პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე - 1996


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს

"მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ;
შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რადგან არ
მახარებს მე მომაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი,
აბა მოიქეცით და იცოცხლეთ" (ეზეკ. 18,31-32).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიის სამოციქუღო მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: "ესევდით მას ყოველი კრებული ერისაჲ. განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს" (ფსალმ. 61,8).

ღვთის შემწეობით ჩვენ განვლეთ მაცხოვნებელი დღენი დიდი მარხვისა, - ჟამი თვითჩაღრმავებისა და თვითანალიზისა, კიდევ უფრო ღრმად შევიცანით აზრი ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობისა, მისტიური და ღვთაებრივი შინაარსი მომხდარი მოვლენებისა და ჩვენი როლი ამ მოვლენებში. ჩვენს წინაშე ფრიად ძნელი ამოცანა დგას: ამ რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში, ყოველივე იმას, რაც ახლა ხდება, აუცილებლად ზუსტი და სამართლიანა შეფასება უნდა მივცეთ, რათა ვიცოდეთ, საით წავიდეთ.

ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდვს, რომ ყოველი სიტყვა, ჩვენს მიერ თქმული, ან დადებით, ან უარყოფით ენერგიას შეიცავს, რომელთაც არა მხოლოდ ჩვენ ვატარებთ, არამედ ჩვენს გარშემოც, ჩვენს მახლობლებსა და ნაცნობებზეც ვავრცელებთ. რა ხშირად არ გვაქვს ჩვენ ეს შეგნებული და უაზროდ წარმოთქმულ სიტყვებში ვიძირებით, გვაგიწყდება რა სიტყვები მაცხოვრისა: "ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო" (მათე 12,36-37).

ამიტომ დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს იმის მიმართ, თუ რას ვამბობთ, ან ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი სიტყვა და მოქმედება ჩვენი მაცხოვნებელი უნდა იყოს და ამავე დროს სამყაროს წინაშე ჩვენს რწმენას ღვთისა, - რწმენას მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრისა, უნდა გამოხატავდეს. რაც არ უნდა მძიმე ცხოვრება ჰქონდეს, დღესასწაულს წმიდა პასექისა მორწმუნე ქრისტიანისათვის ყოველთვის განსაკუთრებული სიხარული მოაქვს. ამ არამიწიერი სიხარულით აღსავსე ყველას სიყვარულით გილოცავთ დიდ დღესასწაულს სიხარულისა და სასოებისა:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

ჩვენ გვიხარია, რომ იძლია სიკვდილი და რომ მაცხოვრის სიკვდილითა და აღდგომით აღსრულდა დიდი საიდუმლო - გამოსყიდვა კაცთა მოდგმისა; გვიხარია, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია პავლე მოციქულთან ერთად გაიმეოროს სიტყვები: "სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?" (1 კორ. 15,55). ამიტომაც ვისმენთ ასეთი სიხარულით აღდგომის დიდი კანონის სიტყვებს: "სიკვდილითა სიკვდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა უგალობთ" (გალობა ზ. პასექისა).

სიკვდილი სხვადასხვა სახისაა: ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დროებით განგვაშორებს, იგი ამავე დროს კარიბჭეა ახალი, მარადიული ცხოვრებისა. ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დღე და წუთი ელის და მისი მოსვლისთვის უნდა ემზადებოდეს. სწამს ადამიანს თუ არა, სურს მას ეს თუ არა, სიკვდილის ზღურბლიდან ახალი, მარადიული ცხოვრება იწყება, რომელშიც იგი სამაგიეროს დამსახურებისამებრ მიიღებს. ვაი მათ, რომელნიც მიწიერ ტკბობათა გამო სულიერ სიკვდილს ეზიარებიან, რომელსაც წმ. წერილი მეორე სიკვდილს უწოდებს: "ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომისა მას შინა პირველისა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ხელმწიფებაჲ" (გამოცხ. 20,6).

ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ მისი გონება და გრძნობები საითკენაა მიმართული.

ადამიანის შემმეცნებელნი უნარნი - გონება და გრძნობა, ერთმანეთისაგან არა მხოლოდ თავიანთი ფუნქციებითა და შემეცნების სფეროებით, არამედ იერარქიული მდგომარეობითაც განსხვავდებიან. გონებამ, როგორც უფრო მაღალმა საწყისმა, გაბატონებული მდგომარეობა უნდა დაიკავოს, ყველა ჩვენი გრძნობისმიერი მოძრაობა გააკონტროლოს და იმ საზღვრებში მოაქციოს, რომელიც მათ ღმერთმა დაუდგინა.

წმ. აბა თალასე წერს: „გრძნობა გონებას მიეც მსახურად და არ მისცე მას დრო, რათა იგი გაართოს“ (სათნოებათა სიყვარული, 3,316).

საკითხი გონებისა და გრძნობების ურთიერთმიმართებისა ფრიად აქტუალურია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისათვის, რადგან ჩვენ ბუნებით ზედმეტად მგრძნობიარენი ვართ. სამწუხაროდ გონებამ და გრძნობებმა ადგილები გაცვალვს, ამიტომ ხშირად ჩვენში თავდაუჭერელი და აულაგმავი გრძნობები გონებაზე ბატონობენ და იმონებენ მას. სწორედ ამის გამო მოგვდის ამდენი შეცდომა. ამიტომაც კვლავ ვუბრუნდები იდეას, რომელიც ერთხელ უკვე გამოვხატე: ჩვენმა საშუალო სკოლებმა და უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა ლოგიკური და ფილოსოფიური აზროვნების კურსი უნდა შემოიღონ, ამ გზით ჩვენი ახალგაზრდობა ლოგიკურ აზროვნებას ისწავლის და ის შეცდომები აღარ მოუვა, რომელნიც ხშირად საბედისწერონი ხდებიან. ჩვენი მთავრობისა და განათლების სამინისტროს მიერ ეს საკითხი სერიოზულად უნდა იქნეს შესწავლილი. ქრისტიანული იდეალი არა პასიური, არამედ აქტიური გონებაა. აუცილებელია ძიებანი, განათებანი და აღმოჩენანი. ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გრძნობა დაუკმაყოფილებლობისა და სწრაფვა სიახლისაკენ.

უნებლიედ მახსენდება სიტყვები წმ. მოციქულის, იოვანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან: "თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ" (21,5). ახლად დაბადებისა და განახლებისათვის ყოველი ქრისტიანია მოწოდებული, პავლე მოციქული მოგვიწოდებს: "განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა" (კოლას. 3,9-10).

ხელახლა დაბადება - ეს განუწყვეტელი განახლება, წინსვლითი, პროგრესული მოძრაობაა, მადლითა და მეცნიერებით ადამიანის შეუნელებელი ზრდაა სულიერი და ინტელექტუალური თვალსაზრისით ვიდრე იგი, როგორც ხატი ღვთისა, სრულყოფას მიაღწევდეს. პავლე მოციქული განახლების პროცესს ასე წარმოგვიდგენს: "შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაჲ, თავს-იდებდით ურთიერთარს და მიჰმადლებდით თავსა თჳსთა, უკუეთუ ვისმე ჰქონდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა იგი ქრისტემან მოგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ; და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელი-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ" (კოლას. 3,12-14). შემთხვევითი როდია, რომ პავლე მოციქული სრულყოფის პროცესს მოწყალებით იწყებს. ჩვენი სულიერი აღმასვლა სწორედ მისგან უნდა დავიწყოთ: მშიერი უნდა დავაპუროთ, მტირალს ნუგეში ვცეთ, სნეულნი მოვინახულოთ, უსახლკარონი შევიფაროთ.

სულიერი სრულყოფის გზაზე მეორე ნაბიჯად პავლე მოციქულს სიტკბოება (სახიერება) მიაჩნია. ეკლესიის ძველი მამების განმარტებით სიტკბოება იმგვარი სათნოებაა, რომლის მფლობელისთვისაც მეზობლის სიკეთე ისევე ძვირფასია, როგორც საკუთარი. ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი ამ სიტყვას ძველი აღთქმის პატრიარქის ისააკის დასახასიათებლად იყენებს, რომელიც უდაბნოში ჭებს თხრიდა და სხვებს აძლევდა (დაბ. 26,17-25), რათა მეზობლებთან ომი არ მოსვლოდა. ამ შემთხვევაში არა თუ შური არ არსებობს, არამედ სხვების მიმართ იმგვარი კეთილგანწყობილებაა გამომჟღავნებული, როცა მეორე ადამიანის სიხარული საკუთარ სიხარულად აღიქმება.

შემდეგი საფეხური სიმდაბლეა. ძველად ბრძენი ადამიანები ამბობდნენ, რომ ქრისტიანობის საფუძველი სიმდაბლეა. ქედმაღლობის საპირისპიროდ ბრძენთა სიმდაბლე იმის შეგნებას გულისხმობს, რომ ღმერთი შემოქმედია, ხოლო ადამიანი - ქმნილება. როგორ გვაკლია ჩვენ სიმდაბლე და როგორ გვჭირდება იგი! წმიდა მამები სიმდაბლის გზაზე მიგვითითებენ: "იღვაწე იმისთვის, რომ შენი გულის ზრახვანი დაამდაბლო და ღმერთი გულის თვალებს აგიხელს, რათა ჭეშმარიტი ნათელი იხილო. თავმდაბლობის გარეშე ჭეშმარიტი მოღვაწეობა შეუძლებელია" (ბარსონოფი და იოვანე, 1885 წ. 3.207).

ადამიანის სულიერი თუ მორალური დაცემის მიზეზს ამპარტავნება წარმოადგენს. იგივე წმიდა მამები გვასწავლიან, რომ დიდი აზრი, რომელსაც წინ თავმდაბლობის სიმშვიდე არ უძღვის, არა ღვთისაგან, არამედ ეშმაკისაგან მომდინარეობს. უფალი ჩვენთან სიმშვიდის ჟამს მოდის, ხოლო ყოველივე მტრული შფოთითა და ამბოხებით აღესრულება.

სრულყოფის შემდგომი საფეხური სიმშვიდეა. ეკლესიასტე წერს: "თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება" (10,4), ხოლო მაცხოვარი ამბობს: "ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დამკჳდრონ ქუეყანაჲ" (მათე 5,5). ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთისგან ამგვარი სათნოებით შეიმოსა.

შემდეგ პავლე მოციქული სულგრძელებისკენ მოგვიწოდებს, ოღონდ არა უბრალოდ მოთმინებისაკენ, არამედ ჭეშმარიტად სულგრძელებისაკენ, რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება გამოცდას წარმოადგენს. ადამიანი, რომელსაც სულგრძელება აქვს, ყოველგვარ ტანჯვას დაითმენს. ბრძენი მეფე სოლომონი წერს: "სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე ძლიერად უგუნურ" (იგავ. 14,28). ყოველგვარი უსიამოვნება, რომელიც კი სულგრძელ ადამიანს ატყდება თავს, სწრაფად ქრება. ის, ვინც სულგრძელია, სიმშვიდეს ყოველთვის ინარჩუნებს: უკეთუ ზიანს აყენებენ, მტკიცეა ვითარცა კლდე, ხოლო უკეთუ შეურაცხყოფენ, ურყევია ვითარცა სვეტი და ამ შეურაცხყოფაზე მაღლა დგება. სულგრძელი ადამიანები, რომელნიც შინაგან, სულიერ სიმშვიდეს ყოველ ჟამს ინარჩუნებენ, ბრძენნი არიან და ხშირად დიდად იწოდებიან. ადამიანური სულგრძელება ღვთის სულგრძელებას უნდა ემსგავსებოდეს, რომელიც ჩვენს ცოდვებს არა თუ ითმენს, არამედ გვპატიობს კიდევაც, თუ მოვინანიებთ.

როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, სრულყოფის სრულყოფილებას სიყვარული წარმოადგენს. რა ბევრს ვლაპარაკობთ მასზე და რა ცოტა ვიცით მის შესახებ! იოვანე ღვთისმეტყველის თქმით, "ღმერთი სიყვარულია". ადამიანი რაც უფრო შორდება ღმერთს, მით უფრო შორდება სიყვარულსაც.

წმ. იოვანე ოქროპირი წერს, რომ სიყვარული მსასოებელია, სჯერა და ითმენს, ხოლო წმ. ეფრემ ასური შეგვაგონებს: „ნეტარია ადამიანი, რომელშიც ღვთის სიყვარული სუფევს, რადგან იგი ღმერთშემოსილია. ვისშიც სიყვარულია, ის თავის თავს არავისზე მაღლა არ აყენებს, არავის ექიშპება, არც არავისი შურს და არც სიძულვილით იმზირება, არც სხვისი დაცემა უხარია, ხოლო დაცემულს კი არ შეურაცხყოფს, არამედ თანაუგრძნობს... გასაჭირში ჩავარდნილი მოძმე არ ეზიზღება, პირიქით, მფარველობას უწევს და მზადაა მისთვის თავი გაწიროს“.

თავგანწირული სიყვარულის რამდენი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ჩვენი ისტორიიდან! ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც ამგვარი მაგალითებითაა აღსავსე. ადამიანები განსაკუთრებით გასაჭირში შეიცნობიან. 1886 წლის 10 იანვარს ბისკაის ყურეში ძლიერი ქარიშხლის დროს დაიღუპა ინგლისური ხომალდი „ლონდონი“, რომელზეც ორასზე მეტი კაცი იმყოფებოდა. ხომალდი ნელა იძირებოდა, მგზავრთა შორის ამტყდარ შფოთსა და ხმაურში ლოცვის სიტყვებიც გაისმოდა. ბოლო წუთებში, როცა ხომალდს უკანასკნელი ნავიც მოხსნეს, რათა რამდენიმე კაცი მაინც გადარჩენილიყო, საოცარი რამ მოხდა: ადამიანები ერთმანეთს ნავში ადგილს უთმობდნენ, მაგრამ ამას კიდევ უფრო საკვირველი ფაქტი მოჰყვა: ერთმა ქალმა, რომელიც ხომალდზე დარჩა და დასაღუპად იყო განწირული, პალტო გაიხადა და ნავში მყოფთ გადაუგდო სიტყვებით: მე ეს უკვე აღარ მჭირდება. ცივა, რომელიმე თქვენგანმა ჩაიცვასო. ამ ქალში იმის განცდამ, რომ თვითონ იღუპებოდა, ხოლო სხვა ცოცხალი რჩებოდა, შური ვერ აღძრა და მასში სასოწარკვეთილების ნაცვლად სიყვარულმა იმძლავრა (ე. ბერსიე, „რჩეული საუბრები“). ეს გასაოცარი და ამაღელვებელი გმირობა მუდამ იცოცხლებს, როგორც მაგალითი თავგანწირული სიყვარულისა; რა მშვენიერია ადამიანი და რა დიდ სულიერ სიმაღლეს შეუძლია მიაღწიოს მან!

ჩვენი სამყარო მრავალფეროვანი და წინააღმდეგობებით აღსავსეა; ერთი მხრივ, - შთამაგონებელი მაგალითები ჭეშმარიტი რწმენისა, ერთგული და თავგანწირული სიყვარულისა, მაგალითები სიკეთისა და სამართლიანობისა, ხოლო მეორე მხრივ, სამწუხარო მაგალითები ურწმუნოებისა და მისგან გამომდინარე შედეგებისა, მაგალითები სულიერი და ზნეობრივი დაცემისა, სრული გამიწიერებისა და მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტინქტებისათვის არსებობისა. აქედან მომდინარეობს სხვადასხვა ინტერესები, მისწრაფებანი და გაუგებრობანი ადამიანთა შორის. გაითიშნენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროც გაიყო. პავლე მოციქული წერს, რომ იგი ხშირად აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა. ადამიანის შინაგანი სამყაროს გაყოფას ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად შემოჭრილმა სეკულარიზმმაც შეუწყო ხელი, ჩვენი ცხოვრება რელიგიურ და საერო ცხოვრებებად სწორედ მან გათიშა. დღევანდელი მსოფლიო ხშირად ადამიანის ღირსებებს მისი ხელფასით აფასებს: ჩვენ ხშირად გვიფიქრია იმაზე, არსებობს თუ არა გამოსავალი ამ ჩიხიდან? არსებობს! ამისთვის აუცილებელია შინაგანი სიმშვიდე, ღმერთთან მიახლოვება, დამორჩილება მდაბლისა ამაღლებულისადმი და წარმავალისა წარუვალისადმი. თქმა ამისა ადვილია, მაგრამ გაკეთება ძნელი. ამიტომაც გვეუბნება მაცხოვარი, რომ სასუფეველი შრომით, საკუთარი თავის იძულებით მიიღწევა. არ შეიძლება ყოველივეს მატერიალური მოგების თვალით შევხედოთ; ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტებისა და ჩვენი სიცოცხლის აზრის მუდმივ ძიებას უნდა წარმოადგენდეს; ყველა ჩვენი საქმე ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. პროფესიის არჩევანის, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის, მეგობრობის მნიშვნელობის, მტრობის დამღუპველობის ღრმად გააზრებამ ადამიანი ღმერთთან უნდა მიიყვანოს. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას არა მატერიალური ინტერესებით, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მაღალი სულიერი ღირებულებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ ტოტალიტარული რეჟიმი გადავიტანეთ, რომლის დროსაც ადამიანი მხოლოდ შემსრულებელს წარმოადგენდა. იგი მოკლებული იყო ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას, რადგან რაიმე პირადი ინიციატივის გამოჩენა არ შეეძლო; მისი პირადი ინტერესები მთლიანად საზოგადოებრივს ექვემდებარებოდა, ხოლო საზოგადოებრივი ადამიანთა მცირე ჯგუფს ემსახურებოდა. ამ რეჟიმის მესვეურებს ჩვენი სოციალურ-პოლიტიკური სისტემის მონებად გადაქცევა სურდათ.

ყოველივე ეს შედეგი იყო რევოლუციისა, რომელსაც ძველის ნგრევით თითქოსდა უსამართლობისა და უკანონობის მოსპობა სურდა, სინამდვილეში კი საკუთარ შვილებს იწირავდა. გავიხსენოთ, რომ უფალმა ეკლესია მაშინ დააარსა, როცა რომის იმპერიაში მონობა და ჩაგვრა ბატონობდა. ეკლესიას ხალხისათვის რევოლუციისა და მეფეთა ჩამოგდებისაკენ არ მოუწოდებია, არამედ იგი ადამიანებს სინანულსა და ფერისცვალებას უქადაგებდა. მიუხედავად ამისა, ეკლესიის სულიერი ზეგავლენისა და ადამიანურ ღირებულებათა გადაფასების შედეგად მონობა თავისთავად შეუძლებელი გახდა. ამერიკელმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველმა დეკანოზმა ალექსანდრე შმემანმა შესანიშნავად თქვა: ამ სამყაროში ერთადერთი ჭეშმარიტი რევოლუციონერი წმიდა ადამიანიაო.

არ უნდა ვიქცეთ ტყვეებად ძველისა, აუცილებელია ახალი იდეების წარმოშობა და მათი ცხოვრებაში განხორციელება. იდეა შინაგანი ხედვაა, ყველა ის სიკეთე და ბოროტებაა, რომელნიც შიგნიდან მომდინარეობენ.

თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა აღსაგსე და თავისთავში ეშმას ატარებს, მაშინ იგი ბიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში „დაცემული იდეები“ ეწოდებათ.

კეთილსა თუ ბოროტ იდეებს ადამიანი სიტყვებით გამოთქვამს და ეს სიტყვები უკვე დადებითი ან უარყოფითი ძალებითაა აღსავსე. აი, ამ დროს სრულად ვლინდება ღვთისგან მინიჭებული თავისუფლება ადამიანისა: მან ბოროტება უნდა განაგდოს და სიკეთე აირჩიოს, განხორციელებული კეთილი იდეები პირველ რიგში თავისი თავის, ხოლო შემდეგ სხვების მიმართაც კეთილისმყოფელია. ზუსტად ასევე, ბოროტი, სატანისეული იდეები, პირველ ყოვლისა, თავის თავზე, ხოლო შემდეგ სხვებზეც უარყოფითად მოქმედებს, ადამიანმა სიბნელისაგან თავის დასაღწევად სანთლები უნდა მოძებნოს, ამ დროს იგი თავისი ნებით ხდება სინათლის ან სიბნელის მატარებელი. პავლე მოციქული ქრისტიანებს ასწავლის: "რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი, ვიდოდეთ" (ეფეს. 5,8). ნათელი საშუალებას გვაძლევს გავარჩიოთ, რა არის სათნო ღვთისათვის და რა არა. ქრისტეს ნათელი წყლულს არა მხოლოდ წარმოაჩენს, არამედ კურნავს კიდევაც, რის შედეგადაც ადამიანის განახლება ხდება.

პროცესი განახლებისა ბავშვობაში უნდა დაიწყოს, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს უნდა მივაქციოთ. ძველ დროში სულიერობას საფუძველი ოჯახში ეყრებოდა. ბავშვი ხედავდა და ისმენდა როგორ ლოცულობდნენ მშობლები, იმახსოვრებდა საალერსო სიტყვებს დედისა, აფასებდა მათ პატიოსნებას; საღამოობით, როცა მთელი ოჯახი შეიკრიბებოდა, ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა; აღფრთოვანებით ისმენდნენ ზღაპრებს, უსმენდნენ მუსიკას, კითხულობდნენ წმინდანთა ცხოვრებებს. შაბათ-კვირას მშობლებს შვილები ყოველ მიზეზს გარეშე ტაძარში მიჰყავდათ. გარდა ამისა, ოჯახის ყველა წევრს თავისი მოვალეობა ჰქონდა. დღეს ეს ყოველივე მოშლილია და აღდგენას საჭიროებს. სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა შევიდეს კურსი საოჯახო ეთიკისა. ამით ჩვენს ბავშვებს წესრიგს, პატიოსნებას, პირად ჰიგიენას, სამუშაოს გეგმაზომიერად განაწილებას შევასწავლით.

ბავშვი უნდა შევაჩვიოთ, რომ თავისთვის სამუშაო გეგმა შეადგინოს: წლიური, თვიური და კვირეული. მან ყრმობიდანვე უნდა შეაგროვოს წიგნები და იკითხოს. ყოველ ოჯახს თავისი ბიბლიოთეკა უნდა ჰქონდეს. არიან ადამიანები, რომელნიც მთელი წლის მანძილზე წასაკითხ წიგნთა კატალოგებს წინასწარ ადგენენ. ტელევიზორი თითქმის სრულიად ნთქავს ჩვენს თავისუფალ დროს, რადგან ხშირად უსარგებლო გადაცემებსაც ვუყურებთ. მშობლებმა ბავშვებს ტელევიზორის ცქერის დროც უნდა გაუკონტროლონ და განუსაზღვრონ. ტელეგადაცემები ხომ, სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს არა თუ ზრდიან, არამედ სულიერად ასახიჩრებენ. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ მოსაუბრეს ცოტას ვუსმენთ და კიდევ უფრო ცოტას ვაკეთებთ.

ზოგჯერ განმარტოებითაც უნდა დავტკბეთ, რათა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობისას იბადება დიდი იდეები. ახლა ადამიანის განახლების, ახლად დაბადების ფრიად რთული პროცესი მიმდინარეობს. მაცხოვარი ნიკოდიმოსთან საუბარში ამგვარ პროცესს მეორედ შობას უწოდებს (იოვანე 3,3).

ღვთის შემწეობით უნდა აღდგეს ჩვენი გონებისა და ნების ფუნქციები, რომელნიც ჩვენს სულს უნდა დაექვემდებარონ. როგორც ღირსი ისაკი ამბობს, სულისა და გონების შერწყმა უნდა მოხდეს. მადლობა ღმერთს, ეს პროცესი ჩვენს ხალხში უკვე დაწყებულია. მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ადამიანის ღმერთთან, ქმნილებისა შემოქმედთან შერიგება და განახლება მოხდა.

ყველას გულით გილოცავთ წმიდა აღდგომის უდიდეს დღესასწაულს.

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა, "ვარსკულავმა ბრწყინვალე განთიადისა" (გამოცხ. 22,16), დაე ყველა განგვაახლოს და მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და კეთილდღეობა მოგვანიჭოს.

"პირველ იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ" (2 კორინ. 5,17).

ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა.

ამინ.

აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1996 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

მსგავსი განცხადებები: