- 2024/07/15
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ბავშვთა საყოველთაო ნათლობის დღეს
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ყოვლად სამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს - მორიგ საყოველთაო ნათლობას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
როდესაც ოჯახში ბავშვი იბადება, ყველა ხარობს, ეს დიდი დღესასწაულია, რადგან ადამიანი შემოდის სამყაროში და მასთან ერთად შემოდის დიდი იმედი და სიყვარული.
დღეს ჩვენს ეკლესიაში მოინათლა და სულიერად იშვა 1200-ამდე ბავშვი. ისინი ქრისტეს ეკლესიის წევრები გახდნენ და, ამავე დროს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნათლულების რიცხვს შეუერთდნენ.
მინდა, ეს დღე თქვენთან ერთად მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას და მადლობა გადავუხადო ამ შესანიშნავი ტრადიციის დაფუძნებისთვის.
ნათლობის დროს დიდი საიდუმლოება აღესრულება: ადამიანის სხეული ხილულად წყლით განიბანება, მაგრამ მისი სული უხილავად განიბანება და განიწმინდება სულიწმიდის მადლით, სხეულის წყალში დაფლვით ადამიანი საიდუმლოდ თანა დაეფლვის ქრისტეს და როდესაც წყალი ფარავს სხეულს, იგი თითქოს უჩინარდება და კვდება ამა სოფლისთვის, ხოლო როდესაც ამოდის წყლიდან, იგი მკვდრეთით აღდგება და განაგრძობს სიცოცხლეს. ემბაზში რჩება ძველი კაცი, ხოლო იქიდან გამოდის უკვე ეკლესიის წევრი, განწმენდილი და შობილი ახალი, ღვთივსათნო ცხოვრებისთვის.
ნათლობაში ადამიანს მიეტევება ყველა ცოდვა, რაც კი აქამდე ჩაუდენია. მას მიეტევება პირველქმნილი ცოდვაც და თავისუფლდება ამ ცოდვების სასჯელებისგან. ადამიანი ურიგდება ღმერთს, ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება და ხდება ქრისტეს სხეულის ნაწილი. ამდენად, იგი თავისუფლდება ეშმაკის ძალაუფლებისგანაც, განწმენდილი და განახლებული ხდება.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა დიდი მადლი მიიღეს დღეს ამ ბავშვებმა და ამ ზეიმში მონაწილეობდნენ ნათლიებთან ერთად მშობლებიც, ეკლესიის მსახურებიც, მგალობლებიც, მრევლიც, ყველა, ვინც დღეს ლოცულობდა და ყველა, როგორც ცოცხალი ეკლესია, შეხვდა ამ ბავშვებს ემბაზთან და გახდნენ მათთვის, როგორც მიმრქმელები, ნათლიებთან ერთად. ქრისტეს ეკლესია ვართ ჩვენ ყველა, მაცხოვართან ერთად, ღვთისმშობელთან ერთად, ყველა წმინდანთან ერთად. ჩვენ, წმინდანებიც და ცოდვილებიც, ყველა წარმოვადგენთ ერთ ეკლესიას. ამიტომაც, ეკლესიის სწავლებით, შეუძლებელია, საიდუმლოებას ჰქონდეს კერძო ხასიათი და ტარდებოდეს, განეკუთვნებოდეს მხოლოდ ერთ ადამიანს, ცალკე აღებულს. საიდუმლოებებში მონაწილეობს მთელი ეკლესია.
ამიტომაც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვხარობთ მთელი ეკლესია, რომ ეს ბავშვები, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, „აღარ არიან შვილნი ხორცთანი“, ე.ი. მხოლოდ ხორციელი შვილები აღარ არიან, არამედ ისინი გახდნენ ღმერთის ზეციური სასუფევლის შვილები. ამიტომ ჩვენ უნდა ვხარობდეთ დღეს ამ ბავშვების გამო, მაგრამ არა მხოლოდ ამ ბავშვების გამო, არამედ ყველა ბავშვის გამო, ვინც ჩვენ გარშემოა; ჩვენ უნდა ვიცავდეთ მათ სიყვარულით, ლოცვით, გონივრული მზრუნველობით, რომ გაიზარდონ ისინი და გახდნენ ღირსი, შვილებად ღვთისა იწოდებოდნენ, როგორც ამბობს წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: „ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რომ ვიწოდებოდეთ შვილებად ღვთისა“ (I ინ. 3,1), რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ!
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
14.07.2024
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02
- 2024/11/23