პატრიარქის საშობაო ეპისტოლე - 2001


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ღვთისმოყვარე ერთგულ შვილს:

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნი, ბერ-მონაზონნო, ქართლ-კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამაჩაბლოს, აჭარის, აფხაზეთის, მთიანეთის, საინგილოს, გურია-სამეგრელოს, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის - სრულიად საქართველოს მკვიდრნო, სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო.

„მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ“ (I კორ. 15,57).

აღსრულდა დიადი საიდუმლო - უფალი უფლებათა, მომნიჭებელი მშვიდობისა და სათავე სიმართლისა, მეუფე მეუფეთა „გამოჩნდა ხორცით“ (I ტიმ. 3,16).

მადლობას ვსწირავთ მას ჩვენი ხსნისათვის გაღებული უდიდესი მსხვერპლისათვის და იმ მზრუნველობისათვის, რასაც იგი საუკუნეთა მანძილზე იჩენდა და იჩენს ჩვენ უღირსთა მიმართ.

საქართველოს ისტორია სავსეა ღვთის უშურველი წყალობითა და დიდი განსაცდელებით, ჩვენს საწვრთნელად და გამოსასწორებლად რომ უშვებდა უფალი ჟამითი ჟამად.

დიდება და მადლობა მას ყველაფრისათვის.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი წყობა ორი საფუძვლიდან ერთ-ერთს ეყრდნობა - ღვთის განგებულებას ან ხალხის სურვილს.

შუა საუკუნეების ევროპამ უარყო რა ტრადიციული წესები, ხალხის ნება წამოწია წინ და წამოაყენა ლოზუნგი - ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ერთი შეხედვით ეს მშვენიერი მოწოდება მალე ცარიელ ფრაზად იქცა, რადგან არ იყო გათვალისწინებული რეალობა იმისა, რომ სინამდვილეში ადამიანები არ არიან თანასწორნი და არც თვისებებითაც ერთნი; ამიტომაც ჩვენთვის დამახასიათებელ თვისებებზე დაყრდნობით სიმართლის და სამართლიანობის მიღწევის მცდელობა მცდარია.

როდესაც დასავლეთში სოციალური რევოლუცია საბოლოოდ გაიმარჯვებს, - წერდა ჯერ კიდევ XIX ს-ში ცნობილი ფილოსოფოსი ვ.სოლოვიოვი, - დაინახავენ, რომ სინამდვილეში ამ გამარჯვებას ნაყოფი არა აქვს, რომ შეუძლებელია მიწიერ ყოფაზე დაფუძნებული, ურთიერთთანხმობაში მყოფი საზოგადოებრივი წყობის აშენება; დაინახავენ, რომ სწორედ ადამიანის ნების დამკვიდრების სურვილი არის სათავე დიდი განსაცდელისა და პესიმიზმით შეპყრობილი საზოგადოება მოემზადება მიიღოს ჭეშმარიტი რელიგია. ეს იქნება გარდამავალი ეტაპი რელიგიური წარსულიდან რელიგიური მომავლისაკენ.

ოდენ ჭეშმარიტ რელიგიას აქვს უნარი განაახლოს ჩვენი სულიერი სამყარო, რადგან მხოლოდ მასში არის შესაძლებელი ადამიანთა ნებაყოფლობითი დაქვემდებარება ზნეობრივი საწყისისადმი, რომელთან მიმართებაშიც ყველა თანასწორია (ტომი III, გვ.14).

აქ იერარქია თუმცა მკვეთრადაა დაცული, მაგრამ მოქმედებს უმაღლესი პრინციპი: „ვისაც უნდა პირველყოფა, იყოს იგი ყველას მსახურ“ (მარკ. 10,44); იმიტომაცაა ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება მომნიჭებელი ნამდვილი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობისა, რომ იგი თვითდამკვიდრების უარყოფის პრინციპს ეფუძნება: „რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი მოყვასისათვის, მან პოვოს იგი“ - ბრძანებს მაცხოვარი.

ძველ აღთქმაში სამოთხე იყო ღვთისგან ადამიანისთვის ბოძებული შეუფასებელი სიმდიდრე, რომელშიც იგი ღვთის მოწყალებით ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიფერა ეს საოცარი საჩუქარი და იგი თავისი ყოფის აუცილებლობად და უფლებად მიიჩნია, რის გამოც ამპარტავნებით შეპყრობილი მწარედ დაისაჯა. გაძევებული ადამიანის ცხოვრება იმდენად დასცილდა თავის პირველ მდგომარეობას, რომ სამოთხისეულ ყოფასთან შედარებით მისი მდგომარეობა სრულიად მიუღებელი გახდა; ამიტომაც კაცთათვის გაქრა და დაიფარა ედემი და იგი ზეცაში იქნა გადატანილი. ადამიანის სამყოფელად კი იქცა მიწა, სადაც ბუნებაცა და ცხოველებიც პირველქმნილი ცოდვის ბეჭდით დაიდაღნენ.

სამოთხე დაიკარგა და ძველი სახით მისი დაბრუნება შეუძლებელი გახდა. მიწიერმა ედემმა ადამიანის სულში გადაინაცვლა და ზეციური სამშობლოს ანარეკლად იქცა. ამიტომაც უგუნურებაა საზოგადოების ნაწილის დაუსრულებელი მცდელობა, ხელოვნურად შექმნან სამოთხე დედამიწაზე. რამდენი რევოლუცია ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, მაგრამ ყოველი მათგანი წარუმატებელი იყო. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ადამიანის ბუნების დაცემამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, მიწიერ სამოთხეზე ფიქრიც კი დაუშვებელი ცოდვაა და თუ მსგავსი მსჯელობა მაინც სადმე თავს იჩენს, ის აუცილებლად გულისხმობს „სამოთხეს“, ოღონდ უღმერთოდ.

ნამდვილი სამოთხის კარი კი, არა თვითდამკვიდრების მოსურნე ადამიანის მცდელობით გაგვეღო, არამედ ამქვეყნად ჩვენი ხსნისათვის განხორციელებული ღმერთის, იესო ქრისტეს თავგანწირული სიყვარულის წყალობით.

შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამი - პიროვნება, არამედ ახალი ადამი - ღმერთკაცი იესო ქრისტე.

ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და დაბინძურებულ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლისღებით განახლებულმა სიცოცხლემ იფეთქა; ამ სასწაულს მეორედ შობა, ანუ ჩვენს სულში ქრისტეს დაბადება ჰქვია.

უნებურად გვახსენდება ამ საოცარ ადგილთან დაკავშირებული ბიბლიური მოვლენები. ბეთლემთან ახლოს არის საფლავი ძველი აღთქმის დიდი მამის, იაკობის საყვარელი მეუღლის, რაქელისა; აქვეა რამას ნანგრევები: ადგილი, სადაც სრულიად უდანაშაულო 14000 ყრმის სისხლი დაიღვარა. აი, ის მინდვრებიც, სადაც სიკეთით სავსე რუთი თავის დედამთილთან ერთად ხორბლის ნარჩენებით თავს რომ ირჩენდა და სადაც შემდეგ მისი შვილთაშვილი - ყმაწვილი დავითი, ყრმობის წლებს ატარებდა.

ბეთლემის მთები, გამოქვაბულები და ხეობები დავითის სულით არის გაჯერებული. აქ გალობდა თავის საოცარ ფსალმუნებს, აქ უვლიდა ცხვრის ფარას, აქ მოიძია იგი წინასწარმეტყველმა სამუელმა და სცხო მირონი მეფობისა. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს დავითის ქალაქი.

აქვე აღმოსავლეთით მდებარეობს ის ველი, ის ადგილი, სადაც გაიგონეს მწყემსებმა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

დიახ, ბეთლემში, დავითის ქალაქში, იშვა მესია, მხსნელი სოფლისა და აღსრულდა ძველი აღთქმის უმთავრესი წინასწარმეტყველება. მაშინ იუდეველთა სამეფოს უცხო ტომის წარმომადგენელი, კეისრის ერთგული მსახური და ამასთან მრისხანე ტირანი, ჰეროდე მართვდა; ქვეყანაში ზნეობა მეტად დაცემული იყო; ცოლ-ქმრული ურთიერთობა - დარღვეული და შებილწული; შვილებისადმი მშობლების დამოკიდებულება - გულგრილი და ხშირად დანაშაულებრივი; ღარიბების ყოფა - ცხოველებისაზე უარესი; იმპერატორი კი განდიდებული - ვითარცა ღმერთი.

მიუხედავად საერთო სავალალო მდგომარეობისა, ისრაელში სიწმინდით გამორჩეული მორწმუნენიც იყვნენ. სწორედ მათ შორის გამოარჩია შემოქმედმა ის პიროვნებანი, რომელნიც მსოფლიოს გარდაქმნის თანამონაწილეებად იქცნენ.

თავდაპირველად ღვთის საიდუმლო ორ ოჯახში განცხადდა. ამ უდიდესი წყალობის ღირსნი გახდნენ ლევიტელთა შთამომავალნი - ელისაბედი და ზაქარია - იოანე ნათლისმცემლის მშობლები და დავითის შთამომავალნი, ნაზარეთის მკვიდრნი, მარიამი და მისი დამწინდველი მართალი იოსები.

ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ოჯახის რაობა, მაცხოვრის მოვლინებამ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება აღნიშნულ საკითხს მინდა მივაქციო. ოჯახის იდეალად იესო ქრისტემ დასახა მისი და ეკლესიის დამოკიდებულება: „როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა.

ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავი თვისი მისთვის“ (ეფეს. 5,23-25).

სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანთა შორის არცერთ ურთიერთობას არა აქვს ისეთი მაღალი დანიშნულება, როგორც ცოლ-ქმრის ურთიერთობას, რომელთა წმიდა კავშირიც უფლისაგან განუყოფელი თანაცხოვრებისთვისაა დალოცვილი.

ქალზე დიდად არის დამოკიდებული, თუ რამდენად იღბლიანი იქნება ქორწინება. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად. ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც განსაზღვრავენ ამ კავშირს. თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება ან ანგარება განსაზღვრავს, იგი ფაქტიურად თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

გარეგნულმა სილამაზემ, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი, - მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც სიბერე, ვერც ავადმყოფობა ვერ წაშლის.

ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... - ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს დედა, რომელსაც არ უჭირდა უხასიათო მეუღლესთან საჭირო ენის გამონახვა და ამიტომაც მასთან ხშირად მიდიოდნენ მეზობელი ქალები, რათა ესწავლათ, როგორ ახერხებდა იგი ქმართან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას.

- როცა მეუღლე უხასიათოდაა, ცუდ განწყობაზეა, გაღიზიანებულია და რაიმეს არასწორად ამბობს, არიგებდა იგი ახლობლებს, არ ვეკამათები, არამედ მოთმინებით ვლოცულობ, რომ ღმერთმა მოხედოს და სიმშივდემ დაისადგუროს მის გულში. მართლაც, მალე ყველაფერი წყნარდება და პრობლემები იხსნება. ეს რჩევა ყველა დროში და ყველა სიტუაციაში შედეგის მომტანია.

ასევე აუცილებელია, რომ ქორწინება ეკლესიის (ანუ ღმერთის) მიერ იყოს ნაკურთხი, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. საჭიროა შემდგომში მეუღლეებმა თავისი ცხოვრება ისე წარმართონ, რომ ღვთის მადლი არ განეშოროთ და მათი კავშირი ურთიერთ სიხარულის მოტანის ნაცვლად ათას უბედურებათა წყაროდ არ იქცეს.

მეფე და დედოფალი, - ასე უწოდებენ ჯვარდაწერილთ. ეს არ არის ახლად შეუღლებულთათვის ერთი-ორი დღის ვადით მინიჭებული სახელწოდება. საერთოდ, ოჯახში მამა უნდა მეფობდეს და დედა - დედოფლობდეს.

ის, რომ მამა აღიარებულია ოჯახის თავად და ავტორიტეტად, აიძულებს მას ყოველი ნაბიჯი მოზომოს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და შვილებისა და მეუღლის წინაშე არ დამცირდეს. ამასთან უპირატესობა ავალდებულებს, განსაკუთრებულად იზრუნოს როგორც მეუღლეზე, ისე შვილებზე და საჭიროების შემთხვევაში მათ დასაცავად სიცოცხლეც არ დაიშუროს.

რაც შეეხება უშუალოდ ცოლქმრულ ურთიერთობებს, აქ მეუღლეთა შორის თანასწორობაა. ქმარი არ არის პატრონი თავისი სხეულისა, არამედ ცოლი; და ასევე, ცოლი არ არის განმგებელი თავისი სხეულისა, არამედ ქმარი. ქმარს არა აქვს უფლება განეშოროს ცოლს მისი დასტურის გარეშე და ასევე ცოლს - ქმრის უნებართვოდ. შევნიშნავთ იმასაც, რომ დღეს, ზოგიერთი ფილმისა და ჟურნალ-გაზეთის გავლენით, ოჯახური ურთიერთობის სიწმინდე მეუღლეთა შორის დარღვეულია. არადა, გაუკუღმართებული დამოკიდებულებანი მოქმედებს ფსიქიკაზე, არღვევს ჭეშმარიტ სიყვარულს და აუცილებლად იწვევს დიდ გართულებებს ცოლ-ქმარს შორის, რადგან ღმერთი სჯის ადამიანებს ამ ყველაზე სათუთი და მაღალი გრძნობების შელახვისა და შერყვნისათვის.

ღმერთი ასევე პასუხს მოსთხოვს მეუღლეთ ღალატისათვის. იგი მეორე ნახევრის მიმართ ჩადენილ ისეთ დიდ ცოდვადაა მიჩნეული, რომ წმიდა წერილი, რომელიც თვით ყოვლად უხასიათო, შურიან, ანჩხლ, ლოთ მეუღლესთან შესაძლებლობისამებრ მშვიდობიან თანაცხოვრებას ურჩევს ადამიანებს, ასეთ შემთხვევაში განქორწინების ნებას იძლევა.

ოჯახში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრებისთვის აუცილებელია უფროსის პატივისცემა, იერარქიის დაცვა, მოთმინების უნარი. ასევე უდიდესი სათნოებაა თავდადება. ღირსეული მეუღლენი ერთმანეთისა და შვილებისადმი სწორედ მსხვერპლშეირული სიყვარულით ცხოვრობენ, რაც მოყვასისადმი მათ ქრისტიანულ დამოკიდებულებას განაპირობებს.

ოჯახში დიდი პრობლემები იქმნება, თუ მისი რომელიმე წევრი ლოთობს ან ნარკომანია. იგი, ერთი მხრივ, სასიკვდილო განაჩენს უმზადებს თავის სულს, მეორე მხრივ, გამოუსწორებელ დაღს ასვამს გარშემომყოფთა (განსაკუთრებით კი ბავშვებს) შინაგან სამყაროს. მართალია, ძნელია ამ სენისგან განთავისუფლება, მაგრამ ღვთის წყალობით მიუღწეველი არაფერია; თუ ოჯახის სხვა წევრები შეძლებენ ცხოვრების სწორი წესის შენარჩუნებას და ურთიერთ სიმძიმის ტვირთვას, ბოროტის გავლენისაგან სულის დახსნა გაადვილდება.

ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოებანი უწყობენ ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ცნობილი მამებიც კი, რომელნიც ათეულ წლობით განდგომილ ცხოვრებას ეწეოდნენ და პურითა და წყლით საზრდოობდნენ, შრომას თავიანთი ყოფის აუცილებელ პირობად თვლიდნენ და სხვათაც ურჩევდნენ, რაიმე ხელობას დაუფლებოდნენ, რომ ლოცვა და შრომა ყოველდღიურ წესად ექციათ.

სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაკარგულია განცდა იმისა, რომ უშრომელად ნაშოვნი ლუკა საწამლავია; რომ ის, რაც ჩვენი ოფლით არ არის მოპოვებული, არ გვეკუთვნის და ეშმაკის მიერ შემოთავაზებული თვალისმომჭრელი საცდურია. ასეთი შხამით ნასაზრდოები ცაკლეული ადამიანი თუ საზოგადოდ ოჯახი, ბედნიერი ვერასოდეს იქნება.

ოჯახური ცხოვრება მეტად რთულია და მის კეთილდღეობას მრავალი სხვა პირობა განსაზღვრავს. დღეს, როდესაც სამსახურებრივი დატვირთვის გამო მამის მსგავსად დედაც გამოსულია სახლიდან, ბავშვების აღზრდაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს სკოლა. სკოლა და მისი გარემო მოზარდისთვის მეორე ოჯახია, სადაც, ერთი მხრივ, ხდება განმტკიცება შინ ნასწავლი ჩვევებისა და, მეორე მხრივ, გადაფასება იქ შეძენილი ცოდნისა. ამასთან, სკოლა ის ადგილია, სადაც მოზარდში ყალიბდება მოყვასისადმი დამოკიდებულების ძირითადი ფორმები.

„შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა და ყოვლითა სულითა შენითა. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი“ - ბრძანებს უფალი. აი, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული ქრისტიანული ზნეობისა და აზროვნების მთავარი არსი. ამიტომაც ძალიან დიდია პასუხისმგელობა პედაგოგებისა, რადგან მათ წინაშე და მათი ზედამხედველობით ათასობით ბავშვს - საქართველოს მომავლის შინაგანი სამყარო ყალიბდება. ჩვენს სკოლებსა და სასწავლებლებში კი არ ასწავლიან, მაგალითად, მოზარდები სხვადასხვა სიტუაციაში როგორ უნდა მოექცნენ მშობლებს, და-ძმებს, მეგობრებს; რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მათ ავადმყოფთა, მოხუცთა, უცხოთა, თვისტომთა, საკუთარი მტრებისა თუ სხვათა მიმართ ავისმქმნელთათვის; არ ასწავლიან იმას, თუ რა არის სინამდვილეში ბოროტება, რა - სიკეთე; რისთვის არის ადამიანი ამქვეყნად გაჩენილი, რა უნდა იყოს მისი ცხოვრების მიზანი და რატომ?

არადა ამ კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა ხშირად პედაგოგებსაც არ შეუძლიათ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ათეისტური ყოფის პირობებში გაიზარდნენ. ამიტომაც დღეს განსაკუთრებით დიდია როლი ეკლესიისა და მოძღვრისა; როგორც ცალკეულ ოჯახს, ისე სკოლას თავისი მოძღვარი უნდა ჰყავდეს, რათა მისი დახმარებით, სულიერი საუბრებით, ლოცვით, აღსარებითა და ზიარებით ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით შექმნას ჯვარი, რომლის ვერტიკალი დაუსრულებლად ღვთისაკენ მიემართება, ჰორიზონტალური ხაზი კი - შორს მოყვასისაკენ.

ბოლოს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო კაცობრიობის, ალბათ, ყველაზე დიდ ცოდვაზე - აბორტზე.

ბავშვები ხელს შეგვიშლიან, არა გვაქვს საშუალება მათი რჩენისა, ზედმეტი პრობლემები შემექმნება, მინდა ცხოვრებისაგან მეტი სიამოვნება მივიღო. - აი მიზეზები, რომლებიც განაპიროებებს აბორტის გაკეთებას. მაგრამ სიამოვნების ნაცვლად ამ ცოდვის ჩამდენ მეუღლეთა ცხოვრება თანდათან წამებად იქცევა: შვილები მშობლებს აღარ ემორჩილებიან, ბავშვები ავადმყოფები ჩნდებიან, თვითონ დედ-მამას კი სხვადასხვა დაავადება ახსენებს თავს, გულგრილი ხდება მათი ურთიერთობაც და ღალატი ცხოვრების წესად ექცევათ. ან კი როგორ შეიძლება მშვიდობა და კეთილდღეობა იქნას მოპოვებული ასეთი საშინელი ცოდვის საფასურად.

ხშირად აბორტს უმნიშვნელო დანაშაულად თვლიან იმის გამო, რომ ამის მოქმედნი მრავლად არიან და მიმბაძველობა დამნაშავეთ პასუხისმგებლობისაგან თითქოს ათავისუფლებს; მიაჩნიათ ისიც, რომ, რაკი ბავშვი ჯერ ისევ დედის მუცელშია და არ დაბადებულა, ადამიანის გრძნობა და თვისებები არა აქვს, ამასთან იგი აღიქმება, როგორც დედის სხეულის რაღაც მცირე ნაწილი, რომელსაც მშობელი სურვილისამებრ შეიძლება თავისუფლად მოექცეს. ასეთი ფიქრი უდიდესი შეცდომაა.

ეკლესიის მიერ იმთავითვე აღიარებული ფაქტია და თანამედროვე მედიცინაც მეცნიერულად ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი ჩასახვისთანავე იწყებს დამოუკიდებელ არსებობას და იგი ამ მომენტიდან უკვე პიროვნებაა. აღარაფერს ვამბობთ 7, 10, 12 კვირის ნაყოფზე, რომლის ქმედებანიც ადამიანური ჩვევების აშკარა გამოვლინებებით ხასიათდება. ამიტომაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სამი თვის (უფრო მეტის, თუ უფრო ნაკლების) მუცელში მყოფ ყრმას მოკლავს დედა, თუ უკვე გაჩენილ სამი თვის (გინდაც 10, 20, 30 წლის) შვილს. რატომ არის ნებადართული და ჩვეულებრივ მოვლენად მიღებული პირველი ფაქტი, მეორე კი დიდ დანაშაულად მიჩნეული და საერო სამართლის სასჯელს დაქვემდებარებული, ეს ხომ ანომალიაა?

ტექნიკის განვითარებამ შესაძლებელი გახადა თანამედროვე ამერიკელი მეცნიერის ბერნარდ ნათანსონის მიერ გადაღებული ფილმის („უხმო ყვირილი“) საშუალებით ჩვენი თვალით დაგვენახა და გვეგრძნო ის შემაძრწუნებელი შიში და ტკივილი, რასაც სიკვდილის მოლოდინში მუცელში მყოფი ყოვლად უმწეო ნაყოფი განიცდის. რა შეედრება იმ ცოდვის სიმძიმეს, როცა ესა თუ ის პიროვნება საკუთარი შვილის უმოწყალო მკვლელი ხდება; აბორტის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც დედას, ისე მამას (თუ ეს მისი თანხმობითაც მოხდა). ჩვენი საზოგადოება სავსეა შვილისმკვლელი მშობლებით და ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მათ ამ ცოდვის შესატყვისი განცდა არა აქვთ.

დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. გადაუჭრელი და გამოსასწორებელი ბევრი საკითხია, რომელიც საზოგადოებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს, მაგრამ არაფერს არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ამ საშინელი სენისაგან არ განვთავისუფლდებით, თუ ჩვენს მომავალზე სერიოზულად არ ვიზრუნებთ. უნდა, უპირველეს ყოვლისა, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა თვისების მატარებელი იქნება ის თაობა, რომლის დედაც, მამაც, ბებიაც, დეიდაც და, საერთოდ გარშემო მყოფთა წრე, უსასტიკესი მკვლელობის ჩამდენია. ეს ცოდვა ბუმერანგივით მოუბრუნდება ყველას.

მე მჯერა, რომ სინდისის ხმა გაიღვიძებს თქვენში. არ არსებობს დედა, რომელიც ქვეცნობიერად მაინც არ გრძნობდეს ჩადენილი ცოდვის სიმძიმეს და მწუხარება და სირცხვილი არ აშფოთებდეს მის სულს.

ჩვენო დედებო, ჩვენო მშობლებო, ჩვენო საყვარელო სულერო შვილებო, ნუ დაიდებთ შვილის მკვლელობის უსაშინლეს დანაშაულს; ნიშნად იმისა, რომ ჩვენი ერი ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება ჭეშმარიტების გზას, ნიშნად ახალშობილი მაცხოვრისადმი ჩვენი გულწრფელი სიყვარულისა, დადეთ პირობა, რომ აღარ დაუშვებთ თქვენს წიაღს შეფარებული, თქვენს იმედად მყოფი, თქვენდამი საოცარი სიყვარულით განმსჭვალული თქვენი ნაშიერის უმოწყალო მკვლელობას.

მინდა ერთი იგავი გავიხსენო: მდიდარი და გავლენიანი კაცი თავის სახლში სარკმელთან ახლოს იჯდა, როცა გაიგონა ჭიშკართან მდგომი ბერის სიტყვები, ყარაულს რომ ეუბნებოდა: შემიშვი ამ სასტუმროში, ცოტა ხანს მინდა აქ გავჩერდეო. ის კი ეწინააღმდეგებოდა და პასუხობდა, რომ ეს სახლი კერძო ბინა იყო და არა სასტუმრო. მდიდარი კაცი შემდეგ თვითონ გამოვიდა ბერთან და მსახურის სიტყვები დაადასტურა.

ბერმა მას ჰკითხა, თუ ვისი აშენებული იყო ეს შენობა.

- პაპაჩემის, - იყო პასუხი.

- მის შემდეგ ვინ ცხოვრობდა აქ?

- მამაჩემი და მისი ოჯახი. ახლა კი მე ვარ.

- და შენს შემდეგ ვინ უპატრონებს აქაურობას?

- ჩემი შვილი.

ჩემო ბატონო, განა ეს სახლი არ არის სასტუმრო, რომელშიც უკვე თურმე ამდენმა ხალხმა იცხოვრა?

მდიდარი მიხვდა ბერის ნათქვამის სიღრმეს, შინ მიიპატიჟა და გულითადად უმასპინძლა.

მართლაც, ჩვენი მიწიერი ყოფა მგზავრობას ჰგავს. და ამიტომაც ვისაც არ ახსოვს, რომ იგი სტუმარია წუთისოფლისა და დღეს თუ ხვალ მარადიულ ცხოვრებას უნდა ეზიაროს, გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს; ხოლო ვისაც შესწევს ძალა, მოსწყვიტოს თვალი მიწიერ საცდურთ და იგი ზეცას მიაპყროს, იგრძნობს, რომ „ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის მიმართ, არამედ... ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ“. მაშ ავიღოთ ფარი რწმენისა, რომლითაც შევძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების მოგერიებას, ავიღოთ ჩაჩქანი ხსნისა და მახვილი სულისა - სიტყვა ღვთისა (ეფეს. 6,12).

ამქვეყნად ჩვენი მგზავრობის პერიოდში დასრულდა ქრისტიანული მსოფლიოს 2000 წლოვანი ისტორია. იწყება დროის ათვლა მესამე ათასწლეულისა. დაე, ჭეშმარიტი სარწმუნოების, უფლისმიერი მშვიდობის, ღმერთთან შერიგებისა და ერთობის, სულიერი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს იგი თითოეული თქვენგანისათვის, ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსათვის.

მწამს, რომ თუ 2000 წლის წინ ცოდვით დაცემულ ისრაიტელთა შორის აღმობრწყინდა ისეთი თვალთშეუდგამი სიწმიდე, რომელამც თავის წიაღში დაიტია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გარდამქმნელი კაცობრიობის ცხოვრებისა, ჩვენს ერშიც (რომლის უმთავრესი თვისება მოსიყვარულე გულია), არ დაილევა კეთილგონიერ ადამიანთა და გამორჩეულ სასულიერო პირთა, ღვთისსათნო ოჯახთა სიმრავლე და მათი პირადი მაგალითითა და ლოცვით, თითოეული ჩვენგანის ზრუნვით, გადარჩება და გაბრწყინდება სრულიად საქართველო.

გაიხარეთ, რამეთუ „ჩვენთან არს ღმერთი“.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

შობა ქრისტესი
თბილისი, 2000-2001

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №2(104), 2001 წ.

მსგავსი განცხადებები: