სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
ღვთივკურთხეულ ქართველ ერს და ყოველთა მკვიდრთა საქართველოსთა
„ქრისტეს შობას ვადიდებთ; ქრისტესა ზეცისასა მივეგებვოდეთ; ქრისტესა ჩუენ, ქუეყანისანი, აღვამაღლებდეთ, ღმერთსა დიდებულსა და აწ სიხარულით ვუღაღადებდეთ, რამეთუ დიდებულ არს“.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
აღსრულდა საიდუმლო განგებულება, - ძე ღვთისა, შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რომელსაც ვერ იტევს ცანი და ქვეყანა, დაიბადა ბაგაში, ბეთლემის გამოქვაბულში!
„დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა; დღეს დაუსაბამოჲ დაიბადების, სიტყუაჲ ხორცთა შეისხამს; ძალნი ცათანი აქებენ სიხარულით და ჩუენ, ქუეყანისანი, თაყუანისვცემთ და მათთანა ვღაღადებთ და ვიტყვით: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (შობის საცისკრო საგალობელი).
ჰოჲ, საოცრება, „ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას“ (ინ. 3,16).
დიდება და მადლობა შენდა, უფალო!
შენ გვიჩვენე მაგალითი მოთმინებისა და სიმდაბლისა, მაგალითი ბოროტებასა ზედა გამარჯვებისა. მაშ, „გიხაროდეთ, ერნო, განმტკიცდით და ნუგეშინისცემულ-იქმნენით;
მხსნელი გამოჩნდა ყველასათვის. მისთვის არ არის „არც ელინი, არც იუდეველი, არც წარმართი“. ბეთლემს შობილმა იესომ გააერთიანა სხვა და სხვა ერებად დაყოფილი კაცობრიობა.
წმიდა წერილის მიხედვით, ამა თუ იმ ერის წარმოშობა კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ამიტომაც, ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურებით გამოირჩევა, - აქვს თავისი, ხასიათი, ტრადიციები და კულტურა.
უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსებობს, მეორე ნაწილმა კი სათავე დაუდო მონათესავე ხალხებს, რომლებიც დღეს სხვა და სხვა სახელმწიფოს სახით არსებობენ, მაგრამ ერთი წარმოშობისანი არიან.
მცირერიცხოვნობის მიუხედავად ჩვენი ერიც უძველესია და ეს, ჭეშმარიტად, ღვთის წყალობაა.
საერთოდ, ერის სახეს, მის მეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: წარმომავლობის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას. განსხვავებული რელიგია ერთი და იმავე საწყისის მქონე ერს განსხვავებულ კულტურებად აყალიბებს, ზოგჯერ კი ურთიერთდაპირისპირებულადაც.
ერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ენა. ენასა და ერს შორის, შეიძლება ითქვას, იგივეობის ნიშანია. ჩვენი ენა ისევე, როგორც ჩვენი ხალხი, პრეისტორიულ ხანაში იღებს სათავეს. კუთხური მრავალფეროვნებისა და, ხშირად, პოლიტიკური გათიშულობის მიუხედავად, ქართველი ერი საუკუნეთა მანძილზე ერთ, განუყოფელ ორგანიზმად რჩებოდა და ერთ სულიერ სხეულად აღიქმებოდა. (გავიხსენოთ ფარნავაზისა და ქუჯის ისტორია). ქრისტიანობამ და საქართველოს ეკლესიამ კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა ერთიანი ქართველი ერი ერთი ენით, ერთი კულტურით, ცნობიერებითა და ცხოვრების წესით.
ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც და იწვევს მის სულიერ დეგრადაციას. საზოგადოება, რომელიც ღირსების განცდას მოკლებულია, განწირულია გადაგვარებისათვის. ამიტომაც არის ეს თვისება ერის არსებობის ერთგვარი გარანტი.
ჩვენ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამოკვეთილად გვქონდა და ამანაც გადაგვარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრძოლა წავაგეთ და მრავალი წელი დამპყრობელთა უღლის ქვეშ ვიყავით, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ღირსება არ დაუკარგავს, რაც თავისუფლებისათვის ჩვენს მუდმივ ბრძოლას ასაზრდოებდა. რა თქმა უნდა, მოღალატეებიც ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ისინი საზოგადოებისთვის მიუღებლად ცხადდებოდნენ.
სამაგალითო შვილები კი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ერის ღირსებას და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ქვეყნის განვითარებაზე; გავიხსენოთ თუნდაც ქეთევან წამებული. არა მარტო საქართველოს, შუა საუკუნეების მთელ ქრისტიანულ სამყაროს არ ყავს ასეთი დიდი მოწამე.
მის პერიოდში კახეთი თითქმის დაცარიელებული იყო. ნაწილი მოსახლეობისა სპარსელებთან ომს შეეწირა, ნაწილი კი ირანში, ფერეიდანში იქნა იძულებით გადასახლებული; ქართლში მუსულმანი მმართველები ისხდნენ. მათ საამებლად და შაჰის „წყალობის ხალათის“ მისაღებად ქართველ თავადაზნაურთა ნაწილი გამუსულმანებას და ისპაჰანში წასვლას ერთმანეთს ასწრებდა. დასავლეთ საქართველოშიც მძიმე მდგომარეობა იყო, - სამთავროებს შორის ურთიერთშუღლი და ადამიანებით ვაჭრობა მძვინვარებდა.
მართალია, ქვეყანა სულიერად დაცემულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მეფე თეიმურაზ I გაუტეხელობითა და ქეთევან დედოფლის საარაკო გმირობით ქართველებმა ღირსების დიდი ომი მოიგეს.
მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა, ღირსების გრძნობა ყველა ადამიანს თანაბრად აქვს მიცემული და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული გამოავლენს თუ არა ამ თვისებას. ამ ნიჭს ყველა ერი და კულტურა მიაგებს პატივს. მონღოლთა ნოინს ღირსების პატივისცემა რომ არ ჰქონოდა არ მოხდებოდა ცოტნე დადიანის მიერ თანამებრძოლთა გამოხსნა წამებით სიკვდილისაგან.
მაღალი ღირსებისა და ვაჟკაცობის მაგალითია სალადინი. სალადინი ეგვიპტის სულთანი იყო, რომელმაც წმიდა მიწიდან განდევნა ჯვაროსნები, მაგრამ ეს ომი იმდენად ღირსეულად წარმართა, რომ თვით ქრისტიანთა შორისაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა.
ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ; ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა.
საქართველომ ამ მხრივაც საოცარი მაგალითი უჩვენა მსოფლიოს XI საუკუნეში, როცა ჯალალ ედ-დინმა დაიპყრო თბილისი, მაგრამ მისი მოსახლეობა ვერ აიძულა ქრისტიანული სიწმინდეები შეელახათ. 100 000 ქართველმა სიკვდილი ამჯობინა რწმენისა და ღირსების უარყოფას.
მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ისეთი ფაქტი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი წამებულიყოს სარწმუნოების დასაცავად!
დღეს დრო შეიცვალა და მასთან ერთად ბოროტის ბრძოლის მეთოდებიც. დღეს ეროვნული ღირსების შელახვისა და სარწმუნოების შეცვლისთვის ძალადობრივ ფორმებს აღარავინ იყენებს. ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვა და სხვა მეთოდებით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს.
მასმედიის სახელს მრავალი კარგი საქმეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით და პრესითაც ხდება ცოდვის დემონსტრირება, ლეგალიზება და იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა. ხდება ავხორცობისა და უღირსების არა მარტო მისაღებ, არამედ სამაგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო ცრუ ავტორიტეტები, რომელნიც თავისი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ქმედებების გამო წახალისებულნი და დაჯილდოვებულნი არიან.
ჩვენთან ხშირად ლაპარაკობენ ამა თუ იმ უფლებებზე, მაგრამ ძალიან ნაკლებად - მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე. ყველას აქვს არა მარტო უფლება, არამედ - პასუხისმგებლობაც; პასუხისმგებლობა უფლის, სამშობლოს, ოჯახის წინაშე, გაჭირვებული თუ დაცემული მოყვასის წინაშე.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ თუ პირადული ცოდვა (რომელსაც სწავლების სახე არა აქვს) მხოლოდ ამა თუ იმ ინდივიდის პრობლემაა და ღვთის წინაშე მის საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს, საჯაროდ ცოდვის სწავლება და დანერგვა მთელ საზოგადოებას რყვნის და ღუპავს, ღირსების გრძნობას ულახავს და წინსვლის სურვილს უკარგავს. ამიტომაც საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას როგორც თავისი თავი, ისე შთამომავლობა.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ მხრივ ხელისუფლებას ეკისრება.
რაც შეეხება ეკლესიას, იგი ყოველ ცოდვის ჩამდენს სინანულისაკენ მოუწოდებს, და სხვათაგან მის განკითხვას კრძალავს, ხოლო მოქცეულს - სიყვარულით და სიხარულით იღებს. ცოდვის ცხოვრების წესად დამნერგავს და ასეთი სწავლების საჯაროდ გამავრცელებელს კი, დაუნდობლად ებრძვის მხილების მახვილით, რათა დაიცვას სამწყსო და ამ ადამიანსაც (ან ადამიანთა ჯგუფს) დაეხმაროს ეშმაკის მსახურებისაგან გათავისუფლებაში.
ასე რომ, დღეს თითოეული ჩვენთაგანი დგას არჩევანის წინაშე, - დატოვოს „ჩვეულებისამებრ მამულისა სვლაჲ“ თუ გაითავისოს თავს მოხვეული ცრუ კულტურა? გაუძლოს ინფორმაციულ ზეწოლას, თუ შეინარჩუნოს წინაპართა ღვაწლით დღემდე მოტანილი ღირებულებები?!
საკუთარი ტრადიციებისა და პრინციპების ერთგულების და, ამავე დროს, განვითარებული სახელმწიფოს შექმნის მაგალითია თუნდაც ქუვეითი და ისრაელი.
მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის პარალელურად ეს სახელმწიფოები მტკიცედ იცავენ თავის მეობას და ღირსეული ადგილი უკავიათ მსოფლიო თანამეგობრობაში.
ინებოს ღმერთმა, დღეს მიმდინარე გლობალურ პოლიტიურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩვენც ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდ დარჩეს.
რა არის სამშობლო, როგორ აღვიქვამთ მას?
ჩვენი სამშობლო არის ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ღვთისა და მოყვასისადმი გამოვლენილი ჩვენი სიყვარული, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი.
საქართველო არის ჩვენი მოგებული თუ წაგებული ბრძოლები, წინაპართა დადებითი და უარყოფითი თვისებები.
საქართველო არის მტკიცე ოჯახი, ნათესავების თანადგომა და მათი კავშირი;
საქართველო არის ქვეყანა, სადაც მეგობრისთვის თავს სწირავენ და სადაც მეზობელი ოჯახის წევრად არის მიჩნეული; სადაც ნათელ-მირონობა და ძმადნაფიცობა სისხლისმიერ ნათესაობაზე მეტია.
საქართველო ჩვენი უნიკალური ფლორა და ფაუნაა, ჩვენი მთა და ჩვენი ბარია, ჩვენი უდაბნოა, ჩვენი წყალი და ზღვაა.
საქართველო ურღვევია, როგორც კვართი უფლისა!
თითოეული ჩვენგანი ატარებს მას. საქართველო მე ვარ, იგი ჩემშია და მე მასში!
თუმცა, მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს სამშობლოზე უზენაესი ღირებულება, - ქვეყნის, მთელი კაცობრიობისა და სამყაროს შემოქმედი, - ყოვლადწმინდა სამება.
დიახ, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ უპირველესი მცნება არის:
„გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით“ (მარკ. XII, 29-31).
ეს ნიშნავს გვიყვარდეს ღმერთი მთელი შესაძლებლობით, მთელი არსებით ანუ მასზე წინ არავინ და არაფერი არასდროს არ უნდა დავაყენოთ.
„ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი (მათე 10, 37-39), - ბრძანებს მაცხოვარი.
რატომ არის ასეთი მკაცრი მოთხოვნა?
იმიტომ, რომ თუ ღვთისადმი ჩვენს სიყვარულს სხვა ვინმეს ან რაიმესადმი სიყვარული ჩაენაცვლა, ისეთივე შეცდომა მოგვივა, როგორიც ადამმა და ევამ დაუშვეს სამოთხეში, ანუ ჩვენ ჩვენი ნებით განვაყენებთ თავს შემოქმედისაგან და სულიერად დავიღუპებით, რადგან მის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალგვიძს იგია ვენახი, ხოლო ჩვენ რტონი ვართ (ინ. 15,5).
ღმერთი თვითარსია. იგია სიცოცხლის, სიყვარულისა და სხვა საერთოდ ნებისმიერი სიკეთის სათავე; ყველა სხვა ქმნილება, მათ შორის, ანგელოზები და ადამიანებიც არ არიან თვითარსნი. ისინი მარადიული სიცოცხლისათვის აუცილებლად საჭიროებენ შემოქმედთან მტკიცე კავშირს, რაც მხოლოდ სიყვარულით შეიძლება განხორციელდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, მშვენივრად განმარტავს იოანე მახარებელი: რადგან - „ღმერთი სიყვარულია, სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი - მასში“ (I ინ. 4,16), „ვისაც მე ვუყვარვარ, - ამბობს მაცხოვარი, - დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ.14,23), ხოლო, ვინაიდან „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს (I ინ.4,12).
დაცემულმა ანგელოზმა და მისმა მიმყოლმა ძალებმა თავისი ამპარტავნებით ჭეშმარიტი სიყვარული სრულად დაკარგეს, რის შედეგადაც ეს გრძნობა ეგოისტურ ვნებად გადაექცათ. სწორედ ამაშია მათი, და საერთოდ, უღმერთო და ცოდვილი ადამიანების ტრაგედია;
თუ ჭეშმარიტი სიყვარული გაცემას, სხვისთვის მსახურებას და თავგანწირვას გულისხმობს, ეგოისტური სიყვარული საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის, რაც სხვა და სხვა ცოდვის მიზეზი ხდება. ეს კი თავისთავად იწვევს ღვთაებრივი სიყვარულის დაშრეტას, სიცოცხლის წყაროსთან კავშირის გაწყვეტას და თვითგანადგურებას.
ჭეშმარიტი სიყვარულისკენ სწრაფვაც და ეგოისტურ ვნებებში დანთქმაც ამქვეყნადვე იწყება. პირველის ბოლო ღმერთთან ერთობაა, მეორისა - ეშმაკთან თანაზიარება; სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს.
საერთოდ, ადამიანი ნეტარებისთვის არის შექმნილი და მისკენ ლტოლვა ჩვენს არსებაშია შთანერგილი. მაგრამ ცოდვით დამძიმებულ პიროვნებას ნეტარებაზეც დამახინჯებული წარმოდგენა აქვს და ცდილობს, ეს მოთხოვნილება მიწიერი საცდურით - სიმდიდრით, პატივით, თანამდებობით, ნარკოტიკებით, სიმთვრალით, მრუშობით და სხვა მრავალი ცოდვით დაიკმაყოფილოს.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ ყველაფერს წილი არა აქვს ჭეშმარიტ სიყვარულთან; ისინი მხოლოდ დროებით ქმნიან ილუზიურ სამყაროს, რომელიც შემდეგ ქრება და სანაცვლოდ რჩება დაუკმაყოფილებლობის დიდი განცდა, რაც შეიძლება სასოწარკვეთილებად იქცეს.
სწორედ ეს არის სულის ჯოჯოხეთური მდგომარეობა; და თუ ადამიანმა ცოდვითი მიდრეკილებები არ გამოასწორა, იმქვეყნად მის დახმარებას უფალიც ვერ შეძლებს, რადგან ასეთ კაცს ღმერთთან და ღვთაებრივთან ურთიერთობა აღარ ანიჭებს ნეტარებას და სამოთხეში რომც მოხვდეს, კიდევ უფრო დაიტანჯება.
მაგალითისთვის ვიტყვით, რომ თამბაქოს ან ნარკოტიკების მუდმივად მომხმარებელს, საუკეთესო გარემოშიც კი მათ გარეშე ყოფნას, ამ საწამლავის ქონა და თუნდაც ყველაზე მძიმე პირობებში ცხოვრება ურჩევნია. მაშ, განვერიდოთ ცოდვას და ეშმაკის საცდურთ. პავლე მოციქული გვარიგებს:
„არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (Iკორინ.6, 9-10).
თუმცა იესო ქრისტე ყველასადმი მაინც სიყვარულით არის განმსჭვალული. „ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი“, - ბრძანებს იგი.
უფალი ცდილობს განსაცდელით მაინც აუხილოს თვალი ადამიანს. ამიტომაც ის პრობლემები, რაც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების გზაზე ხვდება, მხოლოდ ღვთის სიყვარულიდან მომდინარეობს და მიზნად ისახავს ჩვენს გამოსწორებას, ჩვენს წინსვლას. „ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი, მაშ, ეშურებოდე და შეინანე“, - ამბობს უფალი (გამოცხ. 3,19).
ესეც უნდა ვიცოდეთ: ყველაზე დიდი განსაცდელიც კი, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი პიროვნება ან ქვეყანა აღმოჩნდეს, უმცირესია იმასთან შედარებით, რასაც ის, თავისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმსახურებს.
ამიტომ ქრისტიანი თუნდაც პატიმარი იყოს, ან დევნილი, ან მძიმედ სნეული, თუნდაც შვილმკვდარი მშობელი, ყოველდღიურ ლოცვებში ამბობს: „გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის, არა თანაწარმწყმიდე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისამებრ კაცთმოყვარე მექმენ მე...“
მსურს, ციხესთან დაკავშირებულ პრობლემებს შევეხო ზოგადად.
პატიმრობა ადამიანისთვის ერთ-ერთი მძიმე სასჯელია. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთ მდგომარეობაში მრავალნი იმყოფებიან, რაც ისედაც მცირერიცხოვან ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს. ამას ემატება ისიც, რომ საპყრობილეში არსებულ მძიმე პირობებს ქვეყნის სოციალური გაჭირვება კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ციხე პატიმრის გამოსწორებას ისახავს მიზნად. ჩვენთან კი, ჯერ-ჯერობით, ეს ვერ ხორციელდება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ შედარებით მსუბუქი და უკიდურესად მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანები ერთად იხდიან სასჯელს.
ჩვენ ადრეც ვწერდით და კვლავაც ვიმეორებთ, რომ სასურველია, მცირე დანაშაულის მქონე პირების განცალკევება და შედარებით მსუბუქ რეჟიმში ან მიმაგრებაში გადაყვანა, რათა მათ დასაქმების საშუალებაც ჰქონდეთ და ოჯახთან კავშირიც შეინარჩუნონ.
ეს, ალბათ, მომავლის საქმეა; ამჟამად კი მინდა მივმართო ნებისმიერ პატიმარს, ნებისმიერ გაჭირვებულს, საერთოდ ყველა ადამიანს: თქვენ გყავთ ყოვლისშემძლე, ყოვლისმომცველი, სიკეთის, სიხარულის, მშვიდობის, სიბრძნის, ბედნიერების მომნიჭებელი უერთგულესი თანამდგომი, - შემოქმედი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, რომელიც არასდროს არ მიგატოვებთ.
ჩვენ მხოლოდ უნდა ვისწავლოთ მასთან ურთიერთობა. უნდა ვისწავლოთ მისი ნამდვილი სიყვარული, რომ ჩვენსა და მას შორის დამყარდეს კავშირი და მაშინ ვერავითარი განსაცდელი ვერ მოგვერევა.
მაშ, ჩავიხედოთ ჩვენს გულში, გადავხედოთ ჩვენს განვლილ გზას და გავცეთ პასუხი კითხვას: გვაქვს კი ჭეშმარიტი ერთგულება ღვთისა?! გვაქვს კი განცდა იმისა, რომ არავისზე და არაფერზე არ გავცვლით მის სიყვარულს, და შევძლებთ, პავლე მოციქულის სიტყვების გამეორებას:
„ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი, ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს სიყვარულს ღმრთისას“ (რომ.8. 38-39).
თუ ასეთი სარწმუნოება გვაქვს, ნეტარება ჩვენ!
და თუ არა, ვეცადოთ, დღეიდანვე დავიწყოთ ფიქრი და ზრუნვა გამოსწორებისათვის და უფალთან დარღვეული კავშირის აღდგენისათვის. მაშ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და გავითავისოთ დარიგება, რომელიც შემოქმედმა პირველად მოსე წინასწარმეტყველის პირით განუცხადა თავის ერს, და ძალისამებრ ჩვენისა, ვეცადოთ აღვასრულოთ იგი:
„ისმინე ისრაელო, და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში...
გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები..., ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე სახლის წირთხლებს და კარებს. უფალის, შენი ღმერთის გეშინოდეს და მას ემსახურებოდე“ (II რჯული 6, 3-9,13).
წინასწარმეტყველთა და წმინდანთა ცხოვრება თვალსაჩინო დადასტურებაა ღვთისადმი თავდადებული სიყვარულისა. გავიხსენოთ თუნდაც მამამთავარი აბრაამი, რომელიც სწორედ იმიტომ იქნა გამორჩეული, რომ მან მთელი გულით შეიყვარა შემოქმედი და არაერთხელ დაადასტურა ეს თავისი ცხოვრებით: უფალზე მინდობილმა დატოვა სამშობლო, ნათესავები და გაემართა ღვთისგან მითითებულ სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც მრავალი განსაცდელი გამოიარა. იგი წლების განმავლობაში უდრტვინველად, რწმენითა და სასოებით ითმენდა უშვილობასაც, რაც ებრაელთა შორის ღვთის სასჯელად ითვლებოდა, ხოლო როცა, მას მოხუცებულობაში აღთქმული ძე შეეძინა, ღვთის მოთხოვნის შესაბამისად, უყოყმანოდ მიიყვანა იგი უფლის სამსხვერპლოდ. ღმერთმა მისი მორჩილება და რწმენა შეიწირა, ისააკს სიცოცხლე შეუნარჩუნა და, აბრაამის მადლით, ებრაელთა ერთ-ერთ მამათმთავრად ჰყო იგი.
ღვთისადმი ასეთი ერთგულებისა და სიყვარულისათვის კი თავად აბრაამი უფალმა ხალხების მამად გამოირჩია და დიდად განამრავლა.
როცა ისრაელიანთა ერი აბრაამისა და სხვა წინასწარმეტყველთა მიერ ნაქადაგები ღვთის გზით მიდიოდა, ყოველთვის იმარჯვებდა და ბედნიერი იყო, ხოლო როდესაც შემოქმედს ეურჩებოდა, სხვა და სხვა განსაცდელში ვარდებოდა.
ღმერთი კვლავაც ასე წვრთნის თავის სამწყსოს, - ახალ ისრაელს, ქრისტიანებს, როგორც წმიდა მამები უწოდებენ, და ეს ჩვენს ისტორიაშიც ნათლად გამოვლინდა.
მაშ, გულით შევიყვაროთ უფალი და დავიცვათ მისი მცნებები, რათა ღმერთმაც შეგვიყვაროს და „რჩეულ ერად“ გამოგვაჩინოს. „მოახლოვდა ძილისაგან ჩვენი გამოფხიზლების ჟამი... ახლა უფრო ახლოა ჩვენთან ხსნა... განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი“ (რომ.13, 11-12).
აღივსენით სასოებით, არ შეუშინდეთ სირთულეებსა და განსაცდელს, ბოროტება დათრგუნულია, მას სძლია ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა.
ღმერთს ებარებოდეთ!
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2008 წ.