სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმიდა ეკლესიის ღვთივკურთხეულ სამწყსოს
„გზათა სიმართლისათა და წყალობისათა პოონ ცხოვრებაჲ,
შეწყალებაჲ და დიდებაჲ“ (იგავნი 21,21).
ძენო და ასულნო ღმრთისანო!
უფალი იესო ქრისტე კვლავ რეკს კარზე ჩვენი გულისა. შვილო ჩემო, სიხარულით მიეგებე მას, რადგანაც მშვიდობა და სიყვარული მოგიტანა. იგი სანაცვლოდ არაფერს გთხოვს, არ უნდა შენი სიმდიდრე, სახელი და დიდება, მისთვის მხოლოდ შენი გულია ძვირფასი, მორწმუნე და სათნო გული, რომლის „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ“, რომლის სიყვარულსა არ შურს, არ განდიდდების, არ ამპარტავნებს, არ უხამსობს, არ ეძიებს თავისას, არ განრისხდების, არ განიზრახავს ბოროტსა, არა უხარის სიცრუე, არამედ უხარის ჭეშმარიტება, ყოველსა მიუტევებს, ყოველი სწამს, ყოველსა ესავს, ყოველსა მოითმენს (I კორ. 12,4-7).
უფალი ბრძანებს: „და აჰა ესერა ვსდგა კარსა ზედა და ვრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ხმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან - ჩემ თანა“ (გამოცხ. 3,20).
ღვთის წყალობით, მშვიდობით ვხვდებით მსოფლიო დიდ დღეასწაულს - ქრისტეს შობას. აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება, ლოდინით დაქანცულმა კაცობრიობამ იხილე მეუფე და მხსნელი თვისი. „ქალწული დღეს პირველ საუკუნეთა სიტყვისა შობად მოვალს ქუაბსა შინა, გამოუთქმელად განეწყვე სოფელო, რომელსა გესმის, ადიდე ანგელოზთა თანა და მწყემსთა, რომელმან ინება გამოჩინება ყრმამან ახალმან“ (სადღესასწაულო კონდაკი).
„გიხაროდენ სოფელო, აჰა ქრისტე მოგეახლა, ბეთლემს შობილი“, რომელმან მიწა ცად სცვალა, „ცად გამოსჩნდა დღეს ქვეყანაი, რამეთუ მას შინა იშვა შემოქმედი, და ბაგასა მიიწვინების ბეთლემს იუდასსა“.
მაცხოვრის შობა ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოა. ქრისტეს სახეში განცხადებული ეს საიდუმლო, - წერს ცნობილი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი, - მხოლოდ საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ჭეშმარიტება როდია, იგი მთავარი ღერძია მსოფლიო ისტორიისა.
ძე ღვთისა იქმნა ძედ კაცისა და „ჩვენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ“ (I იოანე, 4,16). ეს სიყვარული გონებით მიუწვდომელი თავმდაბლობით გამოიხატა; ამით ამცნო უფალმან ყველას, რომ მეუფება მისი არაამსოფლიურია და რომ იგი ადამიანთა გულის იდუმალ სამყაროში განისვენებს.
იესო ქრისტემ თვისი განხორციელებით მოგვიწოდა შინაგანი ფერისცვალებისა და განახლებისკენ. მოვიდა ჩვენთან, რათა ღვთის მეგობარნი და მახლობელნი გავმხდარიყავით, ვზიარებოდით ჭეშმარიტებას და აღგვედგინა დაკარგული კავშირი შემოქმედთან, ნამდვილი სიხარულისა და თავისუფლების მომნიჭებელთან.
ამისთვის კი აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანს ნათელი წამოდგვნა ჰქონდეს სამ საკითხზე; ესაა: შემეცნება ღვთისა და მის მისდამი ჩვენი დამოკიდებულების გარკვევა, შეხედულება ადამიანზე და ადამიანთა შორის ურთიერთობაზე; შეცნობა საკუთარი თავისა.
ხშირად ღმერთში ადამიანები ხედავენ არამარტო შემოქმედსა და სამყაროს განმგებელს, არამედ მრისხანე შურისმგებელსა და მკაცრ მსაჯულს, სწორედ ისეთს, როგორადაც აღიქვამდნენ მას ძველი აღთქმისდროინდელი ადამიანები: ულმობელსა ქვეყნის მკვიდრთაგან შორს მყოფს.
ქრისტიანობამ სულ სხვა სახით დაგვანახა ღვთის არსი: „ღმერთი სიყუარული არს“ (1 იოვანე 4,8), - ვკითხულობთ წმ. წერილში. ესაა ყველაზე საუკეთესო განსაზღვრა ღვთის ბუნებისა და ჩვენდამი მისი დამოკიდებულებისა. ამიტომაც ნამდვილი ქრისტიანის მთელი მოღვაწეობა განსახიერებაა ჭეშმარიტი სიყვარულისა და სათნოებისა, რადგანაც იგი გრძნობს, რომ უფალი უსაზღვროდ მოსიყვარულე, მოწყალე და ცოდვათა მიმტევებელია. სწორედ ამგვარი რწმენა აძლევს პიროვნებას ძალას, თვითონაც აპატიოს და დაფაროს მოყვასის შეცოდებანი და განწმედის კიბეზე ამაღლებულმა თქვას: „მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“.
„უკუეთე ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?“ (I იოანე 4,20), - გვასწავლის იოანე ღვთისმეტყველი. მოყვასში ანუ საერთოდ ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატება უნდა დავინახოთ, როგორც წარუხოცელი ბეჭედი ღვთის ძეობისა, უნდა დავინახოთ უნარი ღვთისადმი მიმსგავსებისა.
ღვთის მსგავსების მიღწევა თავისუფალი ნებით ხდება. ჩვენთვის მომადლებული თავისუფალი ნება ფართო შესაძლებლობებს იძლევა არჩევანისთვის. ზოგიერთს მცდარად მიაჩნია, თითქოს ადამიანის ცხოვრების წარმმართველი ბედისწერაა, მაგრამ ეს ასე არ არის. პიროვნების მომავალი თვით მასზეა დამოკიდებული, იგი თვით ირჩევს ღვთის საუფლოსკენ ან დაღუპვისკენ მიმავალ გზას. ადამიანური ყოფის საიდუმლოებით მოცულ პროცესში, რომლის დროსაც ერთი იქცევა კაენად, მეორე - აბელად, ერთის გული ივსება ღვარძლითა და სიკეთისადმი სიძულვილით, მეორისა კი - სათნოებითა და დაუშრეტელი სიყვარულით, - რა თქმა უნდა, თავისუფალი ნება გადამწყვეტ როლს ასრულებს. თუკი ვაღიარებთ ჩვენგან დამოუკიდებელ ბედისწერას, მაშინ ყველა ადამიანური ღირსება. სიყვარული, თავგანწირვა, თავმდაბლობა, სიმშვიდე, მოწყალება... აზრს დაკარგავს.
პირადი ღირსების, პირადი პასუხისმგებლობისა და სრულყოფის იდეა რელიგიური წესრიგის იდეაა. „აჰა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს“ (ლუკა 17,21), ბრძანებს ლუკა მახარებელი. აქ პირდაპირაა გაცხადებული პიროვნებისგან სულიერი სიწმიდის მოთხოვნის აუცილებლობა. ხშირად კი, ადამიანის დადებით და უარყოფით თვისებებს მისი ეპოქის საზოგადოებრივი ყოფით ხსნიან და ივიწყებენ ინდივიდუალურ თავისებურებებსა და წინაპართაგან მიღებულ გენეტიკურ მემკვიდრეობას. თუ კაცი ცუდია, ბრალს სდებენ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ წყობას და არა თვით მას. საზოგადოების დაშლითა და გარდაქმნით ადამიანი არ შეიცვლება, მგლები კრავებად არ იქცევიან.
ეჭვსგარეშეა, გარემოს გავლენა დიდია, მაგრამ მთავარი მაინც პიროვნებაა, მისი სურვილები და შესაძლებლობანი.
თუკი არსებობს სულიერი ფასეულობანი: რწმენა, იმედი, სიყვარული, ჭეშმარიტება, სიკეთე, მშვენიერება... მაშინ კაცობრიობის ისტორია ამ ღირებულებათა ცხოვრებაში თანდათანობით განხორციელებას უნდა გვიჩვენებდეს, სინათლისა და სიკეთის მიერ ბოროტისა და ბნელის დაძლევას ადასტურებდეს. ამ მეტად რთულ პროცესში მონაწილეობას უნდა იღებდეს ღვთაებრივი და ადამიანური ძალა, ანუ ამ ორი ძალის სინერგია.
უფალი მარად სამყაროშია და წარმართავს მის ბედს. იესო ქრისტე კაცობრიობის ქვაკუთხედია. ამიტომაც მისი ხელყოფა მსოფლიო ზნეობრივი საფუძვლის შერყევას ნიშნავს.
ქრისტიანობამ უდიდესი გავლენა იქონია ცივილიზებულ სამყაროზე. ისეთი მეცნიერებიც კი, რომელნიც უარყოფენ ქრისტიანობის ღვთაებრივ წარმოშობას და მიაჩნიათ იგი უბრალოდ ისტორიულ მოვლენად, აღიარებენ მის უსაზღვრო ზემოქმედებას, როგორც საზოგადოებაზე საერთოდ, ისე პიროვნების ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
ქრისტიანობა არ არის შემთხვევითი მოვლენა. მესიას დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდნენ, როგორც „აღსრულებას ჟამისას“. ბიბლიაში არაერთგზის ვხვდებით წინასწარმეტყველებას კაცთა მოდგმის მომავალ მხსნელზე. ეს მოლოდინი იყო არსი ძველი აღთქმის რელიგიისა. ამგვარი გრძნობა ჰქონდათ წარმართებსაც. ისინი მსოფლიო ისტორიას რამდენიმე ნაწილად ჰყოფდნენ და მიაჩნდათ, რომ ქრისტეს შობის წინა პერიოდში დამთავრდა განსაზღვრული ციკლი და რომ შემდეგ სულ სხვა ეპოქა დაიწყო.
ძველ ისტორიკოსთა: იოსებ ფლავიუსის, ტაციტუსის, სვეტონიუსისა და სხვ. მოწმობით, სამყარო საოცარი გარდაქმნის წინაშე იდგა, ფერისცვალების ცენტრად პალესტინა ითვლებოდა.
და იგი მოვიდა, მოვიდა სულ სხვა. ბაგასა შინა იშვა ძე მაღლისა, მეზვერეთა და ცოდვილთა თანა იქცეოდა უფალი ჩვენი, გლახაკთ და ტვირთმძიმეთ შეეწეოდა, თვით კი თავის მისადრეკი ადგილიც არ ჰქონდა ქვეყნად. სოფელმან ვერა სცნა იგი, მაგრამ მის მიერ ნაქადაგებმა ჭეშმარიტებამ, მიუხედავად ყოველგვარი ადამიანური ძალის გამოყენებისა, რომის იმპერიის სიძლიერისა, და წარმართული რელიგიისა და ფილოსოფიის გავლენისა, ერთიანად დაარღვია მანამდე არსებული მსოფლმხედველობა. მან ძველი ცივილიზაციის თვით ყველაზე ცნობილ კულტურულ ცენტრებში ძირფესვიანად აღმოფხვრა კერპთაყვანისმცემლობა და წარმართული კულტი, განდევნა იგი იმპერატორის საუცხოო სასახლიდან და ღატაკი მოქალაქის უბრალო ქოხიდან.
რაშია ქრისტიანობის ძალა? - მის ღვთაებრიობაში და ზნეობრივი პრინციპების სიმაღლეში. იესო ქრისტე არა გენიალური ადამიანია, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, არამედ იგი არის ღმერთკაცი, მეორე ჰიპოსტასი წმიდა სამებისა, სიტყვა, შობილი მამისაგან უწინარეს საუკუნეთა, ღვთის კრავი, ამღებელი ცოდვათა სოფლისათა, ადამიანის მიერ დაკარგული საუფლო დიდების აღსადგენად შეწირული გაუგონარი მსხვერპლი, ქვეყნად გარდამოსული ღვთაებრივი სიყვარული.
„რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი?“ (ფს. 8,5) - თქვა გაოცებულმა დავით მეფემ.
„რაი არს კაცი?“ (იობი 7,17) - კითხულობს სულშეძრული მართალი იობი.
ადამიანი მეფეცაა და მონაც, ცოდვის სამბრძანებლო და ტაძარი სულისა წმიდისა. „ეს რა საოცარი არსებაა, - წერს ცნობილი მეცნიერი პასკალი, - დაპირისპირებულთა რა ერთიანობაა, რა სასწაულია? იგია ყოველთა საგანთა მსაჯული და, ამავე დროს, უბადრუკი ჭია მიწისა, სიმართლის დამცველი და ამასთანავე, ნარევი მერყეობისა და შეცოდებათა... დიდება ქვეყნისა“.
„უფალო, მამა ჩუენი ხარ შენ, ხოლო ჩუენ თიხა საქმე ხელთა შენთა ყოველნი“ (ესაია 64,8), - იტყვის ესაია წინასწარმეტყველი.
ადამიანი გვირგვინია ქმნილებისა. ცოდვით დაცემის მიუხედავად ღმერთს მაინც უყვარს იგი. იესო ქრისტეს განკაცება, ამისი ნათელი დადასტურებაა, რამეთუ „ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (იოვანე 3,16).
კაცთა ხსნის მნებებელი უფალი მოციქული პეტრეს მსგავსად მიმართავს თითოეულ ჩვენგანს „შენ მე შემომიდეგ“ (იოანე 21,22). მაგრამ საკითხავია, ვინ შეძლებს მისდიოს მას ან სად მიგვიყვანს იგი?
ვიდრე მაცხოვარს გავყვებოდეთ, ჯერ უნდა ვირწმუნოთ ქრისტესი, შევიყვაროთ იგი და შემდეგ აღვასრულოთ სიტყვანი მისი: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღე ჯუარი თჳსი და შეომდეგინ მე“ (მათე 16,24). უფალა კი არ გვიბრძანებს ამას, არამედ გვთავაზობს, საშუალებას გვაძლევს თავისუფალი არჩევანისას. მან იცის, რომ ყველა არ მოუსმენს და ამიტომაც ამბობს: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“ (მათე 10,38).
შენი ჯვარი რომ იტვირთო, შინაგანი თავისუფლება უნდა მოიპოვო. ჩვენ კი ხშირად ეგოისტური მოთხოვნილებების, შურის, სიცრუის, ამპარტავნებისა და სხვა ცოდვათა მონები ვართ. მათ დასაძლევად საკმაოდ მძაფრი, ხანგრძლივი სულიერი ბრძოლაა საჭირო, რასაც ხშირად თავს ვარიდებთ. მოციქული პავლე სინანულით შენიშნავს: „ყოველნი თავთა თჳსთახა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსსა“ (ფილიპელთა 2,21).
„აღიღე ჯვარი შენი“, - რა ძნელია ზოგჯერ მიხვდე, რომელია შენი ჯვარი და რომელი სხვისა.
„აღიღე ჯვარი შენი“... ეს ნიშნავს არ შეუშინდე, არ გაექცე შენი წილი ცხოვრების ტვირთს, რომლის სიმძიმეს განსაკუთრებით იგრძნობ ახლობლებისა და მეგობრების დაკარგვით, სიცრუისა და სიყალბის მოძალებით, იმედთა გაცრუებით და მრავალტანჯული იობივით იტყვი: „დღენი ჩემნი წარხდეს სრბითა, ხოლო დაიპნეს სახსარნი გულისა ჩემისანი“ (იობი 17,11). მოისურვებ ჯვრის დატოვებას, განდგომას და გათავისუფლებას მისგან... მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. შენი ჯვარი შენთან უნდა იყოს. ნუ შეშინდები, ნუ და გაბრკოლებს განსაცდელი. მთელი სასოებით მიენდე უფალს, რომელიც ყოველთვის განგანმტკიცებს შენ. ესეც გახსოვდეს: უჯვრო გზა იოლი ანუ ფართო გზაა, რომლითაც ცოდვილნი ვლიან და რომელიც მხოლოდ მარადიულ სატანჯველს განუმზადებს კაცს. თუმც მარტო ცხოვრების სიმძიმის დათმენაც არ არის საკმარისი, აუცილებელია, ჩვენი სიცოცხლე იყოს „დაფარულ... ქრისტეთურთ ღმრთისა თანა“ (კოლ. 3,3).
ისევე, როგორც ყველა მცენარეს აქვს მიწის ზედა და მიწაში დაფარული ცხოვრება, ადამიანთა ყოფასაც გააჩნია გარეგნული და შინაგანი მსარე. გარეგნულად ქრისტეს მიმდევრობა ეკლიანი გზით სიარულს ნიშნავს, რომლის ბოლო გოლგოთით მთავრდება. სინადვილეში კი ქრისტიანობა ქრისტესმიერი სულიერი სიხარულია, ნაკადულია ცხოველსმყოფელი წყლისა, მოპოვებაა ღვთის მადლისა, რობელიც უძლურთა კურნავს და ნაკლულევანთა აღავსებს. ესა ცხოვრება სხვისთვის, ანუ აღდომა და ამაღლება სულისა.
გულდასმით მოუსმინე მაცხოვარს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ, აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, რამეთუ უღელი ჩემ ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მათე 11,28-30). ამ გზით მავალი კაცი სულ უფრო უახლოვდება ქრისტეს და შინაგანად გარდაისახება ვიდრე მის სულში ქრისტე არ აღიბეჭდება. მოციქულმა პავლემ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს პროცესი, ამგვარად გამოხატა თავისი განცდა: „რაჲ იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ“ (2 პორინ. 5,17).
წმიდა პავლე აღნიშნავს, რომ მის ხელახალ შობას ქრისტიანად ხელს უწყობდა სხვა და სხვა გარემოებანი ანუ ყოფის გარეგნული მხარე. დათმენა „ტანჯუათა, პყრობილებათა და შფოთებათა“, მუშაკობა „შრომითა, მღვიძარებითა და მარხვითა“; სწორედ მათი წყალობით მოიპოვა მან ცხოვრება „სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა, სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯვენისაჲთა და მარცხენისაჲთა“ (2 კორინ. 6,5-7).
ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრება ზნეობრივა გამოსწორების პროცესია, სინამდვილეში კი გაქრისტიანება ხელახალი დაბადებაა, ხელახალი ცხოვრებაა, ახალი ქმნილებაა, ცხოვრება არა თავისთვის, არამედ სხვისთვის. წმ. იოანე ოქროპირი წერს: „ნებისმიერი მოღვაწეობა უმნიშვნელო იქნება, თუ იგი სარგებლობას არ მოუტანს სხვას. ამას ცხადყოფს მაგალითი იმისი, ვინც ბოძებული ტალანტი უკან დააბრუნა და დაისაჯა, რადგანაც არ განამრავლა იგი. ასევე შენც ძმაო, ღატაკიც რომ იყო, და გამუდმებით მწუხარე ვიდოდე, სხვას თუ არ ეხმარები, იცოდე, ღირებულსაც არას აკეთებ, ძველი დროის ცნობილი შესანიშნავი პირნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ამას. გამოწვლილვით შეისწავლე ცხოვრება მათი და ნათლად დაინახავ, რომ თითოეული მათგანის მიზანი იყო სიკეთის მოტანა სხვისთვის და არა საკუთარა თავისთვის. ამით განიდიდნენ ისინი სწორედ“ (წმ. იოანე ოქროპირი. სიყუარულისათვის მოყუასისა)“.
გარემომცველ სამყაროში ჩვენ ვხედავთ სიკეთისადმი დაპირისპირებული ბოროტების საშინელ ძალას, რომლის გავლენას საკუთარ თავზეც მძაფრად განვიცდით: გვტანჯავს შინაგანი გაორება, სიკეთისა და ბოროტების შინაგანი ბრძოლა, წინააღმდეგობა სულსა და ხორცს შორის. ამიტომაც მახლობელია ჩვენთვის ეს სიტყვები: „რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს - მას ვჰყოფ“ (რომ. 7,15).
ერთიანობის, მთლიანობის დარღვევა არის მთავარი მიზეზი ჩვენი ბუნების დამახინჯებისა. სად გავექცეთ, როგორ დავძლიოთ შინაგანი გაორება?
ეს საკითხი ყოველთვის აინტერესებდათ ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსებს. მის შესასწავლად დიდი შრომა გასწია ნეტარმა ავგუსტინემაც და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იქ, სადაც უფალია, ჭეშმარიტებაცაა, და სადაც ჭეშმარიტებაა, იქ უფალია, და რომ მხოლოდ ღმერთია ის საწყისი, რომელშიც თანხმდება მიწიერი სინამდვილის ყველა კონფლიქტი, ქრება ჩვენი ნატურის დაპირისპირებული ხასიათი.
ბოროტებას არა აქვს ცოცხალი საწყისი, - განმარტავს იგი, - არსი ანუ სუბსტანცია, რადგანაც სუბსტანციის მქონე ბოროტება სიკეთე იქნებოდა. ბოროტება სიკეთის უარყოფაა მხოლოდ, (ნეტარი ავგუსტინე, „აღსარება“).
ჩვენს ეპოქაში უკეთურებამ ისე ღრმად მოიკიდა ფეხი, რომ დაღუპვით ემუქრება როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე მთელ კაცობრიობას.
მოსე წინასწარმეტყველმა ერთ დროს თავის ხალხს არჩევანი შესთავაზა: „აჰა ესერა მომიცემიეს თქუენ წინაშე დღეს დღე, ცხოვრება და სიკვდილი, კეთილი და ბოროტი... მოწამე ვყოფ დღეს თქუენდა ცასა და ქუეყანასა, ცხოვრებასა და სიკუდილსა, კურთხევასა და წყევასა დავსდებ თქუენ წინაშე; გამოირჩიე შენ ცხოვრებაი იგი...“ (მეორე სჯული 30;15,19).
თანამედროვე მსოფლიოც ალტერნატივის წინაშე დგას, ან ბირთვული კატასტროფა, ანდა სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა.
ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ დაარღვია სიმშვიდე და საერთაშორისო ცხოვრების რიტმი გამალებულმა შეიარაღებამ. ცხადია, მომავალში შექმნილი ყოველი ახალი სისტემის იარაღი კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას და ბირთვული ომის საფრთხეს მოაახლოებს.
ამიტომაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც მშვიდობისმოყვარე მოწინავე კაცობრიობა, სიხარულითა და იმედით შეხვდა ცნობას ჟენევაში ორი დიდი სახელმწიფოს - საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურთა მოლაპარაკების შესახებ. ვფიქრობ, დადგა დრო ასეთი შეხვედრების აუცილებლობისა, რადგანაც მათი დადებითი შედეგი გავლენას იქონიებს არა მარტო მოლაპარაკების მონაწილე მხარეებზე, არამედ მთელ სამყაროზე.
აღვავლენთ ლოცვას მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, მათთვის, ვინც იღვწის ამ დიადი მიზნის მიღწევისათვის.
დღეს განსაკუთრებული სიცხადით აღვიქვამთ ანგელოზთა საგალობელს, ქრისტეს შობის ღამეს რომ მოეფინა კაცობრიობას: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. მასში გამოვლენილია კავშირი სამ ურთიერთდამოკიდებულ მოვლენას შორის, აუცილებელია თაყვანისცემა და დიდება შევწიროთ უფალს, შემოქმედსა და განმგებელს ჩვენსას, რათა სუფევდეს მშვიდობა სოფლად და ხალხთა შორის სათნოება. მშვიდობა ამ ლოცვაში გულისხმობს მშვიდობას ადამიანებს მორის, მშვიდობას ღმერთთან, საკუთარ თავთან და სინდისთან. თუ ასეთი მშვიდობითა ხარ სავსე, მაშინ შეძლებ, ჩაწვდე ღვთის ქვეყნად მოვლენის უდიდეს საიდუმლოს, შეძლებ, ღირსეულად მიეგებო ბრწყინვალე შობას მისას.
ჩვენ კი როგორ ვხვდებით ახლადშობილ ყრმას, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს?
სადღესასწაულო საგალობელში წერია: „რაჲ გიძღვნათ შენ ქრისტე, რომელი ცით გარდამოხედ ჩვენ ცოდვილთათვის. სამადლობელსა შეგწირვენ შენ ქმნულნი ღმრთისანი: ანგელოზნი - გალობასა, ცანი - ვარსკვლავსა, მოგვნი - ძღვენსა, მწყემსნი - სასწაულსა, მიწა - ქუაბსა, უდაბნო - ბაგასა, ხოლო ჩვენ ქალწულსა დედასა“. დიახ, ქალწული დედა მოგიძღვენით ჩვენ, მაცხოვარო, უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებული სერაბიმთა ზედა, უსპეტაკესი და უწმიდესი ადამის მოდგმათა შორის, მფარველი და მეოხი კაცთა, განსაკუთრებული შემწე მისი წილხვედრი ივერიისა... და კიდევ, ძღვნად მოგვაქვს შენთან, უფალო, ჩვენი გულები. გევედრვბი, აღავსე იგინი რწმენითა, გაათბე ღვთაებრივი სიყვარულითა, განწმიდე და ჰყავ ტაძრად შენდა.
ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდვლონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონბო, ბერ-მონოზონნო და ყოველნო შვილნო უფლისანო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო სამშობლოს გარეთ! გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულსა და ბედნიერ ახალ წელს; გისურვებთ სარწმუნოებრივ სიმტკიცეს, ულევ სიყვარულსა და სიხარულს, სიმშვიდეს სულში, შინ და გარეთ. დაე, შრომა თქვენი იყოს სადიდებელი უფლისა - შედეგი თქვენი სულიერი სრულყოფისა, მოყვასზე და სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვისა. მარადჟამს იღვწოდეთ, რათა მოიპოვოთ სასუფეველი დიდებისა და სახელნი თქვენნი ჩაიწეროს წიგნსა მას ცხოვრებისასა.
თვით უფალი ბრძანებს „რომელმან სძლოს, - მივსცე მას... ყოველი და ვიყო მისსა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე“ (გამოცხ. 21,7).
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ამინ!
ქრისტეს შობა,
თბილისი.
1985-86 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.