პატრიარქის საშობაო ეპისტოლე - 2007


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

„შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და
ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა;
შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“
(მათე 22,37-39).

ქრისტესმიერ საყვარელნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, პატივცემულნო ხელისუფალნო, მართლმორწმუნენო, მკვიდრნო საქართველოჲსა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, სიყვარული და სიხარული განგმრავლებოდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

აღსრულდა ყოვლადწმინდა სამების საღვთო განგება, ახდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, - „ღმერთი გამოჩნდა ხორცით“ (1 ტიმ. 3,16). მაცხოვარი მოვიდა წუთისოფელში, რომელიც ძალადობით, დაპირისპირებითა და ბოროტებით არის სავსე. მოვიდა, რათა სრულიად გარდაექმნა იგი. თვინიერ ცოდვისა მიიღო ჩვენი დაცემული ბუნება, რომ საღვთო სიყვარულის ძალით მოეხდინა ჩვენი შინაგანი ფერისცვალება, შეიმოსა ადამიანური სხეულით, რომ მარადიული ტანჯვისაგან ეხსნა კაცთა მოდგმა.

ბეთლემში შობილი ყრმისაკენ მიმავალი გზა ხსნილია ყველასათვის. ერთნი ცოდნისა და ინტელექტის, ანუ მოგვთა, გზით მიდიან; სხვანი განსაცდელისა და მწუხარების ბილიკს მიუყვებიან, მესამენი, მწყემსთა მსგავად, თავმდაბლობითა და ლოცვით მიემართებიან. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გზებიც.

საზოგადოების ნაწილი კი საპირისპირო მიმართულებით მიდის და ბნელეთისაკენ მიექანება, თუმცა ამას თავიდან თითქმის არავინ აცნობიერებს, რადგან ეშმაკი ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.

ჩვენს დროში მისი ქმედება უფრო დახვეწილი გახდა და სიკეთისა და ბოროტების გარჩევა კიდევ უფრო გაჭირდა. ამიტომაც აუცილებელია, კარგად გავაცნობიეროთ, რა გარემოში ვცხოვრობთ, რომელი ტენდენციებია მნიშვნელოვანი; რა არის მისაღები და რა უარსაყოფი; ქვეყნისთვისაც და ჩვენთვისაც რა არის პირველი რიგის ამოცანა, რა შემდეგ გასაკეთებელი საქმე?

ტელევიზიის, მობილური კავშირგაბმულობის, კომპიუტერისა და ინტერნეტის განვითარებამ მანძილი და დრო მკვეთრად შეამცირა. ეკონომიკა თანდათან კარგავს მხოლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და იქმნება ტრანსნაციონალური კომპანიები, რომელთაც, ძირითადად, საკუთარი მიზნები ამოძრავებთ და არა სახელმწიფო ინტერესები. მიმდინარეობს კულტურათა ასიმილაციის პროცესიც. ეს ყველაფერი მრავალსახოვანი გლობალიზაციის გამოვლინებაა.

ასეთ ვითარებაში ჩვენი ხალხი ახალი პრობლემების წინაშე დადგა. ეს არის დროის გამოწვევა. კონკრეტული ძალა არ ჩანს, მაგრამ ცრუთავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელე-პროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის, ცნობიერებაზე, რათა მათში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლასა და გადაგვარებას.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეტევა ხორციელდება თითოეული ადამიანის აზროვნებაზე, ამიტომაცაა ყოველი ჩვენთაგანის გული და გონება ამ ბრძოლის ასპარეზი. ესა თუ ის პიროვნება ან რჩება ქართველად, ან, თავისი შინაგანი სისუსტისა და მიმბაძველობის გამო, იცვლის ღირებულებათა სისტემას.

ეს ისეთივე მნიშვნელობის ომია, როგორც ჩვენს მამა-პაპათ გამოუვლიათ.

მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია. უფალი ბრძანებს: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (ინ.16,33). მაშ, იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.

უნდა იცოდეთ, რომ ქართული იდეა ორ უმთავრეს სვეტს ეყრდნობა. ესაა სულიერი ღირებულებები (რაც გულისხმობს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მის წეს-ჩვეულებებს) და ეროვნულ-კულტურული ფასეულობები, რითაც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა.

ქართულმა იდეამ რომ ხორცი შეისხას და განვითარდეს, საჭიროა გაერთიანდეს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ეკლესიის ძალისხმევა.

ახლა კი შევჩერდები იმ მიმართულებებზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს:

ტერიტორიული მთლიანობა მუდამ იყო ქვეყნის პრიორიტეტი. იგი დღესაც ჩვენი ხელისუფლებისა და ყოველი ჩვენგანის მთავარი საზრუნავია. თანამედროვე ეტაპზე ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. თუმცაღა, უპირველეს ამოცანად, მაინც საქართველოს ერთიანობისათვის ზრუნვა რჩება და არ არსებობს მისი სანაცვლო სხვა ღირებულება.

ქვეყნის განვითარების აუცილებელ პირობას ეკონომიკური სიძლიერე წარმოადგენს. ეს ის მთავარი საკითხია, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ დროულად უნდა გადაჭრას. ამასთან, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენი ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.

არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს გააჩნია მეტად ძვირფასი ბუნებრივი რესურსი მტკნარი წყლის სახით, რომლის მნიშვნელობაც და ღირებულებაც ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, ვფიქრობთ, საყოველთაო პრივატიზაციის პროცესში, ეს ბუნებრივი რესურსი და მისი ექსპლოატაცია სახელმწიფო სექტორში აუცილებლად უნდა დარჩეს და გამოყენებულ იქნას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.

ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში მოთხოვნილება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მკვეთრად გაიზარდა და დიდი მოგების მიღების მიზნით მოდიფიცირებული და გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების წარმოებზე ორიენტირებული ქვეყნების სოფლის მეურნეობა მაღალ სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს. ჩვენ საერთაშორისო ბაზარს უნდა შევთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ეს დიდ მოგებას მოუტანს ხალხს და ააღორძიებს სოფელს.

ზოგიერთმა პატარა სახელმწიფომ თავი დაიმკვიდრა მოწინავე ტექნოლოგიების ათვისებით. მაგ. სამხრეთ კორეამ, ისრაელმა, ფინეთმა... ეკონომიკის ამ დარგში სერიოზული განაცხადისათვის ჩვენს ქვეყანასაც გააჩნია ინტელექტუალური რესურსი. ქართული ფუნდამენტური მეცნიერული სკოლები აღიარებული იყო როგორც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, ჩვენი მეცნიერული პოტენციალი შეიძლება პრაქტიკულად იქნას გამოყენებული, თუკი მას სათანადო პირობები შეექმნება.

საერთოდ, მეცნიერებასთან ერთად და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზარდს, არამედ მან უნდა აღზარდოს იგი და ჩამოაყალიბოს თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ. ამ საქმეში მეტად დიდია ოჯახისა და ეკლესიის როლი. სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა წარმართოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და რადგანაც საზოგადოება ფაქტობრივად არის ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა), განათლების სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ეკლესიისა და ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს (ვისაც სურვილი აქვს განსხვავებულ გარემოში აღზარდოს შვილები, შეუძლია ეს კერძო სასწავლებელში განახორციელოს). ეს არის სწორედ იმის გარანტი, რომ მომავალი თაობა ავაცილოთ თუნდაც ისეთ საშინელ სენს, როგორიც არის ნარკომანია და სხვა მანკიერი გამოვლინებები.

ნარკომანია ჩვენი დიდი ტკივილია, რომელიც ერის სულიერ და დემოგრაფიულ გენოციდს იწვევს. ჩვენ არაერთხელ შევხებივართ ამ თემას და ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ამ მიმართულებით პირველი რიგის ამოცანაა პრევენციული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ნარკოტიკის მიმართ უარყოფითი განწყობა. უნდა დავანგრიოთ ცრუ სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს ნარკომანობა პრესტიჟულია.

ნარკომანობა სირცხვილია!

ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და, წამალზე მიჯაჭვულობის გამო, ხშირად ბოროტმოქმედებასაც ჩადის; შემდეგ კი ციხეში ხვდება და კიდევ უფრო იმძიმებს თავის მდგომარეობას.

მინდა, ციხეში არსებულ მდგომარეობასაც ნაწილობრივ შევეხო.

დღეს იქ მძიმე პირობებია. ცივილიზებულ ქვეყნებში ციხე გამოსწორების ადგილს წარმოადგენს. იმედია, ჩვენი პენიტენციალური სისტემაც მალე ამ სტანდარტებს დაუახლოვდება. ამისთვის კი, პირველ რიგში, უნდა გაიმიჯნოს საშიში ბოროტმოქმედი ეკონომიკური და სხვა შედარებით მსუბუქი სახის დანაშაულის ჩამდენისაგან. კარგი იქნება, თუ ასეთი პატიმრებისათვის აღდგება სასჯელის მოხდა მიმაგრების ადგილებში და ამისთვის საქართველოს მაღალმთიანი დაუსახლებელი რეგიონები გამოიყენება. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პატიმართა გამოსწორებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას და მეორე მხრივ ამ ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ ათვისებასა და განვითარებას.

რაც შეეხება მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევთ, ციხეში მათთვისაც უნდა არსებობდეს ისეთი გარემო, რომ გაუჩნდეთ განწყობა ცხოვრების წესის შეცვლისა.

ვფიქრობთ, პენიტენციალურ სისტემაში შრომის დანერგვა და სასულიერო პირის უფრო აქტიურად ჩართვა დიდ შედეგს მოიტანს, რისი გამოცდილებაც უცხოეთის ქვეყნებში კარგა ხანია აქვთ.

ცნობილია, რომ ციხის გავლენა მის გარეთაც ვრცელდება. ზოგიერთისთვის კრიმინალური მსოფლმხედველობა ერთგვარ დადებით მოვლენასაც კი წარმოადგენს, რაც შეცდომაა. ეს არის ღვთის მცნების უარმყოფელი დიდი ცოდვა. ეს არის დანაშაული მოყვასის წინაშე. წმიდა პავლე მოციქული გვასწავლის: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს... ვერც მპარავნი, ვერც მტაცებელნი...“ (I კორ.6,9,10)

სამწუხაროდ, ქუჩა, უბანი, გარემო, ზოგჯერ მავნე ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, რაც მათში ცრუ ღირებულებების დამკვიდრებით არის გამოწვეული. ახალგაზრდების ნაწილი მიმბაძველობით ან თავისი წრის ზემოქმედებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქცევა. თუმცა ბევრი მათგანი ეკლესიაში დადის (ხოლო ვინც არ დადის, რწმენის მიმართ პატივისაცემა მაინც აქვს), მაგრამ ეს სათანადოდ ვერ აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სამეგობროებში არსებულ ასეთ მდგომარეობაზე, მისი თითოეული წევრი არის პასუხისმგებელი, განსაკუთრებით კი ისინი, რომელნიც ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობენ. ისინი კარგად უნდა დაფიქრდნენ თავის ცხოვრებას, რომ, ნებსით თუ უნებლიედ, ეშმაკის მსახურნი არ გახდნენ.

საზოგადეობა ისეთია, როგორი ავტორიტეტებიც ყავს მას.

ფაქტია, რომ ღირსეული პიროვნებები ჩვენთან სათანადოდ არ არიან დაფასებულნი. მათ ნაცვლად წინ წამოწეულნი არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ გაკეთებული (ყოველ შემთხვევაში დღეისათვის), ან ისინი, რომელნიც უგულვებელყოფენ სულიერ ღირებულებებს. ახალგაზრდები უფრო იცნობენ ტელე-შოუების გმირებს, ვიდრე თავისივე თაობის ნიჭიერ პოეტებს, მხატვრებს, კულტურის მოღვაწეთ, მეცნიერებს და, ზოგადად, ღირსეულ ადამიანებს. ეს ძირითადად მასმედიისგან მომდინარე ნაკლია და იგი უნდა გამოსწორდეს.

მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, პიროვნებასა და საზოგადოებას მაინც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.

XX საუკუნის დასაწყისში, გასაბჭოების პერიოდში, როცა აქტიურად შეუტიეს ტრადიციულ ღირებულებებს, ახალგაზრდა მამულიშვილებმა, რომლებიც შემდეგ ცნობილი საზოგადო მოღვაწენი გახდნენ (პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია, ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსანდრე აბაშელი), ჩამოაყალიბეს „ჩოხოსანთა“ საზოგადოება. ეროვნული სამოსის ტარება იყო ერთგვარი პროტესტის ფორმაც და მათი მსოფლმხედველობის დემონსტრირების საშუალებაც. შემდგომ პერიოდში ამ მაგალითს, მართალია ერთეულებმა, მაგრამ მაინც სხვებმაც მიბაძეს. დღეს ეს მოძრაობა ახალ ეტაპზე გადავიდა და საზოგადოების ფართო ფენა მოიცვა. მისასალმებელია, როდესაც ცნობილი ადამიანები საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ეროვნულ ტანსაცმელს იცვამენ (ეს კარგი ტრადიცია ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს), სულ უფრო იზრდება ახალგაზრდების რიცხვი, რომელნიც ჩოხით იმოსებიან და ჯვრისწერისასაც ამ სამოსს იცვამენ. დღეს ჩოხოსანთა საზოგადოებას გაცილებით მეტის გაკეთება ძალუძს, ვიდრე მათ წინამორბედთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო ეროვნული სამოსის ტარებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. როგორც აღვნიშნეთ, აუცილებელია ავაღორძინოთ ქართველი კაცის ჩვეული ცხოვრების წესი. საჭიროა, თუნდაც ჩვენი ყოფისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პირვანდელი სახით აღდგენა, როგორიცაა ქართული სუფრა. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ იგი ისევე, როგორც სხვა ტრადიციები, გარკვეულწილად, შეილახა; სინამდვილეში კი მისი არსი მთლიანად ქრისტიანულია და გამორიცხავს როგორც თრობას, ისე დღეს არსებულ სხვა მანკიერ გამოვლინებებს. კარგად აღზრდილი ადამიანი არ დათვრება და ამით თავს არ დაიმცირებს.

ეკლესიური ცნობიერებიდან გამომდინარე, კარგია, რომ ჩვენს სუფრაზე თანდათან მკვიდრდება სადღეგრძელოთა შინაარსი და ტრადიციული თანამიმდევრობა, რაც იწყება უფლის სადიდებლით და მთავრდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხსენებით. ამასთან ყოველი სადღეგრძელო დალოცვაა, ლოცვის ერთგვარი სახეა. ქართული სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება.

ქრისტიანული სუფრა არის ადამიანთა ერთობისა და თანადგომის, ჭირისა და ლხინის გაზიარების ადგილი, სადაც უფალი მყოფობს. ამიტომაც პურობა იწყება და მთავრდება ლოცვით.

ქართული სუფრა არის ქრისტიანული სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატვის უნიკალური ინსტიტუტი.

ყოველ ერს, ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებას, ღვთისაგან სხვა და სხვა მადლი და ნიჭი აქვს ბოძებული და მასზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოიყენებს მათ.

ქართველმა კაცმა სიყვარულის ნიჭი განავითარა.

ახალ აღთქმაში ღმერთის ყველაზე მთავარ თვისებად სწორედ სიყვარულია დასახელებული. „ღმერთი სიყვარული არს“ (I იოანე.4.8).

აქვე ვკითხულობთ: სიყვარული ყოვლისმომცველია, არ ამპარტავნობს, არ ზვაობს, სულგრძელია და ტკბილი, არ მრისხანებს, ყოველივეს ითმენს, არავისი შურს, ჭეშმარიტებით ხარობს, იგი ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც უკვდავებასთან არის წილნაყარი. იმედი და რწმენა სიკვდილის შემდეგ განქარდება, ხოლო სიყვარული მარადიულად ჰგიეს.

პავლე მოციქული იმასაც ბრძანებს, რომ, თუ სიყვარული არა გვაქვს, ფუჭია ქველმოქმედებაც, სასწაულთმოქმედების უნარიც, მოსაგრეობაც, თვით მოწამეობრივი აღსასრულიც კი, რადგან უსიყვარულოდ ყველა სიკეთე უქმ-იქმნების.

გავიხსენოთ სახარება: იუდამ გასცა მაცხოვარი, პეტრემაც სამჯერ უარყო იგი. შემდეგ ერთმაც შეინანა და მეორემაც, მაგრამ იუდა წარწყმდა იმიტომ, რომ უსიყვარულო იყო ქრისტესთან გატარებული მისი ცხოვრება და აქედან გამომდინარე, უიმედო მისი სინანული; პეტრეს სინანული კი სწორედ მისი მხურვალე სიყვარულის გამო იქნა შეწყნარებული.

მიუხედავად სხვა და სხვა სირთულისა და განსაცდელისა სიყვარული ნეტარებასთან და სიხარულთან არის დაკავშირებული; და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია ნეტარებაც და სიხარულიც.

ყველაზე აღმატებულია ღმერთის სიყვარული.

ამ სიყვარულის დამტევნელნი არიან დიდი სულიერი მოღვაწენი, რომელნიც მძიმე მოსაგრეობის პარალელურად, ღვთაებრივ ნათელთან ლოცვითი თანაზიარებით ამ ქვეყნადვე აღწევენ უსაზღვრო ნეტარებას.

სამშობლოსა და ერის ჭეშმარიტად მოყვარული ადამიანებიც დიდ სიხარულს გრძნობენ, როდესაც თავის მიზანს, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ერთგულად ემსახურებიან.

შეიძლება ითქვას, რომ მოყვასის სიყვარული ერთგვარი პირველი საფეხურია. იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“(I იოანე 4,20).

ღმერთი, სამშობლო, მოყვასი,- ეს არის ერთმანეთისაგან გამომდინარე იერარქია და უწყვეტი ჯაჭვი; თუ ღმერთის ადგილი სხვა რამემ, თუნდაც სამშობლომ, დაიკავა, ზემოთ აღნიშნული თანამიმდევრობა ირღვევა და პატრიოტიზმი უკვე ხელოვნურად გამოგონილ ღირებულებებს ეფუძნება, რომელთაც შეიძლება კარგი სახელიც ერქვას, მაგრამ შედეგად ვიღებთ ისეთ მანკიერ გამოვლინებებს, როგორიცაა ფაშიზმი, რასიზმი და შოვინიზმი, ანდა ტრადიციული ფასეულობების სრულ უარყოფას, - კოსმოპოლიტიზმს. ამ ორ უკიდურესობას გამორიცხავს ღვთის რწმენა, რომელიც ჭეშმარიტ პატრიოტიზმს განაპირობებს.

მოციქული გვასწავლის: „ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუობს“ (I იოანე 4.20). ამდენად მხოლოდ ღმერთის სიყვარული ხიბლია და თავს იტყუებს ვისაც ეს ასე გონია. ოდენ მოყვასის სიყვარული კერპთაყვანისმცემლობაში გადადის; საკუთარი თავისადმი გადამეტებული სიყვარული კი - ეგოიზმსა და ნარცისიზმს შობს.

ადამიანი სიყვარულის ღვთაებრივ ნიჭს მაშინ ეზიარება, როცა ამ გრძნობას თავისი „მე“-დან მოყვასისაკენ მიმართავს. გაცილებით დიდ სიმაღლეზე კი მაშინ ადის, როდესაც მოყვასს შეიყვარებს, როგორც საკუთარ თავს; „არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მეგობრებისთვის“ (იოანე 15,13), - ბრძანებს უფალი.

მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და ბუნებრივია მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობრობას და სხვა. ასეთი ურთიერთობა უნიკალურია როგორც ქრისტიანულ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში. ფაქტია, რომ ქართველ კაცს არა აქვს მოწინააღმდეგის სიძულვილი, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებმაც დაადასტურა. მაგალითად, ძმათამკვლელ ომს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენს ხალხში დაპირისპირებული მხარის მიმართ გაბოროტებად არ გადაზრდილა და იგი დღესაც მზად არის კეთილმეზობლური ურთიერთობისათვის. ეს იმიტომ, რომ შენდობისა და პატიების, საკუთარი შეცდომის აღიარებისა და სხვისი მწუხარების თანაზიარების დიდი უნარი გვაქვს. ეს კარგად სჩანს „ვეფხისა და მოყმის“ ბალადაშიც.

ტოლერანტობა ჩვენი ბუნებიდან მომდინარეობს და მისი სწავლა არასოდეს დაგვჭირვებია.

დაიწყო ახალი 2007 წელი, რასაც ოფიციალური სახელმწიფო კალენდრით თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს. თუმცა, შეიძლება ბევრი ვერც აცნობიერებს, რომ ეს წელთაღრიცხვა მაცხოვრის დაბადებას უკავშირდება.

დიახ, 2007 წლის წინ აღსრულდა ქრისტეშობის საიდუმლო, - „ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი“ (ინ. 3-16). დაუსაბამო იგი, დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღვთო წიაღს კვლავ ვზიარებოდით.

საერთოდ, ღვთის ყველა ქმედებას მხოლოდ სიყვარული განაპირობებს.

ადამისა და ევას სამოთხიდან გამოძევების მიზეზიც სიყვარულიდან მომდინარეობს. მათ ღმერთის ყოვლისმომცველ სიყვარულში შეეპარათ ეჭვი და რადგან შემოქმედის მცნება დაივიწყეს და ეშმაკს დაუჯერეს, ისინი თვითონვე მოაკლდნენ საღვთო სიყვარულს, რაც უფალთან მათ ერთობას განაპირობებდა. დაცემულ მდგომარეობაში მყოფნი კი უკვდავების ხის ნაყოფის შეჭმით მარადიულად რომ არ წარწყმედილიყვნენ უფალმა განარიდა თავის სამყოფელს.

მაცხოვარმა განკაცებით დედამიწაზე ის სიყვარული მოიტანა, რომლის მსგავსიც მანამდე არ იცოდა კაცობრიობამ და რომელთანაც თანაზიარებით მოგვეცა სამოთხეში დაბრუნების შესაძლებლობა. „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (ინ. 13-34) - ოღონდ აუცილებელია, რომ მოვიპოვოთ სიწმინდე და შევიმოსოთ ჭეშმარიტი სიყვარულით, რადგან ამ თვისებების გარეშე ღმერთს ვერ მივემსგავსებით და ჩვენივე ნებით საკუთარ თავს განვაშორებთ მის მაცხოვნებელ მადლს.

საუკუნეთა მანძილზე საქართველო გადაარჩინა მოყვასის, ღვთის და მამულისადმი თავდადებულმა ქრისტიანულმა სიყვარულმა. რისი მაგალითიც აურაცხელია ჩვენს ისტორიაში, როგორ იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ როგორ არჩევანს გავაკეთებთ, მივიღებთ ბოროტის მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით სიყვარულისა და ცრუ ღირებულებებს თუ ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებული ღმერთის მხარეზე დავდგებით. ჩვენი ადგილი, რომ კარგად გავაცნობიეროთ, უნდა გავარჩიოთ ჩვენი მისწრაფებანი და ქმედებანი შესაბამისობაშია თუ არა უფლის სწავლებასთან.

ღმერთო ძლიერო, სიტყვაო, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მამისაგან შობილო და ქალწულისაგან მარიამისა ხორცშესხმულო, მოიხილე მაღლით ერსა ზედა წილხვედრსა დედისა შენისასა და ისმინე მუხლმოდრეკითი თხოვნა ესე: გევედრებით, გვიხსენ ცოდვათაგან და ბოროტთა განზრახვათა ჩვენთაგან, გული განგვისპეტაკე, გონება განგვინათლე, სული განგვიწმიდე, -შეცდომილნი მოგვაქციენ, სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი ჩუენნი განკურნენ და შეგვზღუდენ საღმრთოითა შჯულითა შენითა; მოიხილე ჩვენზედა, სახიერო, და სიყვარულითა შენითა უოხჭნოითა დაცემულნი კვალად აღგვადგინენ და ტაძრად სულისა წმიდისა გამოგუაჩინე, რათა ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი მოყვასისა, მამულისა და ღვთისა.

სახელისა შენისათვის, აღდეგ, უფალო, შეწევნად ჩუენდა და დააყენე კუერთხი უშჯულოთაჲ; გარე-წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა შენსა ზედა. მოიხსენე ვედრება დედისა შენისა და ყოველთა წინაპართა ჩუენთა, რომელთა იღუაწეს სახელისა შენისათვის და დასთხიეს სისხლი თვისი; მათი ლოცვით აღადგინე მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა და დაიცევ საზღუარნი მისნი უცხოთესლთა ზედა მოსვლისაგან.

ჰე, უფალო, იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელი დაასხა მარჯუენემან შენმან, რაჲთა ჩუენცა ყოველნი, მკვიდრნი ღვთივკურთხეული ივერიისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნი ქართველნი, შენს ზეციურ ნათელს და საღვთო სიყვარულს ზიარებულნი, ვგალობდეთ:

„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

თქვენთვის მლოცველი

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ქრისტეს შობა
2007 წელი
თბილისი

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №1(401), 2007 წ.

მსგავსი განცხადებები: