პატრიარქის საშობაო ეპისტოლე - 1994


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:

„მცირე ხნით მყავდი მიტოვებული და
წყალობითა დიდითა შეგიწყალებ შენ“ (ისაია 54,7).

ყოვლადუსამღვდელოეს მღვდელმთავრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, მოღვაწე ბერ-მონაზვნებს, ქრისტესმიერ დებსა და ძმებს, საქართველოს მკვიდრთ და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს საყვარელ თანამემამულეთ: მშვიდობა, სიყვარული და ღვთის კურთხევა იყოს თქვენ ზედა და შორის თქვენსა.

უფლის წყალობით კვლავ გავხდით ღირსნი ქრისტეს შობის ზეიმისა. ისევ დადგა დღე ღვთის განხორციელების საიდუმლოზე განსაკუთრებული დაფიქრებისა. ძე ღვთისა, შემოქმედი და განმგებელი ხილული და უხილავი სამყაროსი, ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში იშვა, - „სიტყვა იგი ხორციელ იქმნა“.

პირველნი, ვისაც ეუწყა ყრმა ღმერთის ამქვეყნად მოვლინება, იყვნენ უბრალო ბეთლემელი მწყემსები და არა ძლიერნი ამა სოფლისანი, არც მოძღვრები ძველი აღთქმისა.

და დედამიწას მოეფინა საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ღვთის უსაზღვრო და უნაპირო სიყვარული, ერთი მხრივ, და ღვთაებრივი სიმდაბლისა და მორჩილების საოცარი მაგალითი, მეორე მხრივ, - მთელი თავისი სიდიადით განცხადდა ქრისტეს შობით. „რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა და არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვანი და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა“ (2 კორინ. 5,19).

სიყვარული და თავმდაბლობა, - ეს ის თვისებანია, რომლითაც შემკული უნდა იყოს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ადამიანს შეიძლება მაღალი თანამდებობა ჰქონდეს, ან გამოირჩეოდეს მეცნიერული მოღვაწეობით, მაგრამ ჭეშმარიტად დაფასებული იგი მაშინ იქნება, თუ სიყვარული და თავმდაბლობა აქვს, მაშინაა იგი ღვთისთვისაც და ხალხისთვისაც ახლობელი და გამორჩეული.

თითოეული ჩვენგანი სამი დროით ცხოვრობს: წარსულით, აწმყოთი და მომავლით. წარსულს ვერ შევცვლით და ვერც დავაბრუნებთ, მომავალი კი დღევანდელი დღით განისაზღვრება და მისგან გამომდინარეობს.

მეოცე საუკუნე, რომელმაც შვა ორი მსოფლიო და მრავალი სამოქალაქო ომი, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა მანამდე არნახული ტოტალიტარული რეჟიმი, ისტორიაში შევა არა მარტო როგორც სოციალ-პოლიტიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევათა ხანა, არამედ, უფრო მეტად, როგორც საშინელი ძვრების, არაადამიანობის, აგრესიულობის, გულგრილობის, აპათიის, შურის, ბოროტების საუკუნე.

რა არის ეს, ბუნებრივი პროცესი თუ ქაოსი „პირდაღებული უფსკრულისა“? - როგორც უწოდებდნენ ცხოვრებას ანტიკურ დროში. ეს ყოველი შედეგია არასულიერობის, ურწმუნოებისა და ნიჰილიზმისა.

თავის დროზე პიროვნებამ დაკარგა რწმენა ღვთისა. ახლა იგი კარგავს რწმენას ადამიანისა, ანუ თავის ძალისა და შესაძლებლობებისა, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ თუ ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებას დროზე არ დაუბრუნდა, ეს პროცესი მეტად საშიშ ფორმებს მიიღებს, რადგან სულიერი თვითგვემა უკვე თავზეხელაღებულობამდე მიდის.

ხანდახან გგონია, რომ მთელი სამყარო ბნელითაა მოცული და ცხადდება ჩვენზე ისაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას, რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შეღებილი და თითები თქვენი - უკეთურებით. თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს“ (ისაია 59,2-3).

ჭეშმარიტად, უღმერთოების მიზეზით დაბნელდა სულიც და გონებაც ჩვენი. ადამიანმა დაკარგა უნარი თეთრის და შავის, სიკეთის და ბოროტების გარჩევისა და იქცა იარაღად ეშმაკისა.

ყოველგვარ სიკეთეს მოკლებულმა ბოროტმა ძალამ შურის გამო სინათლე წაართვა ადამიანებს და ცდილობდა და ცდილობს მის ჩაქრობას, რასაც კეთილი ნების დათრგუნვა მოჰყვა. ნაცვლად იმისა, რომ ნათლით გაბრწყინებულიყო, ადამიანი ბოროტის სადგურად იქცა. ღვთის ნიშანდებული, ამპარტავნებისა და თვითდაჯერებულობის გამო, ეშმაკის მიერ ცდუნდა, ეშმაკისა, რომელსაც ასე მიმართავს წმ. ისაია: „როგორ ჩამოემხე ციდან მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში“ (ისაია 14,12-15), ხოლო მაკარი დიდი ბრძანებს: ეშმაკმა, დაიპყრო რა ადამიანი, დასვარა და დაატყვევა სული მისი ქვესკნელის ძალებით და არ დატოვა მისი ერთი ნაწილიც კი თავისი ძალაუფლების გავლენის გარეშე: აზრები, გონება, სხეული, შავი პორფირით დაფარა... და გახდა სხეული ტანჯული და ხრწნადი. ძველი აღთქმის კაცი განიმოსა სრულყოფილების სამოსისაგან და ატარებს ჯოჯოხეთის ტანსაცმელს, ტანსაცმელს შეურაცხყოფის, ურწმუნოების, უტიფტობის, ამპარტავნების, პატივმოყვარეობის, ვერცხლისმოყვარეობის, გარყვნილების და სხვა არაწმინდა და საზიზღარი ძონძებისა.

მაცხოვარი ბრძანებს: „ხალხმა უფრო მეტად შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი, რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი, და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ გამჟღავნდეს მისი საქმენი“ (იოვანე 3,18-20). მაგრამ არ შეიძლება ეს პროცესი ასე გაგრძელდეს; უნდა მოხდეს ხალხის გონების და შემდეგ სულის განკურნება და ღმერთთან დაბრუნება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოყვასს ფეხზე დადგომაში.

მოვლენების რეალური შეფასების, ზნეობის და მორალური კრიტერიუმების კატასტროფული დაცემის მიუხედავად, უნდა შევაძლოთ ადამიანში ღვთის ხატების დანახვა, ადამიანურ გადახრათა ამპლიტუდის შეცნობა, რათა ვაღიაროთ ჯოჯოხეთამდე დაცემული სულის ცამდე ამაღლების რეალურობა.

უნდა შევძლოთ სიკეთის მარცვალი დავინახოთ ყოველ გზააცდენილში, ბოროტმოქმედსა და მკვლელში. ამასთან აუცილებელია მათში არა მარტო ამ მაცოცხლებელი ნაპერწკლის აღმოჩენა, არამედ მისი გაღვივებისა და აღორძინებისათვის გზების ძიება.

განსაცდელი - მრავალრიცხოვანი და მძიმე - აი, ჩვენი ხალხის გადარჩენის გზა. მხოლოდ მათი წყალობით შეძლებს ერი და თითოეული ჩვენგანი დაინახოს სიღრმე ჩვენი დაცემისა, გაიცნობიეროს ხასიათის თავისებურებანი, მისი სისუსტენი და გამოფხიზლებულმა მოიძიოს გზა გადარჩენისა.

ამიტომაც განსაცდელში ჩვენ ღვთის დიდ სიყვარულსა და ზრუნვას ვხედავთ. „განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვასთ“ (იაკობი 1,12) - ვკითხულობთ წმ. წერილში.

მთავარია, დავინახოთ ჩვენი ნაკლოვანებანი, ჩვენი ცოდვები და ღვთის იმედით აღვსილნი სინანულისა და გამოსწორების გზაზე დავდგეთ, სულიერი ფერისცვალებისთვის მოვემზადოთ.

მაცხოვრის მადლით, მორწმუნე ადამიანის გონება განახლების პროცესს განიცდის. იგი განეშორება სიცრუეს, თავს იკავებს სიფიცხისა და მრისხანებისაგან. გაურბის ბოროტებას, ავსიტყვაობას; ის კეთილი, სიმართლის მოყვარული და თანამგრძნობელი ხდება და სულ სხვანაირად აღიქვამს თავის თავს.

დღეს ახალგაზრდებში უკვე იგრძნობა ის პროცესი შემობრუნებისა. რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ნაკლოვანებაა: ქურდობა, მკვლელობა, ამორალურობა, ძალადობა და სხვა, მაგრამ კარგის მაგალითებიც უნდა დავინახოთ.

მრავალმა ახალგაზრდამ შესწირა თავი სამშობლოს დაცვას, მრავალმა მოქალაქემ გაიღო წვლილი ომში წასულთა თუ გაჭირვებულთა დასახმარებლად, ბევრმა ოჯახმა შეიფარა ლტოლვილნი. ხალხს ესმის ქვეყნის მძიმე მდგომარეობა და უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად მოთმინებით იტანს ცხოვრების სიმძიმეს. ამასთან შექმნილია მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი მიწა-წყლიდან დევნილებს ეხმარებიან, უვლიან დავრდომილგბს, დაჭრილებს, დადიან საავადმყოფოებსა და ციხეში; აგროვებენ ტანსაცმელს პროდუქტს, მედიკამენტებს, რომ დაეხმარონ გაჭირვებულებს; და ყოველივე ამას აკეთებენ სრულიად უანგაროდ, რწმენითა და კაცთმოყვარეობით.

შორეული, მაგრამ ღვთისაგან შეყვარებული და კურთხეულია ივერია; წმ. წინასწარმეტყველი ისაიას სიტყვებით ასე მოგვმართავს უფალი: „ნუ გეშინია, რადგან მე გიხსნი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ“ (ისაია 43,1-2). „აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ; ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო! მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან“ (ისაია 43,5-6). ბნელისაგან ნათლის დაბადება - საიდუმლოებით მოცული მოვლენაა, რომელიც ღვთის მადლის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენში. ამიტომაც საჭიროა გაძლიერებული ლოცვა, რომ დავაჩქაროთ ბოროტისაგან ჩვენი საზოგადოების განთავისუფლების პროცესი.

სინათლის მატარებელი პიროვნება თვითონ ხდება მანათობელი, რაზეც ბრძანებს წმ. მათეს სახარება: „ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს“ (მათე 5,16). დიახ, სათნო ადამიანები სიკეთეს ასხივებენ. მათი გარემოც ნათელი და მოწესრიგებულია.

ორ მაგალითს მოვიტანო ანტიკური ისტორიიდან: ფილოსოფოს სოკრატეს დროს ცხოვრობდა ვინმე ალკიბიადე, გენიალური, მაგრამ უზნეო ათენილი. იგი შეხვედრისას ასე მიმართავდა ხოლმე ფილოსოფოსს: „სოკრატე, მე მძულხარ, რადგან, როცა შენ მიყურებ, ვხედავ ჩემს თავს“. და მართლაც, იგი სოკრატეში ხედავდა სინათლეს და თავის თავში - ცოდვით სავსე პიროვნებას.

ერთხელ ფილოსოფოს პლატონთან მივიდა არქიტექტორი და შესთავაზა აშენება ისეთი სახლისა, სადაც არცერთ ოთახს ქუჩის მხარეს არ ექნებოდა ფანჯარა. პლატონმა უპასუხა: „მე გადაგიხდი ორმაგს, თუ შეძლებ იმგვარი სახლის აგებას, სადაც ყოველ ადამიანს შეეძლება თითოეული ოთახის დანახვა-დათვალიერება“.

ჩინელები გამოყოფენ ხუთ სიკეთეს, რაც აუცილებელია ადამიანისათვის. ესენია: მოკრძალება, ზრდილობა, სიმართლე, გამჭრიახობა, სიკეთე.

თუ ადამიანი მოკრძალებულია, მას არ შეიძულებენ, ზრდილობიანს მხარს უჭერენ, გონებამახვილი - წარმატებებს მიაღწევს, სიმართლისმოყვარეს დაუჯერებენ, ხოლო კეთილი გამოიყენებს სხვებს, გვასწავლის ეს სიბრძნე.

მაგრამ ყველაზე მთავარი ღმერთთან ყოფნაა. მიენდეთ უფალს უკუნისამდე, „რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე“ (ისაია 26,4).

როდესაც საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ, უპირველესი ყურადღება განათლებას და ცოდნის ამაღლებას უნდა მივაქციოთ: „იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი“ (მათე 5,48). - მოგვიწოდებს მაცხოვარი.

ეს არის ერთ-ერთი უდიდესი კურთხევა უფლისა. ეს არის მოწოდება მუდმივი წინსვლისა და სრულყოფისაკენ, უსაზღვროებასთან მიახლებისაკენ.

ძალიან ხშირად ცოდნას და რწმენას უპირისპარებდნენ ერთმანეთს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებდა როგორც რწმენაზე, ისე მეცნიერებაზე. ცოდნა და რწმენა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზაა ჭეშმარიტებისა და ღვთისაკენ მიმავალი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დიდი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, მაქსიმე აღმსარებელის სიტყვები: „ცოდნა, ღვთის შიშისაგან აულაგმავი, შობს ქედმაღლობას“.

ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებს, რომლის პროგრამებიც კარდინალურ ცვლილებებს მოითხოვს.

სკოლებშიც და ინსტიტუტებში სრულიად არ ექცევა ყურადღება ახალგაზრდობის ზნეობრივ აღზრდას. ჩვენი გოგონები და ყმაწვილები მოკლებულნი არიან ელემენტარულ სარწმუნოებრივ და მორალურ აღზრდას, არ იციან ეთიკური ნორმები, ოჯახში და საზოგადოებაში ქცევის წესები.

ძველ დროს ამ საკითხებით მშობლები იყვნენ დაკავებულნი, ახლა დედაც და მამაც მსახურობენ და არა აქვთ დრო შვილებისათვის, ანდა თვითონაც არ ყოფნით დონე სათანადო აღზრდის მისაცემად.

დღეს ჩვენს ახალგაზრდობას ძირითადად ქუჩა აყალიბებს, რის სამწუხარო შედეგსაც უკვე იმკის თითქმის ყველა ოჯახი.

მთავრობის ხელმძღვანელობით, მიმაჩნია, უნდა შეიქმნას მეცნიერთა კომპეტენტური კომისია, რომელიც თავის მხრივ ჩამოაყალიბებს ცალკეულ ქვეჯგუფებს სასწავლო პროგრამების შესადგენად. ასეთი კომისიები, ალბათ უკვე არსებობენ, მაგრამ ისინი უნდა გაძლიერდეს და მათი მუშაობის ეფექტურობა შემოწმდეს.

უპირველეს ამოცანად ასევე მიგვაჩნია, როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სასწავლებლებისთვის ღრმა აზროვნების კურსის შედგენა.

გულის კარნახს, რომელიც ჩვენს ხალხში ხშირად ბატონობს გონების განსჯაზე, ხშირად მივყავართ გაუთვალისწინებელ და მძიმე შედეგებამდე.

დღეს, როდესაც ასე ბევრი სიძნელია გადასალახი, აუცილებილია ღრმა, აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება, რაც მოგვცემს საშუალებას განვჭვრიტოთ შესაძლო კოლიზიები ამა თუ იმ მოქმედებისა და თავი ავარიდოთ არასწორ გადაწყვეტილებებს.

დაწყებით და საშუალო სკოლებში მეტად სასურველია იკითხებოდეს სულიერი და ზნეობრივი კულტურის კურსი, რომელიც შეეხება ღმერთს, სარწმუნოების, სიყვარულის, ბოროტებისა და სიკეთის, ამპარტავნების, თავმდაბლობის, მიტევების, შერიგების, ადამიანებთან ურთიერთობის საკითხებს ან ნებისმიერი ნორმალური ადამიანის ცხოვრების ყოვლადაუცილებელ ნორმებს.

ყველა უმაღლეს სასწავლებელში კარგი იქნებოდა, რომ ისწავლებოდეს ზნეობრივი ფილოსოფიის კურსი. არ არსებობს ისეთი ღვთისმეტყველი ან ფილოსოფოსი, რომელიც არ ეხებოდეს ადამიანის ზნეობის საკითხებს. ამ ფილოსოფოსთა განსჯის გაცნობა მეტად გაამდიდრებს ჩვენი ახალგაზრდობის სულიერ სამყაროს.

სკოლებში აუცილებელია ესთეტიკური კურსის შეტანა. ხალხში თანდათან იკარგება სილამაზის გრძნობა. ადამიანი იმდენად გაუხეშდა, რომ აღარც ბუნების აღქმის უნარი აქვს, არც მუსიკის განცდისა. კულტურა სულიერებისაგან დაიშრიტა, უღვთო და უსულო გახდა. ხელოვნება, რომელმაც უნდა აღზარდოს ადამიანები და სულიერი ამაღლებისა და ზნეობრივი სრულყოფის კიბეზე აიყვანოს ისინი, უშინაარსო გასართობად იქცა.

შევძლებთ ამ წინააღმდეგობების გადალახვას? შევძლებთ შევაღოთ ახალგაზრდების შინაგანი სამყაროს კარი, რათა დაიწყოს იქ ფერისცვალების დიადი პროცესი? ძნელია ეს, მაგრამ ყოვლადაუცილებელი.

ამისთვის არ უნდა დავიშუროთ ჩვენი მწირი შესაძლებლობანი და გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი მომავალი თაობის, ქვეყნის ხვალინდელი დღის სწორი აღზრდისათვის.

ჩვენს ხალხში კიდევ ერთი დადებითი გამოვლინება შეიმჩნევა: ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ხდება საზოგადოების დეპოლიტიზაცია, ამასთან მოსახლეობამ სერიოზულად დაიწყო ფიქრი შრომაზე.

პოლიტიკა ნამდვილი პოლიტიკოსების საქმეა და არა მასისა. მიტინგებისა და დემონსტრაციების დონეზე წარმოებული პოლიტიკა პოლიტიკა არ არის და არც პიროვნების ორატორული ნიჭი ნიშნავს ქვეყნის მართვის უნარს. დღეს აუცილებელია მშვიდი, ფრთხილი დიპლომატია. ხშირად კი ჩვენ მითების სამყაროში ვცხოვრობთ და გვავიწყდება მკაცრი რეალობა. აუცილებელია არა მარტო ცალკეული ფაქტების გათვალისწინება, არამედ მოქმედების მთელი სისრულით წარმოდგენა, რეალური სიტუაციის ანალიზი და სინთეზი, ყველა შესაძლო ასპექტის გააზრება, როგორც აწშყოს, ისე მომავლისათვის.

უნდა ვიჩქაროთ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დიპლომატიური სკოლის შექმნა. საქართველოს ამ მხრივ, როგორც წარსულში, ისე ახლა, დიდი შესაძლებლობები და გამოცდილება აქვს. მთავარია, დავიწყოთ შრომა; შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომის გარეშე არაფერი გამოვა: არც სულის განწმენდა და არც შინაგანი ჰარმონია მიიღწევა და არც ცათა სასუფეველი მოიპოვება.

აუცილებელია მოღვაწეობა, აუცილებელია მარხვა და ლოცვა, სარწმუნოებრივი საქმიანობა, რამეთუ სარწმუნოება თვინიერ საქმისა, მკვდარია. „ცათა სასუფეველი ძალით იღება და მოძალადენი მიიტაცებენ მას“ (მათე 11,12).

შრომას აკურთხებს ღმერთი თავის მცნებაში: „ექვს დღეს იშრომეთ და აღასრულეთ ყოველი საქმე“. ადამიანი უნდა დაუბრუნდეს შრომას, თუ სურს იყოს ბედნიერი. განცხრომა კი მისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა (წმ. ბასილი დიდი). ღმერთმა შექმნა ადამიანი შრომისათვის და განუწესა ამისთვის სხვადასხვა ორგანოები. მხოლოდ ზარმაცი არღვევს ღვთაებრივ წესრიგს და არარაობად აქცევს თავის ყოფას (წმ. იოანე ოქროპირი).

ცალკეული ადამიანი, რა თქმა უნდა, უნდა იღვწოდეს თავის ადგილზე, მაგრამ არის შრომა, რომელიც საჭიროა ყველასათვის - ეს არის მიწაზე მუშაობა. მიწა არა მარტო საზრდოს აძლევს კაცს, არამედ კურნავს კიდეც მას. როდესაც უფალმა აკურთხა ადამის მოდგმა ოფლით თვისით მოეპოვებინა პური არსობისა, ეს იყო არა დასჯა, არამედ დალოცვა. შრომის დროს ადამიანი აუხსნელ სიამოვნებას განიცდის, რასაც მედიცინის ენაზე კუნთების სიხარულ ჰქვია.

მაგალითი მონასტრული ცხოვრებიდან: სინას მონასტრის წინამძღვრად იყო ცნობილი მოღვაწე ღირსი სილუანი. ერთხელაც აქ მოვიდა სხვა ბერი, დაინახა შრომაში გულმოდგინედ ჩართული ძმები და განიკითხა ისინი სახმართმოყვარებისათვის, რადგან თვითონ ფიქრობდა, რომ ბერისათვის აუცილებელი იყო მხოლოდ სულიერ ღვაწლი: ლოცვა, მარხვა, ღვთის მჭვრეტელობა და არა ფიზიკური გარჯა. ამან წინამძღვარი სილუანი არ გაანაწყენა და მისცა კურთხევა, სტუმრისათვის გამოეყოთ ცაკლე კელია. როცა ბერებმა დაამთავრეს მუშაობა, გაემართნენ სატრაპეზოსკენ და დანაყრდნენ. სტუმარი ფანჯრიდან იყურებოდა და უცდიდა, როდის მოუხმობდნენ მასაც სადილად, მაგრამ არავინ ეძახდა. შიმშილმა რომ შეაწუხა, იგი იღუმენთან წავიდა და ჰკითხა, მისცეს თუ არა საზრდელი იმ დღეს ბერებს; წინამძღვრისაგან თანხმობა რომ მიიღო, ეწყინა, მე რატომ არ გამაგებინესო; - შენ სულიერი კაცი ხარ და საჭმელი რად გინდა. ჩვენ ხორციელნი ვართ, კვება ჩვენთვის აუცილებელია, ამიტომაც ვშრომობთ, შენ კი იკითხე წიგნები, ისაზრდოვე სულიერი სიტყვებით, - უპასუხა იღუმენმა.

ეკონომიკურმა პრობლემებმა ბევრი საფიქრალი გაგვიჩინა. ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ სხვებისგან მოწვდილ ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან.

კატასტროფა, რასაც ხშირად ახსენებდნენ მტრები თუ მოყვრები, არ მოხდება - ხალხი შრომას იწყებს. ოღონდ ერთი რამ უნდა ყველას გვახსოვდეს: სხვისი შრომის ნაყოფის მითვისება მხოლოდ ცრემლსა და მწუხარებას მოუტანს კაცს, რადგან ღვთის კანონით, ვინც სხვისას იჩემებს, ის თავისასაც კარგავს და ჯოჯოხეთისთვის განიმზადებს უკვდავ სულს.

მხოლოდ კეთილსინდისიერი შრომით მოპოვებული ქონებაა სიკეთის მომტანი. იყავით გაბედულნი, შრომისმოყვარენი და კეთილნი, ვითარცა ჩვენი წინაპარნი.

ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ეკლესიის როლს დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაში. ზოგიერთნი უვიცობის ანდა მცირედმორწმუნეობის გამო, მართლმადიდებელ სარწმუნოებას სხვა რელიგიებთან ათანაბრებენ. უნდა მუდამ გვახსოვდეს, რომ ეკლესია იესო ქრისტეს - ღმერთის მისტიური სხეულია და იგი თვით უფლის მიერ არის დადგინებული. „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16,18). - ბრძანებს მაცხოვარი. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლით არის შესაძლებელი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლება, სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება, ოდენ იგი იცავს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის რწმენას და ტრადიციებს. წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: „სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმიდაა და სადაც სულიწმიდაა, იქ ეკლესიაა მისი სრული ჭეშმარიტებით“.

ჩვენში ვერ მოხდება ფერისცვალება, თუ ეკლესიის ცოცხალი წვერნი არ გავხდით. ეკლესია თავის წიაღში აერთიანებს ადამიანებს და მერე ღვთის გზით მიჰყავს ისინი. იგი გარდაქმნის მათ სულებს და ქრისტეს სხეულის ნაწილად ჰყოფს.

სარგებლობენ რა დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებული მრავალი უცხო რელიგიის და პროტესტანტული სექტის წარმომადგენელნი (იეღოველები, ბაპტისტები, კათოლიკები, კრიშნას მიმდევარნი, ორმოცდაათიანელები, ე.წ. ხსნის არმიის წარმომადგენლები და სხვანი) რელიგიური ექსპანსიის განხორციელებას ცდილობენ.

ისინი ფულით, პროდუქტებით, ტანსაცმლით იპყრობენ ადამიანთა სულებს, ამცირებენ და შეურაცხყოფენ საქართველოს ეკლესიას, მის წმინდანებს, სასულიერო პირებს, ჩვენს ტრადიციებს. ასეთი სექტები თესენ ანტაგონიზმს და შუღლს ადამიანებს შორის, ეს ბოროტი ძალის მანქანებაა და მას კავშირი ღმერთთან არა აქვს. მოციქული პავლე გვაფრთხილებს: „სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას“ (I ტიმ. 4,1).

ის, ვინც ტანსაცმლის, საჭმლის ან სხვა მატერიალურ მიზეზთ გამო განუდგება მართლმადიდებელ სწავლებას, ადვილად უღალტებს ღმერთს, სამშობლოს, მშობლებს, ოჯახს და, რა თქმა უნდა დაღუპავს თავის უკვდავ სულს.

მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დავირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.

გახსოვდეთ: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არ ღმერთია მამა“ (წმ. კკიპრიანე).

ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენს ხალხს შესწევს უნარი სულიერი და ზნეობრივი განახლებისა. ეს პროცესი, ღვთის წყალობით უკვე დაწყებულია, სინათლე თანდათან იკაფავს გზას. გვწამს, ქართველი ერი არ დარჩება განხეთქილების, ამპარტავნების, ბოროტებისა და მწვალებლობის ტყვეობაში, რადგან ღმერთი ჩვენთანაა.

ამ იმედით აღვსილი მორჩილებით ვიდრეკ მუხლს ბეთლემის სიდიადის წინაშე და შევთხოვ ახლადშობილ ღმერთს - იესო ქრისტეს: ნათელო ჭეშმარიტო, განანათლე და განაბრწყინვე ყოველი კაცი ამქვეყნად მომავალი. დე, აღიბეჭდოს ჩვენზე სისპეტაკე შენი სახისა, რათა ვცნათ მასში მიუწვდომელი ნათელი.

ძმანო და დანო, სიყვარულით ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე ზეიმს და ახალ წელს. ღვთის წყალობით იყოს იგი მშვიდობისა და სიყვარულის, სიხარულისა და ერთიანობის წელი. განიწმინდოს ადამიანთა გულები ბოროტებისაგან, ამპარტავნების, ურწმუნოების, სიძულვილისა და შურისაგან და განიკურნოს დასერილი გულები ჩვენი.

სიყვარულისა და თანადგომის სიტყვებით მივმართავ ყველა ახლად შესვენებულის ოჯახს. უფალმა დააწესოს თქვენი გარდაცვლილების უკვდავი სულები სავანესა მართალთასა.

სიყვარულის და იმედის სიტყვებით მივმართავ აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან ლტოლვილთ: არ დაკარგოთ რწმენა, იმედი და სიყვარული, არ დაბრკოლდეთ, ილოცეთ და უფალი აუცილებლად შეისმენს თქვენს თხოვნას. გვჯერა, მალე მშვიდობა იზეიმებს და თქვენ თქვენს მიწა-წყალს დაუბრუნდებით.

მოგმართავთ ყველა ქართველსა და არა ქართველს საქართველოში მცხოვრებს: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და თქვენ მისი საფარველით ხართ დაცულნი. იშრომეთ და იცხოვრეთ მშვიდად, პატივი ეცით და შეიყვარეთ ერთმანეთი. ნაციონალური შოვინიზმი და სეპარატიზმი უპირველესად საშიშია იმ ხალხისათვის, სადაც ეს მოძრაობა ჩნდება, რადგან ეს ომის, სიკვდილის, განსაცდელის გზაა; ღმერთმა გვაშოროს იგი.

საქართველო იყო და იქნება ერთიანი და დამოუკიდებელი - ასეთია ნება ღვთისა.

გახსოვდეთ უფლის სიტყვები:

„თქვენ მწუხარენი იქნებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ“ (იოანე 16,20). „აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან შენი მოდავენი, რადგან მე ვარ უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის განმმტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ისაია 41,11-13).

ქრისტეს შობა
თბილისი,
1993-1994 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

მსგავსი განცხადებები: