი ღვთისმოსავი წინაპრების მიერ თითქმის 2000 წლის მანძილზე რწმენითა და სასოებით წარმოთქმული სიტყვებით გულითადად გილოცავთ:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისაა (იოანე 12,31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო. თვისი ვნებითა და აღდგომით მაცხოვარმა გვიხსნა როგორც ხორციელი, ისე, უპირველეს ყოვლისა, სულიერი სიკვდილისაგან - ღვთის მადლისა და მასთან ერთად, სულიერი ნათლის, სიხარულისა და ნეტარების მოკლებისაგან.
„თუმც ადამიანის სულს, - წერს ნეტარი ავგუსტინე, - სამართლიანად უწოდებენ უკვდავს, მაგრამ იგი თავისებურად მაინც კვდება. სიკვდილი მოდის მაშინ, როცა ღმერთი ტოვებს სულს. ამ სიკვდილს კიდევ სხვა სიკვდილი მოსდევს, რომელსაც წმიდა წერილი მეორე სიკვდილს უწოდებს... ეს სიკვდილი ყველა უბედურებაზე უფრო მძიმე და საზარელია, რადგანაც იგი სულისა და ხორცის გაყრას კი არ ნიშნავს, არამედ მათ შეერთებას საუკუნო სატანჯველისთვის“ (წმ. მამათა შრომების დამატება, ნაწილი XV, გვ.625, მ. 1856).
იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა ჩვენი მრწამსის ქვაკუთხედია. უფალი რომ არ აღმდგარიყო, ქრისტიანული რწმენის ყველა ჭეშმარიტება ძალასა და აზრს დაკარგავდა. მოციქული პავლე, რომელიც ადრე დაუზოგავად დევნიდა იესოს მიმდევართ, შემდეგ კი წმიდა სახარების ერთ-ერთი უპირველესი მქადაგებელი გახდა, ასე სწერს კორინთელ ქრისტიანებს: „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ჩუენი, და ცუდად არს, სარწმუნოება ეგე თქუენი“ (I კორინ, 15,14). „ქრისტე ღმერთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე“ (I კორინ. 1,24).
იმდენად დიდი და მხურვალე იყო მისი რწმენა, რომ აღდგომილი მაცხოვრისათვის მან თავისი ნებით მიიღო სასჯელი და მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე რომში; იგი მოციქულ პეტრეს მსგავსად ჯვარზე არ უცვიათ. მას, როგორც რომის მოქალაქეს, მახვილით მოჰკვეთეს თავი. საკვირველია წმიდა პავლეს უსაზღვრო სიყვარული ღვთისა და ხალხისადმი. ამიტომაც ბრძანებს ასე: ვიცი, რომელი იგი მრწმენა (2 ტიმ. 1,12); ეს სიტყვები შეუძლია გაიმეოროს ყველამ, ვინც კი ღრმად ჩასწვდა წმიდა წერილის აზრს, ვიცი ცხოვრებაცა და საქმიანობაც შეესატყვისება ღვთის მცნებებს: რადგან ამ შემთხვევაში იქნება რწმენა მისი ურყევი და წყარო სიყვარულისა - დაუშრეტელი მასში. ასეთი პიროვნება თვითონ იქცევა იმ დიდებულ ტაძრად, რომელშიც ივანებს უფალი და ჩვენ ხომ სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი; მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ „სიკეთის ქმნა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც თავისი სურილით მიდის სიკეთესთან და გონებით იღებს მას“ (ვ.ს. სოლოვიოვი, რჩეული თხზულებანი, ტ.7, გვ.147).
ჩვენს წინაშე მეტად მნიშვნელოვანი კითხვა დგას: სად არის დღევანდელ მსოფლიოში ადამიანის ადგილი?
კაცობრიობის მთელ ისტორიაში ადამიანის პრობლემა ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესთაგანი იყო. ჩვენს დროში კი იგი იმდენად აქტუალური და ძნელად გადასაწყვეტი გახდა, რომ ზოგჯერ გვეჩვენება, - ამ სამყაროში აღარ დარჩა ადგილი კაცისთვის.
მეცნიერებამ და ტექნიკამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი ცხოვრების სულ უფრო გართულება. შეძლებს კი ადამიანი ალღო აუღოს, შეისწავლოს და გამოიყენოს ეს ყველაფერი; შეძლებს, გაუმკლავდეს მის წინააღმდეგ დაძრული რობოტების მრავალმილიონიან ჯარს, თუ ამ უსულო მანქანების მონად იქცევა კაცი? შეეფარდება მეცნიერულ პროგრესს პიროვნების შესაძლებლობათა განვითარება მაშინ, როდესაც ტექნიკური წინსვლა მომავალში გაცილებით სწრაფი იქნება?
აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ ადამიანი შინაგანი განვითარების რა პოტენციალს ფლობს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი ისე, რომ არ შევზღუდოთ ღვთის მიერ კაცისთვის მონიჭებული თავისუფალი ნება, რომლის გარეშე როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე სულიერი წინსვლა ვერ განხორციელდება.
მაგრამ როგორ მოვიპოვოთ თავისუფლება?
და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ... უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავის უფალ-იყუნეთ (იოანე VIII, 32,36), - ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
„უფალი სულ არს, ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ (ე. ი. თავისუფლება) არს“ (2 კორინ. 3, 17), - გვასწავლის პავლე მოციქული.
მიწიერსა და ყოველდღიურზე ზრუნვამ არ უნდა დაგვავიწყოს სული და სულიერი კულტურა, რადგან უსულოდ ნებისმიერმა მიღწევამ შეიძლება დაკარგოს ფასი და თვით ადამიანის საწინააღმდეგოდ მიიმართოს.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი გაუძლებს მატერიალურ-ტექნიკურ შემოტევას, თუ იგი რწმენას, სიყვარულს, ადამიანებთან კეთილ დამოკიდებულებას, მაღალ ინტელექტსა და კულტურას შეინარჩუნებს. სამწუხაროდ, ადამიანი ზოგჯერ კვლავ ძველი კატეგორიებით მსჯელობს, აუცილებელი კია თანამედროვე აღქმა მოვლენებისა და ყოველივე სიახლისადმი დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით მოკიდება. ამაზე ფიქრობენ დღეს ღვთისმეტყველნი და ფილოსოფოსნი, სოციოლოგები და ანთროპოლოგები, დღეს ეს საკითხი აღელვებს ყველას.
სწორედ ამიტომ უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა არსებითი ცვლილებები ადამიანის პრობლემისადმი დამოკიდებულების საკითხში. ახლა უკვე ყველა აღიარებს, რომ ამ ქვეყნად ადამიანზე ძვირფასი არაფერია, რომ იგია საზომი საზოგადოებრივი და მატერიალური ყოველგვარი სიმდიდრისა. თვით ისტორიაც სულ უფრო ხშირად განიხილება არა როგორც საზოგადოების ისტორია, არამედ, როგორც ადამიანის განვითარებისა და სულიერი სრულყოფის ისტორია.
მაინც რა დადებითი და უარყოფითი ცვლილებები მოხდა ანდა მიმდინარეობს პიროვნებაში, რა ახარებს და აღიზიანებს მას, რა მიმართულებით ვითარდება იგი, როგორ მოქმედებს მასზე განსხვავებული პირობები?
ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ დღეს ქვეყნად ჰუმანიზმი აღარ არსებობს, რომ იგი მოკვდა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები და იქცა ცარიელ, ფარისევლურ ფრაზად, ამ თვალსაზრისს არ შეიძლება დავეთანხმოთ, რადგანაც ჰუმანიზმი, ამ სიტყვის ფართო გაგებით, იქნება მანამ, ვიდრე ადამიანში იარსებებს ღვთის ხატება. ბეჭედი კი ღვთის ხატებისა არ ქრება; იგი შეიძლება ცოდვების გამო დაიჩრდილოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის წაშლას. ჰუმანიზმის სიკვდილი კაცობრიობის სიკვდილია.
საზოგადოვბის ნაწილი დიდ იმედს ამყარებს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე და მიაჩნია, რომ სწორედ იგი მოუტანს კაცს ბედნიერებას. მეცნიერებასა და ტექნიკას შეუძლია გარკვეულ წილად შეცვალოს ფიზიკური სამყარო, შეცვალოს ჩვენი პლანეტის გარეგნული სახე, მისი ფლორა და ფაუნა, გეოგრაფიული ზედაპირი... მაგრამ ადამიანის გარდაქმნა, მისი გაკეთილშობილება და სულიერი ამაღლება ისევ და ისევ ადამიანის ხელთაა.
ჩვენს მეტად რთულ და დაძაბულ დროში ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოების, მთელი სახელმწიფოსა და ცალკეული პიროვნების კულტურაზე. „სიტყვა კულტურა საზოგადოებრივ მეცნიერებებსა, და განსაკუთრებით ისტორიაში, ორი აზრით იხმარება. პირველის მიხედვით კულტურაში უმთავრესად იგულისხმება განათლება, როდესაც, მაგალითად, ლაპარაკობენ კულტურულ ერებზე ან საზოგადოების ფენებზე და უპირისპირებენ მათ უკულტურო ერებსა და კლასებს. იგივე გაგებით იხმარება გამოთქმა, ვთქვათ, კულტურული ადამიანი, კულტურული მანერები და ა.შ. კულტურას მეორე, გაცილებით ფართო გაგებას სძენს ყოფის მნიშვნელობა საერთოდ ანუ შინაგანი მდგომარეობა“ (ბროკჰაუზენისა და ეფრონის ენციკლოპედია, ტ. 33). კულტურას ასე განყოფენ: მატერიალური (აქ იგულისხმება ცხოვრების პირობები, ჩაცმულობა, იარაღი, შეიარაღება, ძვირფასეულობა და ა.შ.), სულიერი; მასში შედის: რელიგია, ენა, ჩვეულებანი, ზნეობა, ცოდნა, ლიტერატურა, ხელოვნება... და საზოგადოებრივი კულტურა ანუ სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, საზოგადოებრივი ფორმები და კანონები...
საზოგადოებრივი ყოფის დღევანდელი ფორმა თავისთავად ითხოვს ადამიანისაგან მრავალ სიახლეს: ახლებურად აზროვნებას, ღირებულებათა და წარმოდგენათა გადაფასებას, მაღალ სულიერ კულტურას.
ჩვენს საუკუნეში როდესაც ძალიან ბევრია უმაღლესდამთავრებული, ხოლო დანარჩენნი კი საშუალო განათლებით არიან, ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ განათლება კულტურას არ ნიშნავს.
განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს? რომელმაც ცოდნა იმისთვის შეიძინა, რომ უფრო კარგად დაწეროს ცილისმწამებლური, ანონიმური წერილები, რომ უფრო მოხერხებულად დაუგოს მახე მოყვასს, დასცინოს და შეურაცხყოს იგი. ასეთი კაცი თავის ვიწრო ეგოიზმშია ჩაკეტილი, უსაზღვროა სიმდიდრისადმი მისი ლტოლვა და ყოველდღიური ზრუნვა მიწიერ სიკეთეთა მოსაპოვებლად;
რა შეიძლება ითქვას ისეთ კაცზე, რომელმაც არასწორი გზით მოიპოვა მაღალი სამსახურებრივი მდგომარეობა, რომელიც ცდილობს, დაამციროს, შეურაცხყოს მისდამი დაქვემდებარებულნი, ატყუებს ხალხს და ცხოვრობს პრინციპით: „მე ვარ ხელმძღვანელი, შენ ხარ სულელი; შენ ხარ ხელმძღვანელი, მე ვარ სულელი“. ასეთი ადამიანი შორსაა არა მარტო ღვთისა და რწმენისაგან, არამედ ყოველგვარი კულტურისაგან.
ცუდად აღზრდილთათვის განათლება იგივეა, რაც მახვილი უგნურთა ხელში, - წერს ერთი ღვთისმეტყველი. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ, რომ თუნდაც ერთი მოზარდის ნაკლოვანებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება ხასიათის საშიშ თვისებებად იქცეს და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას.
ადამიანის შინაგანი კულტურა აუცილებლად გამოვლინდება გარეგნულ ქცევაში. თუმცა არცთუ იშვიათად დახვეწილ ქცევას, განათლებას, ეტიკეტის ცოდნას, გარეგნულ ბრწყინვალებასა და მოჩვენებით გულითადობას იყენებენ შინაგანი სიცარიელის, შურის, ზიზღისა და ცინიზმის დასაფარავად; მაგრამ „არა არს დაფარული, რომელი არ განცხადდეს“ (მათე 10,26).
რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მომედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: „რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ“ (რომ. 7,15). მშვენივრად თქვა ჰაინრიხ ჰაინემ: „მსოფლიო ორად გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარა“.
„მე ვარ უფალი - მკურნალი შენი“ (გამოსვლათა 15,26), - ბრძანებს შემოქმედი და წინასწარმეტყველი იერემიას საშუალებით გვამცნობს: „აჰა, მე მოვაწიო მათ ზედა შებრძჳლვა და კურნება და განკურნნე იგინი, და ვყო მათთვს მშვიდობა და სარწმუნოება“.
მხოლოდ ღმერთია მსოფლიოსა და კაცთა მკურნალი და მხსნელი, მხოლოდ მისი შეწევნით შეიძლება შინაგანი წინააღმდეგობის ძლევა, მშვიდობის დამყარება საკუთარ თავთან, მოყვასთან და ხალხთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მიღწევა, რაც აზრთა შემთხვევითი სხვადასხვაობისაგან თავის არიდებასა და მის სანაცვლოდ ოპტიმალური და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
კულტურა არ უნდა იყოს ჩაკეტილი მხოლოდ მუზეუმებსა და თეატრებში; იგი უნდა იგრძნობოდეს ყველგან: ქუჩაში, ბაღებსა და სკვერებში. რესტორნებსა და კაფეებში, ყოველ ოჯახში. კულტურა არ არის მარტო სპორტსა და საზეიმო შეხვედრებში მონაწილეობა, არც მედლებისა და ჯილდოების დამსახურება, გამოფენების დათვალიერება, ბიბლიოთეკებსა და კაფეებში სიარული... კულტურა არის მუდმივი მზადყოფნა სხვისთვის სიხარულის მისანიჭებლად, ზრუნვა მომავლისათვის, ახალგაზრდებისა და საერთოდ ადამიანისათვის ღვთივმინიჭებული უნარისა და შესაძლებლობების გამოვლინებისათვის, მოყვასში და საკუთარ თავში შემოქმედებითი ძალისა და მრავალმხრივი ტალანტის აღმოჩენისა და გამომზეურებისთვის.
დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქეს ლიტერატურას, თეატრსა და კინოს, საერთოდ ხელოვნებას. ტალანტითა და ნიჭით დაჯილდოებულ მწერალსა და რეჟისორს, რომელიც თვითონაც ცხოვრების შუაგულში ტრიალებს და ხედავს კაცთა გულის იდუმალ ზრახვებს, კეთილი მწყემსის მსგავსად ძალუძს, დაგვეხმაროს როგორც სინამდვილის შეცნობაში, ისე ჩვენთვის სავალი გზების მიგნებაში; ოღონდ ისე, რომ ჭრილობა მარტო კი არ გააშიშვლოს, არამედ უმკურნალოს მას ანდა გვასწავლოს მაინც როგორ მოვიშუშოთ იგი.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ სათქმელი რა ფორმით მივა მსმენელამდე.
ბერტოლ ბრეჰტი „მკითხველთან ჭკვიანური საუბრის ხელოვნებას“ განასხვავებდა „რიტორიკული დიდაქტიკისაგან“. „ჭკვიანური საუბრის ხელოვნება“ მკითხვვლს აძლევს თავისუფლებას, ავტორთან ერთად იმსჯელოს, მრავალ საკითხში არც დაეთანხმოს მას; აღძრავს მოქმედების სურვილს. „რიტორიკული დიდაქტიზმი“ კი მკითხველს ავტორის მონად აქცევს და აიძულებს, მუდამ ეთანხმებოდეს მის აზრს. „ჩემს თეატრში, - წერს ბრეჰტი, - მაყურებელს მონარქად ვაქცევ, მაგრამ მოჩვენებითად კი არა, არამედ ნამდვილ საზოგადოებრივ მოღვაწედ და მოაზროვნედ. ჩემი თეატრი მშრომელი ხალხისთვის იქცევა ლაბორატორიად... და მე ვიმოქმედებ კლასიკოსთა მოწოდებისამებრ: „გარდაქმენი სამყარო, სამყარო ამას მოითხოვს“ (ფილოსოფიის საკითხები, №12, გვ. 5, მ. 1984).
კაცობრიობის კულტურის ისტორია გრძელი ჯაჭვის სახით წარმოგვიდგება, რომლის ყოველი ნაწილი მჭიდროდ არის დაკავშირებული წინა და მომდევნო რგოლებთან. მემკვიდრეობა და ურთიერთ გავლენა არის მთავარი ბიძგის მიმცემი კულტურის განვითარებისათვის.
ქართულმა ნაციონალურმა გენიამ, ეროვნულთან ერთად, შეითვისა რა ცხოველსმყოფელი წყარო რომაული, ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციებისა, შექმნა უდიდესი ტაძარი სულიერი შენობისა, რომლის მთავარი ხუროთმოძღვარი იყო ქრისტიანი ქართველი კაცი. საერთოდ ქრისტიანმა ადამიანმა მადლიერი რწმენითა და ცოდნით ამოკვეთა ზნეობრივი ცხოვრების ისეთი ბრწყინვალე კანონები და მაგალითები, რომლის მსგავსს არ იცნობდა წინარე ქრისტიანული მსოფლიო.
ასე რომ, კულტურა მხოლოდ ცალკეული ადამიანის პირადი საქმე როდია, იგი მთელი ხალხის სიმდიდრეა.
ჩვენი მიზანი არ არის კულტურის კანონებზე წერა, უბრალოდ გვსურს მეტი სერიოზულობით დავუფიქრდეთ ამ პრობლემას და მისდამი ჩვენს დამოკიდებულებას.
კულტურის საკითხთან დაკავშირებით უნდა შევეხოთ დროის პრობლემასაც. დროს ჩვენ ხშირად არ ვუფრთხილდებით, ანდა ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ. სად არის საზღვარი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის? ფსიქოლოგებმა იციან, რომ აწმყო დრო შეიძლება გასცილდეს დღის, თვისა და თვით ათეული წლების ფარგლებს. თუ მწერალს ან რომელიმე საზოგადო მოღვაწეს ვკითხავთ თქვენ ახლა რაზე ფიქრობთო? იგი არ გიპასუხებთ: ახლა ვცდილობ, პასუხი გავცე თქვენს შეკითხვასო; რადგან ის, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, აზროვნებს არა წამებითა და წუთებით, არამედ დროის გაცილებით დიდი მონაკვეთებით.
„ჩვენი მხოლოდ აწმყოა“, - ასეთი პრინციპი წამოაყვნა სოკრატეს ერთ-ერთმა მოწაფემ, არისტიპემ.
დიახ, აწმყო უნდა დავაფასოთ და როგორც ფუტკარმა - თაფლი, ჩვენც ქველის საქმენი უნდა შევკრიბოთ. უნდა ვიჩქაროთ, რადგან არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. მუდამ უნდა გვახოვდეს სოლომონ მეფის სიტყვები: „უარს ნუ ეტყვი გაჭირვებულს დახმარებაზე, ოდეს ხელს შენსას ძალუძს შეწევნა“ (იგავნი 3, 27). შეეწიე მოყვასს და საკუთარ თავს და შენ იქნები ბედნიერი. სიხარული მოგენიჭება, როცა სიკვდილისაგან იხსნი ადამიანს, დაეხმარები გაჭირვებულს, სულიერი მღელვარების ჟამს მხარში ამოუდგები მას, მხურვალედ ილოცებ, აღსარების საიდუმლოს საშუალებით გათავისუფლდები ცოდვებისაგან, წმინდა ზიარების წყალობით განიცდი უფალს შენში, აპატიებ შემცოდეთ, შეარიგებ დამდურებულთ, ჭეშმარიტების გზაზე დააყენებ შეცდომილთ - ყველა ასეთი წუთი ბედნიერების მომტანია და დიდი ხნის მანძილზე ასაზრდოებს სულს.
დროის ფაქტორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ვფიქრობთ სამყაროს ბედზე, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე.
„დასავლეოი არის დასავლეთი, აღმოსავლეთი არის აღმოსავლეთი და ადგილიდან მათ ვერ დაძრავ“, - წვრდა XIX საუკუნეში ცნობილი მწერალი კიპლინგი. მას აღმოსავლეთი და დასავლეთი მიაჩნდა განსაკუთრებულ, დროითა და სივრცით დაყოფილ ცივილიზაციებად, რომლებიც ვითარდებიან არა მარტო დაბოუკიდებლად, ამედ განსხვავებული კანონებითაც.
თანამედროვე ყოფამ მეტად დააახლოვა მიწიერი ყველა ცივილიზაცია, მაგრამ სხვაობა აზროვნებასა და შეხედულებებში კვლავ დარჩა. განსხვავებულია ადამიანთა ქცევა სხვადასხვა სიტუაციებში: ზოგი გარკვეულ წინააღმდეგობებთან შეჯახების შემდეგ იკრებს ძალას და ცდილობს, გამოასწოროს მისთვის არახელსაყრელი მდგომარეობა. სხვა კი შედარებით იოლად ეგუება მას, სამაგიეროდ თვითონ იცვლის ქცევას და მიზანს. მესამე არჩევს, განერიდოს არასასურველ ვითარებას.
ეკლესიის მთავარი მოვალეობა და დანიშნულებაა ხალხისა და ქვეყნისთვის მსხვერპლად შეწირული სამსახური, მსახურება აღმოსავლეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც, საერთოდ ყველასთვის, მსახურება მშვიდობისა და სიყვარულისთვის. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „მშვიდობა თუ არის, იქნება სიყვარულიც და პირიქით, სადაც სიყვარულია, იქ მშვიდობა ისადგურებს“. (იოანე ოქროპირი, ტ. II, გვ. 216).
ჩვენი დროისთვის დამახასიათებელია როგორც ომის საშიშროება, ისე ომის საწინააღმდეგო ერთობლივი მოქმედება, რომელშიც რელიგიური წრეებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ. და ეს გასაგებია, რადგან მშვიდობისაკენ სწრაფვა და მისთვის ბრძოლა ყოველი ქრისტიანის წმიდა მოვალეობაა.
აღვავლენთ ლოცვებს მათთვის, ვინც იღვწის ქვეყნად ღვთივკურთხეული მშვიდობის შენარჩუნებისათვის, სახელმწიფოთა და ხალხთა შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის განმტკიცებისათვის.
აღდგომილმა მაცხოვარმა დღეს თითოეულ ჩვენგანს გამოუთქმელი და აუხსხელი სიხარული და იმედი მიანიჭა, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უნდა გავუფრთხილდეთ. რა არის ეს? იგი შინაგანი დამშვიდებაა, ყოველი კეთილი ზრახვისა და მისწრაფების დაკმაყოფილებაა, მშვიდობაა უფალთან, მოყვასთან და საკუთარ სინდისთან; იგი შეგრძნებაა სიხარულისა, სიცოცხლის სისავსისა და სურვილი უმწიკვლო, წმიდა ცხოვრებისა. ამგვარი სიხარული რჩეულთა ხვედრია, მათი კუთვნილებაა, ვინც აღიარებს იესო ქრისტეს და მის გზას მიჰყვება, ვისაც ყოველთვის ესმის ხმა ღვთისა, ესმის და გრძნობს ხალხის მწუხარებას.
სიხარული მოგვეახლა, მორწმუნენო, ღვთაებრივი მადლის სიუხვისა, „რამეთუ - (ღმერთმა!) კეთილსა კაცსა წინაშე პირსა მისსა მისცა სიბრძნე, და მეცნიერება, და სიხარული“ (ეკლესიასტე 2, 26), - გვასწავლის ბრძენი ეკლესიასტე.
სიხარული, სიყვარული და ღვთის დიდება არ მოგკლებოდეთ აწ და მარადის.
ყოველ თქვენგანს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას. „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სად არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“ (I კორინთელთა 15,55).
გიხაროდეთ ორსავე სოფელსა შინა.
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
ქრისტესმიერი სიყვარულით.
აღდგომა ქრისტესი.
თბილისი, 1986 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.