პატრიარქის საშობაო ეპისტოლე - 2004


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

საქართველოში მცხოვრებ ღვთივკურთხეული ივერიის ყველა ერთგულ შვილს და დროებით სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეთ:

„ვიცნი საქმენი შენნი. აჰა, ესერა მიმიცემია წინაშე შენსა
კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს...“ (გამოცხ. 3,8).

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, სამონაზვნო დასნო, ყოველნო კურთხეულნო შვილნო საქართველოსა და დროებით ჩვენი სამშობლოს ფარგლებს გარეთ მყოფნო ძვირფასო თანამემამულენო, ყველას გულითადად გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს, ზატიკს, რომელსაც უკვე 2000 წელზე მეტია ზეიმით აღნიშნავს მთელი ქრისტიანული სამყარო.

ამ საიდუმლოს შესახებ მშვენივრად ბრძანებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „უხორცო იგი ხორციელ იქმნა, უხილავი განცხადდა, მიუწვდომელი ხელშესახები გახდა, ძე ღვთისა განკაცდა, რათა ცოდვისგან ეხსნა ადამის მოდგმა“.

მოვიდა იგი ჩვენთან მორჩილი და დამდაბლებული. სასახლესა და სამეფო პატივს გამოქვაბული არჩია და ბაგასა შინა მწოლად წარუდგა სოფელს. დიახ, მან პირველი წუთებიდანვე ყველას უჩვენა მაგალითი საოცარი თავმდაბლობისა და ამ სათნოებისკენ მოუწოდა თავის მიმდევართ. მაგრამ მაცხოვრის შობა არ იყო მხოლოდ სიმდაბლის გამოვლინება, მას თან ახლდა ზეციური დიდების ბრწყინვალებაც. შორიახლოს მყოფ მწყემსებს ეჩვენათ უფლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა მათ, რომ იშვა იესო ქრისტე - „სიხარული ყოვლისა ერისა“ (ლუკა 2.10); ამასთან ზეცით ისმა ანგელოზთა გუნდის საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ისინი ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მხსნელი მოუვლინა ქვეყანას და უგალობდნენ მშვიდობას, რომელიც დაივანებდა ქრისტეს მორწმუნეთა შორის.

უნდა შევნიშნოთ, რომ ეს მშვიდობა არ შეიძლება გავაიგივოთ ჩვეულებრივ, ადამიანურ სიმშვიდესა და კეთილდღეობასთან. უფლისმიერი მშვიდობა ეს არის განწმენდილი სინდისის სიმშვიდე, ანუ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომლის სულშიც მოხდა ფერისცვალება და თავმდაბლობითა და სინანულით მიღებული წმინდა ზიარებით აღდგა ჩატეხილი ხიდი ღმერთთან, მოყვასთან და საკუთარ თავთან. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ეს ღვთაებრივი მშვიდობა რამდენადაც ღრმად იმკვიდრებს ადგილს ამა თუ იმ პიროვნებაში, იმდენად მკვეთრად გამოვლინდება იგი მის ცხოვრებაში.

ღმერთს, რომ შევურიგდეთ, ჯერ საკუთარი თავი უნდა შევიცნოთ, ანუ გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, რაც გულისხმობს პირუთვნელ, სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენი „მესადმი“.

როდესაც ადამიანი თავის თავს ჩაუღრმავდება, იმდენ ნაკლოვანებას აღმოაჩენს, რომ ეკარგება სურვილი სხვათა განკითხვისა. გულწრფელი სინანული კი ხდება აღმხოცველი ჩადენილი დანაშაულისა და ამასთან ჩვენი შემრიგებელი უფალთან.

ამიტომაცაა სინანული, თავმდაბლობა და სამართლიანობა უპირველესი თვისებანი ქრისტიანისა. ამ სათნოებათა მატარებელნი გამოირჩევიან სიკეთითა და ღვთიური მადლით მოსილი უბრალოებით. გახსოვდეთ:

სუფთა სინდისი - მუდმივი დღესასწაულია.

ამპარტავანი სძაგს უფალს.

სამართლიანობა დიდად განაპირობებს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე ქვეყნის სიმშვიდეს.

მძიმეა გზა სიმართლისა, მაგრამ ისაა ერთადერთი და გადამრჩენელი და მას აცისკროვნებს ბეთლემის ვარსკვლავის ბრწყინვალება, - „ნათელი იგი, რომელი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია“. (ინ. 1. 5).

ბოროტება და სიბნელე ჰყოფს ყველაფერს, სთესავს მტრობასა და სიძულვილს, უნდობლობასა და მრავალ სხვა ცოდვას. ღვთის სიყვარული კი არის გამაერთიანებელი, მას არავისი შურს, ყველაფერს ითმენს და კურნავს ჩვენს უძლურებებს.

სამყაროს შექმნიდან დღემდე ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის არ შეწყვეტილა და იგი სულ უფრო და უფრო მძაფრ ფორმებს იღებს. თანამედროვე ჩვენი ყოფა კი იმდენად დამძიმდა, რომ უარყოფითმა მუხტმა მთელი მსოფლიო მოიცვა.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით გათამამებულმა ადამიანმა დაივიწყა ღმერთი და დაიჯერა თავისი შესაძლებლობების უსაზღვრობა. წარმოიშვა უკიდურესი ამპარტავნება, თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა, რის საფუძველზეც მოხდა ცნობიერების განშორება რწმენისა და სულიერი ფასეულობებისაგან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მხოლოდ მეცნიერულ-ტექნიკური წინსვლის ხარისხი იქცა ერისა თუ სახელმწიფოს კულტურული დონის განმსაზღვრელად; ამასთან, სულიერებისა და ზნეობრიობის უგულვებელყოფის ხარჯზე განხორციელდა ადამიანის ეგოისტური მომხმარებლური შესაძლებლობების უკონტროლო ზრდა.

რა თქმა უნდა, ტექნიკური პროგრესი თავისთავად დადებითი მოვლენაა, მაგრამ ცუდია ის, რომ საზოგადოებამ არ მოინდომა სულიერი ღირებულებების შენარჩუნება, რათა მათ შორის არ დარღვეულიყო ბალანსი.

მიწიერ კეთილდღეობაზე ფიქრმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დიდ სიმძიმედ იქცა. ღირსება დაიკარგა, გული გაქვავდა, სიცოცხლე გაუფასურდა. ამასთან, წარმოიშვა მუდმივი დაძაბულობისა და შიშის ატმოსფერო. ამიტომაც წერენ თანამედროვე ფილოსოფოსები, რომ ჩვენ ვცხოვრობთ „კატასტროფიდან კატასტროფამდეო“. მართლაც, მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი უსაფრთხოების სხვადასხვა მექანიზმისა, ხალხი მაინც სრულიად დაუცველად გრძნობს თავს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა ადამიანი ერთდროულად ასეთი ძლიერი და ასეთი სუსტი.

გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვითი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღარ ითვლება, არამედ ერთგვარი „პროგრესის“ გამოხატულებადაც მიიჩნევა, ზნეობრიობა კი - დრომოჭმულად. ამგვარი დამოკიდებულება სულიწმინდის გმობაა. ეს კი ისეთი დიდი ცოდვაა, რომელიც არავის ეპატიება არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად.

დედამიწა შფოთავს და მასთან ერთად მილიონობით ადამიანი. შინაგანად დაცლილ ამ ხალხს ნიადაგი გამოეცალა. ისინი გრძნობენ, რომ გემი იძირება და გადარჩენის შესაძლებლობები თითქმის აღარ არის. ზოგიერთნი ნიჩბებსღა ეჭიდებიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, მის იმედად მყოფნი უფრო მალე იღუპებიან. ხალხი ეძებს გადარჩენის საშუალებას. თუ ასეთ დროსაც მათ ღმერთთან მისასვლელი გზა ვერ იპოვეს, მძიმე განსაცდელს თავს ვერასოდეს დააღწევენ.

ბუნებრივია, ჩვენს წინაშე იბადება კითხვა: როგორ მოვედით დღემდე, როგორ გადავრჩით ამ სასტიკი დაპირისპირების პირობებში. პასუხი ერთია: ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ეროვნულ ფასეულობებთან ერთად იყო და არის საფუძველი ჩვენი გამძლეობისაც და სიძლიერისაც. ეს ღირებულებანი არ არის აბსტრაქტული ფორმულები, არამედ გზა ცხოვრებისეული პრობლემების შეცნობისაც და მათი სწორი გადაწყვეტისაც. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენს ახალგაზრდებს შთააგონებენ, რომ ჩვენი სულიერი და ეროვნული ფასეულობანი ახლა უკვე საჭირო აღარ არის, რომ ორიენტაცია ე.წ. საერთო - საკაცობრიო ღირებულებებზე უნდა ავიღოთ, რადგან დღეს სხვა დროა. ამასთან, მათში ხელოვნურად აღვივებენ წინააღმდეგობის სულს, უნდობლობის გრძნობას, გულგრილობასა და ცინიზმს.

მადლობა ღმერთს, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მომავალი თაობა ძირითადად პატრიოტულადაა განწყობილი და ადვილად არ აჰყვება ამ მიმართულებას. თუმცა ახალგაზრდებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც აღიზიანებთ მაგ. წმ. ილია მართლის დევიზი „ენა, მამული, სარწმუნოება“, რადგან მათთვის ეს ფასეულობანი ზედმეტად ვიწროა; არიან ისეთნიც, რომელთაც შეუძლიათ უტიფრად ისაუბრონ წმ. ვახტანგ გორგასალზე, წმ. დავით აღმაშენებელზე, წმ. თამარ მეფეზე.

მადლობა ღმერთს, მათი რიცხვი მცირეა. ვფიქრობ, ამგვარ იდეებს საზოგადოებაში „სიახლის“ შემოტანის სურვილი განაპირობებს. გავა დრო, ცხოვრება მათაც ბევრ რამეს სხვაგვარად დაანახებს და ისინიც, ღვთის წყალობით, მივლენ იმ ძველ სიბრძნემდე, რომ ამქვეყნად მხოლოდ ჭეშმარიტებაა უცვლელი და ფასეული, დიდი სისულელე კი მუდამ სისულელედ რჩება.

მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს ანალიტიკური, ფილოსოფიური, ღრმა აზროვნებისაკენ. „საერთოდ ფილოსოფია ისწრაფვის საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შეარიგოს გონება, გრძნობა და ნებელობა ზნეობრივი მსოფლმხედველობის კრიტერიუმების გამომუშავების მიზნით“ (ნ. გროტი), ეს კი შობს ახალ იდეებს, რომელთაც ჩვენთვის უცნობ კითხვებამდე მივყავართ. ღრმა ანალიზისა და ძიების სურვილი კი ღმერთის შეცნობის დიდ შესაძლებლობას იძლევა. მაშ, „ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ“. (მთ. 7,7).

ამ ქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისთვის და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ უფლის მიმდევართ. მძიმე განსაცდელიც კი ქრისტიანისათვის სიკეთის მომტანია, რადგან იგი ჩვენს გამოსასწორებლადაა დაშვებული, ან ღვთის სასწაულის გამოვლინებაა.

რა თქმა უნდა, ყოველი ხელისუფლებაც ღვთისაგან არის. კეთილიცა და ბოროტიც, ხალხის მსახურიცა და თავის თავის მსახურიც. უფალი საზოგადოების ღირსების შესაბამისად განაგებს ამ საიდუმლოს.

გასული წლის ნოემბრის მოვლენებით დამთავრდა კიდევ ერთი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიისა. სამწუხაროდ, წლების მანძილზე დაშვებული იქნა ბევრი ისეთი შეცდომა, რამაც შედეგად მოიტანა ხელისუფლების ამგვარად შეცვლა. შეცდომებს შორის, რა თქმა უნდა, უნდა ვიგულისხმოთ 1991 წელს პრეზიდენტის ძალით დამხობის ფაქტიც. საერთოდ კი, დღევანდელი დღე ძირითადი ქრისტიანული პრინციპების დარღვევამ მოიტანა.

მახსენდება უდიდესი ჩინელი ბრძენის კონფუცის დარიგება; როდესაც ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ქვეყნის მმართველობა, მან უპასუხა: იმას, რომ ქვეყანაში არის საკმარისი საჭმელი, იარაღი (ანუ ჯარი), და არის ხალხის ნდობა.

- და თუ გაჭირვების გამო რომელიმეს უარყოფა იქნება აუცილებელი.

- მაშინ შესაძლებელია იარაღი გამოირიცხოს.

- თუ დარჩენილი ორი პირობიდანაც არჩევანი უნდა გაკეთდეს, რაზე შეიძლება ვთქვათ უარი.

- საკვებზე, - იყო პასუხი.

ეს რჩევა ყველა დროის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

შევნიშნავთ, რომ ეკლესიის ფუნქცია არ არის პოლიტიკური შეფასება მისცეს მოვლენებს, რადგან ასეთი მიდგომა არღვევს ეკლესიის, როგორც ერის ერთიანობის ქვაკუთხედს.

ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა ემსახუროს ხალხს და, მიუხედავად მისი შვილების განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა, შეძლოს თავის წიაღში მათი გაერთიანება.

დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი განსხვავებული აზრის შემწყნარებლობისა ეკლესიაში ოდითგან იყო აღიარებული და დაცული. ეკლესიის წევრები იყვნენ მეფეები და გლეხები, მონარქისტები და რესპუბლიკელები, დიდნი და მცირენი..., რადგან უფალში ერთია ყველა; აქ არ არის „ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა“ (გალ. 3.28). ღვთის წიაღში ერთიანდება უფლის მცნებების ყველა დამცველი მიუხედავად თავისი პოლიტიკური, სოციალური, ეროვნული თუ ასაკობრივი სხვაობისა და ეს ქმნის ეკლესიის ერთობას. ამიტომაც ეკლესიას ყველა უნდა გაუფრთხილდეს, როგორც ქვეყნის მთლიანობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს.

დღეს თითქმის ყველა აღიარებს, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ რატომღაც ყველა არ მიიჩნევს აუცილებლობად ღვთის მიერ ჩვენთვის დადგენილი კანონების დაცვას. გამოდის, რომ ამ ადამიანებს თავიანთ მიერ შემუშავებული წესები უფრო სწორი ჰგონიათ, ვიდრე კაცთა ხსნისათვის ამქვეყნად მოვლენილი, ჩვენთვის ჯვარცმული იესო ქრისტეს მცნებები და დარიგებანი.

თუ გვსურს ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ, მეტად მარტივი, მაგრამ ღრმა შინაარსის შემცველი მაცხოვრის ეს რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ“. (მთ. 6. 33). ე.ი. უმთავრესია ღმერთთან მიმართებაში სწორი ორიენტაცია ჰქონდეს ხელისუფლებას, ხალხს, ცალკეულ ადამიანს და ყოველივე დანარჩენი, მათ შორის მატერიალური კეთილდღეობაც, მიეცემა მათ.

ამიტომაც ყოვლად გაუმართლებელი იყო ტოტალიტარული რეჟიმი (თუმცა ესეც ღვთის ნებით დაიშვა); ასევე გაუმართლებელი იქნება უკიდურესი ლიბერალიზმიც. ჩვენ ყოველთვის დიდ შეცდომას ვუშვებდით, როცა მექანიკურად გადმოგვქონდა ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრების წესი. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს, და ბუნებრივია, განიცდის მათ გავლენას, მაგრამ ჩვენი ღირსება სწორედ ის იქნება, თუ ჭეშმარიტ რწმენასა და ეროვნულ ღირებულებებს შევინარჩუნებთ, სხვათა გამოცდილებას გავითვალისწინებთ და ამ ყოველივეს დროის მოთხოვნილებებს შევუსაბამებთ.

მახსენდება ფილადელფიის ეკლესიისადმი მიმართული უფლის სიტყვები: „აჰა მოვალ ადრე, იპყარ, რომელი ეგე გაქვს, რათა არავინ მიგიღოს გვირგვინი შენი. რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა“. (გამოცხ. 3. 11-12)

დიდია ძალა და მნიშვნელობა ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზისადმი თქმული ამ წინაწარმეტყველებისა. როგორც ქართველ, ისე უცხოელ ღვთისმეტყველთა შორის არის აზრი, რომ ფილადელფიის ეკლესიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უნდა იგულისხმებოდეს. თუ ეს მართლაც ასეა, ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რადგან გამორჩეულია უფლის დამოკიდებულება ფილადელფიის ეკლესიისადმი.

მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი საერთო მძიმე ვითარებისა, მიუხედავად ჩვენი ხალხის დიდი გაჭირვებისა, ჩვენ იმედით ვუყურებთ საქართველოს მომავალს.

ახლად არჩეულ პრეზიდენტს ხალხის მაღალი ნდობის გამო მიეცა შესაძლებლობა დიდი საქმეების აღსრულებისა. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია ყოველთვის გვერდში ედგა ხელისუფლებას. ეს ჩვენი ვალიცაა და ვალდებულებაც ღვთის წინაშე. ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ მომავალშიც ყოველმხრივ შევეწევით ჩვენს ერს და მის მმართველთ საღვთო და მამულიშვილურ საქმეთა განხორციელებაში. ეკლესიას დიდი ძალა აქვს. მთავარია, მისი შესაძლებლობები სრულად იქნას გამოყენებული.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ წმიდა სამების მშენებარე ტაძარი არის ღვთისაგან მონიჭებული წყალობა და ამავე დროს ნიშანი ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგინებისა. თუ გავიხსენებთ წარსულს, დავინახავთ, რომ სვეტიცხოვლისა და მასთან ერთად ბაგრატის, ალავერდის, იშხნისა და ბედიის ტაძრები უშუალოდ დიდი საქართველოს წინარე პერიოდში აიგო. (თვით ოქროს ხანაშიც კი ასეთი რამ აღარ განხორციელებულა), ვიმედოვნებთ, რომ როგორც მაშინ, ახლაც ეს დიდებული საკათედრო ტაძარი იქნება გვირგვინი ერთიანი დიდი საქართველოსი. ოღონდ ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ ვიყოთ ღმერთთან. მაშინ გახდება ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია ამ სასწაულის მომსწრე. ჩვენ შეგვიძლია ეს სასწაული რეალობად ვაქციოთ.

ამიტომაც მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს და თითოეულ ქართველს: შენ უნდა იყო იქ, სადაც უფალია, სადაც მეუფებს რწმენა, სასოება და სიყვარული. შენ უნდა იყო იმ წიაღში, სადაც ანგელოზთა და წმინდანთა დასია, რადგან გამოსყიდული ხარ მაცხოვრის სისხლით და არა გაქვს უფლება, არად ჩააგდო უფლის თავგანწირვა შენთვის.

მიქია წინასწარმეტყველის წიგნში ვკითხულობთ: „ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი. მხოლოდ სიმართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს; და რომ სიბრძნითა და მორჩილებით იარებოდე შენი უფლის წინაშე“ (მიქ. 6, 8).

და განა შეუძლებელია ამის აღსრულება.!

ახლაც, ამ წუთებში, ამქვეყნად იბადება მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, დასტური კაცთა მოდგმისადმი ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და ღმერთსა და ადამიანს შორის ათასწლეულობით დარღვეული კავშირის აღდგენისა. მივეგებოთ მას სიხარულით და მივართვათ ძღვნად ჩვენი გული, რათა დაივანოს იქ და ეგოს ჩვენთან განუშორებელად.

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!

ჩვენთან არს ღმერთი - ემანუელი!

ამინ!

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ქრისტეს შობა
2003-2004 წელი, თბილისი.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №2(261), 2004 წ.

მსგავსი განცხადებები: