მეუფე შიო - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვები ყოფილიყოს ყოველ ჩვენგანთან, ჩვენს ოჯახებთან, ჩვენს სამშობლოსთან, რომ ჯეროვნად შევძლოთ ქრისტიანული ცხოვრების ძალიან ძნელი, მაგრამ სიხარულითა და დიდი სინათლით აღსავსე გზით სიარული


საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

დღეს, როდესაც ამ დღეს ვზეიმობთ, გვახსენდება წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა. ხილვად ჩემდა შვენიერება უფლისა და მოხილვად ტაძარი მისი“.

აი, ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ყოველი ქრისტიანისთვის და ამას მოწმობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც. სანამ ყოვლადწმინდა ქალწული დედაღვთისა გახდებოდა, იგი ტაძარში უნდა მიეყვანათ. რისთვის იყო ეს საჭირო? იმისთვის, რომ განსაკუთრებულად მომზადებულიყო იმ დიადი მისიისთვის, რომელიც მას წინ ელოდა და მასთან ერთად - მთელ კაცობრიობას.

და აი, სწორედ ტაძრიდან გამოვიდა იგი, ვინც შემდგომ გახდა დედაღვთისა, უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთასა, მთელი კაცობრიობის დედა და მეოხი.

და ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში იზრდებოდა და იქ ხდებოდა მისი მომზადება, მიგვანიშნებს დღეს იმაზე, რომ ყოველი ჩვენგანიც, ვისაც სურს, გახდეს სულიწმიდის მიმღები, ისევე უნდა შევიდეს უფლის ტაძარში, როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შევიდა.

ყოვლადწმინდა ქალწული საფეხურებით ადიოდა ტაძარში. მისი ასეთი თანდათანობითი აღმასვლა არის იმ სულიერი აღმასვლის წინასახე, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა უნდა განახორციელოს მას შემდეგ, რაც შევა უფლის ტაძარში, მოინათლება და გახდება ქრისტეს ეკლესიის ცხოვრების მონაწილე, ეკლესიის წევრი.

მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არა მხოლოდ ამ საფეხურებით ავიდა ტაძარში, არამედ ტაძარში შესვლის შემდეგ იგი შედის ტაძრის ყველაზე დაფარულ და საიდუმლო ადგილას, მის წმინდათა წმინდაში. ესეც არის წინასახე ადამიანის მიერ თავისი სულის სიღრმეში შესვლისა, რაც ასე აუცილებელია ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ სწორედ ჩვენი გულის სიღრმეში, ჩვენი სულის წმინდათა წმინდაში უნდა მოხდეს ღმერთთან შეხვედრა. აქედან იწყება ადამიანის განსულიერება, აქედან იწყება სულიწმიდის მადლის მოხვეჭა.

აი, დღევანდელ დღესასწაულს, შეიძლება ითქვას, აქვს კიდევ ერთი წინასახე, ვინაიდან ყოვლადწმინდა ქალწული თავისი მშობლების მიერ შეწირული იყო ეკლესიისთვის, მისი ამ გზის დასაწყისში იყო თავგანწირვა და მსხვერპლი. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანის სულიერი ცხოვრების დასაწყისში უნდა იყოს თავგანწირვა. დღევანდელი დღესასწაულიც ჩვენ მოგვიწოდებს თავგანწირვისა და თავგანწირული მსახურებისკენ.

მინდა, დღეს თქვენთან ერთად განსაკუთრებით მივულოცო ეს დიდებული დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რამეთუ მან მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა ქართველი ხალხის ტაძარში მოყვანას. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ იგი დღესაც გვაძლევს ეკლესიის სიყვარულისა და თავგანწირული მსახურების დიდ მაგალითს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვები ყოფილიყოს ყოველ ჩვენგანთან, ჩვენს ოჯახებთან, ჩვენს სამშობლოსთან, რომ ჯეროვნად შევძლოთ ქრისტიანული ცხოვრების ძალიან ძნელი, მაგრამ სიხარულითა და დიდი სინათლით აღსავსე გზით სიარული, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

სიონის საპატრიარქო ტაძარი

4 დეკემბერი, 2023 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

მსგავსი განცხადებები: