პატრიარქის საშობაო ეპისტოლე - 1993


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

ივერიის წმიდა მიწის ღვთივკურთხეულ შვილებს

„აჰა, მოვალ ადრე. მტკიცედ იპყარ რაცა გაქვს,
რათა არავინ წარგტაცოს გვირგვინი შენი“ (გამოცხ. 3,11)

ყოვლადუსამღვდელოეს მწყემსმთავრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, ბერ-მონაზვნებს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთისმოსავ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის მკვიდრთ და ჩვენი სამშობლოს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.

მშვიდობა, სიხარული და კეთილდღეობა მოგმადლოთ, მოწყალე და სახიერმა უფალმან.

განგვეშორა მძიმე წელი. წელი დიდი იმედებისა და დიდი განსაცდელისა. მწუხარებამ უფრო მეტად დაგვაახლოვა ღმერთს და ერთმანეთს და მეტი სიბრძნეც შეგვძინა, რადგან დაგვაფიქრა არა მარტო პურზე არსებობისა, არამედ მარადიულ ღირებულებებზეც.

სულიერმა და მატერიალურმა გაჭირვებამ დაგვანახა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ოღონდ აუცილებელია განვითარების ახალი გზების მოძებნა, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასოებით საკუთარ თავზე დაყრდნობა და ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენა.

წინააღმდეგობების მიუხედავად გასულმა წელმა იმედი ჩაგვისახა, ამიტომაც, მართალია, სულიერი ტკივილით, მაგრამ ღვთის შეწევნის რწმენით ვხვდებით უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - შობას უფლისას.

შობა ქრისტესი - ეს არის მისტიური აქტი, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით. იგია გამოვლინება ადამიანისადმი ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და მისთვის თავგანწირვისა; აქტი ღვთისა და კაცის შეერთებისა.

უფალი მოგვიახლოვდა, რათა ჩვენც აღვდგეთ და მივიდეთ მასთან. იგი არ ითხოვს სიმდიდრესა და მაღალ თანამდებობას, არც ოქროს, გუნდრუკსა მურს, რაც მოგვებმა მიართვეს ბეთლემში ახლადშობილს. მისთვის ძვირფასი მხოლოდ ჩვენი გულია. ამიტომაც თითოეულს მოგვმართავს: შვილო, მომეც გული შენი.

რად სურს ღმერთს ჩვენი გული? - მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლოს ჩვენს სულში დაივანოს და თავისი უსაზღვრო სიყვარულით, სიწმიდით და სიმშვიდით გაგვათბოს, დაგვიბრუნოს დაკარგული მადლი და ჩვენთვის ჯვარცმული, კვლავ ჩვენთან ერთად შეხვდეს ჩვენი ცხოვრების ტკივილს, ჩვენთან ერთად დაითმინოს და ევნოს, რათა გვაცხონოს და მარადიული ნეტარების ღირსი გაგვხადოს.

დიდება შენდა უფალო, გმადლობთ უფალო.

მაგრამ, ღმერთო, შენ ხომ იცი ჩვენ ვინ ვართ, რამეთუ ქმნილნი ხელთა შენთანი ვართ. იცი, რომ გული ჩვენი არის არაწმიდა; ოდითგან შეგთხოვთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით: „გული წმიდაჲ დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“ (ფს. 50,12), „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა“ (ლოცვა).

გმადლობ, უფალო, რომ გვაჯილდოვებ სინანულის გრძნობით, ცოდვის შეგრძნების უნარით და გამოსწორების სურვილით - შენსკენ სწრაფვით.

მეოცე საუკუნე უხეში მატერიალიზმის თაყვანისცემის ხანაა. ესაა დრო, როცა ცდილობდნენ ადამიანებისთვის შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს მატერიალური ყოფის გარდა სხვა სიცოცხლე არ არსებობს და რომ სულიერი მოვლენები ოდენ ჩვენი ტვინისა და ნერვული სისტემის გამოვლინებებია.

რა იყო მიზეზი ღმერთის დავიწყებისა?

პირველ რიგში ამპარტავნება. ადამიანური შესაძლებლობების არასწორი აღქმა, სულიერი დაცემა.

ჯერ კიდევ პლინიუს უმცროსი წერდა: ადამიანის ბუნება გაყალბებულია, რადგან მასში უკიდურეს სულიერ სიღატაკესთან შერწყმულია უსაზღვრო ამპარტავნება.

პასკალი ადამიანს განიხილავდა, როგორც „მოაზროვნე ლერწამს“ (ანუ შინაგანად არამყარს), როგორც სამყაროს სივრცეში გაბნეულ ქვიშის მარცვალს, რომლის სიძლიერე სულიერობასა და აზროვნებაშია; და თუ ეს მადლი დაიკარგა, მარცვალიც განქარდება. სამწუხაროდ, არა მარტო ცალკეული ადამიანები, არამედ მთელი რიგი ქვეყნები მსხვერპლნი გახდნენ ამ მარტივი ჭეშმარიტების დავიწყებისა.

გერმანელი ფილოსოფოსი პაულსენი შენიშნავს: ძნელია უარყო მატერიალიზმი არა იმიტომ, რომ იგი სიმართლეს ქადაგებს, არამედ იმიტომ, რომ ძნელია დაუპირისპირდე წმინდა წყლის სისულელეს.

საოცარია, რომ მატერიალიზმის მიმდევართა შორის იყვნენ განათლებული და ზოგჯერ გენიალური ადამიანებიც, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ, მართალია, გენიოსობა ღვთის დიდი მადლია, მაგრამ მთავარი მაინც ნიჭის სწორად წარმართვაა. მრავალია მაგალითი იმისა, თუ რა საშინელი შედეგი მოაქვს გაუკუღმართებულ გენიას.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მატერიალიზმი შობს ტოტალიტარიზმს, ჩვენ კარგა ხანია ვცხოვრობთ ასეთ  დროში. ტოტალიტარიზმის მიზანია ადამიანის სრული გარდაქმნა იდეოლოგიური წყობის შესაბამისად. პიროვნების შეცვლა ხდება მის მოქმედებაზე და, რაც მთავარია, აზროვნებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით. ტოტალიტარიზმი კარნახობს ყველას, როგორ უნდა იფიქრონ და ითხოვს უსიტყვო მორჩილებას, რაც ნიშნავს ინდივიდუალობის, პიროვნული საწყისის გაქრობას.

ამ მოვლენამ საკმაოდ ღრმა კვალი დააჩნია ჩვენს შინაგან სამყაროს. პოსტტოტალიტარულ დროში ყველაზე რთული სწორედ სულიერი  მონობიდან განთავისუფლების, ღვთივმომადლებული ინდივიდუალური თავისუფლების მოპოვების, პასუხიმგებლობის შეგრძნებისა და ავისა და კარგის სწორად გარჩევის პროცესი იქნება.

მატერიალიზმის დღემდე არსებული ფორმა თანდათან უკანა პლანზე გადადის და ადგილს უთმობს მის სხვა სახეს - ტექნოკრატიზმს და ეკონომიკას.

საზოგადოების ზრუნვა ეკონომიკის წინსვლისათვის არ არის საშიში, თუ მასთან ერთად განვითარდება ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობები: ჭეშმარიტი სარწმუნოება, ეკლესიურობა, ზნეობა, მეცნიერება, ხელოვნება.

ჩვენ არ გვაქვს უფლება თანამედროვე ცივილიზაციის ყველა უბედურების საწყისად მეცნიერება დავსახოთ. ადამიანი უბრალოდ სულიერად მოუმზადებელი შეხვდა მეცნიერულ აღმოჩენებს. პიროვნების სულიერი განვითარების პროცესი მეტად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს და რადგან ერთი მეორეს არ განაპირობებს, დაირღვა წონასწორობა; ამან კი წარმოშვა საშიშროება და ჩვენს წინაშე დააყენა მრავალი გადაუჭრელი პრობლემა.

ამიტომ დღეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ ერის სულიერი ამაღლებისათვის, რომ სათანადოდ მომზადებულნი შევხვდეთ დასავლეთის ქვეყნების „უცხო კეთილდღეობას“, თორემ იმ მადლსა და თვითმყოფადობასაც დავკარგავთ, რაც წინაპართაგან რაღაც ფორმით დღემდე მაინც შევინარჩუნეთ.

სულიერება ხალხში თავდაპირველად გზას იკვლევს ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით, შემდეგ კი ეს ნიჭი ეფინება მთელს ერს და ამაღლებს მას, ამიტომაც პიროვნების როლი ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესია.

არიან ადამიანები ღვთის ნიშნით გამორჩეულნი, რომელნიც თესენ სიყვარულს, სათნოებას, ქმნიან, აშენებენ, იწვიან და სხვას გზას უნათებენ. არიან პიროვნებანი დემონური ბეჭდით დაღდასმულნი - დამანგრეველი ძალით აღვსილნი.

მსოფლიო ისტორია იცნობს მრავალ მაგალითს იმისას, თუ როგორ ნადგურდებოდა მასები, იქცეოდა სახელმწიფოები განდიდების მანიითა და ეშმაკეული ამპარტავნებით შეპყრობილი „გენიალური უტვინოების“ ხელში, რადგან ისინი, როცა ასპარეზიდან მიდიოდნენ და იღუპებოდნენ, ღუპავდნენ ხალხსაც.

სიწმიდე კი სიმშვიდით მოქმედებს, იგი არ ხმაურობს, არ ყვირის. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ მთელი წლების თუ საუკუნეების შემდეგღა აღწევს ჩვენამდე სიტყვანი და დარიგებანი ღვთისსათნო და ბრძენ ადამიანთა, გმირული საქმეები ჩვენს წინაპართა. ისინი შეუმჩნევლად უცვლიან ელფერს ჩვენს შინაგან სამყაროს და იდუმალ გავლენას ახდენენ ჩვენს ყოფაზე.

ერთ-ერთი მაგალითი ამისა არის ცხოვრება XVII ს-ში რუმინეთში მოღვაწე, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე ანთიმოზ ივერიელისა, რომელმაც მთელ მსოფლიოს უჩვენა სიწმიდის, მოყვასის სიყვარულის და თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითი და რომელიც რუმინეთის ეკლესიამ 1992 წელს წმინდანად შერაცხა.

დღეს განსაკუთრებით ხშირად ვლაპარაკობთ თავისუფლებაზე. თავისუფლება ზოგს თავაშვებული ცხოვრების უფლება ჰგონია ზოგს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეობა; უმთავრესი კი ავიწყდებათ იმიტომ, რომ ამ ცნებაში ხშირად გარეგნულ, მიწიერ გაგებას გულისხმობენ და არ ფიქრობენ მის შინაგან პროცესზე - სულიერ თავისუფლებაზე.

ზნეობრივი თავაშვებულობა ცოდვის მონობაა, წმ. პავლე მოციქული წერს: „თავისუფლებისათვის ხართ ძმანო ხმობილნი, მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ჰმონებდეთ ერთმანეთს“ (გალატ. 5,13).

რაც შეეხება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზრუნვას, ხალხის სულიერი ამაღლების გარეშე იგი მეტად ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგანაც ერი თავისი უმეცრების და უზნეობის მსხვერპლი გახდება.

პოლიტიკური თავისუფლება მძიმე ცოდვათაგან თავისუფალმა საზოგადოებამ უნდა მოიპოვოს, ეს ღვთის კანონია. ასე რომ, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ამავე დროს თითოეული ჩვენგანის შინაგან სრულყოფას, შინაგან თავისუფლებას ითხოვს.

უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვა და სხვა ცოდვა და დაბინდა იგი. ის, ვინც შეძლებს ცოდგათაგან განწმენდას, ხდება თავისუფალი, თავისი თავის უფალი, ღვთის მსგავსებით შექმნილი თავისი უბიწო სულის პატრონი. ამიტომაც წერენ ბრძენნი: შეიძლება მონობაში იყო, მაგრამ თავისუფლება ვერ წაგართვან და შეიძლება თავისუფლებაში განცხრომით ცხოვრობდე და მონა იყო, თანაც იმდენი ბატონის, რამდენი მანკიერი თვისებაცა გაქვს.

ადვილი არ არის ჩვენს მდაბალ ვნებებსა და აზრებზე, ჩვენში მიმდინარე სულიერ და ფიზიკურ პროცესებზე გამარჯვება. ჩვენი სული ვიდრე ხორცის ტყვეობაშია ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის დაუსრულებლად იქნება და ვაი მას, ვინც ბოლომდე მდაბალ ვნებათა მსახურად დარჩება.

წმიდა წერილი გვაფრთხილებს: საქმენი ხორცთანი არიან: „სიძვა, უწმინდურება, ბილწება, კერპთმსახურება, მწვალებლობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა“ და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით,... რომ „ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს“ (გალატ. 5,19-21).

სამწუხაროდ ეს მანკიერებანი ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას და მიუხედავად ამისა გვსურს დამოუკიდებლობა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვის მძიმე უღლისაგან; ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიის მადლით.

ძალიან ბევრს არ ესმის ეკლესიის ძალა და მნიშვნელობა. წმიდა მამებმა კი, რომლებიც შიგნიდან ხედავდნენ ეკლესიის სიდიადეს, ჯერ გიდევ IV საუკუნეში ასე გამოთქვეს მისი არსი: „მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“... რამეთუ მხოლოდ ასეთი ეკლესიის დამაარსებელი და თავი არის იესო ქრისტე.

„ამას კლდესა ზედა აღვაშვნო მე ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16,18) - ბრძანებს უფალი. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეკლესია მუდმივ ბრძოლაში იქნება ბოროტებასა და ცოდვასთან, მაგრამ ჯოჯოხეთის ძალებიც კი ვერაფერს დააკლებენ, რადგან ეკლესია არის წმინდა და გამოსყიდულია უფლის სისხლით. სულიწმიდა ტრიალებს ტაძარში და განწმენდს ყოველივეს და ყველას. ვინც რწმენითა და სიყვარულითაა მოსული. „ნეტარ ხარ შენ ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ მეფემ მეფეთამან დაიდგინა შენში სავანე. ურყევია შენი საძირკველი, რამეთუ უფალი მცველ შენდა არს. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან და მგელნი მტაცებელნი ვერ შეგმუსრავენ და ვერც სიმტკიცეს შენსას შეასუსტებენ. ო, მშვენიერო და ბრწყინვალე სახლო უფლისა, რა დიდებული ხარ შენ!“ - წერს წმ. ეფრემ ასური.

ეკლესიამ მისცა საქართველოს ისეთი საოცარი პიროვნებანი, როგორნიცაა: წმ. ნინო, განმანათლებელი ივერიისა, წმ. იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი, ანტონ მარტყოფელი, წმიდა მეფენი: მირიანი და ნანა, ვახტანგ გორგასალი, არჩილი და ლუარსაბი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ქეთევან წამებული, დემეტრე თავდადებული და სხვანი მრავალნი, სათნონი ქრისტესნი. და, საერთოდ, ყველაფერი ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ეკლესიური ცხოვრების, ეკლესიური აზროვნების გამოვლინებაა.

როდესაც თანამედროვე ისტორიკოსები და ზოგჯერ ღვთისმეტყველნიც ეკლესიაზე წერენ, უფრო ხშირად მის გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას ან წარსულის მიხედვით აფასებენ მის როლს. ეკლესია გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეკლესია მისტიური სხეულია უფლისა. ეკლესია მასში მყოფი მრევლი კი არ არის მხოლოდ, ან დედამიწაზე მცხოვრები მორწმუნენი, არამედ, უწინარეს ყოვლისა, უფალი, ღვთისმშობელი მარიამი, ანგელოსთა დასი და წმიდანთა მთელი კრებული შეერთებული მლოცველთა ჯგუფთან; ამიტომაც არის ტაძარი - ცა დედამიწაზე.

ის საშინელი მოვლენები, რაც ჩვენს გვერდით ხდება: მკვლელობა, ძალადობა, ძარცვა, ვერაგობა, თავაწყვეტილი ვნება... შედეგია ურწმუნოებისა და არასულიერობისა.

ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის, ბავშვების, ინტელიგენციის გაეკლესიურება. „ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმიდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს?... ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულითა და სულით“ (I კორინ. 19,20).

ჩვენდა სამწუხაროდ, უმრავლესობას დაკარგული აქვს დანაშაულის შეგრძნებისა და განცდის უნარი და თავი უცოდველი ჰგონია. ეს კი ამ პიროვნებათა დაბალი დონის მაჩვენებელია. ადამიანი, რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, მით უკეთ ხედავს თავის თავს და აქედან გამომდინარე - თავის ცოდვებსაც, (უცოდველი არავინაა) და ეუფლება გრძნობა სინანულისა და სურვილი გამოსწორებისა.

ეკლესიის მთავარი არსი იმაშია, რომ აქ მღვდლის საშუალებით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, ყველა ჩვენი უწმინდურების მიზეზის - ცოდვისგან განთავისუფლებისა; ამ ქვეყნად მხოლოდ მოძღვარს აქვს ღვთისგან მინიჭებული მადლი ცოდვათა გახსნის და მიტევებისა. აღსარებით და ზიარებით პიროვნებაში ხდება სულიერი ფერისცვალება, შინაგანი წონასწორობის აღდგენა. ღმერთი მწუხარებისაგან გათანგულს ნუგეშს აძლევს, შურისძიების სურვილით შეპყრობილს - მიტევების მადლს, აფორიაქებულს - სიმშვიდეს, დაჩაგრულს - სულიერ ძალას.

„მე ვსუფევ მაღალში, - ბრძანებს უფალი, - და სიწმინდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული“ (ესაია 57,15); „მოვვდით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მათე 38,6-7).

ასეთი დაღლილი არასდროს ყოფილა ადამიანთა მოდგმა, არასდროს ყოფილა კაცობრიობა ასეთი კატაკლიზმების წინაშე: ინგრევა ქვეყნები და სისტემები, მსწრაფლ იცვლება მოვლენები, რაც ნიშანია იმისა, რომ ჟამი ახლო არს. „აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფუსფუსებს, აგროვებს და არ იცის, ვინ დარჩება“ (ფს. 38,6-7).

წარსული განვლილია, მომავალი არ ჩანს, აწმყო კი მეტად ბუნდოვანია, ერთადერთი ნუგეში არის უფალი. „მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათე 28,20) - ჩაგვესმის მისი სიტყვები.

ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვხსნით რელიგიური თვალსაზრისით დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას.

ამჟამად საქართველოში ომია, გარეშე მტრისაგან თავსმოხვეული ომი, ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტთა სერია. ჩვენ ვიცავთ არა მარტო საზღვრების მთლიანობას, არამედ რწმენას, კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს ჩვენი ხალხისა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ერთა წარმომადგენლებისა.

მართალია, ყველას გვიჭირს, მაგრამ იმედი გვაქვს, ერთად დავძლევთ ამ სიძნელეებს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს გაყოფას. ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია და ათასობით წმიდანთა სისხლით განბანილი მათი ლოცვა შეგვეწევა.

ექსტრემისტებისა და სეპარატისტების მიზეზით მრავალი ახალგაზრდა მოკვდა. დაიღუპნენ ქართველები, აფხაზები, ოსები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვანი. ცრემლმა და სიკვდილმა შეაბიჯა ბევრ ოჯახში, დაქვრივდნენ ახალგაზრდა დედები, დაობლდენ ბავშვები... ბევრი ახალგაზრდა დახეიბრდა.

მე მინდა ვუთხრა ყველას, აქ მყოფს და იმქვეყნად წასულს (ისინიც ხომ ცოცხლებია და ესმით ჩვენი): დიდია თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე და დიდი იქნება ჯილდოც თქვენი უფლისგან ბოძებული. თქვენ ხომ თავისუფლებისათვის, სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის, ჩვენი ნათელი მომავლისათვის იბრძოდით; თქვენ იბრძოდით წყვდიადისა და უმეცრების წინააღმდეგ. ჭეშმარიტად დიდია თქვენი მსხვერპლი და ამდენად თქვენი დამსახურებაც ღვთისა და სამშობლოს წინაშე.

ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ გონიერება, სიყვარული, სიკეთე და ძმობა გაიმარჯვებს.

ეს ერთი მხარე მოვლენისა, რაც შეეხება მის სულიერ არსს, მინდა გითხრათ, რომ ადამიანებს ხშირად მაშინ მიაჩნიათ თავი ბედნიერად, როცა ყველაზე უბედურნი არიან. არის პირიქითაც.

ომი, გაჭირვება - სინამდვილეში მოწოდებაა სინანულისა და განწმენდისაკენ; იგია საშუალება ხანგრძლივი ძილისაგან ჩვენი გამოღვიძებისა და ღმერთთან დაახლოებისა. ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. „როგორც თესლის აღორძინებისათვის აუცილებელია წვიმა, ისე ჩვენთვის ცრემლები. როგორც მიწას სჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენს სულებს - მწუხარება და განსაცდელი, რომ დარბილდეს ჩვენი სიმკაცრე და დაიძლიოს ჩვენი ამპარტავნება“ (იოანე ოქროპირი), რაც განსაკუთრებით გვახასიათებს ჩვენ.

ოქრო და ვერცხლი მაღალი ტემპერატურის გარეშე მინარევებისაგან ვერ განიწმინდება, ასევე ვერც ჩვენი სული - მწუხარების გარეშე.

მახსენდება მაკაბელთა წიგნის შემდეგი ადგილი: „ეს სასჯელი დასაღუპავად კი არა, ჩვენი ხალხის გამოსაფხიზლებლად იყო გამიზნული. ბიწიერებას ხომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორდ ესაა დიდი წყალობის ნიშანი.

რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ გვექცევა იგი. არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე. ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და თუმცა უბედურებით კი გვსჯიდა, მაინც არ გაუწირავს თავისი სალხი“ (II მაკაბ. 6,12-16).

ასე რომ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები არის ნელი და მტკივნეული პროცესი „უძღები შვილის“ დაბრუნებისა. ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე განვთავისუფლდებით სასჯელისაგან. სიძნელეებს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან ღვთის ძალა სწორედ რომ უძლურებაში ცხადდება, ოღონდ უფალს უნდა მივენდოთ სრულად, თავშეწირვამდე.

მიწიერი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობაა. ჩვენ აქ მხოლოდ მგზავრები ვართ: დღე დღეს აუწყებს მარადიულობის კარიბჭესთან ჩვენს მიახლოებას; მთავარია, იქ წარვდგგთ ღირსეულად. ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. ამაშია სიბრძნე. ჯერ კიდევ ანტიკური დროის დიდმა პიროვნებამ, პლატონმა, სიბრძნის მოყვარება - ფილოსოფია განმარტა, როგორც მზადება სიკვდილისათვის.

„მართალთათვის და ცოდვილთათვის სიკვდილი იგივეა, რაც მკვდარი ზღვა ძველ აღთქმაში ებრაელთა და ეგვიპტელთათვის. პირველთათვის იგი იყო გადასასვლელი აღთქმულ ქვეყანაში, ხოლო მეორეთათვის - მიზეზი სიკვდილისა. მსგავსად ამისა, მართლის სიკვდილი არის დასაწყისი ნეტარი მარადიულობისა - აღთქმული ქვეყნისა; ცოდვილთათვის კი - მიზეზი მეორე სიკვდილისა - მარადიული სატანჯველისა“ (სულიერი მდელო).

ეს საუკუნე ღვთისგან ხალხს სინანულისთვის მიეცა. ფუტუროლოგნი ამტკიცებენ, რომ თუ კაცობრიობამ კიდევ იარსება XXI საუკუნეში, იგი მეტად რელიგიური ასწლეული იქნება, რადგან ხალხი დაიღალა, უღვთოდ დაცარიელდა ტაძარი სიყვარულისა.

დღეს კი ჩვენ ვართ მოწმე არამარტო თანამედროვე ისტორიის ტრაგიზმისა, არამედ მოახლოებული აპოკალიფსური დროისა. სულ უფრო მკვეთრად ჩაგვესმის სიტყვები: „მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოც. 1,8).

ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს. დამდეგი ახალი წელი დე იყოს ყველასათვის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიკეთის მომტანი, წელი სიყვარულისა და შერიგებისა: „განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ“ (რომაელთა 13,12).

„იშვა ყრმა, მოგვეცა ძე... და ეწოდა სახელად... ღმერთი ძლიერი, მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9,5), „ღმერთმან მშვიდობისამან სრულგყოთ თქვენ ყოველი კეთილი საქმის მის ნებისაებრ აღსასრულებლად და იყოს თქვენში ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე“ (ებრ. 13,20-21). „რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი“ (გამოცხ. 3,5).

გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ამინ.

ქრისტეს შობა,
თბილისი.
1992-1993 წწ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

მსგავსი განცხადებები: