- 2022/11/27
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეოთხე კვირას ვარკეთილის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ვარ ძალიან მოხარული თქვენთან მსახურებით, იყო შესანიშნავი განწყობა, შესანიშნავი მსახურება. მინდა, მადლობა ვუთხრა დღეს თანამწირველ მამებს და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა სახარება.
დღეს იყო წარმოდგენილი იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მოწყალე სამარიტელის შესახებ. უფალთან მიდის სჯულის მეცნიერი, გამოცდის მას და ჰკითხავს, რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო. უფალი ჰკითხავს, თუ როგორ წერია სჯულში. ირკვევა, რომ ამ კაცმა მშვენივრად იცის, სჯულში როგორ წერია, რა არის მცნება ღვთისა და მოყვასის სიყვარულისა. იგი ამბობს: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. უფალი ეტყვის: „აი, წადი და მოიქეცი ასე“.
თქვენ გახსოვთ, რომ სწავლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი სიყვარულის შესახებ მაშინ მიუღებელი იყო, უჭირდათ ამის მიღება. დღესაც უჭირთ თავგანწირული სიყვარულის გაგება და მიღება. ამიტომ ეს სჯულისმეცნიერი თავის გასამართლებლად ჰკითხავს უფალს: „კი, მაგრამ ვინ არის ჩემი მოყვასი? იმიტომ, რომ შენ როგორც ასწავლი, ეს გაუგებარია. ნუთუ შეიძლება, მხოლოდ სიყვარულით ვიცხოვროთ და ყველა გვიყვარდეს?“ შემდეგ უფალი მოუთხრობს ასეთ იგავს: იერუსალიმიდან მოდიოდა ერთი ებრაელი, რომელიც დააყაჩაღეს, გაძარცვეს, სცემეს და დატოვეს გზაზე. მას ჩაუარა მღვდელმა და ყურადღება არ მიაქცია; ლევიტელმა ჩაუარა, გახსოვთ, ლევიტელები იყვნენ ისინი, ვინც მღვდლობისთვის ემზადებოდნენ და სამღვდელოებას ეხმარებოდნენ. ასევე, ვინც სჯული და კანონი მშვენივრად იცოდა. მანაც ჩაუარა და არ მიაქცია ყურადღება; ბოლოს მოდის სამარიტელი, რომელიც, თქვენ როგორც გახსოვთ, იყო მოძულებული ებრაელთა მიერ, ვინაიდან სამარიტელებს ჰქონდათ სხვა სარწმუნოება, არასწორი რელიგია და გარიყული, მოკვეთილი იყვნენ, იმდენად, რომ სამარიაში ებრაელი თუ გაივლიდა, მათი ჭებიდან წყლის დალევაც კი ეკრძალებოდა.
და აი, ამ იგავით უფალი გვასწავლის, რა არის სიყვარული, ვინ არის შენი მოყვასი. პირველივე სიტყვებიდან ჩანს, რომ მოყვასი არის ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩვენს გზაზე შეგვხვდება, ვისაც ჩვენ ვჭირდებით. აი, სადამდე შეიძლება გავრცელდეს ეს სიყვარული, ვინაიდან ეს სამარიტელი მიდის ამ ადამიანთან, შემოსვამს სახედარზე, მიიყვანს სასტუმროში, შეუხვევს წყლულებს; და არა მარტო ამას იზამს, არამედ სასტუმროს მეპატრონეს ეტყვის, რომ თუ კიდევ რაიმე ხარჯი იქნება, უკანა გზაზე როცა გამოვივლი, კიდევ აგინაზღაურებო. არავის არ გაუნაწილა ეს საზრუნავი, არ ჩათვალა, რომ არ იყო ვალდებული, ეს გაეკეთებინა, სხვას არავის აჰკიდა ეს ტვირთი, არამედ ბოლომდე თვითონ გააკეთა ეს ყველაფერი. აი, ეს არის სიყვარული, რომელსაც გვასწავლის ჩვენ უფალი იესო ქრისტე და ასეთ სიყვარულს უნდა მივბაძოთ.
ამასთან დაკავშირებით, მინდა, მოგახსენოთ, რომ ეს სიყვარული არის სახარებისეული სიყვარული, მაგრამ არის კიდევ ბუნებრივი, ადამიანური სიყვარული, რომელიც ყველა ადამიანს აქვს. ეს სიყვარული, როგორც წესი, გამოარჩევს ხოლმე, - ვინ უნდა მიყვარდეს, ვინ არ უნდა მიყვარდეს. ასევე, ეს ადამიანური, მიწიერი სიყვარული მოითხოვს საპასუხო სიყვარულს, შეყვარებულობაც და ისედაც, სიყვარული ახლობლებისადმი, ადამიანური, ვიმეორებ, მოითხოვს საპასუხო სიყვარულს. როცა საპასუხო სიყვარული არ არის, ამას ხშირად უწოდებენ უბედურ სიყვარულსაც, უიღბლო სიყვარულსაც. ხომ მოგეხსენებათ?
ხოლო ის სიყვარული, რომელზეც უფალი საუბრობს, არ მოითხოვს არანაირ საპასუხო სიყვარულს, იმიტომ რომ ის თავგანწირულია, თავდადებულია, როგორც ამბობს პავლე მოციქული, „კეთილმოწყალე და სულგრძელია ასეთი სიყვარული“. აი, ასეთი სიყვარული მოიტანა უფალმა იესო ქრისტემ.
ამრიგად, არის ორგვარი სიყვარული - მიწიერი და ადამიანური და არის ზეციური, რომელიც მოიტანა ღმერთმა ჩვენთან. ჩვენ ეს ორი სიყვარული აუცილებლად უნდა შევაერთოთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ ადამიანი მოწოდებულია ცათა სასუფევლისთვის, სასუფეველში კი შევყავართ მხოლოდ და მხოლოდ ასეთ სიყვარულს, რომელზეც საუბრობს დღეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მხოლოდ ასეთი სიყვარული ყველაფერ მიწიერს, სხეულებრივს, ხორციელს განასულიერებს, აღამაღლებს, აცხონებს, მათ შორის, ჩვენს ადამიანურ სიყვარულსაც.
აი, ეს მინდოდა დღეს თქვენთვის მეთქვა. ამიტომაც არის, რომ პავლე მოციქული ერთ ადგილას წერს, რომ: „ყველაფერი განქარდება, ყველაფერი გაქრება, ყველაფერი დაიღუპება, მხოლოდ სიყვარული დარჩება მარადიული, მხოლოდ სიყვარული არ განქარდება“. რატომ? - იმიტომ, რომ ეს სიყვარული ღვთისგან არის, მარადისობისგან არის და მარადისობისკენ მივყავართ ჩვენ ამ სიყვარულს. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი არ გათელავს და არ დათრგუნავს საკუთარ თავში, თავის ადამიანურ ბუნებაში ამ სიყვარულს, არამედ, პირიქით, ააღორძინებს, განასულიერებს და სულიერს გახდის მას.
აი, ამისკენ მოგვიწოდებს დღევანდელი იგავით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!“
ვარკეთილის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
27 ნოემბერი, 2022 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02