- 2024/04/28
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ბზობის დღესასწაულზე
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევას.
ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემდეგ, თავის ვნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უფალი იესო ქრისტე სახედრის კვიცზე ამხედრებული გაემართა იერუსალიმისკენ. მთელ ქალაქში ხმა დაირხა მისი შემოსვლის შესახებ და უამრავი ხალხი პალმის რტოებით ხელში გამოვიდა მის შესახვედრად; უნდოდათ ენახათ ის, ვინც შესაძლოა ყოფილიყო მესია, ისრაილის მიწიური ხელმწიფე, რომელსაც ებრაელები ელოდნენ.
მაგრამ უფალი იესო ქრისტე არ იყო ჩვეულებრივი მიწიერი მეფე, რომელიც იარაღის ძალით იპყრობს ხალხებს, არამედ იგი იყო ხელმწიფე, რომელზეც ჯერ კიდევ ზაქარია წინასწარმეტყველი ამბობდა: „იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა, მართალი და მაცხოვარი, თავადი მშვიდი და მჯდომარე კარაულსა ზედა და კიცუსა ახალსა“. ასეთი საოცარი სიტყვებია წმინდა წინასწარმეტყველისა.
და აი, იერუსალიმში შედის ხელმწიფე, მეუფე ისრაელისა, იმისთვის, რომ გამოიხსნას ადამიანები ცოდვისა და სამყაროში გამეფებული ბოროტებისგან.
ყოველი მხრიდან გაისმოდა სახოტბო შეძახილები: „კურთხეულ არს მომავალი უფლის სახელით! კურთხეულ არს მეუფე ისრაელისა! ოსანა მაღალთა შინა!“ აი, მოვლენა, რომელსაც დღეს ვიხსენებთ და ვზეიმობთ.
თუმცა ჩვენი დღევანდელი შეკრება მხოლოდ ამ მოვლენის გახსენება როდია. დიდი საეკლესიო დღესასწაულები ყოველთვის დაკავშირებულია ჩვენი გამოხსნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენებთან. როგორც წესი, ამიტომ ამ დღესასწაულებს არ აქვთ მხოლოდ გახსენების მნიშვნელობა, არამედ მათ აღსრულებითი მნიშვნელობაც აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ამ დროშიც ხდება ის, რაც მოხდა მაშინ. დღევანდელ დღესასწაულსაც აქვს ასეთი აღსრულებითი მნიშვნელობა, რამეთუ დღესაც ვიკრიბებით ქრისტეს შესახვედრად, ისევე, როგორც სხვა დიდ დღესასწაულებზე, ისევე, როგორც საღვთო ლიტურგიებზე და წმინდა ზიარების მიღების დღეებში.
,,აჰა, შემოვალს მეუფე დიდებისა", - როგორც გახსოვთ, ისმის პირველშეწირულის ლიტურგიაზე. ე.ი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოველთვის მოდის ჩვენთან, იგი ყოველთვის დგას ჩვენი გულის კართან, გვიკაკუნებს და ჩვენ დიდი სიხარულით უნდა შევეგებოთ მას.
სწორედ ამიტომ დღევანდელ სამოციქულო საკითხავში წმინდა პავლე მოციქული გვეუბნება ასეთ სიტყვებს: „მარადჟამ იხარეთ უფალში და კვლავაც ვიტყვი, იხარეთ!“. თუ როგორ უნდა ვიხაროთ და გამოვხატოთ ეს სიხარული უფალთან შეხვედრისა, ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული.
როგორც გახსოვთ, ებრაელები თავიანთ ტანსაცმელს იხდიდნენ და მაცხოვარს ფეხქვეშ უგებდნენ. ამ მოქმედების სიმბოლური მნიშვნელობის გასაგებად უნდა გავიხსენოთ, რომ ძველ ისრაელში მიიჩნევდნენ რომ შესამოსელი და ტანსაცმელი ცვლიდა ადამიანის პიროვნებას, ე.ი. სხვისი შესამოსლის შეხება ნიშნავდა პიროვნების შეხებას. ამ მოქმედებით ებრაელები გამოხატავდნენ მზაობას, უარი ეთქვათ საკუთარ თავზე და თავიანთი სულიც და ხორციც მიეძღვნათ ისრაელის ხელმწიფისათვის, რომელსაც ხვდებოდნენ.
ჩვენც ასეთი განწყობით უნდა ვხვდებოდეთ უფალს, რომ მისდამი სიყვარული, მისი მობრძანებით გამოხატული სიხარული იქნება მართებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენც განვიმოსავთ ცოდვისგან დასვრილ სულიერ შესამოსელს და შევიმოსავთ სიწმინდისა და სიმართლის შესამოსელს, როდესაც უარს ვიტყვით ჩვენს ბოროტ ნებაზე, სრულად მივენდობით ქრისტეს ნებას, როდესაც უდრტვინველად ვზიდავთ ჩვენს ჯვარს და ჩვენზე მოწევნულ ყველა მწუხარებას მორჩილებით, სიყვარულითა და თავდადებით გადავიტანთ; მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მართებული, შესაფერისი და ღვთისთვის მოსაწონი ჩვენი სიხარული უფლის დახვედრისა.
მაშინ უფალი ამ მიწიერ ცხოვრებაშივე აღგვავსებს სულიერი სიხარულით, ხოლო მომავალ ცხოვრებაში შეცვლის მას მარადიული სიხარულით ცათა სასუფეველში, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა, წყალობითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს შემდეგ სასულიერო პირებს:
დეკანოზი ლუკა მკალავიშვილი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს!
მღვდელი გიორგი ნამგალაური აღყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს!
მღვდელი გიორგი მეტრეველი აყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს!
მღვდელი ზურაბ ტყემალაძე აყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს!
მღვდელი სპირიდონ დოგრაშვილი აყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს!
მღვდელი დავით ციცვიძე აყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს!
მღვდელი ლუკა ჯალიაშვილი აყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს!
მღვდელი ირაკლი ნემსაძე აყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
28 აპრილი, 2024 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02
- 2024/11/23