პატრიარქის საშობაო ეპისტოლე - 1979


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელოთა მღვდელმთავართა, ღირსთა ბერ-მონაზონთა და ყოველთა კურთხეულთა შვილთა საქართველოს ავტოკეფალური წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოჲსა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

„პირველითგან იყო სიტყუაჲ... მის თანა ცხორებაჲ იყო,
და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა, და ნათელი იგი ბნელსა
შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (იოვანე 1; 1,4,5)

ქრისტეს მიერ საყვარელნო და ძვირფასნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ანგელოზებრივი სახით შემოსილნო ღირსნო ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო - ძენო და ასულნო წმიდისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისანო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!

სასიხარულო და საცხოვნებელ დღეს, როდესაც ჩვენ ვახსენებთ ქვეყნად მოსვლას ღვთისა მამისაგან უწინარეს საუკუნეთა შობილ მაცხოვარს, რომელსაც მოციქული იოანე ღვთისმეტყველი უწოდებს სიტყვას, გულითადად მოგილოცავთ ამ მშვიდობისა და სიყვარულის ზეიმს, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ვხმობ გიხაროდეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ ვადიდებთ იესო ქრისტეს შობას, მხოლოდშობილს, წმიდას, თანაარსს მამისა და სულისა წმიდისა და ამასთან ერთად მტვირთველს ადამიანის ბუნებისა, მწყალობელს მეზვერეთა და ცოდვილთა, აღმღებელსა თავის თავზე კაცობრიობის უბედურებათა, ცრემლთა, ტკივილთა და განსაცდელთა, რამეთუ ყოველივე ეს მან იტვირთა ჩვენთვის, რათა ჩვენი გამოხსნის დიდი საიდუმლო აღესრულებინა. იესო ქრისტე - ღმერთი ღმერთთაგანია, ნათელი - ნათლისაგან, რომელიც დღეს, ხვალ და მარად ღვთაებრივი დაუსრულებელი ცხოვრების პროცესში იშვება წიაღთა ღვთისა მამისაგან.

„ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“.

იგი არა ჰგავს ყოველივე იმას, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივია, ის თითქმის მარტოა და უცხოა ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ მახლობელი და ძვირფასია. საწყლებთან მას სურს იყოს ღარიბი, მდიდართ იგი მოუწოდებს მოწყალებისაკენ, დევნილებთან იგი დევნილია, განსაცდელში მყოფთან განსაცდელის მტვირთველია, მომაკვდავთან - იგი ჯვარცმულია. მან იტვირთა თავის მხრებზე ადამიანი მთელი მისი სისუსტით, რადგან მხოლოდ ის ერთია შეუძლებლის შემძლებელი, და სწორედ ამაშია მისი დიდი მისია როგორც მხსნელისა. მაცხოვარს უყვარს ღარიბნი არა მათი სიღარიბისა გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი მდიდარზე მეტად ცდილობენ გაიგონ და შეიგრძნონ სულიერი საუნჯენი. სიმდიდრე კი, პირიქით, ატყვევებს ადამიანის გულს იმდენად, რომ მას უკვე ავიწყდება ყოველივე და იკეტება საკუთარ ეგოიზმში, იგი უკვე აღარ ისწრაფვის სულიერობისაკენ, არამედ იფარგლება და ისაზღვრება მხოლოდ უხეში მატერიით. ასეთებზე მაცხოვარი ბრძანებს, „შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრეზე დაყრდნობილთათვის ღვთის სასუფეველში შესვლა! უადვილესია ნემსის ყუნწში აქლემის გასვლა, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში“ (მარკოზი X, 24-25). დროა ადამიანმა სულიერი თვალი აახილოს და განსაზღვროს რომელია მთავარი და რომელი მეორეხარისხოვანი, დროა ადამიანმა გადასინჯოს სულიერი და მატერიალური ფასეულობანი.

როდესაც მორწმუნე ადამიანი რეალურად შეხედავს ცხოვრებას, თავის გარემომცველ სამყაროს, მიდის დასკვნამდე, რომ მიწიერი ჩვენი ცხოვრება - ეს არის მხოლოდ ნაწილი რაღაც დიდისა, განუსაზღვრელისა, ეს არის მხოლოდ მომზადება მარადიული და უკვდავი ცხოვრებისათვის. მაგალითად, თუ პირველი ქრისტიანებისათვის სასწაულნი და გამოცხადებანი ჩვეულებრივი საღმრთო მოვლენა იყო, თანამედროვე ადამიანში ის ხშირად იწვევს უნდობლობას, ან უკეთეს შემთხვევაში - გულისტკივილს, რადგან მას არ შესწევს უნარი მისი ახსნისა და შემეცნებისა.

ქრისტეს შობის დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიცნობთ, რომ იესო ქრისტე ისტორიაში არის განსაკუთრებული რეალობა, დროების შემობრუნების ნიშანსვეტი, ახალი ადამიანის საწყისი. შეხედულებანი მის პიროვნებაზე განსხვავდებოდნენ და ამჟამადაც განუწყვვტლივ სცილდებიან ერთმანეთს. მისთვის და მისდამი რწმენის გამო იღვრებოდა სისხლი და ცრემლი, იმიტომ, რომ „ეს არის მოწმობა, რამეთუ საუკუნო სიცოცხლე მოგვცა ჩვენ ღმერთმა, და ეს სიცოცხლე მის ძეშია“ (I იოვანე V,II). ამ რწმენით, ამ სულიერი სათნოებით ცხოვრობდა და ცხოვრობს ჩვენი კეთილმორწმუნე ერი.

ახალშობილმა ყრმამ დაჩრდილა საქართველოში მანამდე არსებული წარმართული რელიგიები და სულიერად გარდაქმნა ადამიანი, ამჟამად საქართველოს მიწა წმინდაა, მის წიაღში განისვენებს მაცხოვრის კვართი, ივერია არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი, აქ ქადაგებდნენ მოციქულნი - ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი, აქ შეასრულა თავისი სამოციქულო მისია მოციქულთა სწორმა და ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ, აქ ბევრი წამებული გვირგვინოსან იქმნა, ივერია ბრწყინავს მღვდელთმთავართა და ღირსთა მამათა ღვაწლით, ამ მიწაზე გვესმის ჩვენ საიდუმლო სიტყვები, რომლებიც ოდესღაც მოისმინა ღვთისმხილველმა და დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ: „გაიხადე ფეხსაცმელი ფერხთაგან შენთა, რადგანაც მიწა, რომელზედაც დგახარ, ადგილი წმიდა არს“ (გამ. III,5).

დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია საგალობელი, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს ბეთლემსა ზედა ქრისტეს შობის ღამეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლუკა 2,14). მშვიდობა, რომელიც გვაუწყეს ანგელოზებმა, წარმოადგენს კაცობრიობისათვის არსებით აუცილებლობას, როგორც წყარო, რომელიც აღვიძებს წყურვილს ხალხთა შორის მადლიანი მშვიდობისათვის, როგორც სიყვარულის მოვლენა, რომელიც საფუძველია მეგობრობის, მშვიდობიანი ურთიერთობისა და ხალხთა ცხოვრების აყვავებისა. ადამიანის უმაღლესი დანიშნულებაა მოუტანოს ხალხს სიხარული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გარეგანი მშვიდობა - სიწყნარე, სიმშვიდე, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე, შინაგანი სულიერი სამყაროს შედეგს წარმოადგენს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება ის კურთხეული დრო, რომლის შესახებაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა ისაიამ: „და დასჭრიდნენ მახვილებსა მათსა სახნისად, და ლახვრებსა მათსა მანგლად: და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებდნენ მერმე ბრძოლასა“ (ისაია II,4).

განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობით მე მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, რომელნიც ცხოვრობთ ჩვენი მამულის საზღვრებს გარეთ; თქვენ არ ხართ დავიწყებულნი, ჩვენ გვახსოვხართ და ყოველთვის ვლოცულობთ თქვენთვის. არ დაივიწყოთ თქვენი სამშობლო - მზიური საქართველო, მის კურთხეულ მიწაში განისვენებენ თქვენი დიდებულნი წინაპარნი, გახსოვდეთ და შეისწავლეთ მშობლიური ქართული ენა, წაიკითხეთ და შეითვისეთ ჩვენი მდიდარი საეკლესიო და კლასიკური ლიტერატურა, რომელიც სულიერად გაგვამდიდრებს და გაგვაერთიანებს.

ჩვენი საერთო მიზანია - ვიყოთ ერთად.

ქრისტეს მოყვარენო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს და გისურვებთ, რომ ღვთის სიტყვა - მაცხოვარი იშვას თქვენს გულშიც, რომ ის თქვენთან იყოს განუშორგბლად და მარად გესმოდეთ მისი სანატრელი ხმა: „არა დაგიტეო შენ, ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ, ნუ შესცდები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, შეგეწიე შენ, და მოგიკრძალე შენ მარჯვენითა მართლითა ჩემითა“ (ისაია - XI,I,10).

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ამინ.

ქრისტეს შობა 1978-79 წ.
ქ. თბილისი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

 

მსგავსი განცხადებები: