სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის
სააღდგომო ეპისტოლე
ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის ღვთისმოყვარე, მშვიდობისმოყვარე სამწყსოს:
„თუკი ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ“ (რომ. 8,31).
ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო ივერიისა, საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, ისმინეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვები და ღრმად აღიბეჭდეთ გულში: „ამას იტყვის წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰხშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ დანაღოს დახშული იგი. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს“ (გამც. 3,7-8).
აი, ჩვენს წინაშეა გახსნილი კარი ცათა სასუფევლისა. ამ უნაპირო წყალობით მაცხოვარმა დაგვაჯილდოვა.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
აღსდგა ღმერთი, „რომელიც მიცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო, და აღსდგა ჩვენს განსამართლებლად“ (რომ. 4,25). გიხაროდეთ!
აღსდგა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი, წყარო სიცოცხლისა, მომნიჭებელი საყოველთაო აღდგომისა. გიხაროდეთ!
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, - აი, მთავარი არსი და მიზეზი პასექის ზეიმისა. მაშ, ფართოდ გაუხსენით გული და აღივსენით არამიწიერი სითბოთი და სიყვარულით, რომელიც ასე უხვად ეფინება დღეს თითოეულ ჩვენგანს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
ისინი კი, ვინც უფლისმიერი სიხარულის ამ განცდას და სულიწმინდის მადლს განშორებულნი არიან, უნდა ეცადონ, ეკლესიური ცხოვრებით როგორმე მოიპოვონ იგი; როგორც წერს წმ. ირინეოს ლიონელი, „სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმინდაცაა და სრული სისავსე მადლმოსილებისა. ეკლესიის გარეშე, სულიწმინდის გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი დაუცველია და დაღუპვისათვის განწირული“, რადგან, ცხოვრების მღვრიე ტალღებს შეჯახებული, სასოწარკვეთილებაში ადვილად ვარდება და დიდი ძალისხმევითღა თუ შეძლებს ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევას. ბევრნი კი, სამწუხაროდ, თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს, რაც სულიწმინდის გმობაა და არ ეპატიება ამის ჩამდენს არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად.
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რომ ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გაბატონებული მიწიერი ვნებანი, ანდა უნდა ვიქცეთ ბიწიერებისა და ბოროტების მთესველად.
დიახ, თუ ჩვენ ჩვენს თავს ვერ მოვერევით, ვერ ვძლევთ ჩვენს სიამაყეს, მრისხანებას, შურს, დიდებისმოყვარებას, ხორციელ ვნებებს, მომხვეჭელობას, სიძულვილს, განკითხვას და სხვა მანკიერ თვისებებს, აუცილებლად ცოდვის ჭაობში დავინთქმებით. თუმცა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უნდა გვახსოვდეს, რომ დაცემას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. ახალი ცხოვრების დაწყება არასოდეს არ არის გვიან, გადარჩენის წყურვილმა უნდა სძლიოს ყველა სხვა ქვენა გრძნობასა და ინსტიქტს.
თითოეულ ჩვენგანს მძიმე, მაგრამ განმწმენდელი გზა გვაქვს გასავლელი. ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ მიმავალ ებრაელთა მსგავსად ჩვენ „სულიერი იერუსალიმისაკენ“ უნდა ვისწრაფოთ. ასე რომ, „სინას უდაბნოს“ დაძლევა მოგვიწევს და გარკვეულ ხანს ფარაონიც მოინდომებს ჩვენს დევნას, მაგრამ თუ უფალი იქნა მწე ჩვენდა და მფარველ ჩვენდა, ვისა გვეშინოდეს?! (ფს.) მაშ, დავით მეფის სიტყვებით შევსთხოვოთ ღმერთს: „შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქვეშე“ (ფს. 17,39).
მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, უნდა ვიყოთ უფალთან, ანუ უნდა ვიყოთ წევრნი ჩვენი წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელმაც ოცი საუკუნის მანძილზე შეურყვნელად დაიცვა ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლება და შეგვანარჩუნებინა ჩვენი სული, ჩვენი მამული, ჩვენი საოცარი კულტურა.
წმიდა მამები ხშირად შეგვახსენებენ ეკლესიის მნიშვნელობას მორწმუნის ცხოვრებაში. როგორც ვთქვით, ადამიანი აქ, უპირველეს ყოვლისა, მოიპოვებს სულიწმინდის მადლს და ნამდვილ თავისუფლებას, ადვილად სძლევს სიძულვილის, უნდობლობისა და გაუტანლობის ატმოსფეროს, დაცულია სიმარტოვის მძიმე განცდისა და ყველანაირი მიწიერი შიშისაგან.
ძოციქული პავლე ჩამოთვლის სულიწმინდის ნიჭთ, რომელთაც ადამიანი ეკლესიის მეოხებით ეზიერება: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება“ (გალატ. 5,22-23). აი, ამ საფუძველზე უნდა დააშენოს ნებისმიერმა კეთილმორწმუნემ თავისი განსჯა და ქმედებანი, თუ სურს გახდეს თანაზიარი ცათა სასუფევლისა.
რა იქმა უნდა, ყველას სურს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ პრობლემებს ვერავინ გაექცევა, რადგან ჩვენი დაცემული ბუნება თვითონ შობს მათ.
არც ეკლესიის წიაღში ყოფნა ნიშნავს უზრუნველ ყოფას; პირიქით, სწორედ ესაა ის არეალი, სადაც ბოროტება დაუცხრომელად ებრძვის სიკეთეს. ოღონდ აქ აუცილებლად გამარჯვებას მიაღწევს ყველა, ვინც უფლისმიერი ვიწრო, ეკლიანი, მაგრამ ერთადერთი და გადამრჩენელი გზით ივლის.
სწორედ ბოროტთან ხილული თუ უხილავი ბრძოლით და მასზე გამარჯვებით მოიპოვებთ სულიწმინდის მადლს, რომელიც შინაგანი სიმშვიდით, არამიწიერი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს თქვენს შინაგან სამყაროს. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ პრობლემები; საცდური და განსაცდელი თვით უფალსაც ჰქონდა უდაბნოში ყოფნის დროს და უწინარესად იქ განცხადდა მისი ძალა, სიბრძნე და მადლმოსილება.
ესეც იცოდეთ, თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენი აღქმა ჩვენი შინაგანი და გარე სამყაროსი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ღმერთისადმი და მარადიული ღირებულებებისადმი. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულისა და გონების სისუფთავეს. ამიტომაც ცდილობდნენ ღირსი მამები ლოცვას, მარხვასა და სულიერ ღვაწლთან ერთად განეწმინდათ გონება, რათა უბიწო ყოფილიყო მათი ფიქრი და აზროვნება - ღრმა. (ეს კი უფლისადმი შიშიდან მომდინარეობს და არა განსწავლულობიდან, როგორც ზოგიერთს ჰგონია).
ყოველივე ზემოთქმულის შესახებ საოცარი მსჯელობები აქვს იმპერატორი ნერონის დროს, რომში I საუკუნეში მცხოვრებ დიდ მოაზროვნესა და ფილოსოფოსს ეპიკტეტეს (60-138 წწ.), რომელიც სოციალური მდგომარეობით მონა იყო, მაგრამ ყველას თავისუფალ პიროვნებად მიაჩნდა. მან შვენივრად უწყოდა და სხვათაც უხსნიდა, თუ ბატონს მონად როგორ აქცევს მისი მიწიერი ვნებანი და პირიქით, თვით ყველაზე მძიმე მონობისა და ტყვეობისაგან როგორ ათავისუფლებს ადამიანს შინაგანი კავშირი ღმერთთან.
იგი ამბობდა: საგნები და მოვლენები კი არ ანიჭებენ კაცს ბედნიერებას, არამედ ჩვენი დამოკიდებულება მათდამი, ამიტომაც ბედნიერება ჩვენს ხელშიაო. „იყავი მართალი და შენ იქნები თავისუფალიც და ბედნიერიც. ყველას, ვისაც სურს მოიპოვოს თავისუფლება, შეუძლია ეზიაროს მას, ოღონდ ამისთვის აუცილებლია განთავისუფლდეს ცოდვისა და ყოველგვარი სიბილწისაგან“.
„გაბატონდი შენს ვნებებზე, თორემ ისინი დაგიმორჩილებენ შენ; თუ ცუდი აზრი მოგივა, ეცადე შეაჩერო იგი და თავიდანვე გაანალიზო ყველა ის შედეგი, რაც მას მოჰყვება. ამასთან, მოუხმე მის საწინააღმდეგო კეთილ ფიქრებს, შეაჯერე ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. იცოდე ესეც, თუ გსურს იყო მართალი, კარგად უნდა დარწმუნდე, რომ შინაგანად დაცემული ხარ“.
თითქოს საუკუნეებს გადასძახისო ეს დიადი მონა, როცა ამბობს: „მიჩვენეთ თუნდაც ერთი მაგალითი, ერთი საშუალება გამდიდრებისა ისეთი, რომელიც არ წაბილწავს სულს და მეც მივბაძავ თქვენს რჩევას“.
მეტად საინტერესოა ბრძენი ლაო-ძის დარიგებაც: „ძლიერია, ვინც სიყვარულითაა სავსე: გულუხვია, ვინც ზომიერად გასცემს, მეფობს, ვისაც მორჩილება შეუძლია.
ვინც ძლიერია და არა აქვს სიყვარული, - გაუბედურდება, ვინც გულუხვია, მაგრამ არ იცავს ზომიერებას, - გაღატაკდება, ვინც ბატონობს, მაგრამ არ იცის მორჩილება, - დაიღუპება“.
ღმერთს ყველაზე მეტად ამპარტავანი არ მოსწონს და ყველაზე მეტად აფასებს თავმდაბლობას. ამიტომაც, შინაგანი თვითკმაყოფილების გაჩენისთანავე (რაც ამპარტავნების უპირველესი ნიშანია) მსწრაფლ წვრთნის მას, ვინც უყვარს.
უდაბნოში ერთი ბერი მოღვაწეობდა და დაუცხრომელ ლოცვასა და მარხვაში იყო. ამპარტავნების ბოროტმა ნელნელა იწყო მისი სულის დაპყრობა და თანდათან უნერგავდა აზრს მისი განსაკუთრებულობის შესახებ. როცა ასეთმა ფიქრებმა სერიოზულად შეაწუხა, მას ეყო სიბრძნე, მიატოვა უდაბნო, მონასტერში დაბრუნდა და თავისი მდგომარეობის შესახებ წინამძღვარს უამბო. მან მაშინვე იგრძნო საფრთხე და უბრძანა, ჯოხი აეღო და ღორები ემწყემსა. ბერმა დაუჯერა. მისი საქციელი ბევრს გაუკვირდა და დაცინვა დაუწყო, მაგრამ მეუდაბნოემ მორჩილება ამჯობინა მათ კეთილგანწყობას. თავისი თავის ასეთი დამცირებით იგი გადარჩა და შემდეგ ცნობილი მამა გახდა.
დღეს, როგორც არასდროს, ჩვენში დაჩლუნგებულია სულიერი ხედვის უნარი; იშვიათად თუ ვინმეს აქვს სურვილი, საწყის ეტაპზევე გააცნობიეროს ის საფრთხე, რომელსაც მასში თვითკმაყოფილება უკაფავს გზას და დროზე ალაგმოს ეს დამღუპველი გრძნობა. ამიტომაცაა ყველაზე მეტად ფესვგადგმული უდიდესი ცოდვა - ამპარტავნება.
ამპარტავნებას სხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს. მისი ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სიმდაბლით ამპარტავნება. როგორც ამბობენ, ეს „თავმდაბლობა“ უარესია ამპარტავნებაზე. ვინც ამ ცოდვაშია, თავის თავს ხშიად ამცირებს სიტყვით და აღიარებს, რომ სუსტია და მრავალი მანკიერი თვისება აქვს, მაგრამ საკმარისია ვინმესგან შენიშვნა მიიღოს, მსწრაფლ განრისხდება, განაწყენდება და უჭირს პატიება. თუ ასეთ ადამიანებს მართლაც სურთ თავმდაბლობის მოპოვება, უნდა მიეჩვიონ წყენის უდრტვინველად გადატანას: ეს აუცილებლი პირობაა.
ამპარტავნებიდანვე მომდინარეობს სხვათა განსჯის სურვილი და ვერ დანახვა საკუთარ უძლურებათა.
ერთხელ ერთი ბერი რაღაც ცოდვაში ჩავარდა, რის გამოც სულიერმა ძმებმა განკითხვა დაუწყეს, ის კი თავს არ იმართლებდა, თავისთვის ლოცულობდა, ტიროდა და მწარედ ნანობდა ჩადენილს. მონასტრის წევრებმა გადაწყვიტეს, სასჯელი დაედოთ მისთვის და ამ მიზნით მოიწვიეს მეუდაბნოე ცნობილი სულიერი მოძღვარი. იგი თავდაპირველად კრებაზე არ მოვიდა, მერე კი გამოცხადდა ზურგზე ძველი დიდი ტომრით, საიდანაც სილა იყრებოდა. ბერებმა ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ამ სახით მისი მოსვლა. მოძღვარმა კი უპასუხა: „სილა - ეს ჩემი ცოდვებია, მაგრამ მე მოვედი ჩემი ძმის დასასჯელადო.“ ამით მან მიანიშნა, რომ ისინი, ვინც დამნაშავის განსჯას მოითხოვდნენ, თვითონაც ცოდვილნი იყვნენ და ამდენად არ ჰქონდათ მორალური უფლება სხვისი დამცირებისა. მონასტრის ძმებმა გულისხმაყვეს, რომ არასწორად მოიქცნენ, შეინანეს დანაშაული და სიყვარულით მიიღეს შეცდომილი ბერი.
ეს მაგალითები, მართალია, სასულიერო პირთა ცხოვრებიდანაა, მაგრამ იგივე და უფრო მძიმე სიტუაციაა ერში. ერისკაცთ უფრო უჭირთ გააცნობიერონ, რომ თვითონ სხვაზე არანაკლებად დაცემულნი არიან, რომ განკითხვა აჭუჭყიანებს სულს და მათ ისედაც ცოდვით სავსე ცხოვრებას ახალ სიმძიმეს ჰმატებს და რომ ყველამ გამოსწორება სხვისგან კი არა, საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს.
მინდა შევჩერდე თანამედროვე ჩვენი ყოფისათვის დამახასიათებელ ერთ მოვლენაზეც: მეტად სასიხარულოა, რომ, მიუხედავად საყოველთაო გაჭირვებისა, მთელს საქართველოში შენდება ეკლესია-მონასტრები. ალბათ, ასე მოკლე დროში ჩვენთან ამდენი ტაძარი არც არასდროს აგებულა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოსწყურდა 70-წლიანი ათეისტური რეჟიმით დათრგუნულ ხალხს ღმერთი და როგორ ილტვიან მისკენ მდიდარნიც და ღარიბნიც, მართალნიც და ცოდვილნიც, ასაკოვანნიც და უასაკონიც, მეცნიერნიც და უბირნიც.
ახალი ტაძრების მშენებლთბა ღვთისთვის მართლაც სათნოა, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ კიდევ უფრო დიდი მადლია დაზიანებული ეკლესიების რესტავრაცია, ძველი ტაძრებისა და მათი ნანგრევების აღდგენა. ვინც ამას აკეთებს, უფლის წინაშე დიდად კეთილ საქმეს იქმს: ამასთან, ეს ნაბიჯი უფრო მოკრძალებულია და ამბიციურობისაგან თავის-უფალი, ხოლო უფლისმიერი შეწევნა - გაცილებით დიდი, რადგან ასეთ ადამიანს და მის ოჯახს ამ ძველ ნალოც ადგილზე მოღვაწე საერო და სასულიერო პირთა მეოხება არ მოაკლდება. ეს წინაპართა პატივისცემისა და სამშობლოს სიყვარულის უფრო დიდი გამოვლინებაა.
საერთოდ კი ძნელია გამოთქვა ჩვენი გრძნობა სამშობლოსადმი. თუ ვიტყვით, რომ იგი გვიყვარს, - ეს არაფრისმთქმელი ფრაზაა. არც დედამიწის ულამაზეს გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცედ მისი აღქმა ნიშნავს რამეს. ჩვენ სისხლხორცეული ნაწილი ვართ ჩვენი მამულისა, იგი საუნჯეა ჩვენი. ჭირს გარჩევა, ჩვენ ვცხოვრობთ მასში, თუ ის სახლობს ჩვენს გულში. სამშობლო, ესაა ენა ქართული, ესაა სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ათასობით წმინდა მოწამისა, მეფეთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა, ესაა ჩვენი უთვალავი ტაძარი და მონასტერი, ჩვენი სიწმინდენი, ხელოვნება, არქიტექტურა, მწერლობა, ესაა ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი; ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. სამშობლო ჩვენი დიდი იმედია. მისდამი გრძნობა ისევე ამაღლებული და სათუთია, როგორც სიყვარული ღვთისადმი. ამიტომაც ამბობს ქართველი:
„როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“.
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მომივლია და მამულის ასეთი მტკივნეული განცდა სხვაგან არსად მინახავს. ეს გრძნობა განსაკუთრებით უნდა შეინარჩუნონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა და ყველაფერი გააკეთონ, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან დიდხანს ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი კარგავს ეროვნულ თვითშეგნებას.
მახარებს, რომ საქართველოში მცხოვრები სხვა ერის შვილებიც დიდი სიყვარულით არიან განმსჭვალულნი ჩვენი მიწა-წყლისა და ხალხისადმი, თუმცა ქვეყნისადმი დამოკიდებულება ყველამ საქმით უნდა აჩვენოს. ეს პირველ რიგში ეხებათ პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს, რადგან მათ ქვეყნის მართვის სადავეები უპყრიათ.
ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალი, ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პერიოდში. ერთი რამ ცხადია, თუ მართლაც თავისუფალ სახელმწიფოს ვაშენებთ, ეს პროცესი არ მიგვიყვანს ფსევდოთავისუფლებამდე, ქაოსსა და ნგრევამდე, რადგან ჭეშმარიტი თავისუფლებით ნაკარნახევი ჩვენი აზრები და ქმედებანი არ დაარღვევს ზნეობისა და ეთიკის ნორმებს. ეს განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ახლა, როცა გვიახლოვდება საპარლამენტო არჩევნები.
არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო პოლიტიკურ მოღვაწეთაც და სასულიერო პირებსაც, რომ ეკლესია არის ერთადერთი ძალა, რომელმაც უნდა გააერთიანოს ერი და, ამდენად, მისი გამოყენება ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის ყოვლად დაუშვებელია. სასულიერო პირებს, წმ. სინოდის დადგენილებით, აკრძალული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უშუალოდ მიღება და ამა თუ იმ პოლიტიკური ბლოკის, პარტიისა თუ ცალკეული პიროვნებისადმი საჯაროდ მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უმთავრეს საკითხებში ჩვენს ჩაურევლობას (როგორიცაა, მაგ.: ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, ეროვნული ეკონომიკის აღორძინება, სოციალური პრობლემები და სხვ.).
ეკლესია სულის საკურნებელი ადგილია და იგი ყველა მართლმორწმუნეს თანაბრად ეკუთვნის; ტაძარი სახლია უფლისა, ხოლო „მიკერძოება უცხოა ღმრთისათვის“ (რომ 2,11). როგორც ჩანს, დღესაც ხშირად უნდა გავუმეოროთ ყველას პავლე მოციქულის სიტყვები, რომ დიდი შეცდომაა ასეთი დამოკიდებულება: „მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კიდევ ქრისტესი. ნუთუ გაიყო ქრისტე?“ (კორ. 1,12-13).
არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ ხშირად ჩვენს ირგვლივ არსებულ სიტუაციას შედარებით უფრო მკვეთრად უარყოფითად აღიქვამენ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მართალია, მუდმივად გვაქვს დენის და გაზის პრობლემა, დაბალია საპენსიო და სახელფასო ანაზღაურება, მცირეა სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს მაინც არ არის გამოუვალი მდგომარეობა. სხვადასხვა სახის პრობლემა ყოველთვის იყო; ამაზე მძიმე დროც გვქონია, მაგრამ დღეს სიტუაციას ამძაფრებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოვლენათა დრამატიზება და ამასთან ზნეობრივი თავაშვებულობის პროპაგანდა; ასევე ჩვენი დიდი ნაკლია დაყოფა და ურთიერთდაპირისპირება, რაც დრომაც მოიტანა.
მიუხედავად ყველაფრისა, მდგომარეობა გამოსწორებადია. მშვენივრად წერს ბრძენი: „ო, უბედურებავ, შენ ხარ სათავე ბედნიერებისა; ო, ბედნიერებავ, შენ ხარ ძირი უბედურებისა“. ამიტომაც მჯერა, ადრე თუ გვიან ხალხი ალღოს აუღებს შემოთავაზებულ სიახლეებს, შეძლებს ავისა და კარგის გარჩევას, მოიკრებს ძალას მანკიერ თვისებათა დასაძლევად, ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად და ერთობისაკენ ჩვენი სწრაფვაც რეალობად იქცევა.
ამ ეპისტოლეს მინდა ვუწოდო „იმედი, - შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად“ და პავლე მოციქულის სიტყვებით დაგლოცოთ: „დაე, მოგეცეთ იმის ნიჭი, რომ ერთმანეთს შორის თანამოაზრენი იყოთ ქრისტე იესოს მიერ, რათა ერთსულოვნად ადიდებდეთ ღმერთს ... შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ თქვენ“ (რომ. 15,5-7).
მაშ, მიენდეთ უფალს და მისი შეწევნით ისწავლეთ პრობლემების დაძლევა.
ცხადია, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მომავალ თაობას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას რთული გზა აქვს გასავლელი. გეოპოლიტიკური მდებარეობა საქართველოსთვის დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ კვეთს ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზები. აქ გადიოდა და კვლავაც იწყებს ფუნქციონირებას დიდი აბრეშუმის გზა. ამ მიწასთან არის დაკავშირებული მრავალი დიდი და პატარა ქვეყნის ინტერესი. ამიტომაც მუდმივად ვიდექით არჩევნის წინაშე და გადარჩენისა და განვითარებისთვის ვეძებდით საშუალებებს. ჩვენი კულტურა ევროპისა და აზიის კულტურული მემკვიდრეობის ჩვენეული აღქმაა და არა მექანიკურად გამეორება სხვათა ნააზრევისა. ამიტომაცაა იგი ძვირფასი. ამიტომაც შევიტანეთ ჩვენ ღირსეული წვლილი მსოფლიოს კულტურულ საგანძურში. მრავალფეროვნება ჩვენს თვისებად იქცა; ცალმხრივობა არც დღეს გამოგვადგება. ჩვენთვის ახლობელი უნდა იყოს ყველა; ზომიერება ჩვენი არსებობის აუცილებელი პირობაა, - ასეთია ღვთის განგებულება.
ეპისტოლე ათონელი თანამედროვე დიდი მოძღვრის, მამა გიორგის სიტყვებით მინდა დავამთავრო: „რწმენა თეორია კი არ არის, არამედ ცოცხალი განცდაა მისი. ღვთისმოყვარე გული ისე აირეკლავს უფალს, როგორც წყალი - მზეს. ჩვენ ძენი ვართ აღდგომისა. აღდგომის სიხარულის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, შეუძლებელია გადარჩენა“.
მაშ, სიხარულითა დიდითა განიხარეთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებნო ძმანო და დანო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფო თანამემამულენო, რამეთუ „სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ“ (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ ს დ გ ა !
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
პასექი ქრისტესი,
თბილისი, 2003 წ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17(224), 2003 წ.