პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე - 1992


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს

„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მათე 4,17).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონთა დასნო, ძენო და ასულნო ღმრთისანო, მკვიდრნო საქართვვლოისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ლოცვითა და შუამდგომლობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, მამა ზეციერმან მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა სუფევდეს თქვენს შორის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული, სასოება, სიხარული, მშვიდობა, კეთილ საქმეთა შინა წარმატება, ხოლო ბოროტისაგან განრიდვბა და განთავისუფლება.

ქრისტესმიერი სიყვარულით ყველას გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

მაშ, შევიმოსოთ სიყვარულით და ვადიდებდეთ მას, ჩვენთვის ჯვარცმულს და მკვდრეთით აღმდგარს, ჩვენს სასოებას და ნუგეშს - ქრისტეს; სიყვარულს განუზომელს, სიბრძნეს მიუწვდომელს, მშვიდობას უფლისმიერს.

სიკვდილის დამთრგუნველი მაცხოვრის წყალობა და მადლი ეფინება ყველას, მაგრამ ბევრს არ ძალუძს მისი შეგრძნება, რადგან ცოდვებით დამძიმებული სული ვერ იღებს ნათელს; და განა ჩვენს შორის ცოტა არის ასეთი?!

ამიტომაც გვიჭირს დღეს ცხოვრება. ქართველი ხალხი ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ხშირად ვვრ აგნებს ნამდვილ მიზეზს ჩვენი ყოფისა...

რატომ არის ამდენი მკვლელობა, მტრობა, ქურდობა; საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, ხოლო შრომაში - უბარაქობა;

რატომ არის ამდენი ცილისწამება, გაუტანლობა, სიძულვილი, შფოთი, ღალატი; ასეთი შური, მრისხანება, ღვარძლი, სიცრუე;

რატომ ირღვევა ოჯახები, დაიკარგა სიყვარული, თაობათა შორის - პატივისცემა;

რატომ არის ამდენი ლოთი, ნარკომანი, მეძავი, მრუში;

რატომ კლავენ დედები შვილებს?!

იმიტომ, რომ მოიშალა საფუძველი ჩვენი ზნეობისა, დაიკარგა შიში უფლისა, განცდა ცოდვისა.

თავის დროზე რწმენა ჩაუკლეს ხალხს და მის ნაცვლად დანერგეს შიში ძალაუფლებისა და კანონის მიმართ. სასჯელის რიდით საზოგადოება ასე თუ ისე თავს იკავებდა მდაბალ ვნებათა გამოვლენისაგან, მაგრამ დღეს, როდესაც სხვა და სხვა გარემოებათა გამო კანონი ნაკლებად კანონობს, ერთბაშად იფეთქა ღვთისმადლმოკლებულ საზოგადოებაში დაბუდებულმა ბოროტებამ.

თუ გვსურს სწორ გზაზე დადგომა, წარსულის გათვალისწინებით უნდა შევხედოთ ჩვენს აწმყოსა და მომავალს,

ყველა ერის წარსულში ჩანს ხალხის ნიჭი, ხასიათი, შესაძლებლობა, იკვეთება მისი ადგილი ამ ქვეყანაზე, საცნაური ხდება მასში ჩადებული ღვთის განგებულება.

ამიტომაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა გვახასიათებდა დადებითი და რა უარყოფითი, რომ კეთილი გზა კვლავაც გავაგრძელოთ, უკეთური კი შეძლებისდაგვარად მოვიკვეთოთ.

ამ ეპისტოლეში შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ ჩვენი ცხოვრვბის ზოგიერთი მხარე და გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება მისდამი.

სამწუხაროდ, დღეს ქრისტიანები მხოლოდ სახელითღა ვართ, სინამდვილვში კი ურწმუნოთა ცხოვრებით ვცხოვრობთ.

განა ამაზე არ მეტყველებს ის დაპირისპირება, რასაც ამჟამად ქართველთა შორის აქვს ადგილი? განხეთქილების მიზეზად შეიძლება ესა თუ ის პიროვნება დავასახელოთ, მაგრამ პიროვნებას რომ დასაყრდენი არ ჰქონდეს ხალხის ფართო მასებში, ეს არ მოხდებოდა. საყრდენი კი წინააღმდეგობის, დაპირისპირების სულით დაღდასმული ჩვენი შინაგანი სამყაროა. დაპირისპირების ცოდვა ამპარტავნებიდან მოდის, რაც ოდითგან მოგვდგამს, ოღონდ დღეს იგი განსაკუთრებულად მკვეთრი ფორმებით ვლინდება. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ მეტად დაბალია ჩვენი ინტელექტუალური დონე. წლების მანძილზე განათლებულობით ვამაყობდით, არადა გვაქვს მხოლოდ ზერელე ცოდნა და აქედან გამომდინარე ზერელე აღქმა საგნებისა და გარემო სამყაროსი.

ამასთან ვერ ვხედავთ ზღვარს ცოდნასა და განათლებას შორის. ვერ ვგრძნობთ, რომ განათლება უფრო მეტის მომცველია, ვიდრე ცოდნა. ამიტომაც, ყველა მცოდნე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება. განათლება, ინტელექტი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მაღალ ზნეობას, რწმენას, სიყვარულს, სულიერობას.

სენი, რომელიც თანამედროვე საზოგადოების თითქმის ყველა ფენას ახასიათებს, არის დაბალი სულიერობა. ეს ითქმის ჩვენს ინტელიგენციაზეც. ხშირად პრესით თუ ტელევიზიით გამოდის ამა თუ იმ უმაღლვსი სასწავლებლის პედაგოგი, მეცნიერი, მწერალი ან ცნობილი ხელოვანი, რომელიც ერთი შეხედვით არ უარყოფს ღმერთს, მაგრამ რელიგიურად ისე მცდარად აზროვნებს, რომ ერთ მნიშვნელობას ანიჭებს იესო ქრისტეს, მუჰამედს, ბუდას...

როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსულმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ ამ რელიგივბის უცოდინარობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არ გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ.

ინტელიგენციის და საერთოდ გავლენიან პიროვნებათა ბედნიერებაც და უბედურებაც იმაშია, რომ მათ თავიანთი მრწამსით, თავიანთი ცხოვრებით სულიერად შეიძლება გადაარჩინონ ან დაღუპონ არა მარტო თავიანთი თავი, არამედ გარშემო მყოფნი და სხვა მრავალნიც.

დღეს ჩვენს ინტელიგენციას იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე თვითონ გრძნობს. ის როლი, რასაც თავის დროზე ასრულებდა სამეფო დინასტია, თავადაზნაურობა, ეკლესიასთან ერთად უნდა იტვირთოს ინტელიგენციამ. იგი უნდა იქცეს ერისთვის ჭეშმარიტი გზის გამკვლევად, ეროვნული მრწამსის, კულტურისა და ხელოვნების დამცველად და შემქმნელად. ამიტომაც ხელი უნდა შევუწყოთ მისი დიდი ნიჭისა და მაღალი თვისებების მაქსიმალურ გამოვლინებას ერისა და ღვთის სამსახურად.

თუ ნორმალური საზოგადოების შექმნა გვსურს, ჩვენმა ინტელიგენციამ, ერისმთავრებმა უპირველესად უნდა იზრუნონ მოზარდი თაობის სწორ აღზრდაზე. ადამიანის ბუნება დაცემულია და ჩვენი ცოდვისმიერი თვისებანი ასაკისდა მიხედვით გამოვლინდებიან: ამიტომაც ბავშვებმა თავიდანვე უნდა ისწავლონ ავის და კარგის გარჩევა, ბრძოლა ბოროტებასთან და უფლის შეწევნით დაძლიონ მანკიერი მიდრეკილებანი. ამ რთულ საქმეს მასწავლებლები სიფროსილით უნდა მოეკიდონ. კარგი იქნება, თუ ისინი უზნაძის განწყობის თეორიით იხელმძღვანელებენ და პიროვნულ თვისებათა გათვალისწინებით მიუდგებიან თითოეულ აღსაზრდელს. ბავშვებს თავიდანვე უნდა გავუღვიძოთ გრძნობა ადამიანის ღირსების დანახვისა და დაფასებისა, განვამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ყოველი ჩვენთაგანი ღვთისაგან განსაკუთრებული ნაჭითაა დაჯილდოებული, ოღონდ აუცილებელია ამ მადლის გამოვლენა.

მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას. შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები ბუნება; ვასწავლოთ მასთან კავშირი, რათა მან შემდეგ ადვილად დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან.

სამწუხაროა, რომ ყოველივე ამის განსახორციელებლად ცოტა გვყავს სათანადოდ მომზადებული პედაგოგები: არა გვაქვს კარგად შედგენილი პროგრამები.

სკოლის ცხოვრებაში სიახლის შეტანა რომ აუცილებელია, ყველა გრძნობს, მაგრამ ზოგჯერ არასწორ ნაბიჯებს დგამენ. მაგალითად, აპირებენ ინგლისური სკოლების გახსნას, სადაც პირველი კლასიდანვე ყველა საგანს ბავშვებს უცხოელები შეასწავლიან და ეს მიაჩნიათ ფრიად სასარგებლოდ; სინამდვილეში კი იგი დიდი შეცდომაა და ნიშნავს ჩვენს წარსულს მოწყვეტილი თაობის აღზრდას. ანდა, ფიქრობენ რელიგიური სკოლების დაარსებას, სადაც საღვთისმეტყველო გაკვეთილებს პასტორები ჩაატარებენ. განა შეიძლება ასე ხელვყოთ ჩვენი მეობა?

მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სხეულისა. მისი შეცვლით ან დაკარგვით ჩვენ ვკარგავთ ქართულ სულს. ამის მაგალითი ბევრი გვაქვს; მხოლოდ ორს დავასახელებთ: წინა საუკუნეებში, გაჭირვების გამო ზოგიერთმა ქართველმა კათოლიკობა მიიღო, რადგან თურქნი კათოლიკებს რომის სიძლიერის გამო არ ეხებოდნენ. დღესაც მათი შთამომავალნი, საქართველოში მცხოვრებნი, თავიანთ თავს ფრანგებს უწოდებენ.

ცარიზმის გამთიშველი პოლიტიკის წყალობით სომხები XIX ს-ში განთავისუფლებულნი იყვნენ გადასახადისაგან. ბევრმა ქართველმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღო გრიგორიანული სარწმუნოება. დღეს ეს ხალხი ფაქტიურად დაკარგულია საქართველოსათვის. ეს ერთი მხარეა საკითხისა.

მაგრამ უმთავრესი მეორეა. ანუ შეგნება იმისა, რომ თითოეული ჩვენთაგანის მრწამსი, აღმსარებლობა, ღვთის ჭეშმარიტ გზას უნდა დაეფუძნოს. მართლმადიდებლობა არის ის სარწმუნოება, რომელმაც შეურყვნელად დაიცვა იესო ქრისტეს და მის მოციქულთა სწავლება. მართლმადიდებლობამ დაიცვა ერთიანი განუყოფელი ეკლესიის ტრადიცია. მართლმადიდებლობის გარეშე არ არსებობს ხსნა, რადგან ქრისტეა თავი ეკლესიისა და ეკლესიაა მისტიური სხეული მისი და თუ არ ვიქნებით წევრი მისი ეკლესიისა - ნაწილი მისი სხეულისა, წილი არა გვაქვს მაცხოვართან. „ეკლესიის გარეშე ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს ყოველივეს: ჰქონდეს რწმენა მამის, ძის და სულიწმიდისა, ქადაგებდეს, საიდუმლოებსაც აღასრულებდეს, იყოს დაფასებული, მაგრამ სულის ხსნას ვერ შეძლებს - ვერ მოიპოვებს მარადიულ ცხოვრებას“ (ნეტარი ავგუსტინე).

უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია მუდამ წმინდაა. ცალკეულ სასულიერო პირთა თუ მორწმუნეთა უღირსი საქციელი ვერ დაჩრდილავს მის სიდიადეს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ეკლესია მებრძოლია, რამეთუ გამუდმებულ დაპირისპირებაშია ბოროტებასთან. უკეთურობამ შეიძლება მას დაღი დაასვას, მაგრამ გამარჯვებული მაინც ყოველთვის იქნება ეკლესია, რადგან იგი თვით უფლის მიერ კლდესა ზედა არის დაფუძნებული და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“.

70-წლიანმა მძიმე ცხოვრებამ საქართველოს ეკლესიაზეც იქონია გავლენა, დღეს ჩვენს მოძღვართა შორის ბევრნი არიან თავდადებულნი, მაგრამ სუსტნიც არიან. მე იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით, მომავალში კიდევ უფრო განმრავლდებიან კეთილმსახური მოღვაწენი, ბერ-მონოზონნი, რომელნიც ვითარცა მანათობელნი ლამპარნი, ხალხს უჩვენებენ უფლისაკენ სავალ სწორ გზას და მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით მიეხმარებიან მათ ჯვარის მტვირთველობაში.

თანამედროვე ეტაპზე მეტად აუცილებელია სხვა სახელმწიფოთა მიმართ სწორი დამოკიდებულების გამომუშავება. დღეს მსოფლიო ჩაბმულია ერთობლივ პროცესებში. ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ ინტელექტუალურად წამყვანი ძლიერი ქვეყნები ნებით თუ უნებურად ერევიან სხვა ერების ცხოვრებაში და არ აძლევენ მათ საერთო ჯაჭვიდან ამოვარდნის საშუალებას; ეს კი დიდ საფრთხეს უქმნის მცირერიცხოვანი ხალხების სულიერ და კულტურულ თვითმყოფადობას. იმავე პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენც. დასავლეთის ქვეყნებისაგან საქართველოს პოლიტიკურად ისეთი დიდ საშიშროება არ ემუქრება, რამდენადაც მორალური და ზნეობრივი. ჩვენთვის ასევე დამაბრკოლებელია მათი ინდიფერენტულობა ეროვნული და სარწმუნოებრივი საკითხებისადმი.

ქართველ ხალხს მიმბაძველობისაკენ ლტოლვა ახასიათებს. ეს კარგია, თუ სასარგებლოს სწავლობ ანუ გაქვს ნიჭი თეთრის და შავის გარჩევისა, მაგრამ საშიშროება სწორედ იმაშია, რომ ხშირად განსჯის უნარი გვეკარგება და ცალმხრივად ბრმად ვიღებთ სხვისი ცხოვრებისა თუ აზროვნების წესს.

ჩვენ აუცილებლად უნდა შევითვისოთ სხვათა გამოცდილება და მიღწევები, ოღონდ საკუთარ საფუძველზე დაყრდნობით. მხოლოდ მაშინ იქნება იგი ღირებული ჩვენი ხალხისთვის და ანგარიშგასაწევი და დასაფასებელი სხვა ქვეყნებისთვისაც. ასე შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი ქართული კულტურა და დღესაც ეს გზა უნდა გავაგრძელოთ.

ამ საქმეში მეტად დიდი როლი უნდა დაეკისროს ეროვნულ მოძრაობას.

ზოგიერთის ფიქრით, ეროვნული მოძრაობა დროებითი მოვლენაა, რომლის მიზანი ერის განთავისუფლებისათვის ბრძოლაა. ასეთი შეხედულება მცდარია. ვიდრე ვარსებობთ როგორც ერი, უნდა იყოს ეროვნული მოძრაობაც, რომელმაც უნდა მოიცვას ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი სფერო და ყველაფერი უნდა გააკეთოს ხალხში ზნეობის ამაღლებისათვის, ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებისათვის, ქართული ხასიათის გათვალისწინებით ჩვენი შინაგანი დადებითი ძალების გაღვიძებისა და ახალი იდეების განხორციელებისათვის, პროვნების ტალანტის მაქსიმალური გამოვლენისათვის.

ვფიქრობ, ხელისუფლების, ეკლესიის, ინტელიგენციის, ახალგაზრდობისა და საერთოდ ერის საუკეთესო ნაწილის წარმომადგენლებმა უნდა შეიმუშაონ და ჩამოაყალიბონ ეროვნული მოძრაობის პროგრამა; უნდა განისაზღვროს, რას უნდა მოიცავდეს იგი და სად როგორ განხორციელდეს. ამავე დროს უნდა განისაზღვროს სავარაუდო უარყოფითი შედეგებიც.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არცერთ სახელმწიფოსთან, და განსაკუთრებით მეზობელ ერებთან, არ გვქონდეს მტრული დამოკიდებულება.

ამიტომაც საჭიროა მაღალი ინტელექტის მქონე დიპლომატების აღზრდა; საჭიროა დიპლომატიური სკოლის დაარსება, სადაც ახალგაზრდები შეითვისებენ ჩვენი ხალხის და მსოფლიო ქვეყნების დიპლომატიურ გამოცდილებას და შეძლებისდაგვარად გააკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველომ თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ერთა შორის.

ჩვენს წინაშე ასევე დგას პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხი.

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი განსაკუთრებული ქმნილება. იგია ქვეყანასა და ზეცას, მიწიერ და სულიერ სამყაროს შორის დამაკავშირებელი ძალა.

ადამიანი დადგგნილია სამოთხეში მოქმედებისათვის, მისი დაცვისათვის, რაც ბოროტისაგან საკუთარი სულის დაცვას ნიშნავს და გულისხმობს ღვთის სიყვარულს, შრომის სურვილს, შემეცნების უნარს და, რა თქმა უნდა, ზნეობრივ ცხოვრებას.

ადამიანთა ერთობა ქმნის ოჯახს, გვარს, ერს, სახელმწიფოს. სულიერად განწმენდილ პიროვნებათა კავშირი - ასეთივე სახელმწიფოს, ხოლო ცოდვისაგან დათრგუნულთა ერთობა - შესაბამის ოჯახსა და საზოგადოებას. ამიტომაც, ვინც ფიქრობს ერის მომავალზე, უპირველესად უნდა იფიქროს თავის სულიერ ამაღლებაზე და დაიწყოს ერის გამოსწორება თავისი თავის განწმენდით - საკუთარი ჯვრის მტვირთველობით, ღვთის ჭეშმარიტ გზაზე დადგომით. მხოლოდ ამის შემდეგ დაინახავს ადამიანი სინამდვილეში სხვას რა უჭირს და იმასაც მიხვდება, როგორ უშველოს მას.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეყნის განმგებელთ - როგორც საერო, ისე სასულიერო პირთ. ხშირია შემთხვევა, როცა თანამდებობის მქონე თავისი არასწორი საქციელის გამო იქცევა კერპად. წმიდა მამები გვარიგებენ, რომ ხალხზე მოქმედება და მისი მოქცევა უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენ ჩრდილში დავრჩეთ, ხოლო ერმა უპირველესად ადიდოს ღმერთი და არა კაცი.

ნებისმიერი ხალხის ისტორიაში დაუვიწყარია მათი სახელები, რომელიც თავიანთი სიწმინდით ამგვარად ემსახურნენ ერს. ასეთი იყო მაგალითად წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი.

„გალობანი სინანულისანი“ არის პიროვნული და ერის ცოდვების მტვირთველი ქვეყნის განმგებლის აღსარება. დღევანდელი ადამიანი იმდენად დაცემულია, რომ აღარ ესმის, რატომ გამოთქვამს ასეთ სინანულს მეფე წმინდანი. ხალხს აღარა აქვს ხმამაღლა გაცხადებული აღსარების სიდიადის შეგრძნება;

„გალობანი სინანულისანი“ საკუთარი თავის გაკერპების წინააღმდეგ ბრძოლის დასტურიცაა, ისევე როგორც დავითის სურვილი, დაკრძალულიყო გელათის ტაძრის ჭიშკარში, რათა კაცთა და პირუტყვთ მის საფლავზე დაედგათ ფეხი.

ამგვარი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი დავით აღმაშენებლის ზნეობის, მისი სულიერი სიწმინდის მაჩვენებელია; ამის საწინააღმდეგო მაგალითია, ვთქვათ, ნაბუქოდონოსორი, რომელმაც თავისი კერპი აღმართა და უნდოდა ყველას თაყვანი ეცა მისთვის იმიტომ, რომ მისი მიზანი იყო ამქვეყნიური, მიწიერი დიდებისა და ნეტარების მოპოვება, თავისი „მეს“ დამკვიდრება.

ასე რომ, პიროვნების როლი და შესაძლებლობა კაცობრიობის ცხოვრებაში განუზომელია. მას შესწევს ძალა, ღმერთამდე ამაღლდეს სათნოებით და ქვესკნელამდე დამდაბლდეს უკეთურებით, ამპარტავნებით. ყველაფერი ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.

„იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთვის შესაწირავად“ (ეფესელთა 5,1-2) - გვარიგებს მოციქული.

უფლის მცნებებით ცხოვრება, მართალია, ჭირს ჩვენს აპოკალიფსურ დროში, მაგრამ ღმერთი არ დაგვტოვებს და შეეწევა ჩვენს უძლურებას.

„სასოებდით მაცხოვარს, რამეთუ იცის უფალმან ღმრთის მსახურთა მათ განსაცდელთაგან ხსნა“ (2 პეტრე 2,9).

მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული არის საფუძველი ჩვენი სარწმუნოებისა, იმედი ჩვენი მომავლისა, ჩვენი ერის გადარჩენისა.

სააღდგომო ეპისტოლე წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით მინდა დავამთავრო:

მოდით ყველანი, განიცადეთ სიხარული უფლისმიერი; მდიდარნო და გლახაკნო, ზეიმი ჰყავთ ერთად; ჭართა დამთმენნო და სულმოკლენო, თაყვანი ეცით დღესა ამას. სარწმუნოების ტრაპეზი იხმიეთ ყოველთა და მიიღეთ სიმდიდრე მაღლისა... ამერიდან ნუ შეაძრწუნებს სიკვდილის შიში თქვენს გულებს, რადგან მაცხოვრის მადლით განთავისუფლდით. დათრგუნა სიკვდილი სიკვდილით მოცულმა, წარტყვენა ჯოჯოხეთი ქვესკნელში ჩასულმა... "სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაა შენი?" (1 კორინთ. 15,55).

აღდგა ქრისტე, დაემხვნენ დემონნი, აღდგა ქრისტე და განიხარეს ანგელოზთა, აღდგა ქრისტე და აღდგა სიცოცხლე საუკუნო. დიდება მას უკუნისამდე.

აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 1992 წელი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ

მსგავსი განცხადებები: