სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს:
„შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა...“ (შობის ტროპარი).
შობა ქრისტესი - ეს არის ზეიმი დედამიწაზე ცათა მბრძანებლის დაბადებისა. მარადიული ღმერთი, მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა განხორციელდა და იშვა ჩვენ შორის დაახლოებით 2000 წლის წინ. მიწიერი განზომილებით ხანგრძლივია ეს დრო, მაგრამ მორწმუნე ადამაინი ყოველთვის სულიერად დიდ სიახლოვესა და სიხარულს განიცდის მსოფლიო ისტორიაში მომხდარი ამ უდიდესი მოვლენის მიმართ.
ღმერთი იგი კაც იქმნა, რათა კაცი ღმერთამდე ამაღლებულიყო. ამ უდიდეს მოვლენას თითქოს უნდა შეეძრა მთელი სამყარო, ქვეყანა არნახული ზეიმით უნდა შეგებებოდა კაცობრიობის საოცარი განახლების დასაწყისს, მაგრამ ცისა და ქვეყნის შემოქმედმა, ნაცვლად გარეგნული ბრწყინვალებისა, დიადი უბრალოება და გასაოცარი თავმდაბლობა ირჩია. ბაგაში იშვა მაცხოვარი ქვეყნისა, მიტოვებული გამოქვაბული იქცა განხორციელებული სიტყვის პირველ საცხოვრისად; თავიდან ოდენ ზეციური სამყარო შეჰხაროდა მის ამქვეყნად მობრძანებას. მბრწყინავი ვარსკვლავი დაჰნათოდა ახლადშობილ ყრმას და ანგელოზთა დასი უგალობდა ძეს ღმრთისას: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ“.
ღვთის განკაცების მიუწვდომელ საიდუმლოს მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვინც ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით შეიმოსება, რადგანაც ღმერთი სიყვარულია და რომელი სიყვარულით მყოფობს, ღმერთი მასთანაა და იგი ღმერთთან, ხოლო ღმერთი მასში (1 იოან. 4,16). ამავე დროს ღმერთი ნათელია ჭეშმარიტი „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (იოან. 1,9) და ჰყოფს მას ძედ ნათლისა.
როგორი სიღრმეა სინათლისა და სიყვარულის ერთობაში და რაოდენ ბედნიერია ის, ვინც მონაწილეა ამ იდუმალი კავშირისა.
„გაუფრთხილდით დროს, - გვარიგებს პავლე მოციქული, - ვინაიდან უკეთურნი არიან დღენი... ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიმეცნეთ, რა არის ნება ღმრთისა“ (ეგეს. 5,16-17). მართლაც, დრო სწრაფად გადის. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე ხომ წამისყოფაა იმ მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით, რომელიც გარდაცვალების შემდეგ იწყება. თითოეული წუთი უძვირფასესია. არავინ იცის, ხვალ ვინ წარდგება უფლის სამსჯავროს წინაშე. ამიტომაც ჩვენი მთავარი საფიქრალი უნდა იყოს ზრუნვა ამ წამის ღირსეულად შეხვედრისათვის.
ადამიანები ხშირად გაურბიან სიკვდილზე ფიქრს, რაც არასწორია. სიკვდილი გარდაუვალი რეალობაა. იგი ახალი სიცოცხლის დასაწყისია და ღმერთთან შეხვედრის საწინდარია. ვაი მას, ვინც არ ემზადება ამისთვის, ვისაც არ ახსოვს თავისი ამქვეყნიური დანიშნულება და ოდენ მიწიერ გულისთქმათა და ზრახვათა დაკმაყოფილება გაუხდია ცხოვრების მიზნად.
სიკვდილი ადამის ცოდვით დაცემის შედეგია. მანამდე ადამიც და ევაც უკვდავნი იყვნენ და მინიჭებული ჰქონდათ თავისუფალი ნება ღვთის მორჩილებისა. აკრძალული ხის ნაყოფის მიღებით მათ დაარღვიეს უფლის მცნება და რამდენიმე ცოდვა ჩაიდინეს; გამოავლინეს: ამპარტავნება, ურწმუნოება, უმადურობა, ღვთისაგან განდგომა.
ნეტარი ავგუსტინე წერს: „მათ მოქმედებაში იყო ამპარტავნება, რადგანაც ადამიანმა ღვთის ნების წინ თავისი ნების დაყენება მოინდომა; შეურაცხყოფა სიწმიდისა, რადგანაც არ დაუჯერეს ღმერთს; კაცის კვლა, რადგანაც უფლის გაფრთხილება დაივიწყეს და თავი სიკვდილისთვის გასწირეს; სულიერი გახრწნა, რადგან ადამიანის სულის სისუფთავე გველის რჩევის მიღებით შეირყვნა; ქურდობა, რადგან იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი; სიხარბე, რადგან მოინდომეს იმაზე მეტი, ვიდრე ეკუთვნოდათ“.
ასე შეილახა პირველი ადამიანის სული გარეგნულად ერთი, მაგრამ სინამდვილეში ბევრისმომცველი ცოდვისაგან. გადიოდა წლები, საუკუნეები, მრავლდებოდა ადამის მოდგმა და მასთან ერთად ცოდვა თავისი ათასნაირი სახითა და გამოვლინებით. სულ უფრო და უფრო შეიბილწა პიროვნების შინაგანი სიწმინდე, ის მადლი, რაც მას ღმერთთან აკავშირებდა; სული გაუხეშდა, ცხოველური მიდრეკილებებით აღივსო, დაეცა, ცოდვის მონა გახდა და დაკარგა თავისუფლება ანუ უფლება-შესაძლებლობა, ყოფილიყო უფალი თავისი შინაგანი სამყაროსი, მსგავსად ღმერთისა უბიწო და ძლიერო, მადლმოსილი და უკვდავი მარადიულ ნეტარებაში.
რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: „ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ (იგულისხმება ადამი) შემოვიდა ვოდვა ამ ქვეყნად, - და ცოდვის მიერ - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ“ (რომ. 5,12).
ეს სიკვდილი ადამიანისთვის იქცა არა მარტო ფიზიკურ მოვლენად, არამედ მარადიული სატანჯველის დასაწყისად, რადგან მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინებამდე ყველა გარდაცვლილის სული ჯოჯოხეთში მიდიოდა. თვით ისეთმა დიდმა წინასწარმეტყველებმა, როგორებიც მოსე, დავითი, სოლომონი, ილია, ენუქი და სხვანი იყვნენ, იცოდნენ, რომ გარდაცვალების შემდეგ ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებდნენ, რადგან მათი პიროვნული სულიერი სისუფთავე არ იყო საკმარისი, დაეძლიათ ცოდვათა ის სიმრავლე, რომელიც წინაპართაგან მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული.
იმიტომაც ელოდა მოუთმენლად კაცობრიობა მესიას, რომ გარდაცვლილ მართალთა სულნიც ცხონებულიყვნენ და ცოცხალთაც გახსნოდათ გზა ცხონებისა.
უფალი იშვა ამქვეყნად, რათა ჩვენს სულებს მისცემოდათ საშუალება ეკლესიის წყალობით მარადიული ნეტარებისთვის შობილიყვნენ ცათა შინა.
ეკლესია სხეულია ქრისტესი. მისი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ადამიანის ცოდვათაგან დამძიმებულსა და დასნეულებულ სულს უმკურნალოს. სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან სულიწმიდა აქ მოქმედებს მთელი ძალით და აქ აღესრულება საიდუმლონი, რომელნიც განწმენდენ და განანათლებენ მორწუნეთ.
მაგრამ მარტო ეკლესიაში სიარული არ არის საკმარისი. ამასთანავე აუცილებელია, რომ პიროვნებამ აქტიური ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს და სიტყვით თუ საქმით სიკეთის თესვას ეცადოს.
მოციქული ბრძანებს: „სარწმუნოება თვინიერ საქმეთა, მკვდარ არს... ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე“ (იაკ. 2,17,26).
სათნოებანი მრავალია. ერთ-ერთი დიდი მადლია შემცოდეთა ცოდვების მიტევება. უფლის ლოცვა ყოველდღიურად გვახსენებს, რომ როგორ მოწყალებასაც გამოვიჩენთ ჩვენთან დანაშაულის ჩამდენთადმი, უფალიც ისევე მოიღებს მოწყალებას ჩვენზე, გვაპატიებს („მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“).
ესწრაფეთ სიკეთის ქმნას და ყველაფერი აკეთეთ არა მხოლოდ მოვალეობის მოხდის გრძნობით, არამედ სიყვარულით.
ერთი იგავი მინდა შეგახსენოთ: სიკვილის პირას მყოფ ავადმყოფს სამი მეგობარი არ შორდებოდა; ცდილობდნენ შეემსუბუქებინათ მისი მდგომარეობა და ნუგეში ეცათ. ერთმა უთხრა: ნუ გეშინია, ღვთის წინაშე რომ წარდგები, მე შენ სანთელს აგინთებო; მეორე შეჰპირდა, რომ საფლავამდე მიაცილებდა და იგლოვებდა; მესამემ კი ჩასჩურჩულა, რომ არასოდეს განეშორებოდა, საფლავშიც ჩაყვებოდა, ღმერთამდე მიაცილებდა და მასთან იქნებოდა განუშორებლად.
და მოკვდა კაცი. მართლაც, მის მიერ დანატოვარი ფულით სანთლები აუნთეს, მეუღლემ სამარის კარამდე გააცილა. მხოლოდ მის მიერ დათესილი კეთილი საქმეები ექცნენ განუყრელ ერთგულ მეგობრად და მეოხად ღვთისა და კაცთა წინაშე. ამიტომაც ბრძანებს ცხრა ნეტარების ერთი მუხლი: „ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან იგინი შეწყალებულ იქნებიან“. ხოლო „მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება“ (იაკ. 2,13).
მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს მოწყალების დიდი ძალის შესახებ:
იყო ერთი მდიდარი პურისმცხობელი, სახელად პეტრე. იგი ეკლესიაში არ დადიოდა, ღვთის შიში საერთოდ არ ჰქონდა, დროს განცხრომაში ატარებდა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდა. საოცარი იყო, ცხოვრობდა ისე, რომ მოწყალება არასოდეს ჰქონდა გაცემული.
ერთხელაც, იმ მხარის ღარიბ-ღატაკნი ქუჩაში ისხდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. საუბარი მეპურე პეტრესაც შეეხო. ყველამ აღნიშნა მისი საოცარი სიძუნწე. ერთმა გლახაკმა მოულოდნელად იკითხა: რას მომცემთ, რომ შევძლო და დღეს მას მოწყალება გავაღებინო? გახალისებულმა თანამოსაუბრეებმა მცირედი თანხა შეაგროვეს ჯილდოსთვის.
გლახაკი პეტრეს სახლისკენ გაემართა. იგი სწორედ იმ დროს მივიდა, როცა პეტრე ჭიშკრიდან გადიოდა პურით დატვირთული. მათხოვარი გულმოდგინედ შეევედრა, დახმარება გაეწია მისთვის და არაფრით არ მოსცილდა, ვიდრე გაბრაზებულმა მეპურემ ერთი პური არ გადაუგდო. გახარებული მათხოვარი თავისი თანამოძმეებისაკენ გაიქცა.
მალე პეტრე მძიმედ დაავადდა. სასიკვდილო სარეცელზე მწოლს ჩვენება ჰქონდა: თითქოს მისი სული სამსჯავროს წინაშე იყო წარმდგარი, სადაც მის საქმეებს განიხილავდნენ. სასწორის ერთ მხარეს მისი ცოდვები იდო, ხოლო მეორეზე - პური, რომელიც მან ცოტა ხნის წინ იძულებით გასცა. პეტრეს სული შიშით ელოდა განაჩენს. მოხდა საოცრება. პურმა გადასწონა და გაისმა ხმა: შეხედე პეტრე, უკეთუ მცირედი სიკეთე მრავალ ცოდვას აღხოცავს, როგორი მაცხოვნებელი იქნება უხვად გაღებული მოწყალება.
ამ ჩვენების შემდეგ მეპურე პეტრე მალე გამოჯანმრთელდა. ის მიხვდა, რომ ჩვენება უფლისაგან ჰქონდა, რათა მას ცხოვრების წესი შეეცვალა. და მართლაც იგი სრულიად გარდაიქმნა; გახდა საოცრად მოწყალე და სიკეთის მთესველი; მაგრამ მისი სულიერი ზესვლა ამით არ დამთავრებულა.
ერთხელ პეტრემ ტანსაცმლის სათხოვრად მისულ გლახაკს თავისი საუკეთესო სამოსი აჩუქა. გლახამა კი იგი გაყიდა და ფული მოიხმარა. როცა პეტრემ თავისი ჩასაცმელი სხვა კაცზე ნახა, გული დასწყდა.
მას სიზმარში ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: პეტრე, შენ გლახაკისთვის გაიღე ტანსაცმელი. ნუ ნაღვლობ, რომ იგი სხვას აცვია, ცათა შინა შენს სამოსს მაცხოვარი ატარებს.
ასე ნელ-ნელა ადიოდა სულყოფის საფეხურებზე ეს ერთ დროს მდიდარი ძუნწი, რომელიც შემდეგ დიდი სასულიერო მოღვაწე და მეუდაბნოე გახდა.
ჩვენი დრო რთული დროა, იმიტომ, რომ საცთურნი მეტად მრავალმხრივია, სულიერი ღირებულებანი კი - დაკნინებული. ჯერ კიდევ პირველი საუკუნეების წმინდა მამები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ბოლო ჟამს მეტად დიდი იქნებოდა ბოროტი ძალის შემოტევა და ადამიანებს ძალზე გაუჭირდებოდათ ჭეშმარიტების გზით სიარული, რადგან ათასგვარ გასართობსა და მიწიერ მოთხოვნილებებს აჰყვებოდნენ და ნაკლებად იზრუნებდნენ სულის ცხონებისათვის. მამები წინასწარმეტყველებდნენ იმასაც, რომ ბოლო ჟამს ადამიანები ძირითადად მწუხარებითა და ავადმყოფობით ცხონდებოდნენ, რადგან ყველაზე ნათლად ასეთ მდგომარეობაში მყოფნი აანალიზებენ სიცოცხლის ნამდვილ დანიშნულებას, ეძიებენ მიზეზს თავიანთი გასაჭირისა, აცნობიერებენ ცხოვრებისეულ შეცდომებს და ღვთის იმედჲთა და შეწევნის სურვილით ივსებიან.
დღეს ბევრი ოჯახი განიცდის დიდ მწუხარებას, ბევრი ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, ბევრმა მშობელმა დაკარგა შვილი, ახლობელი, მეგობარი. მრავალ სახლში ტკივილმა სიდუხჭირის სახითაც შეაბიჯა, მათ შორის ისეთ ოჯახებშიც, რომლებიც ადრე შეძლებულებად ითვლებოდნენ. მაგრამ ეს არ არის ნამდვილი ტრაგედია, რადგან, როგორც ვთქვით, ეს ყოველივე ბევრისთვის სულიერი ფერისცვალების დასაწყისად იქცა. მართლაც, მრავალმა სხვა თვალით დაინახა სამყარო, სხვა თვალით შეხედა საკუთარსა და თავისი ახლობლების ცხოვრებას, გაეხსნა სულიერი ხედვა და დაიწყო ზრუნვა მარადიული ცხოვრებისათვის. ფრიად სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესს თან დაერთო ჟამი სულიერ ფასეულობათა მსხვრევისა, რაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, თვალნათლივ თუ შეფარულად ხორციელდება. დიდია საშიშროება იმისა, რომ მრავალი ცდუნდეს, რომ ბევრმა ვერ გაარჩიოს ავი და კარგი, რადგან დღეს ჭეშმარიტ რწმენას ურწმუნოება კი აღარ უპირისპირდება, არამედ ცრუ სარწმუნოება, რომელსაც ჭეშმარიტების დიდი პრეტენზია აქვს. ნამდვილ თავისუფლებას თვითნებობა და თავაშვებულობა ცვლის, რომელიც ასევე ურცხვად იჩემებს თავისუფლების სახელს. ცენტრიდანული ძალები ცდილობენ დაშალონ ქვეყანა და მისი გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი ძალა განადგურონ. დაქუცმაცები ტენდენცია დემოკრატიის სახელით სარგებლობს და ერის დაშლის პროცესს ახალი ცხოვრების აღმშენებლობის პოლიტიკასთან აიგივებს. შეილახა სიწმინდე, ზნეობა, ყველაფერი დიდი ეჭვის ქვეშ დადგა. ამასთან მიმდინარეობს პროპაგანდა ძალადობისა და აღვირახსნილობისა. ბოროტების მანქანებამ თავისი შესაძლებლობები ეკლესიის წიაღშიც გამოავლინა. პირადი ამბიციებით შეპყრობილი, ერისა და სარწმუნოების მოღალატე ადამიანები ცდილობენ დედაეკლესიის შეურაცხყოფის საშუალებით ხალხის წინაშე სიწმინდისა და სიმართლის დამცველებად წარდგნენ.
დრო, რა თქმა უნდა, ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ საბრალონი არიან ისინი, რომელნიც გაურკვევლობის გამო სწორ გზას აცდებიან და სამარადჟამოდ დაიღუპებიან.
ყოფის ასეთ სიმძიმეს ბევრი ვერ უძლებს, განსაკუთრებით კი - სუსტი და ფაქიზი ბუნების ადამიანი. ისინი ხშირად ვარდებიან სასოწარკვეთილებაში და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. თვითმკვლელობა საშინელი ცოდვაა. ესაა დანაშაული, რომელიც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს ღვთისგან არ ეპატიება. მისი შედეგი მარადიული სატანჯველია. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი იმაზე დიდ ტვირთს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ შეგვიძლია. ვისაც არ შესწევს უნარი გააანალიზოს შექმნილი სიტუაცია და ვერ ახერხებს კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი დაინახოს მოვლენის მეორე, სულიერი მხარე, ეუფლება დაუძლეველი დეპრესია და თვითმკვლელობით სულს ეშმაკს უთმობს, ვერ აცნობიერებს რა, რომ ამ ნაბიჯით თავს მუდმივი, აუტანელი სატანჯველისათვის წირავს.
მე ერთხელ კიდევ ვაფრთხილებ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სულიერ შვილებს და, საერთოდ, ყველას, არ გადადგათ ეს საშინელი ნაბიჯი; თქვენივე სულისთვის, თქვენი და თქვენი ახლობლების სიკეთისათვის არ დაუშვათ ბოროტის ზეიმი; ბოლომდე მიიღეთ ცხოვრებისეული გამოცდა; გახსოვდეთ, მწუხარების ჟამს განსაკუთრებულ სულერ შვებას აუცილებლად პოვებთ ეკლესიაში. გულმხურვალე ლოცვა, აღსარება და ზიარება საუკეთესო წამალია დაჭრილი სულის განსაკურნებლად. საერთოდაც, არცერთი ადამიანი, ვისაც სურს გადარჩეს, არ უნდა დარჩეს ეკლესიის გარეშე. ეკლესია ხომალდია, რომელიც უშიშრად და დაუბრკოლებლად მიაპობს ცხოვრებისეული ოკეანის აზვირთებულ ტალღებს. იგია ერთადერთი საიმედი სიმაგრე. ეკელსიაში აღსრულებულ საიდუმლოთა წყალობით ადამიანი იძენს დიდ შინაგან ძალასა და სიმხნევეს, უახლოვდება ღმერთს და ყოველთვის გრძნობს მის არსებობას. ასეთი პიროვნება არასდროს და არსად არ არის მარტო და უფლისმიერი შინაგანი მშვიდობა და სიხარული მუდამ მასთანაა.
ვინც მიხვდა სიცოცხლის არსს და ღმერთთან სიახლოვე სურს, სიყვარულით უნდა დაემორჩილოს უფალს და დაამყაროს მასთან ლოცვითი კავშირი; შეიყვაროს მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და მას შეძლებისდაგვარად დაემხაროს; უნდა ამაღლდეს ფიზიკური და სულიერი შრომით და მიწიერი სურვილები და ხორციელი მდაბალი მიდრეკილებები დაძლიოს.
მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება და ღვთის სათნო სულიერი მდგომარეობის აღდგენა.
უფალი ბრძანებს: „ყოველივე შემცოდე ცოდვის მონაა“ (იოან. 8,34). „თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი“ (იოან. 14,15). „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე. 14,6). „თუ შეიცნობთ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს თქვენ“ (იოან. 8,32).
„უფალი სულია; ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება“ (2 კორ. 3,17).
„თავისუფლებისთვის ხართ, ძმანო, ხმობილნი, - გვარიგებს მოციქული, - მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას“ (გალ. 5,13), „რადგან ხორცს სულის საპირისრპიროდ სურს, და სულს - ხორცის საპირისპიროდ“ (გალ. 5,17). „ხორცის საქმენი აშკარაა; ესენია: სიძვა, უწმინდურობა, ბილწება, კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება და სხვა მისთანანი“ (გალ. 5,19-21).
„რასაც დასთესს კაცი, მასვე მოიმკის. ხორცში მთესველი ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო სულში მთესველი სულისაგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს“ (გალ. 6,7-8). „ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღმრთის ნიჭი - საუკუნო სიცოცხლე უფლის ჩვენის ქრისტე იესოს მიერ“ (რომ. 6,23).
წმინდა მამები გვმოძღვრავენ, თუ როგორ განვეშოროთ ცოდვას:
1) უნდა ვერიდოთ იმ ადგილებს, იმ სიტუაციებსა და ადამიანებს, ვინც და რაც ჩვენში არაწმინდა გრძნობებსა და განწყობილებებს აღძრავს და ცოდვით მიდრეკილებებს გვიმძაფრებს.
2) მუდამ უნდა გვახსოვდეს სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო, აღდგომა ქრისტესი და მარადიული ცხოვრება.
3) სულ უნდა გვქონდეს განცდა ყველგან და მარადჟამს ღვთის მყოფობისა.
4) ყოველდღიურად უნდა ვლოცულობდნეთ და ვთხოვდეთ უფალს შეწევნას.
5) ყურადღებას უნდა ვამახვილებდეთ საკუთარ თავზე, ყოველ ჩვენს ქცევაზე, სიტყვაზე, გრძნობაზე, მოქმედებასა და სურვილზე.
6) ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და ზიარების მადლით განვიწმიდოთ.
7) რეგულარულად უნდა დავდიოდეთ ეკლესიაში და ვკითხულობდეთ სასულიერო წიგნებს, ვშრომობდეთ ფიზიკურად.
8) უნდა ვესწრაფოთ სულიერ და მორწმუნე ადამიანებთან ურთიერთობას, ხოლო ბოროტ და უზნეო კაცთაგან - თავის განრიდებას.
9) წესად უნდა ვაქციოთ ყოველდღიურად რაიმე კეთილი საქმის კეთება.
მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან დიდია მათი რიცხვი, რომელნიც ასეთ სიმაღლეებს ვერ სწვდებიან და ცხოვრების მიზნად გაუხდიათ საკვებზე ზრუნვა, გართობა, შვილებისთვის მატერიალური კეთილდღეობის შექმნა, ძალაუფლების მოპოვება და განცხრომით ცხოვრება, ეს კი მათ ცხოველურ დონემდე ამდაბლებს, რადგან ამგვარი ყოფა ინსტიქტებითა და მიწიერი მოთხოვნილებებით განისაზღვრება.
ასეთ ადამიანებს ოჯახის შექმნა სასურველად მხოლოდ იმიტომ მიაჩნიათ, რომ შთამომავლობა იყოლიონ. მათი შვილებიც არსებობენ იმიტომ, რომ გახდნენ მშობლები მომდევნო თავობისა, ეს მომდევნო თაობები - შემდგომი თაობისა და ა.შ. გამოდის, რომ ამგვარად მოაზროვნე ადამიანები თავიანთი ცხოვრების გამართლებას ოდენ ახალი თაობის დაბადებაში ხედავენ.
ნუთუ ნებისმიერი თაობა (თუნდაც ცაკლეული ინდივიდი) არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ უაზროდ მოკვდეს ყოველი ახალი თაობის მოსვლის შემდეგ, რომელმაც ზუსტად იგივე ბედი უნდა გაიზიაროს, როცა შემცვლელად მისი შთამომავლობა მოვა?
ნუთუ პიროვნების, გვარის, ტომის, ერის არსებობა ნიშნავს უმიზნოდ მცხოვრები ადამიანების თუ თაობების ცვლას?
ვინც ამგვარად ფიქრობს და ცხოვრობს, მარადიული სიკვდილისთვის წირავ თავს და ასეთი დამოკიდებულებით სიცოცხლეს საშინელ ტყუილად და დიდ უაზრობად აქცევს. ეს კი არის უდიდესი დანაშაული ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე.
ვიმეორებთ, ჩვენ სიკვდილისა და გაქრობისთვის ნამდვილად არა ვართ გაჩნეილნი. თითოეული ჩვენგანის მიზანი მარადიული სიცოცხლის მოპოვება, უფალთან მიახლებაა, ღმერთში სიცოცხლე და საუკუნო ნეტარებაა. ამქვეყნიური ცხოვრება კი არის გამოცდა ჩვენი სულისა.
მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანისთვის საკმარისი არ არის პიროვნული გადარჩენის გზის ჩვენება, აუცილებელია შესაბამისი საზოგადოებრივი ყოფაც.
ქრისტიანობამ არსებობს ნამდვილი მიზანი უჩვენა საზოგადოების უმაღლეს გამოვლინებას - სახელმწიფოსაც. ქრისტემდე კაცობრიობა ძირითადად მის ორ ტიპს იცნობდა: აღმოსავლურსა და დასავლურს (ბერძნულ-რომაულს). აღმოსავლური სახელმწიფო საფუძნებული იყო მონობასა და ხელისუფლების განუკითხავ, სრულ მორჩილებაზე. ბატონობდა პრინციპი: მართალია ის, ვინც ძლიერია. დასავლეთშიც სახელმწიფო სტრუქტურას მონობა ედო საფუძვლად, მაგრამ მას თან ერთვოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა დაუცხრომელი ბრძოლა გავლენის მოპოვებისათვის. ეს კი აყალიბებდა ცხოვრების ისეთ წესს, სადაც სახელმწიფო კი არ იყო მბრძანებელი, არამედ პოლიტიკურ ძალთა გამაწონასწორებელი საყოველთაო კანონი, რომლის განმახორციელებელიც ხელისუფლება იყო.
საბოლოოდ ძველ აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა დესპოტური სახელმწიფო, დასავლეთში კი - იმპერია, რომელმაც თავისი ყველაზე სრული გამოვლენა რომის სახელმწიფოში პოვა. წარმართული დასავლეთისათვის ძლიერი სახელმწიფოს შექმნა იყო ცხოვრების აზრი და მიზანი, ადამიანური გონისა და სიმართლის გამოვლინება როცა ეს მიზანი განხორციელდა და რომი ყოვლისმომცველ იმპერად იქცა, ნათელი გახდა ამ გარეგნული სიდადის უაზრობა და არარაობა და სახელმწიფომ ლპობა იწყო.
მაშინ კი მთელი სიმძაფრით დაისვა კითხვა: რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, რა მოგვცა ამან? რა არის სახელმწიფოს არსებობს ნამდვილი მიზანი?
ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ ქრისტიანობამ გასცა. მან დაგვანახა, რომ როგორც მხოლოდ მიწიერი სურვილებით გატაცება დიდი ცოდვა და უაზრობაა, ასევე უაზრობაა სახელმწიფო ინტერესების შემოფარგვლა მარტო ყოფითი პრობლემებითა და მიწიერი საკითხებით; დაგვანახა, რომ თუ ხელისუფლებას სურს, არც თვითონ ჩაეფლოს ამაოების ჭაობში და არც თავისი საზოგადოების წევრები გაწიროს უმიზნო ყოფისთვის, მას (ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებას) ყოველთვის და ყოველ საქმეში ორიენტირად ცათა სასუფეველი უნდა ჰქონდეს და ყველგან და ყველაფერში ქრისტიანული ცხოვრების წესის დამკვიდრებას ცდილობდეს. ასეთი სახელმწიფოა სიცოცხლისუნარიანი, სულით ძლიერი და გაუტეხელი.... ასეთი ქვეყანა ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.
თავისი არსით საერო ხელისუფლება განსხვავდება სასულიეროსაგან. ამიტომაც მათ შორის ურთიერთობა უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ერთიან ქრისტიანულ ზნეობრივ ნორმებზე დამყარებული.
ჩვენთან დომინირებს აზრი სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია უნდა განუდგეს საზოგადოებრივ ცხოვრებას, ხალხის სოციალურ თუ კულტურულ ყოფას. ამასთან აუცილებელია, რომ საქართველომ, როგორც ძველმა ქრისტიანულმა სახელმწიფომ, ქრისტიანული ეთიკით იხელმძღვანელოს და ჩვენს ტრადიციებზე და მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე დაყრდნობით ეროვნული სახელმწიფო ააშენოს. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა მსგავსია ადამიანის სულისა და ხორცის ერთობისა, სადაც ორივეს თავისი ადგილი აქვს და მათ ჰარმონიულ ყოფას კეთილგანწყობა და გონიერება წარმართავს.
დროა, ყველამ გააცნობიეროს ისიც, თუ რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას უცხო რელიგიებისა და ტოტალიტარული სექტების თარეში. ამ რამდენიმე წლის გამოცდილებამ ნათლად გვიჩვენა, რომ ისინი უარყოფენ და შეურაცხყოფენ ჩვენს ეროვნულ გრძნობებს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიასა და სიწმინდეთ და ათასობით ადამიანს ჭეშმარიტების გზას აშორებენ.
მართალია, თითოეულ პიროვნებას აქვს უფლება თავისუფალი არჩევანისა, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქ სულიერი აგრესიისაგან, მით უმეტეს, რომ სექტების მოქმედება უკვე ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ სახეს იღებს.
ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი გარდამავალი პერიოდის სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მოვლენებია, მაგრამ ქვეყნისთვის საშიში ტენდენციები თავიდანვე უნდა აილაგმოს და ძირითადი მიმართულებები გამოიკვეთოს.
თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მომზარდთა სწორ აღზრდასა და ახალგაზრდობის პრობლემებს. მეტი სითბოს გამოჩენა გვმართებს ინტელიგენციის, მეცნიერებისა და კულტურის მსახურთა, ექიმებისა და პედაგოგების მიმართ.
რა თქმა უნდა, ქვეყნისა და ხალხის წინაშე დიდი მისია აკისრია ეკლესიას. ბოლო ოცი წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა: გამრავლდა სასულიერო პირთა რიცხვი და ეპარქიები, გაიხსნა ახალი ეკლესია-მონასტრები, სასულიერო გიმნაზიები, სემინარიები, აკადემიები. გამოიცა ჟურნალები, გაზეთი, საღვთისმეტყველო ლიტერატურა, ჩამოყალიბდა საპატრიარქოს ახალი განყოფილებები, გაფართოვდა ეკლესიის მოქმედების სფერო... მაგრამ საქმე კვლავ ძალიან ბევრია. ამ გზაზე იყო დიდი წინააღმდეგობებიც, შეცდომები, უხეში ძალის ჩარევაც, მაგრამ ეკლესიამ გაუძლო დროის სუსხსა და გამოცდას და შეძლო მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება ჩვენი ხალხის ცხოვრებაში.
უფლის შეწევნით ალბათ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება, რაც არის საწინდარი საქართველოს და თითოეული ჩვენგანის გადარჩენისა.
ის, რისი გაკეთებაც ხელისუფლებამ დღემდე შეძლო, მომავლის რწმენას გვინერგავს და ხვალინდელი დღის იმედით გვავსებს. შორს აღარ არის ის დრო, როცა ჩვენი მწუხარება განქარდება და ყველანი გავიხარებთ ერთიანი, მთლიანი, ძლიერი საქართველოს ხილვით.
ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მკვდრნო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, უფლის წყალობით კვლავ ღირსნი გავხდით შევგებებოდით დიად ზეიმს - შობის დღესასწაულს. ცაზე კვლავ ბრწყინავს ახალი ცხოვრების მაუწყებელი ვარსკვლავი, ანგელოზნი კვლავ გალობენ ზეციურ საგალობელს და კვლავ თავისკენ გვიხმობს ახალშობილი ყრმა - იესო ქრისტე.
2000 წლის წინათ მას თაყვანისცემად კაცთაგან პირველნი მიეახლნენ ყველაზე უბრალონი და წრფელნი - მწყემსები და ყველაზე ცნობილნი და ბრძენნი - აღმოსავლეთის მეფენი - მოგვნი.
მაშ ჩვენც, განურჩევლად ჩვენი მდგომარეობისა, შეუვრდეთ ახლადშობილ „მზეს სიმართლისა“, მას, რომელმაც ცანი მოდრიკა სიმდაბლით და გარდამოხდა ქვეყნად ცოდვის ათასწლოვანი საკვრელის გასაწყვეტად, ჩვენს დასახსნელად და საცხოვნებლად. ძღვნად მივართვათ მას ჩვენი უშურველი სიყვარული, ერთგულება და სიკეთე: გავუღოთ გულის კარი ცათა მეუფეს, რათა შემობრძანდეს ჩვენს სულში, დაივანოს იქ განუშორებლად და აღგვავსოს მადლითა და წყალობითა თვისითა.
ქრისტე იშვა, გიხაროდეთ!
ქრისტეს შობა.
თბილისი, 1998 წ.