სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
„რომელმან სძლოს, ვყო იგი სვეტად ტაძარსა
შინა ღმრთისა ჩემისასა“ (გამოცხადება 3,12).
მშვენიერი, გასაოცარი და უსასრულოა სამყარო, მშვენიერია ადამიანი - ხატი ღვთისა და გვირგვინი ქმნილებისა. დიდია უფალი, მიუწვდომელია ძალა და სიბრძნე მისი. უსაზღვრო და განმაცვიფრებელია მოთმინება მისი და უნაპირო სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმი.
რით დავიმსახურეთ, ღმერთო, ესოდენი მოწყალება?
ჩვენ განგიდექით, ურჩ გექმენით და შენ მაინც არ განგვშორდი, მცნება მოგვეცი, რომ გზა გაგვეგნო, მაგრამ სიჯიუტე ჩვენი ვერ მივატოვეთ, საუკუნეთა მანძილზე გტანჯეთ, გაწვალეთ და გაიძულეთ, ძე შენი საყვარელი გაგეწირა ჩვენთვის, რომ გულდაბრმავებულთ თვალებით მაინც დაგვენახა გვემა და წამება მისი და მაშინ მაინც მიმხვდარიყავით, როგორ დავეცით.
ეს იყო ხსნის ერთადერთი გზა და შენ იგი არ დაიშურე ჩვენთვის.
ზოგჯერ კითხულობენ: აუცილებელი კი იყო ღვთის განხორციელება, განა მონანიება საკმარისი არ იქნებოდა კაცობრიობისათვისო?
რომ ყოფილიყო მხოლოდ ცოდვები, - განმარტავს წმიდა ათანასე დიდი, - საკმარისი იქნებოდა სინანულით განწმენდა, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩვენი სხეული დაექვემდებარა ბუნებრივ ხრწნას და დაკარგა მადლი ღვთის ხატებისა. იმიტომაც უნდა განხორციელებულიყო ძე ღვთისა, რომ აღედგინა ადამიანის დაცემული ბუნება.
„და მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა“ (ლუკა 19,10).
„...მოვიდა მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის“ (მათე 20,28).
მრავალთათვისო, ბრძანებს მახარებელი და არა ყველასთვის, რადგან ყველა არ არის მზად, მიიღოს ღვთის სიკეთე. მაინც ვინ არიან იგი მრავალნი? ისინი, რომელთა ცხოვრებაც მსახურებაა ღვთისა და მოყვასისათვის; ისინი, რომელთა ამქვეყნიური ყოფაც განცხადებაა ანგელოზთა საგალობლისა, შობის ღამეს რომ მოეფინა ქვეყნიერებას. „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
დიდება რომ შევწიროთ უფალს არ არის საკმარისი მარტო რწმენა, ღმერთი უნდა ვადიდოთ სიტყვით და საქმით უშიშრად, ყველას წინაშე, ხოლო „რომელმან უარმყოს წინაშე კაცთა, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“ (მათე 10,33). საქმით ღვთის დიდება მცნების დაცვას და მის აღსრულებას ნიშნავს. „უკეთუ გიყუარნ მე, - ბრძანებს უფალი, - მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“ - (იოანე 14,15) და „ესე არ მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“, უფროის ამისა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“ (იოანე 15,12-13).
ვინ არის მეგობარი ჩვენი?
ჭეშმარიტი მეგობარი იგია, რომელიც უდრტვინველად იტანს თავს დამტყდარ უბედურებას და განიცდის მოყვასის გასაჭირს, როგორც საკუთარს. მეგობარი იგია, ვინც სიყვარულით მიგვითითებს შეცდომებზე და გვიჩვენებს სწორ გზას, ვინც ჩვენთანაა როგორ სიკეთისა და მხიარულების დროს, ისე უკიდურესი გაჭირვების ჟამს მაშინაც კი, როცა ახლო ნათესავები დაგვტოვებენ.
ერთგული მეგობარი მტკიცე ზღუდეა, რომელმან შეიძინა იგი, ჰპოვა საგანძური. ერთგული მეგობარი ფასდაუდებელი საუნჯეა და არა აქვს საზღვარი მის სიკეთეს. ერთგული მეგობარი სალბუნია ცხოვრებისა და მოშიშნი უფლისანი ჰპოვებენ მას, - ვკითხულობ ისო ზირაქის წიგნში (6,14-16).
ბიბლიაში მეგობრობის მრავალი მაგალითია. გავიხსენოთ თუნდაც იონათანისა და დავითის ამბავი.
იონათანი იყო შვილი მეფე საულისა, ხოლო დავითი - უბრალო გლეხისა, რომელსაც იესე ერქვა და ბეთლემში ცხოვრობდა. დავითის მიერ ფილისტიმელთა გოლიათის დამარცხების შემდეგ ახალგაზრდები დამეგობრდნენ და განუყრელი მეგობრები გახდნენ. მეგობრობის სიწრფელე იონათანმა დაამტკიცა იმით, რომ არა ერთხელ გადაარჩინა დავითი შურსა და რისხვას საულისას, რომელიც დავითში ტახტის მოცილეს ხედავდა.
როცა იონათანი იგებდა, რომ მის მეგობარს საფრთხე ემუქრებოდა, მაშინვე აფრთხილებდა და იხსნიდა ხოლმე მას განსაცდელისგან. ამის გამო მეფე საული იმდენად განრისხდა, რომ ერთხელ შვილს შუბი ესროლა.
რამდენადაც უფრო ძლიერდებოდა საულის დავითისადმი სიძულვილი, იმდენად უფრო მტკიცე ხდებოდა მისდამი იონათანის მეგობრობა. უდაბნოში ერთ-ერთი შეხვედრისას იონათანი ეუბნება დავითს: „ნუ გეშინინ, რამეთუ ვერ გპოვოს ხელმან მამისა ჩემისა საულისამან შენ და შენ იქმნე მეფე ისრაელისა, და მე ვიყო შენდა მეგობარ და საულცა მამამან ჩემმან უწყის ესრეთ“ (I მეფეთა 23,18).
იონათანის წინასწარმეტყველება ნაწილობრივ აღსრულდა. დავითი ავიდა სამეფო ტახტზე, მაგრამ იონათანი დაიღუპა. იგი განგმირეს ომის დროს, როცა მამასთან ერთად იბრძოდა მტრების წინააღმდეგ.
დავითი დიდხანს გლოვობდა მეგობარს, რომლის ერთგულება ვერ გაახუნა ვერც მამის რისხვამ, ვერც სამეფო გვირგვინის დაკარგვის ფიქრმა.
ქალთა თავდადების ასევე მშვენიერი მაგალითებია ბიბლიაში. რამდენი შემთხვევა ყოფილა, რომ მათ საკუთარი სიცოცხლეც არ დაუშურებიათ მეგობრისათვის. მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველი მეგობრობა არ არის ხანგრძლივი, რომ ქვეყნად ბოროტება მეფობს და მისი მთესველი ეშმაკია, ხოლო იგი არ მოგვასვენებს, ვიდრე ამ სოფლადა ვართ. ბოროტება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენშია, ჩვენს გულშია ფითრივით ფესვგადგმული და თუ დროზე არ მოვიკვეთთ, ცოდვის მსხვერპლნი და მსახურნი შევიქმნებით, რადგან იგი არ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ სხვისი ტკივილი, სხვისი მწუხარება, დავინახოთ საკუთარი სისუსტენი.
განა იშვიათად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა ქალ-ვაჟი სიყვარულით ქორწინდება. მერე კი, როცა ცხოვრებაში სიძნელენი ხვდებათ, როცა რაღაც მოუშუშებელი ტკივილის გამო კაცი იწყებს სმას, კარგავს ჯანმრთელობას... სითბოსა და სიყვარულის, თანაგრძნობის ნაცვლად მეუღლისაგან მხოლოდ განკითხვასა და შეურაცხყოფას ისმენს და ბოლო არა აქვს უსიამოვნებას ოჯახში.
ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა კაცი ეჩვევა უზრუნველ ყოფას; მთელ საქმეს ქალის იმედზე ტოვებს, თვითონ კი იმაზე ფიქრობს, დრო როგორ გაატაროს, როგორ გაერთოს. მაშინ, როცა მის ცოლ-შვილს უჭირს, უჭირს ეკონომიკურად, ფიზიკურად თუ სულიერად.
ასეთი ოჯახები ხშირად ირღვევა. მეუღლენი ერთგულებას რომ უმტკიცებდნენ ერთმანეთს, შორდებიან. ღვთის ანაბარა რჩება ერთდროს საყვარელი, ახლა კი ავადმყოფი ცხოვრების მეგობარი; და იღუპება იგი თავისი უბედურებით, მარტოობითა და შეურაცხყოფით.
თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, არა გაქვს უფლება, მიატოვო გაჭირვებაში მყოფი არა თუ ახლობელი, არამედ ნებისმიერი ადამიანი; ყოველი მათგანი ხომ ხატებაა ღვთისა.
მოვიდა შენთან გლახაკი და ხელს გიწვდის სათხოვნელად - ეს ქრისტეა, სარეცელზე წევს ავადმყოფი, ნუგეშინის-ეც, ეს უფალია. ეძებეთ იგი მორჩილთა, დამდაბლებულთა, შეურაცხყოფილთა და დამცირებულთა, მშიერ-მწყურვალთა შორის და „ყოველი რომელი უკუე გინდეს თქვენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქვენ ყავთ მათდა მიმართ“ (მათე 7,12).
მაშინ გეტყვით უფალი: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვდრეთ განმზადებული თქვენთჳს სასუფეველი“... რადგან „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა, და მასუთ მე, უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხუედი ჩემდა“ ... რადგან „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 25,34-36,40).
ძნელია ვისწავლოთ ადამიანებისადმი თანაგრძნობა, თუ ღვთაებრივი სიყვარულით არ ვართ გამთბარნი, ეს კი გულისხმობს თანადგომას არა მარტო განსაცდელში მყოფთადმი, არამედ შეურაცხმყოფელთადმიც, ეს გულისხმობს ეგოიზმის უარყოფას, უშურველობას, მორჩილებას, გულისხმობს სიმშვიდეს, თავგანწირვას, შენდობის უნარს... ჩვენ კი განკითხვის ცოდვიდან ვერ ვთავისუფლდებით დ ამიტომაც არა ვართ მოწყალენი.
„რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ“ (მათ 7,2), - გვაფრთხილებს იესო ქრისტე. ასე რომ, ის, ვინც განიკითხავს, განიკითხავს არა მოყვასს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს და მიეცემა სასჯელს და წამებას. ხოლო ვინც აპატიებს მოყვასს, ათავისუფლებს ბრალისგან არა იმდენად მას, რამდენადაც საკუთარ თავს, რადგან სხვისი დანაშაულის მოწყალედ და ლმობიერად განსჯით იგი საკუთარი ცოდვების შენდობას მიიღებს.
თუ შენ მკაცრი ხარ სხვების მიმართ, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი - და ხედავ მათ მცირე შეცდომებსაც კი, რატომ არ ამჩნევ საკუთარ დიდ ცოდვებს? ყოველი ადამიანი ხომ თავის თავს უკეთ იცნობს, ვიდრე სხვას; საკუთარი თავი მეტად უყვარს, ვიდრე სხვა. და თუ განიკითხავ მოყვასს, გსურს რა მისთვის სიკეთე, რატომ არ უსურვებ ამ სიკეთეს პირველ რიგში შენს თავს - უფრო ცხად და უფრო დიდ ცოდვილს? ხოლო თუ შენ დაუდევარი ხარ საკუთარი თავის მიმართ და ვერ ხედავ მათ, ნათელია, რომ ძმას განიკითხავ არა კეთილმოსურნეობით, არამედ სიძულვილისა და მისი დამცირების სურვილით. მოყვასი განიკითხოს მან, ვინც უცოდველია (იოანე ოქროპირი).
მინდა გავიხსენო მაგალითი ეგვიპტის პატრიარქის ალექსანდრეს ცხოვრებიდან. მას ჰყავდა მდივანი, რომელმაც ოქრო მოჰპარა და რომელიც შემდეგ ავაზაკებმა შეიპყრეს. პატრიარქმა ეს რომ შეიტყო, გამოისყიდა იგი და უკან დააბრუნა. როცა ქურდი მდივანი პატრიარქთან მივიდა, მან იგი ისეთი სიყვარულითა და კეთილგანწყობით მიიღო, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ ხუმრობით თქვა: თუ გინდა სარგებელი ნახო, პატრიარქ ალექსანდრეს უნდა აწყენინოო. სინამდვილეში პატრიარქი მოიქცა ვითარცა ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც, წმიდა ისიდორე პელუსიოტის თქმისა არ იყოს, წყენას წყალზე წერს, მადლს კი - სპილენძზე.
მაშ, „რამდენ გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან და მიუტევო მას?“, - ვიკითხავთ ჩვენც პეტრე მოციქულის მსგავსად.
„ვიდრე სამეოცდაათ შვიდგზის“, - გვპასუხობს მაცხოვარი, რადგან მოყვასი არ უნდა მოვიძულოთ. ხოლო „რომელსა სძულს ძმაჲ თვისი, იგი ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი“ (I იოანე 2,11).
ძალიან ხშირად კი ჩვენ საპირისპიროდ ვიქცევით. თუ ვინმე რამეს დაგვიშავებს, გულისტკენას აღარ ვივიწყებთ, წყენა წყენას ემატება, ჩნდება უფსკრული, ღვივდება მტრობა და სამაგიეროს მიზღვის სურვილი.
უფალი აქაც წამლად სიყვარულს გვთავაზობს: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ“ (მათე 5,44).
ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ ცხოვრების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მხოლოდ სიყვარულითა და მორჩილებით შეიძლება მტრის ძლევა. ბოროტებით ბოროტება ვერ გამოსწორდება. ეს სიბრძნე ჩვენს შვილებსაც უნდა ვასწავლოთ, რომ ისინი იყვნენ ბედნიერნი.
სრული და ყოვლის მიმტევებელი სიყვარული სიმდაბლით უნდა მოვიპოვოთ. სიმდაბლის სწორუპოვარი მაგალითი თვით მაცხოვარმა გვიჩვენა.
ქვაბსა ბეთლემისასა იშვა მხსნელი ქვეყნისა; ბაგასა შინა მიაწვინეს, რამეთუ „არა იყო... ადგილი სავანესა მას“ (ლუკა 2,7). კაცობრიობა კი უფლის მოსვლას დიდებით ელოდა; მაგრამ სწორედ პატივისა და სახელის უარყოფაშია მისი ძალა, ძალა კაცთა ფერისცვალებისა და გადარჩენისა. შურისა და შიშის გამო მას სდევნიდნენ და იგი - ღმერთი განერიდებოდა ხოლმე მოძულეთ, უარყოფდნენ და არ განიკითხავდა, ღალატობდნენ და შეუნდობდა, გვემდნენ და უდრტვინველად იტანდა...
იესო ქრისტემ დაითმინა ეს ყოველივე, დაითმინა მან, რომელი არს ერთადერთი გამოუთქმელი, განუყოფელი მთლიანობა, „ანი და ჰოე, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული“ (გამოცხადება 22,13), რათა ჩვენთვის სრულყოფის მაგალითი მოეცა.
თუ შევძლებთ, ყველასთან უნდა ვიყოთ მშვიდობით. ამიტომ არა მარტო ჩვენ უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ სხვას, არამედ შევძლოთ ისიც, რომ სხვები არ იყვნენ ჩვენდამი ცუდად განწყობილნი.
მაგრამ გვახსოვდეს ესეც: ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს კეთილი ადამიანის მიმართ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურიანი კაცი ღიზიანდება, როცა ვერაფერს ხედავს სხვაში შეურაცხმყოფელს; ბოროტება შეიძლება აღდგეს სიმართლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ უყვარს მართალნი, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? არა მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, - ბრძანებს საღმრთო წერილი, რადგან მშვიდობასა გვიწოდა უფალმა, რომელი თავად არს „შემოქმედი მშვიდობისა“ და მშვიდობიანი ჰარმონიის სათავეა როგორც ჩვენში, ისე გარემო სამყაროში.
სამწუხაროდ, დღეს დარღვეულია მშვიდობა ჩვენს სულში, დარღვეულია მშვიდობა ჩვენს გარშემო; ამის მიზეზი ცოდვაა და ღმერთთან კავშირის დაკარგვა.
როცა ასე უჭირს შინაგანად ადამიანს, ეკლესია განზე ვერ განდგება. ეკლესია უნდა მივიდეს მასთან და მისცეს ძალა პიროვნებას ღირსების განსამტკიცებლად, „რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა“ (ეფ. 2,14). ეკლესიამ უნდა მოსპოს ზნეობრივი დაპირისპირება ჩვენს სულში, როცა „ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა ჴორცთათჳს, რაჲთა არა რაჲ-იგი გინდეს, და მას ჰყოფდეთ“ (გალატელთა 5,17).
ღმერთმა მოგვცეს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სარწმუნოება, მოთმინება, რომ უფალი ეგოს ჩვენ თანა და ჩვენ მის თანა, რომ მისი შეწევნით ვემსახუროთ ღმერთსა და მოყვასს, ვსძლოთ ბოლომდე და ვცხოვნდეთ.
ამქვეყნიური ჩვენი ცხოვრება ცურვას ჰგავს უკიდეგანო ზღვაში, რომელიც ხან წყნარდება, ხან კი მღელვარებს; ხან მშვიდია, ხან კი შიშის მომგვრელი, თუ გვსურს, ნაპირს მშვიდობით მივაღწიოთ, უნდა შევიმოსოთ რწმენით, სასოებით, სიყვარულით და ვიქნებით დაცულნი, რადგან მფარველად თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეყოლება.
საყვარელნო სულიერნო შვილნო ჩემნო, ყველას და თითოეულს ცალ-ცალკე გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულსა და ბედნიერ ახალ წელს. იმედი და სიხარული არ მოგშლოდეთ; იყავით მშვიდნი და მოწყალენი და მუდამ გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები; „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან შეცოდებანი თქუენნი“ (მათე 6,14).
ღმერთმა დაგლოცოთ!
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
ქრისტეს შობა.
თბილისი,
1988 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.