მეუფე შიო - რომ დამკვიდრდეს სასუფეველი ჩვენში, ამისთვის უნდა შევისმინოთ, დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას, როგორც ჩვენს მშობელ დედას, რომელიც აუცილებლად წარგვიძღვება და მიგვიყვანს დიდ სიხარულამდე და ბედნიერებამდე


საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის მეორე კვირას

,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეორე კვირას, რომელსაც ეწოდება წმინდა გრიგოლ პალამას კვირა.

წმინდა ეკლესია განსაკუთრებით აღნიშნავს ამ დიდი წმინდანის ხსენებას, იმდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც იგი გვასწავლიდა ჩვენ.

წმინდა გრიგოლ პალამამდე ეკლესიაში იყო სწავლება იმის შესახებ, რომ ღმერთი მიუწვდომელია თავისი არსით, ამოუცნობია. მაგრამ, ამავე დროს, იგი მოქმედებს ამ სამყაროში, ურთიერთობს ადამიანთან და აი, ამ მოქმედებით მისი შეცნობა შეიძლება. ვიმეორებ, არსით შეუძლებელია მისი ჩაწვდომა, მაგრამ მოქმედებით, რომელსაც ეწოდება ენერგია, ასევე, რომელსაც წმინდა ეკლესია სულიწმიდის მადლს უწოდებს, ამ მადლის მოქმედების მეშვეობით შესაძლებელია.

მაგრამ იმჟამად ჯერ არ იყო საჭიროება, რომ მკაფიოდ გამოთქმულიყო სწავლება იმის შესახებ, თუ რა ბუნების არის ეს მადლი, ენერგია. და აი, წმინდა გრიგოლ პალამას დროს იყო დიდი კამათი ამაზე. გრიგოლ პალამამ გამოთქვა მოძღვრება, რომელიც ეფუძნება ეკლესიის მამების სწავლებას, მან კი ჩამოაყალიბა ეს და შემდეგ დადგინდა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, ყველასთვის სავალდებულო, რომ ეს მადლი და ენერგია ღვთისა არის უქმნელი, არის თავად ღმერთის მოქმედება.

გრიგოლ პალამას მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ ეს რაღაც შექმნილი რამ იყო, როგორც ატმოსფერული მოვლენა, მაგალითად, თოვლი, წვიმა, და ა.შ. წმინდა გრიგოლმა კი ეს მოძღვრება გამოთქვა და მასთან ერთად მთელმა ეკლესიამ, რომ მოქმედება ღვთისა არის მოქმედება, ენერგია ღვთისა, არის უქმნელი. ეს არის თვით ღმერთის მოქმედება. ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ მიიღოს ეს ენერგია, ეს მადლი ღვთისა, ფერი იცვალოს ამით, როგორც იცვალა ფერი უფალმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე და განიღმრთოს. აი, ეს არის განღმრთობა.

აი, ეს საოცარი სწავლებაა. თუ გახსოვთ, პეტრე მოციქული როგორ ამბობს ამ საკითხის შესახებ, რომ: „უფალი იესო ქრისტეს საღვთო ძალამ ყველაფერი მოგვცა იმისთვის, რათა ღმერთის ბუნების თანაზიარნი გავხდეთ“, პალამას მოწინააღმდეგენი კი როცა ამბობდნენ, რომ ეს არის შექმნილი რეალობა, ქმნილება, ამით ამბობდნენ, რომ ჩვენსა და ღმერთს შორის არის რაღაც გადაულახავი უფსკრული, ან შუალედური რგოლი, რომლითაც უფალი ურთიერთობს ჩვენთან. ე.ი. არა უშუალოდ ურთიერთობს ჩვენთან და გვეხება, არამედ რაღაც შექმნილი საგნის თუ რეალობის მეშვეობით.

წმინდა გრიგოლმა კი გამოთქვა, რომ უფალი თავად გვეხება ჩვენ, თავად შემოდის ჩვენს სულში მისი ენერგიის, მისი მოქმედების მეშვეობით.

და აი, დიდი მარხვის დროს, როცა ჩვენ უმეტესად ვფიქრობთ ჩვენს ცოდვებზე, ჩვენს დაცემულობაზე, რამაც შეიძლება ძალიან დაგვამწუხროს, წმინდა ეკლესია გვახსენებს, რამდენად დიადია ჩვენი მოწოდება და დანიშნულება და როგორ არის ჩაფიქრებული ადამიანი ღვთის მიერ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული. რა არის ეს უდიდესი სიხარული? - ის, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს ღმერთშემოსილი, არა სიმბოლურად, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ ჭეშმარიტად და ნამდვილად გახდეს ღმერთშემოსილი, იმიტომ, რომ გახდეს თანაზიარი საღვთო ბუნებისა.

გილოცავთ ამ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ამ საოცრებას, რაც მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რასაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა ეკლესია, და ინებოს უფალმა, ჩვენი ცხოვრება წარვმართოთ ისე, რომ განხორციელდეს ჩვენში ეს დიდი მოწოდება, ეს თანაზიარება ღვთისადმი. როგორ უნდა განხორციელდეს ეს ადამიანში? - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევისმენთ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, იმიტომ რომ არცერთ სხვა სარწმუნოებასა და ეკლესიაში მსგავსი სწავლება არ არის ღმერთისა და ადამიანის, ღვთის მადლის შესახებ. და ეს თანაზიარება ღვთისა არის სწორედ ის, რაზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე, რომ „სასუფეველი ღვთისა თქვენშია“. რომ დამკვიდრდეს სასუფეველი ჩვენში, ამისთვის უნდა შევისმინოთ, დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას, როგორც ჩვენს მშობელ დედას, რომელიც აუცილებლად წარგვიძღვება ჩვენ და მიგვიყვანს ამ დიდ სიხარულამდე და ბედნიერებამდე, რაც გამოთქვა წმინდა გრიგოლ პალამამ, რომ „ჩვენ ვართ თანაზიარნი საღვთო ბუნებისა“, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ!"

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

12 მარტი, 2022 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: