- 2024/08/02
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - ილიაობას.
დღეს არის დიდი წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის ხსენება, რომელიც მოღვაწეობდა ქრისტესშობამდე მე-10 საუკუნეში ისრაელის სამეფოსა და იუდეაში.
დღეს არის აგრეთვე წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენება.
დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს.
წმინდა ეკლესია ილია თეზბიტელისადმი მიძღვნილ საზეიმო საგალობლებში, რომლებიც დღეს და გუშინ მოვისმინეთ, მას უწოდებს „წინასწარმეტყველთა საფუძველს“, მიწიერ ანგელოზს და ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედს. ეს ცხადყოფს, როგორი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ დიდი წმინდანისადმი. მას ეწოდება წინასწარმეტყველთა საფუძველი, მისი მოშურნეობისთვის, მისი ერთგულებისთვის ღვთისადმი და სიმამაცისთვის, რომელიც მან გამოავლინა ჭეშმარიტების დაცვის და ქადაგების საქმეში.
რატომ საფუძველი? - იმიტომ, რომ ეს თვისებები აუცილებელია ყველა წინასწარმეტყველის ღვაწლისთვის და ამ ღვაწლის საფუძველს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ყველა წინასწარმეტყველისთვის, რომელიც ძველ აღთქმაში მოღვაწეობდა, ამ დიდი წმინდანის ღვაწლი იყო შთაგონების წყარო.
წმინდა ილიას ეწოდება ასევე მიწიერი ანგელოზი, რადგან იგი ნამდვილად ანგელოზებრივ ცხოვრებას ეწეოდა, იკვებებოდა მწირად, იყო დიდი მმარხველი და ანგელოზთა მსგავსად ღვთის ნების მაუწყებელი იყო. თქვენ იცით, რომ სიტყვა ,,ანგელოზი" ნიშნავს მაუწყებელს. წმინდა ილიაც იყო მაუწყებელი და განმცხადებელი იმისა, რასაც მას უფალი უბრძანებდა, ცოდვილთა სამხილებლად და ღვთის ნების გამოსავლენად.
ილია თეზბიტელი, ძვირფასო ძმებო და დებო, იყო სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში, რადგან მას არ უგემია სიკვდილი, იგი ცეცხლოვანი ეტლით იყო აყვანილი ზეცაში და მას სიკვდილი ჯერ კიდევ მოელის, როდესაც ბოლო ჟამს, ანტიქრისტეს პერიოდში კვლავ ჩამოვა ზეციდან, იქადაგებს დედამიწაზე და მოწამებრივ სიკვდილს მიიღებს. ეს არის უძველესი საეკლესიო გადმოცემა. ამიტომ ეწოდება მას აგრეთვე ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსაზღვრებაა, რადგან თქვენ იცით, რომ უფალ იესო ქრისტეს პირველი მოსვლის წინამორბედი იყო წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ხოლო მეორე, დიდებით მოსვლის წინამორბედი იქნება წმინდა ილია თეზბიტელი, რომელიც იქადაგებს მეორედ მოსვლის წინ, როდესაც უფალი საყოველთაო საშინელ სამსჯავროს აღასრულებს.
ეს დიდი წმინდანი, ილია თეზბიტელი, განსაკუთრებით ახლოს იყო ყოველთვის ქართველ ხალხთან, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჩვენს მოქცევამდე მრავალი საუკუნით ადრე მისი ხალენი იყო ჩამოტანილი საქართველოში და ის დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში. ამ მოვლენამ შეუძლებელია არ გვაფიქრებინოს, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და როგორც წმინდა ილია თეზბიტელი იქადაგებს მეორედ მოსვლის წინ ჭეშმარიტებას, მისი ხალენის საქართველოში დავანებაც არის ნიშანი და ლოცვა-კურთხევა იმისა, რომ ქართველი ერიც ბოლო ჟამს უნდა იყოს შემნახველი და მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, მართლმადიდებლობისა.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამრიგად, წმინდა ილია წინასწარმეტყველი არის ჩვენთვის დიდი მაგალითი და სახე მოშურნეობისა, ღვთის ერთგულებისა, სიმამაცისა და შემართებისა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისა და ქადაგებისა. შეგვაძლებინოს ღმერთმა, რომ ჩვენც ასევე მივბაძოთ მას, შთაგონებული მისი ამ ღვაწლით, ჩვენი ქრისტიანული მოვალეობა შევასრულოთ ასეთივე მოშურნეობით, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა ილია წინასწარმეტყველი და მისი ლოცვა.
მინდა, დღეს თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ანგელოზის დღე. განსაკუთრებული განწყობაა დღეს ჩვენს ტაძარში. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დღეს მობრძანება და წირვის ჩატარება, მაგრამ ჩვენ, მისი სულიერი შვილები, აქ ვართ შეკრებილი და ვხარობთ ასეთი სულიერი მამის და წინამძღოლის გამო.
მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, ეს მასაც უთქვამს არაერთხელ, შთაგონებული იყო სწორედ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ღვაწლის მაგალითით. ჩვენ შეგვიძლია დღეს სიამაყით ვთქვათ, რომ თანამედროვე ეპოქაში მისი უწმინდესობა და უნეტარესობაც გახდა ჩვენთვის მაგალითი ამ თვისებებისა, მოშურნეობისა, სიყვარულისა, ერთგულებისა, სიმტკიცისა და სიმამაცისა.
მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამ დიდი ღვაწლისთვის, რამეთუ მე-20 საუკუნეში ეკლესიის აღორძინება მის საპატრიარქო მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. არ არის დღეს სფერო ეკლესიურ ცხოვრებაში, რომლის აღმშენებლობაშიც და აღორძინებაშიც განსაკუთრებული წვლილი არ შეეტანოს და მისი ლოცვა-კურთხევით არ მომხდარიყოს ეს.
მინდა, ვუსურვო მას, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, უფალმა მისცეს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, რათა კიდევ დიდხანს შეძლოს ამ მაღალი მსახურების აღსრულება ღვთის სადიდებლად და წმინდა ეკლესიის გასაძლიერებლად, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
სიონის საპატრიარქო ტაძარი
02.08.2024
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02
- 2024/11/23