- 2023/04/16
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ბრწყინვალე აღდგომას უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ეს დიდებული დღესასწაული მეტყველებს იმაზე, რომ ქრისტე აღდგა და აღარ არსებობს სიკვდილი. „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“ - ნათქვამია დღესასწაულის ტროპარში. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან აღარ არის სიკვდილი, რომ სიკვდილი ეს არის მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა, ეს არის ახალი დაბადება. აი, როგორც ჩვენ ხორციელად ვიბადებით ჩვენი მშობლისგან, სულიერად ვიბადებით ნათლობის საიდუმლოში, მესამე დაბადება ჩვენი არის სიკვდილის ჟამს მარადიულ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ სიკვდილი ჩვენთვის შეიძლება გახდეს უარესიდან უკეთესობაში გადასვლა. ამიტომაც არის, სხვათა შორის, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდანთა ხსენება აღესრულება მათი გარდაცვალების დღეს, ვინაიდან სწორედ გარდაცვალების დღე არის ახალი დაბადების სიხარული მარადიულ ცხოვრებაში და ინებოს უფალმა, რომ ყოველი ჩვენგანი მიემთხვიოს ამ სიხარულს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვაუწყებს ჩვენ, რომ ქრისტე აღდგა და დაითრგუნა და განქარდა სიკვდილი, „სად არის, სიკვდილო, საწერტელი შენი. სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი... აღდგა ქრისტე და სიცოცხლე მოქალაქობს, აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა“.
გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
16 აპრილი, 2023 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02