სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
ყოვლადუსამღვდელოეს მღვდელმთავრებს, პატიოსან მოძღვრებსა და დიაკვნებს, სამონაზვნო დასს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე სულიერ შვილებს:
ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიისა, გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
ჯერ კიდევ უძველეს დროს წინასწარმეტყველი ესაიას პირით აი რას ბრძანებდა უფალი: „...აჰა ესერა დავსდებ საფუძველთა სიონისათა ლოდსა ფრიად პატიოსანსა რჩეულსა თავსა კიდურსა პატოსანსა, საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი არასადა ჰრცხვენეს“ (ესაია 28,16).
ეს იყო წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე, რომელიც არის ქვაკუთხედი ჩვენი არსობისა და ცხოვნებისა.
კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე ელოდა ღვთაებრივი ლოგოსის განხორციელებას. „და სიტვუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკვდრა ჩუენ შორის“ (იოანე 1,14).
„შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა“, - როგორც ადრე, დღესაც ამ სიტყვებით ეგებება წმიდა ეკლესია კაცთათვის განხორციელებულ მზეს სიმართლისას, ნათელს ჭეშმარიტს, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად“ (იოანე 1,9). ქრისტეს შობა, ისევე როგორც წმიდა პასექი, ყველაზე სასიხარულო და დიდებული ზეიმია მორწმუნე ქრისტიანისთვის.
ქრისტეს შობა არის მშვიდობის ხარება და სიყვარულის დადასტურება კაცობრიობისათვის. ეს სიყვარული ეფინება ყველას, იმათაც კი, ვინც არ სცნობს მას, ანდა დაივიწყა იგი.
ძე ღვთისა იქმნა ძე კაცისა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, რათა თვისი მსხვერპლშეწირული სიყვარულითა და თავგანწირვით ცოდვისგან ეხსნა მსოფლიო, განეწმიდა და კვლავ ღვთის მადლით შეემოსა იგი.
შობა ქრისტესი არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა; დღესაც ღმერთი იგი უჟამო ჟამიერ იქმნება, უხორცო უფალი განხორციელდება. მაგრამ მთავარია, მაცხოვარი იშვას თითოეულ ჩვენგანში, რომ განგვაახლოს, აღგვადგინოს და აღარასოდეს განგვშორდეს ჩვენ.
ბეთლემს შობილი ყრმის თაყვანისსაცემად მოგვნი ძღვნით მოვიდნენ აღმოსავლეთიდან. ჩვენ კი რით შევხვდეთ ჩვენს მხსნელს, რა მივართვათ ძღვნად? რა გზას დავადგეთ?
მას არ სჭირდება მიწიერი სიმდიდრე, პატივი და მაღალი თანამდებობა, სურს მხოლოდ ჩვენი სუფთა, სათნო, მრავალნატანჯი და მოწყალე გული; ესაა მისთვის ყველაზე ძვირფასი ძღვენი.
ნათქვამია, მსგავსი მსგავსს შეჰხარისო.
გსურს უფალთან შეხგვდრა, მასთან ყოფნა? მაშ, შეიყვარე „ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებით შენითა... და შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“ (მათე 22,37-39), რადგანაც მხოლოდ ასეთ გულში დაივანებს უფალი, ოდენ აქ პოვებს იგი სულს, რომელიც მას სიყვარულით ენათესავება.
რა გზით ვიაროთ? - ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის მომცველი საკითხი.
უნდა ვიაროთ ბნელიდან ნათლისკენ, ცოდვიდან - სიწმინდისაკენ, განკითხვიდან - ყოვლის მიტევებისკენ, სიძულვილიდან - სიყვარულისკენ, მიწიდან - ზეცისკენ. ეს გზა ერთადერთია და გულისხმობს ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას ანუ ეკლესიურობას, რადგანაც აქაა მხოლოდ შესაძლებელი სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება.
სამწუხაროდ, დაბალი საღვთისმეტყველო განათლების გამო ჩვენს თანამედროვეთა შორის, თვით ინტელიგენციის დიდ ნაწილშიც კი, რელიგიათა შორის განსხვავებას აზრი აქვს დაკარგული. მათთვის საკმარისია ღმერთის აღიარება, აღმსარებლობას კი მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რაც დიდი შეცდომაა.
მართალია, საზოგადოდ რელიგიურობა სიწმიდისადმი სწრაფვას გულისხმობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რელიგიის გაგება მეტად ფართოა და ზოგჯერ იგი ურთიერთ დაპირისპირებულ მცნებებს მოიცავს.
სწორი გზით რომ ვიაროთ, ნამდვილ თავისუფლებას უნდა ვეზიაროთ. „სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოანე 8,32), - ბრძანებს მაცხოვარი.
აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ღმერთი. ე.ი. თავისუფლება მიიღწევა ჭეშმარიტების - ღვთის შეცნობით. ღვთის შეცნობა კი უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის შესწავლით, საკუთარი ნაკლის დანახვით და ყოველთა ცოდვათა დედის - ამპარტავნებისა და ეგოიზმის დაძლევით.
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე“ (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს.
ამ სულიერ ბრძოლაში მეტად დიდია შემწეობა ეკლესიისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მისი ღვთაებრივი მადლისა.
ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოდენ. მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგანაც ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია კაცთაგან კი არ არის დადგენილი, არამედ ღვთის მიერაა დაწესებული. ესაა უფლისკენ მიმავალი გზა, ცხოვრება ღმერთში; ამავე დროს იგია მისტიური სხეული ქრისტესი, რომელიც მის ადამიანურ ბუნებასაც მოიცავს.
ღმერთი იმდენად მიუახლოვდა ადამიანს, რომ მასში შევიდა და კაცობრივი ხორცით შეიმოსა. ამიტომაცაა ქრისტეს სახელით შეერთებულ მორწმუნეთა კრებული - ეკლესია - სხეულია ქრისტესი.
მაგრამ როცა ეკლესიაზე ვსაუბრობთ, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობთ მის სულიერ არსს და შემდეგ კი - ეკლესიისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ნიშნებს. ეს იმიტომ, რომ თავისი არსით ეკლესია ქრისტეს მსგავსად ორბუნებოვანია. იგია ის ღვთაებრივ-ადამიანური ერთობა, რომელიც პირველ რიგში ენათესავება ღმერთს. შემდეგ კი ამქვეყნიურ ცხოვრებაში, დროულ ყოფაში ვლინდება.
ყოველივე ეს კარგად ჩანს კონსტანტინეპოლში 381 წელს შემდგარი მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დამტკიცებულ მრწამსში, სადაც ვკითხულობთ: „მწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“.
ეკლესია რომ მხოლოდ ის იყოს, რასაც ჩვენ ფიზიკური თვალით აღვიქვამთ, ანუ ტაძარი და ყოველივე ის, რაც შიგ ხილული სახით აღესრულება, მაშინ ზემოთქმულ სიტყვებს აზრი დაეკარგებოდა, რადგან მორწმუნეთ სწამთ ის, რასაც გრძნობენ და ვერ ხედავენ, და არა ის, რასაც უყურებენ.
წმიდა ეკლესია ერთიანი და განუყოფელია. იგია „ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა. ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის“ (ეფესელთა 4,4-6).
როცა ჩვენ ეკლესიებზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს ადგილობრივ ეკლესიათა სიმრავლე ანდა არსებობა სამოციქულო ეკლესიიდან გამოყოფილ სხვა და სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობათა, რომელნიც მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში არ შედიან.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკური და პროტესტანტული სამყაროს ყურადღების ცენტრშია, რადგანაც მხოლოდ მან შეინარჩუნა უცვლელად და შეურყვნელად რწმენა და ტრადიცია ერთიანი, განუყოფელი ეკლესიისა.
წმიდა ეკლესიის მთლიანობა მის გარეგნულ და შინაგან ერთობაზეა დამყარებული. შინაგანი ერთიანობა გულისხმობს ჩვენს ერთობას ქრისტესთან და ქრისტეს ერთობას თავის სხეულთან. ესაა ეკლესიურობა ანუ ცხოვრება ქრისტეს მცნებათა დაცვით ქრისტეში და ქრისტესთან. ამ დროს მიიღწევა ერთობა როგორც ღმერთთან, ისე მის ქმნილებებთან: ადამიანებთან ანგელოზებსა და წმიდანთა დასთან.
ყოველივე ეს გარეგნულ ფორმებშიც ვლინდება, ვლინდება ჩვეულებრივ მიწიერ ყოფაში, ადამიანურ ურთიერთობაში; იგი აყალიბებს ჩვენს პიროვნებას, ჩვენს ქრისტიანულ სახეს.
წმიდა მამები მიწიერ ეკლესიას ხშირად უწოდებენ მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ცოდვათა დაძლევით უნდა გახდეს გამარჯვებული და მოზეიმე. ასეთია ზეციური ეკლესია. იქ ზეიმობენ ჩვენი წმიდა მამები და წინაპრები, რომელთაც მრავალი განსაცდელისა და გაჭირვების გადალახვით, რწმენით, სიყვარულითა და სასოებით მოიპოვეს სასუფეველი ღვთისა.
ეკლესია წმიდაა, რადგანაც მაცხოვრის უცოდველობა განსაზღვრავს მის სიწმიდეს. იგი ხომ სხეულია ქრისტესი და განა შიძლება, ქრისტეს სხეული არ იყოს წმიდა? „ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, რაჲთა იგი წმიდა-ყოს“ (ეფესელთა 5,25-26).
ეკლესიის განწმენდა ხდებოდა და ხდება იესო ქრისტეს მსხვერპლად გაღებული სისხლით, რომელიც კაცთა ხსნისათვის ჯვარზე დაიღვარა.
სიწმიდე არის მთავარი არსი ეკლესიისა. ესაა ის, რისთვისაც მოწოდებულია თითოეული ჩვენგანი.
წმიდას ბერძნულაღ შეესატყვისება „აგიოს“, „იეროს“, ლათინურად - „სანკტუს“, ებრაულად - „კოდეშ“.
ცნობილი მწერალი, ბერი სულხან-საბა ორბელიანი „წმიდას“ ასე განმარტავს: „წმიდა მოასწავებს დიდებულ იყავ, ქებულ იყავ. წმიღა ითქმის მხოლოისა ღვთისა ზედა და რომელნი ღმერთმან წმიდა ყვნა მსახურნი და სათნომყოფელნი მისნი“ (სიტყვის კონა, გვ.452).
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში კი ვკითხულობთ: „წმიდა - სუფთა, უბიწო, აუმღვრეველი... „ნაზიერი“, „ნაზორეველი“ (ნაზორეველი განცალკევებულს, ღვთისთვის შეწირულს ერქვა).
ძველ აღთქმაში გამოყენებული ებრაული სიტკვა „კოდეშ“, ნაწარმოებია იძ ძირისაგან, რომელიც ნიშნავს გამოყოფას, გამიჯვნას და შეიცავს კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის იდეას, ცოდვისმიერი მიდრეკილებებისაგან, მიწიერი სურვილებისაგან განდგომის იდეას. ეკლესიის არსიც ისაა, რომ განაცალკევოს ადამიანი ბოროტისაგან, შეაგრძნობინოს მას თავის თავში ხატება ღვთისა, რომელიც მოწოდებულია სულიწმიდის სავანედ, ღვთის ხატად ქმნისათვის.
„არა უწყითა, - ბრძანებს პავლე მოციქული, - რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან. რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი?.. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ“ (I კორინთელთა 6,19-20).
ურწმუნონი ანდა არაეკლესიურნი ხშირად გამოთქვამენ საყვედურს იმის გამო, რომ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა შორის არიან ცუდი წარსულის მქონე პირები. დიახ, ასეთები მართლაც არიან და ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს. ეკლესია ხომ სულის მკურნალია. იგია ის წმიდა სავანე, სადაც ხელს არ კრავენ გზასაცდენილთ. ეკლესიის ვალი და მიზანი სწორედ ისაა, რომ სულიერი დახმარება აღმოუჩინოს შეცდომილთ, შეიწყნაროს და სწორ გზაზე დააყენოს ისინი.
ღვთის წინაშე თუ რა დიდია მნიშვნელობა ცალკეული პიროვნებისა, ჩანს იესო ქრისტეს ამ სიტყვებიდან: „ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა. ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შეცსთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა და ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ: უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი“ (მათე 18,10-14).
ასე რომ, ეკლესიური ცხოვრება ესაა გამუდმებული ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, ესაა ბნელისგან ნათლის გამოყოფის და საბოლოოდ მისი გამარჯვების პროცესი, ესაა გზა გადარჩენისა.
შერყვნილი ნაწილებისგან, - წერს ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი, - შეუძლებელია წარმოიშვას წმიდა და უბიწო მთელი. ეკლესია რომ მხოლოდ ცალკეულ ადამიანთა კრებული იყოს, იგი არ იქნებოდა წმიდა, უბიწო, რადგანაც ამ ქვეყნად უცოდველი არავინაა. ხილული ეკლესია თავის სიცოცხლისუნარიანობას და ძალას იძენს, უპირველეს ყოვლისა, იესო ქრისტესგან, რომელშიც მთელი სისრულითაა ღმერთი განცხადებული, იძენს ყოვლადწმიდა ქალწულისაგან და ასევე წმიდანთა უხილავი მთელი დასისგან. ამიტომაც ჩვენი ადამიანური არასრულყოფილება ვერ დაარღვევს ეკლესიის სიწმიდეს. ჩვენ განვიწმიდებით ეკლესიის სიწმიდით, მაგრამ ეკლესია არ შეიბილწება ჩვენი ცოდვებით, რადგანაც მისი სიწმიდე ჩვენგან კი არა, ღვთისგან - იესო ქრისტესგან მომდინარეობს („ცხოვრების სულიერი საფუძვლები“, 1882-1884 წწ.).
მრწამსში აღნიშნული მესამე თვისება ეკლესიისა არის მისი საყოველთაობა, მრავლის ერთიანობა; ამას ნიშნავს სწორედ სიტყვა „კათოლიკე„ და ეყრდნობა იგი იესო ქრისტეს, როგორც ლოგოსის, შესახებ შემდეგ სწავლებას: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (იოანე 1,1-5).
ასე რომ, კათოლიკე ეკლესია გულისხმობს მის ყოვლისმომცველობას; იმას, რომ იგი არის არა მარტო კაცობრიობის, არამედ გარემომცველი სამყაროს, ღვთის მთელი ქმნილების გამაერთიანებელი და გადამრჩენელი ძალა. ამიტომაც ამბობს ვლადიმერ სოლოვიოვი: ქრისტიანობაში სამყარო ხელახლა იბადება. ამიტომაც ბრძანებს წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი: „სადაც ქრისტეა, იქ კათოლიკე ეკლესიაა“.
ცალკეული ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები ქმნიან ერთიან კათოლიკე ეკლესიას, რომლის მიზანიცაა ყველას შეკრება და გაერთიანება, რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემსი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
სამოციქულო - აი მეოთხე თვისება ეკლესიისა. წმიდა მოციქულები გარდა იმისა, რომ ცხოვრობდნენ ქრისტეს დროს, იყვნენ კიდეც თანამოღვაწენი მისი მსახურებისა, მემკვიდრენი და მქადაგებელნი მაცხოვრის სიტყვისა.
უფალი ასე მიმართავს მათ: „სიტყუანი რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებლისა ჩემისა მამისანი“ (იოანე 14,24), „ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“.
მოციქულთა მოღვაწეობა ვლინდებოდა ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე, იგი დღესაც ნათლად ჩანს და მომავალშიც გაგრძელდება.
უკვე მოციქულთა დროს ეკლესიაში დადგინდა ეპისკოპოსის მღვდლის, დიაკვნის, იერარქიული წესი; დადგინდა ასევე ამა თუ იმ ხარისხში კურთხევის, ხელდასხმის კანონი. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, არ დარღვეულიყო მემკვიდრეობა იერარქიული ხელდასხმისა, ამიტომაც თუ ჩვენ გამოვიკვლევთ, მაგალითად, საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი მღვდელმთავრის, მღვდლის ანდა დიაკვნის იერარქიულ წარმოშობას საუკუნეთა მანძილზე, აუცილებლად მივალთ ან წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულამდე, რომელმაც პირველ საუკუნეში იქადაგა საქართველოში და დააარსა აქ პირველი ეკლესია, ანდა წმიდა პეტრე მოციქულამდე, რომელმაც სათავე დაუდო ანტიოქიის ეკლესიას. საქართველო კი, მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ანუ V საუკუნემდე, ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა და ჩვენი სასულიერო პირებიც მათგან იღებდნენ ხელდასხმას.
მემკვიდრეობითობის ამ მადლს, რა თქმა უნდა, მოკლებულნია პროტესტანტული მიმდინარეობანი, ბაპტისტები და სხვა დენომინაციები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებს თავის მოციქულებრივ წარმოშობას და მიაჩნია, რომ ჭეშმარიტი ეკლესია მხოლოდ იგია, რომელმაც ურყევად დაიცვა წმიდა წერილი, ქრისტეს მოწაფეთა წმიდა სწავლება, წმიდა მამათა დადგენილებანი.
სამღვდელოების არსი მჭიდროდ არის დაკავშირებული შვიდ საიდუმლოსთან. საიდუმლოთა აღმსრულებელნი შეიძლება იყვნენ მხოლოდ ისინი, რომელთაც მიიღეს კანონიერი კურთხევა. მხოლოდ მათ აქვთ უფლება, ჩაატარონ ლოცვა და სხვა მღვდელმოქმედება, რათა დაეხმარონ ადამიანებს ცხოვრების სიმძიმის, განსაცდელისა და საცდურის დაძლევაში.
ეკლესიაში ლოცვას ღრმა სულიერი და სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ამიტომაც აგებდნენ ჩვენი წინაპრები ათასობით და ათიათასობით ტაძრებსა და მონასტრებს. ეს არ იყო მათი მძაფრი რელიგიური განცდის გამოვლინება, არამედ გრძნობა და აღქმა აქ მიღებული დიდი მადლისა. თითოეული მათგანის სიწმიდე და ღვთისმოსაობა იყო შედეგი არა მხოლოდ მათი მორწმუნეობისა, არამედ მათი ეკლესიურობისა. ისინი იყვნენ ნამდვილნი წევრნი ეკლესიისა - ქრისტეს სხეულისა. ამიტომაც არ იყვნენ ჩაკეტილნი ვიწრო ეგოისტურ ჩარჩოებში, არამედ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით სავსენი ცხოვრობდნენ მარტივად, სათნოდ და მშვიდად.
ეკლესიური ცხოვრება ქრისტიანისა არის მუდმივი განახლებისა და ფერისცვალების პროცესი, ესაა შემოქმედებითი ხედვა სამყაროსი და სულიერი მიახლოება სრულყოფილებასთან. ვისაც სურს ეკლესიისგან საზოგადოების მოწყვეტა, იგი ვერ ხედავს იმ დამღუვპელ შედეგს, რაც ამას მოსდევს. რწმენის დაკარგვასთან ერთად იკარგება სიყვარული, თანაგრძნობა, სიმშვიდე, მორჩილება; თავს იჩენს უხეში ეგოიზმი, მომხმარებლის აზროვნება... ყველაზე მძიმე სურათი კი ოჯახში იქმნება. ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ დაირღვა დღეს ოჯახის წონასწორობა და მყუდროება, ხშირია განქორწინება, განსაზღვრულია შობადობა. თუ ყველაფერი კვლავ ასე გაგრძელდა, კატასტროფულ მდგომარეობამდე მივალთ.
ეკლესია ყოველთვის იცავდა ოჯახის სიმტკიცესა და ხელშეუხებლობას. აბორტი და მუცლადღებული ჩვილის სიცოცხლის მოსპობის ყოველგვარი ცდა ეკლესიის მიერ მუდამ ითვლებოდა ნამდვილ მკვლელობად. წმიდა წერილზე დაყრდნობით ეკლესიამ საუკუნეების მანძილზე გამოიმუშავა ქრისტიანული ქორწინების, შვილიერების, ოჯახური ცხოვრების მტკიცე კანონები, რომელთა დარღვევა არავის ეპატიება, რადგანაც ოჯახი „სახლის ეკლესიაა“ (რომაელთა 16,4) და მისი შერყვნა დაუშვებელია.
ჩვენს სწრაფად ცვალებად და ურთიერთდაპირისპირებულ დროში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ეკლესია არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ხომალდი, რომელსაც შესწევს ძალა გადალახოს ცხოვრების ზღვის აბობოქრებული ტალღები და ნაპირზე მშვიდობით მიგვიყვანოს.
თანამედროვე ადამიანი ნაწილია სეკულარული ეპოქისა, რომელმაც დაკარგა ღმერთი, დაკარგა სიყვარული და რწმენა კაცისა; პიროვნება დარჩა ჩაკეტილ მიწიერ წრეში, მატერიალურ ღირებულებათა სამყაროში. იგი დაბნეული უყურებს ეკლესიას. აქ ხედავს ის თავის უკანასკნელ იმედს და ნუგეშს. ამიტომაც ჩვენზე, ჩვენს მოძღვრებზე, ჩვენს მრევლზე დღეს უდიდესი პასუხისმგებლობაა დაკისრებული.
არის კი ჩვენში ქრისტიანული დიდი ჰუმანიზმი, შევძლებთ, გავცეთ პასუხი მათ საჭირბოროტო კითხვებს, შევძლებთ ვიყოთ მარილი მაღლისაი და ჭეშმარიტი ნათელი მათთვის, ვიყოთ სიტყვით და საქმით მოწმენი და მქადაგებელნი ჭეშმარიტებისა?
ღვთის მოწყალებითა და კურთხევით უნდა შევძლოთ, რათა „წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ“ (ეფესელთა 5,27).
დღეს, როდესაც ვზეიმობთ ბეთლემის გამოქვაბულში აღსრულებულ მიუწვდომელ სასწაულს, როცა ანგგლოზნი ახარებენ ქვეყანას მშვიდობასა და კაცთა შორის სათნოებას, უნდა გავხსნათ გულის კარი, რომ მივიღოთ ეს გამოუთქმელი წყალობა და გავხდეთ მატარებელი ღვთის იმ უნაპირო სიყვარულისა, რომელიც წმიდა პავლეს თქმით „...სულგრძელ არს და ტკბილ... არა ჰშურნ... არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ“ (I კორინთელთა 3;4,7).
მაშ, „განიშორეთ რისხუაჲ, გულისწყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ“ (კოლასელთა 3,8) და „იყვენით ურთიერთარს ტკბილი, მოწყალე, მიმმადლებულ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ“ (ეფესელთა 4,32).
ყველას გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს.
„იხარებდ, ესაია, ყრმაჲ იშვა და ძედ მოგვეცა ჩუენ ევმანოელ, - ჩუენ თანა ღმერთი“ (სძლისპირნი, თბ. 1982, გვ.519).
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა მარად იყოს ჩვენს შორის და ჩვენში, ამინ!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1989 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.